მთავარი,სიახლეები

საფეხმავლო ხიდები შარტავას გამზირზე ბათუმში – როდის დასრულდება სამუშაოები

05.03.2023
საფეხმავლო ხიდები შარტავას გამზირზე ბათუმში – როდის დასრულდება სამუშაოები

ბათუმში ჟიული შარტავას გამზირის „განახლება“ მთავრობის პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 2022 წლის სექტემბერში მაინც უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები დღემდე გრძელდება და ის სულ მცირე, 2023 წლის ოქტომბრამდე, ალბათ, არც დასრულდება.

პროექტი მთლიანობაში შარტავას გამზირზე მდებარე ხეივნების რეაბილიტაციას და საფეხმავლო ხიდების მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მიზნით ხეივნები 2021 წლის აგვისტოდან შემოღობილია.

ერთი ხიდი შარტავასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში შენდება [რომელიც რკინის თაღში გაივლის], ორი ხიდი კი, იუსტიციის სახლის მიმდებარედ უნდა აშენდეს, რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან დააკავშირებს.

მომსახურების შესყიდვაზე ტენდერები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პრეისკურანტით გამოაცხადა და, შესაბამისად, გაურკვეველია, აქ მიმდინარე სამუშაოებში კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება.

მუნიციპალური განვითარების ფონდში, ერთი წლის წინ, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ბათუმის პროექტის ღირებულება 10 მილიონ 600 ათასი ლარია.“

ხეივნების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და რკინის თაღთან ხიდის მშენებლობაზე შპს „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს. ამ კომპანიაში „ბათუმელების“ ზარს არ უპასუხეს.

საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ბათუმში / 4.03.2023

საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ბათუმში / 4.03.2023

საფეხმავლო ხიდის მშენებლობა ბათუმში / 4.03.2023

ჟიული შარტავას გამზირის დასაწყისში ორი ხიდის მშენებლობაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცალკე გამოაცხადა. ხელშეკრულება ხიდების მშენებლობაზე კი, ფონდსა და ხელახალ ტენდერში გამარჯვებულ ამხანაგობა „მეგობრობის ხიდს“ შორის, 2022 წლის 2 დეკემბერს გაფორმდა.

ამხანაგობაში ორი კომპანიაა გაერთიანებული. მათგან ერთი „საბა კონსტრაქშენია“.

საფეხმავლო ხიდები, რომლებიც გმირთა ხეივანს არდაგანის ტბასთან აკავშირებს / ესკიზი ტენდერიდან

პირობის მიხედვით, ამხანაგობამ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღეში დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს, ხოლო შემდეგ 7 თვეში – ხიდების მშენებლობა უნდა დაასრულოს.

თუ ხელშეკრულების დადების თარიღიდან გადავთვლით, ორი ხიდის მშენებლობა 2023 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

პირველ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 20 სექტემბერს დასრულდა, თუმცა მასში ამხანაგობა „მეგობრობის ხიდს“, დისკვალიფიკაცია მისცეს – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/436968/?fbclid=IwAR1BbJf5zwhEik8pwdzMjS4Yin3Zv_ViWK1mp48Py14v1Nvh6nZVIo2fkFc

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: