მთავარი,სიახლეები

“არ მოხვიდეთ ხვალ ლექციაზე, მოდით პარლამენტთან აქციაზე” – თამარ კორძაიას მიმართვა სტუდენტებს

05.03.2023 • 1869
“არ მოხვიდეთ ხვალ ლექციაზე, მოდით პარლამენტთან აქციაზე” – თამარ კორძაიას მიმართვა სტუდენტებს

„მინდა მივმართო ჩემს სტუდენტებს. ორშაბათს მე მაქვს პირველ საათზე ლექცია. ვინც ჩემი სტუდენტი ხართ, მე ლექციაზე ვერ მოვალ და ვერ ჩავატარებ გამორიცხულია.

მე არ მოვალ ორშაბათს უნივერსიტეტში, იმიტომ, რომ გაცილებით სხვა და დიდი ბრძოლა გვაქვს საქართველოს პარლამენტში,” – დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ეს განცხადება ტელეკომპანია პირველის გადაცემა „დღის ამბებში“ გააკეთა.

ხვალ, 6 მარტს, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს კანონს „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელიც რუსული კანონის ანალოგია.

სამოქალაქო სექტორი ხვალ დილიდან გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას პარლამენტთან.

დეპუტატმა თამარ კორძაიამ, „დღის ამბებში“ სტუმრობისას, თავის ყველა სტუდენტს მიმართა და უთხრა, რომ ახლა მთავარი ბრძოლა საქართველოს პარლამენტში იქნება, ამიტომ ვინც თვლის, რომ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება უნდა, ხვალ პარლამენტთან აქციაზე უნდა მივიდეს.

„ჩემს ახლანდელ სტუდენტებს, ჩემს ყველა სტუდენტს, რომელსაც ჩემს ლექციაზე მოუსმენია ჩემი საუბარი და არასოდეს პოლიტიკაზე მე მათთან არ მისაუბრია, დღეს მივმართავ, რომ მოვიდნენ.

მოვიდნენ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისი იმისათვის, რომ ამ მონსტრს, „ქართულ ოცნებას“, რომელიც დღეს გვართმევს სახელმწიფოს, მოვერიოთ.

ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შიგნით, მაგრამ თქვენ უნდა მოხვიდეთ. უთქვენოდ ჩვენ მათ ვერ მოვერევით. და არ არის სირცხვილი იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვყოფნის ძალა.

თუ გვინდა ეს სახელმწიფო, ეს სახელმწიფო როგორც ჩვენია, ისე თქვენი არის და ეს სახელმწიფო უნდა შევინარჩუნოთ,“ – თქვა თამარ კორძაიამ.

პარლამენტარმა მოქალაქეებსაც მიმართა და თქვა, რომ ახლა ბრძოლის მოგება თითოეული მოქალაქის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზეცაა დამოკიდებული.

„როდესაც სახლში ხართ და შვილისთვის საჭმელს ჰყიდულობთ, ფეხსაცმელს ჰყიდულობთ, ტანსაცმელს, მოქალაქეებო, ვინც ახლა გვისმენთ, რომელიმე რუსულ პროდუქციას ყიდულობთ? რუსული წარმოების ფეხსაცმელს უყიდით საკუთარ შვილს?

და მოვა დრო, როდესაც შეიძლება უბრალოდ ვერ უყიდოთ, ეს ტანსაცმელი თქვენს შვილებს, იმიტომ, რომ ეს არხები გადაიკეტება.

ამ კანონზე რომ გვეუბნებიან, გამჭვირვალობაა, ეს არის კენჭს შუშაზე რომ დაარტყამ და მერე იფშვნება ყველაფერი.

ეს მასშტაბი ექნება ასეთ პატარა ქვეყანაში ამ კანონის მიღებას. აი, ეს არის რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ დაგვიჭირეთ მხარი.

ჩვენ არ დავზოგავთ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ისინი ჩვენს კვალიფიკაციას არ უსმენენ.

მათ არ აინტერესებთ რა გვაქვს წაკითხული, მათ არ აინტერესებთ ჩვენი გამოცდილება, მათ არ აინტერესებთ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, ლუქსემბურგის გადაწყვეტილება. მათ არ აინტერესებთ ვენეციის კომისია. მათ არ აინტერესებთ არაფერი.

ერთადერთი რისიც ეშინიათ, ეს არიან მოქალაქეები. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას. თუ გვინდა სახელმწიფო, დაგვიჭირეთ მხარი,“ – თქვა თამარ კორძაიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: