რამდენმა ადამიანმა მიიღო 100 ათასზე მეტი ხელფასი ივლისში საქართველოში

საქართველოში 100 ათასზე მეტი ლარი ხელფასი 2023 წლის ივლისის თვეში 214 პირს დაერიცხა. დასაბეგრმა ხელფასმა კი, ჯამურად, 83,7 მილიონი ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2022 წლის ივლისთან შედარებით 18-ით არის გაზრდილი. გასული წლის ივლისში 100 ათასზე მეტი ლარი ხელფასი 196 პირს დაერიცხა [ ჯამურად 75,4 მილიონი ლარი].

რაც შეეხება მთლიან შემოსავლებს [ხელფასი, მოგება და სხვა], 2023 წლის ივლისში 100 ათასზე მეტი ლარი შემოსავალი 827-მა პირმა მიიღო. გასული წლის ივლისში კი, ამ ოდენობის შემოსავლების მიმღები პირების რაოდენობა ოცით მეტი – 847 იყო.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, დიფერენცირებულად, ხელფასის მიმღებთა ყველაზე მეტ რაოდენობას 2023 წლის ივლისში ის ფიზიკური პირები შეადგენენ, რომლებსაც აღნიშნულ თვეში ხელფასის სახით 1 200-დან 2 400-მდე ლარი ჩაერიცხათ. ამ ოდენობის ხელფასის მიმღებ ფიზიკურ პირთა რაოდენობამ მიმდინარე წლის ივლისში 304 201 შეადგინა.

2022 წლის ივლისში კი, 1 200-დან 2 400 ლარამდე ხელფასი 266 595 პირს დაერიცხა [37 606 ადამიანით ნაკლებს, ვიდრე მიმდინარე წლის ივლისში].

საქართველოში, 2023 წლის ივლისის მონაცემებით, 122 981 ადამიანის ხელფასი იყო 500-ზე ნაკლები ლარი [გასული წლის ივლისში კი, 500-მდე ლარი ხელფასი 144 681-მა ადამიანმა აიღო];

500-დან 1 000-მდე ლარი ხელფასი კი, მიმდინარე წლის ივლისში 187 071 პირს დაერიცხა [ანალოგიური ოდენობით ხელფასი გასული წლის ივლისში 222 235-მა პირმა აიღო].

2023 წლის ივლისში 12 ათასიდან 100 ათასამდე ლარის ოდენობით ხელფასი საქართველოში 9 716 პირს დაერიცხა.

ხელფასის ოდენობა და მიმღებ ფიზიკურ პირთა რაოდენობა 2023 წლის ივლისში:
წყარო: შემოსავლების სამსახური

რას ნიშნავს ლურჯი სუპერმთვარე, რომლის დანახვაც ამ საღამოს შეგიძლიათ

30 აგვისტოს, ღამით, ცაზე ლურჯი სუპერმთვარე გამოჩნდება.

„ნასას“ ცნობით, 30-31 აგვისტოს მთვარეს შეგვიძლია ვუწოდოთ სავსე, სუპერმთვარე და, ამავე დროს, ლურჯი მთვარე.

სუპერმთვარეს დედამიწის თანამგზავრს უწოდებენ მაშინ, როცა სავსე მთვარე დედამიწის ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში აღმოჩნდება და განსაკუთრებით დიდი და კაშკაშა ჩანს ცაზე ჩვენი პლანეტიდან.

რაც შეეხება ტერმინ ლურჯ მთვარეს, ეს არ ნიშნავს, რომ მთვარეს ლურჯი შეფერილობა ექნება. „ნასას“ განმარტებით, ამ ტერმინით აღინიშნება სავსე მთვარე, რომელსაც ვხედავთ ერთ თვეში ორჯერ. მთვარის ციკლი თვეზე ცოტათი ნაკლები – 29,5 დღეა და ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ შესაძლებელია სავსე მთვარის ხილვა ერთ თვეში ორჯერ.

წელს სავსე სუპერმთვარე იყო 2023 წლის პირველ აგვისტოს და სავსე, სუპერ ლურჯი მთვარეა დღეს, 30 აგვისტოს.

„ნასას“ ცნობით, შემდეგი ლურჯი სუპერმთვარის დანახვა ცაზე 2037 წელს იქნება შესაძლებელი.

______________

ფოტოზე: სუპერმთვარე, პირველი აგვისტო, 2023 წელი. ათენი, აკროპოლისი. ფოტო: EPA-EFE/YANNIS KOLESIDIS

ზღვარი მათემატიკაში 15.75 %-მა ვერ გადალახა – ეროვნული გამოცდების შედეგები

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა.

ანალიზის მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური – 60 ქულა 74-მა, 48 ქულა კი  მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

39 074 აბიტურიენტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 3.44 %-მა, ანუ 1344 აბიტურიენტმა.

ცენტრის განმარტებით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად მიიჩნევა, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე.

ინგლისურ ენაში მაქსიმალური – 70 ქულა მიიღო 648 აბიტურიენტმა, 65 ქულა კი – მხოლოდ ერთმა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 3.57 % -მა.

მათემატიკის გამოცდას წელს 14 924 აბიტურიენტი აბარებდა. მათგან მაქსიმალური – 51 ქულა მიიღო 43-მა აბიტურიენტმა, 45 ქულა კი – მხოლოდ ერთმა.

მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტების 15.75 % -მა.

ისტორიას 20 708 აბიტურიენტი აბარებდა წელს, აქედან მაქსიმალური – 60 ქულა მიიღო 8 აბიტურიენტმა, 43 ქულა მიიღო ერთმა აბიტურიენტმა.

კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 5.53 % -მა.

გეოგრაფიაში მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო მაქსიმალური – 58 ქულა. გამოცდას აბარებდა 1913 აბიტურიენტი.

მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 8.42 % -მა.

ბიოლოგიაში ორმა აბიტურიენტმა მიიღო მხოლოდ მაქსიმალური – 69 ქულა, 3 439 აბიტურიენტიდან.

კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 14.71 % -მა.

ქიმიაში მაქსიმალური – 63 ქულა მიიღო რვა აბიტურიენტმა. გამოცდას 2 540 აბიტურიენტი აბარებდა. კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 19.53 % -მა.

ფიზიკაში მაქსიმალური – 62 ქულა მიიღო სამმა აბიტურიენტმა. გამოცდას 601 პირი აბარებდა.

კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 30.95 % -მა.

მხოლოდ ლიტერატურას აბარებდა 1144 აბიტურიენტი. ერთმა მიიღო მაქსიმალური – 67 ქულა. კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 6.82 % -მა.

ხელოვნება წელს ჩააბარა 269-მა აბიტურიენტმა, აქედან მაქსიმალური – 67 ქულა მიიღო ერთმა, კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 7.43 % -მა.

სამოქალაქო განათლებას აბარებდა 1854 აბიტურიენტი, მაქსიმალური – 58 ქულა მიიღო მხოლოდ ოთხმა. კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 11.33 % -მა.

___

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45 ათასი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის განცხადებით, ეს უპრეცედენტო რაოდენობაა.

„ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული რაოდენობა – 45 ათასი პირი დარეგისტრირდა“- naec

როგორ ეწოდა ბათომს ბათუმი

ზუსტად 87 წლის წინ, 1936 წლის აგვისტოში, ქალაქ ბათომს ოფიციალურად ეწოდა ბათუმი.

მანამდე ქართულ პრესაში ბათუმს ბათუმსაც უწოდებდნენ და ბათომსაც. მაგალითად, „დროება“ ბათომს წერდა, „ივერია“ კი, უფრო ხშირად ბათუმს. გასული საუკუნის 20-იან წლებში ბათუმში გამოდიოდა გაზეთები: „ბათუმის ცხოვრება“, „ბათომის ფურცელი“ და „ბათუმის გაზეთი“.

„დროება“, 1883 წელი
„ბათომის ფურცელი“
„ბათუმის გაზეთი“, 1911 წელი

ქალაქმა სახელი ოფიციალურად 1936 წელს შეიცვალა.

საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, ბათუმის ისტორიის მკვლევარი, რეჟისორი შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ უნახავს ბრძანებულება, რომლითაც ბათუმს ოფიციალურად შეეცვალა სახელი და ბათუმი ეწოდა. დოკუმენტს ხელს კალინინი აწერდა.

„ამ ბრძანებულებაში მხოლოდ ბათუმზე არ არის საუბარი, აქ რამდენიმე ქალაქია, სუხუმს ეწოდა სოხუმი, ტფილისს – თბილისი და ა.შ. მხოლოდ ამ ბრძანებულებით თუ ვიხელმძღვანელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმი და თბილისი ტოლები არიან.

რაც შეეხება სახელის შეცვლას, მე ვფიქრობ, ეს არის ფონეტიკურად, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სახელწოდება. როგორც ტფილი გახდა თბილი, ისე ბათომი ნელ-ნელა იქცა ბათუმად, ალბათ იმიტომ, რომ უფრო ადვილი გამოსათქმელია“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

მას შემდეგ, რაც ბათუმი ოფიციალურად ეწოდა, სახელწოდება ბათომი პრესიდან გაქრა, თუმცა არა მეტყველებიდან. კიდევ ბევრი წლის განმავლობაში ბათუმს ძველ სახელს უწოდებდნენ.

„ბაბუა მყავდა, რომელიც სულ ეძახდა ბათომს, მიუხედავად იმისა, რომ 40-ზე მეტი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბათუმი ერქვა“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე.

ბათომი დარჩა ძველი ფოტოების მინაწერებზეც, მაგალითად, ამ ფოტოზე, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებშია გადაღებული, როცა ბათომს უკვე ბათუმი ჰქვია, ხოლო ალექსანდროვის ბაღს – ბერიას პარკი.

რაც შეეხება ბათუმის კიდევ უფრო ადრინდელ სახელწოდებას, ყველაზე პოპულარული ვერსიით, იგი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, სადაც ის ახსენებს ბათუსს, სიტყვა „ღრმას“ აღნიშნავს და მიანიშნებს შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთ ყველაზე ღრმა და მოსახერხებელ ნავსადგურზე.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი კი ბათუმს ოფიციალურად  1888 წლის 28 აპრილს მიენიჭა.

რუსეთი ჯარისკაცების დაბალ მოტივაციას რაოდენობით აბალანსებს – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 30 აგვისტოს, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთში ორ რუს ჯარისკაცს სამხედრო სასამართლომ ორი წლით კოლონიაში ყოფნა მიუსაჯა უკრაინის ფრონტზე დაბრუნების ბრძანებაზე უარის თქმის გამო.

„2023 წლის 18 ივლისს „მედიაზონამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი კვირაში 100-მდე ჯარისკაცს ასამართლებს ბრძოლაზე უარის თქმის გამო. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, წელიწადში დაახლოებით 5200 განაჩენი იქნება უკრაინაში ბრძოლაზე უარის თქმისთვის“ – წერს ბრიტანული დაზვერვა და ასკვნის, რომ მსჯავრდებულთა მაღალი მაჩვენებელი მეტყველებს რუსეთის არმიის დაბალ მოტივაციაზე.

„ბრძოლაზე უარი, სავარაუდოდ, ასახავს არასაკმარის მომზადებას, მოტივაციას და ძლიერ სტრესს, რასაც რუსი ჯარისკაცები აწყდებიან უკრაინის ფრონტის ხაზზე“ – წერს დაზვერვა.

ბრიტანული დაზვერვის მოკლე ცნობებში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ჯარისკაცმა უარი თქვა ბრძოლაზე და დაღუპვის მაჩვენებლები კვლავ მაღალია, რუსეთი დიდი ალბათობით აკომპენსირებს დანაკარგებს ფრონტის ხაზზე ცუდად გაწვრთნილი ჯარისკაცების დიდი რაოდენობით.

ბსუ ჯანდაცვის ფაკულტეტის შენობას ააშენებს – 8,8 მილიონი აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ლეონიძის ქუჩაზე, სადაც საუნივერსიტეტო კლინიკის აშენებას გეგმავდა, სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსს ააშენებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალი კორპუსის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 8 880 630 ლარია, რაც აჭარის ბიუჯეტიდან დაიფარება.

სასწავლო კორპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან [2023-2026 წწ] შესყიდვას ბსუ ელექტრონული ტენდერით გეგმავს, რისთვისაც, პრეტენდენტთა გამოცდილების განსაზღვრის მიზნით, ბაზარს იკვლევს.

ბსუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩა N15-ში უნდა აშენდეს.

ამ ტერიტორიაზე ბსუ არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობას გეგმავდა, რისთვისაც პროექტირებაზე ტენდერი 2021 წლის დეკემბერში 100 ათასი ლარით გამოაცხადა.

აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ვეგა+“ გამოაცხადეს, რომელთანაც ბსუ-მ ხელშეკრულება 2021 წლის 30 დეკემბერს 85 ათას ლარზე გააფორმა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ორ თვეში კი, ეს ხელშეკრულება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ხელშეკრულების შეწყვეტის მთავარი საფუძველი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის სამსახურეობრივი ბარათი იყო.

დეკანი რექტორს წერდა, რომ „ამ ეტაპზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, იგეგმება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზად გარდაქმნა…“

აქედან გამომდინარე კი, „მოცემულ ეტაპზე აღარ არსებობს საჭიროება უნივერსიტეტმა განახორციელოს საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა და ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა მიზანშეწონილია მოხმარდეს საუნივერსიტეტო კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.“

დეკანის წერილი 2022 წლის 9 მარტითაა დათარიღებული. „ვეგა+“-თან კი, ბსუ-მ ხელშეკრულება ორ დღეში, 11 მარტს შეწყვიტა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბსუ-სთან ამ ეტაპზე გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „ვართ აფილირებული საუნივერსიტო კლინიკა. მოდიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, გვაქვს შესაბამისი კათედრა, აუდიტორია, რაც მოითხოვა ბსუ-მ და ტარდება ლექცია-სემინარები ამ აუდიტორიებში.“

„რესპუბლიკურში“ ასევე გვითხრეს, რომ აფილირება ეს არის ერთ-ერთი ფორმა საუნივერსიტეტო კლინიკის. არის კიდევ მეორე, როცა უნივერსიტეტს აქვს საკუთარი კლინიკა, და მესამე, როცა უნივერსიტეტი თავად ფლობს კლინიკაში წილებს.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს 100 პროცენტი წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა, თუმცა, საავადმყოფო მართვის უფლებით სამედიცინო ჰოლდინგზეა გადაცემული.

საუნივერსიტეტო კლინიკის პროექტირებაზე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან დაახლოებით ოთხ თვეში, 2022 წლის ივლისში, ბსუ-მ ახალი ტენდერი გამოაცხდა.

ამჯერად „ქალაქ ბათუმში ლეონიძის ქუჩა N15-ში ბსუ-ს სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“.

ამ ტენდერშიც შესყიდვის სავარაუდო თანხა 100 ათასი ლარი იყო. მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო, რომელთა შეთავაზებული ფასები საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

შპს „არქ ჯგუფი“ ბსუ-ს მომსახურებას 80 000 ლარად სთავაზობდა, შპს „აკეთი 2017“ კი – 47 777 ლარად. ხელშეკრულება სწორედ ამ უკანასკნელთან გაფორმდა 2022 წლის აგვისტოში.

სწორედ „აკეთი 2017“-ის მიერ მომზადებული პროექტით უნდა ააშენონ ბსუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის შენობა ლეონიძის ქუჩაზე, რისთვისაც უნივერსიტეტი ტენდერს გამოაცხადებს.

თავიდან ბსუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის შენობა 4-სართულიანი უნდა ყოფილიყო და ასეც უნდა დაპროექტებულიყო:

თუმცა, შემდეგ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, სახელშეკრულებო თანხა [47 777 ლარი] იგივე დარჩა, თუმცა 4-ის ნაცვლად 3-სართულიანი შენობა დააპროექტეს:

ბსუ-ს ჯანდაცვის ფაკულტეტის კორპუსი / რენდერი პროექტიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 262 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +570]
  • ტანკი – 4 423 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 8 596 ერთეული [+17 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 476 ერთეული [+26]
  • MLRS – 733 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 500 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 395 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 419 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 953 ერთეული [+44]
  • სპეცტექნიკა – 825 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 466 თვითმფრინავი
  • 247 ვერტმფრენი
  • 6 234 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 570 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 146 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 128 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 528 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის ელიტური ჯარები, სავარაუდოდ, დეგრადირებულია ოპერატიული ტემპის გამო – ISW

ბათუმში ისტორიული აბანოს შენობის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს.

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ამ შენობაში სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებისთვის 1 მილიონ 733 ათას 333 ლარი დაიხარჯება.

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს / 29.08.2023

სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმს“ ჰქონდა გამოცხადებული, გამარჯვებული კი სამშენებლო კომპანია „ივერთმშენია“. ის ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო და მასთან „აჭარის მუზეუმმა“ ხელშეკრულება 2023 წლის 23 მაისს გააფორმა.

„ივერთმშენს“ ყოფილი აბანოს შენობაზე სამუშაოებს ჩატარება იმ პროექტის მიხედვით ევალება, რომელიც „აჭარის მუზეუმმა“ შპს „არქიტექტურის სახელოსნოდან“ 39 ათას 999 ლარად შეისყიდა.

პროექტის განმარტებით ბარათში კი, აღნიშნულია, რომ:

„საგამოფენო სივრცეში და კინოდარბაზში დღის შუქის არასაჭიროების გამო უქმდება ფასადზე გამომავალი ფანჯრებიც [გარდა ვესტიბიულის ორი ფანჯრისა, რომლებიც ვიტრაჟებად ტრანსფორმირდება]. დღეს ფანჯრის ღიობებში მეტალო-პლასტმასის პროფილებია ჩასმული. შესაბამისად, ავთენტურობის დაცვის თვალსაზრისით მათი მოშორება პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება თავად ღიობებს, მათი შევსება მოხდება მსუბუქი ბლოკით, გარშემო არსებული კარნიზების დაუზიანებლად, მომავალში, საჭიროებისამებრ გახსნის პერსპექტივით. ვესტიბიულის მხარეს კი პირიქით, არსებული ორი ღიობი იატაკამდე გაფართოვდება და მათში ხისპროფილიანი ვიტრაჟები ჩაისმება.

ეს გამოიწვევს არსებული კარნიზების ორ ადგილას მოშლას, თუმცა რაკი ფასადზე აღნიშნული კარნიზები მრავლადაა წარმოდგენილი, არ გამოიწვევს ფასადის კომპოზიციური სტრუქტურის რღვევას.“

ყოფილი აბანოს შენობის არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტის დეტალების სრულად სანახავად გადადით ამ ბმულზე
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს / 29.08.2023

ტენდერში გამარჯვებული ანუ „ივერთმშენი“, ტენდერის პირობის მიხედვით, ვალდებული იყო „აჭარის მუზეუმის“ მიერ გადაცემული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან აეღო [ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში].

„ივერთმშენში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მიიღეს: „სააგენტოს პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონია… ნებართვა მივიღეთ და ვაგრძელებთ სამუშაოებს“.

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს / 29.08.2023

ყოფილი აბანოს შენობაზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში ანუ 2024 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

„შედეგად ვიღებთ ოთხი ფენის მქონე ისტორიულ ნაგებობას:
1. ოსმალური აბანო გუმბათებიანი ნაწილით
2. XIX საუკუნის გაფართოება და ფასადი
3. 2015 წელს განხორციელებული ჩარევა
4. აქ წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ჩარევა“ – აღნიშნულია პროექტში, რომლის მიხედვითაც ყოფილი აბანოს შენობაზე სამუშაოები ახლა მიმდინარეობს.

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს / 29.08.2023

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, N10-ში, ყოფილი აბანოს შენობაში, 550 ათას ლარად ადრე „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა იგეგმებოდა. მოგვიანებით კი აქ კინოს მუზეუმის გახსნა გადაწყდა.

შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთებაზე ტენდერი 2022 წლის 24 მარტიდან 29 ივლისის ჩათვლით პერიოდში, აჭარის მუზეუმმა ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო. შესაბამისად, ეს ტენდერები არ შედგა.

აჭარის მუზეუმმა სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების [2023-2024წ.] შესყიდვაზე ტენდერი ბოლოს, გაზრდილი თანხით – 1 778 806 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის 24 აპრილს დასრულდა.

ამ თემაზე:

ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება

რა შეიცვლება, თუ გერმანია უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს მოგვანიჭებს – პოლიტოლოგი გერმანიიდან

„კანდიდატის სტატუსზე ამ საკითხს არ აქვს პირდაპირი გავლენა,“ – ამბობს ბიძინა ლებანიძე, „პოლიტიკის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი და იენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. მას ვკითხეთ გერმანიაში დეპორტაციის ახალ მაჩვენებელზე: 2023 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საქართველო დეპორტირებულების ნუსხაში რაოდენობით პირველ ადგილზეა.

ბიძინა ლებანიძე მიიჩნევს, რომ გერმანია 2023 წელის სექტემბერში დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რაც გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას შეამცირებს.

პოლიტიკის ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს გერმანიაში საზოგადოების მკაფიო დაკვეთაზე, როცა არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის მოთხოვნა მაღალია და ამ მიზეზით იზრდება მემარჯვენე, იმავდროულად ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის გავლენა.

„ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა წამოაყენა საკანონმდებლო ინიციატივა, რომ საქართველოს მოლდოვასთან ერთად მიანიჭონ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ამავდროულად სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალიან მცირეა, მაგალითად, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა საქართველოდან და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი გაამარტივებს დეპორტაციის პროცედურას და შეამცირებს არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელსაც, როგორც ეს ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში მოხდა. აქამდე გერმანია თავს იკავებდა სტატუსის მინიჭებისგან იმიტომ, რომ ითვალისწინებდნენ ადამიანის უფლებების რისკებს…

„მწვანეები“ ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად გერმანიაში დასაქმების მეტი შესაძლებლობა მიეცემათ.

ბიძინა ლებანიძე

ზოგადად უარყოფითი მოვლენაა, როცა ევროკავშირში გაწევრიანება გინდა და ამ დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცდილობს თავი დააღწიოს თავის ქვეყანას არალეგალური გზით, თუმცა საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. გერმანიიდან დეპორტირებულთა პირველ ათეულშია მოლდოვა და ბალკანეთის სხვა ქვეყნებიც.

არალეგალურ მიგრაციას ნეგატიური დინამიკა მოჰყვება ხოლმე, ამაზე წერენ გერმანული გამოცემებიც, რომ, მაგალითად, საქართველო და მოლდოვა ამ კუთხით მოწინავე ქვეყნებია, მაგრამ კონკრეტულად ქართველებს არ გამოყოფენ, არც საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ იგრძნობა კრიტიკული განწყობა. ასე რომ იყოს, ეს გაჟღერდებოდა მედიით და ოფიციალური არხებითაც.

შესაბამისად, მთავარია, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად ითანამშრომლოს გერმანიის მთავრობასთან მიგრაციის და დეპორტაციის საკითხებზე,“ – გვითხრა ბიძინა ლებანიძემ.

მთელი ღამე მთავრობის გვერდზე ვწერდით კომენტარებს, ისინი შლიდნენ – პედაგოგი ხელფასის მატებაზე

„სამთავრობო გვერდზე დავიწყეთ კამპანია ჰეშთეგით #ღირსეულიპენსიაპედაგოგებს და დაწერიდან ზუსტად 5 წუთში დაიწყეს კომენტარების წაშლა. მთელი ღამე, სადღაც 12 საათამდე, ვისხედით და ვწერდით კომენტარებს, ისინი კი შლიდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ ცანავამ. ის ინგლისური ენის პედაგოგია.

გუშინ ათეულობით მასწავლებლებმა საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაწერა ჰეშთეგით – „ღირსეულიპენსიამასწავლებლებს“, თუმცა პედაგოგების კომენტარები მთავრობის გვერდიდან მალევე წაშალეს.

მასწავლებლები პენსიის ზრდას და საბაზისო ხელფასის მატებას ორგანიზებულად ითხოვენ. პედაგოგების ნაწილმა ამ საკითხზე არაერთი პეტიცია მოამზადა, წერილობით მიმართა როგორც განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტსაც.

პედაგოგების მიერ ხელფასების მატების მოთხოვნის  თემაზე „ბათუმელები“ პეტიციის ერთ-ერთ ავტორს, ინგლისური ენის მასწავლებელს თამარ ცანავას ესაუბრა.

„65 ათასი პედაგოგიდან უმეტესობა საპენსიო ასაკისაა. ესენი ის მასწავლებლები არიან, რომლებმაც 90-იან წლებში კუპონებზე იმუშავეს, არ გავიდნენ სკოლიდან და ასე ვთქვათ, სისტემა არ ჩამოშალეს.

ეს მასწავლებლები დღეს 300 ლარზე სახლში იმიტომ ვერ დასხდებიან, რომ კარგად ვიცით, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში. 300 ლარი მათ წამლებშიც კი არ ეყოფათ“, – ამბობს თამარ ცანავა.

მისი თქმით, სკოლაში, სადაც ამჟამად მუშაობს, 70-ზე მეტი მასწავლებლიდან უმეტესობა საპენსიო ასაკისაა და მათთვის ძალიან აქტუალურია ეს თემა.

„მათგან არაერთხელ მსმენია, რომ თუკი სახელმწიფო მოგვცემს ღირსეულ პენსიას, გავალთ სისტემიდან და ადგილს დავუთმობთ ახალგაზრდა კადრებსო.

ეს ღირსეული პენსია სულ ცოტა ათასი ლარი მაინც უნდა იყოს, რომ პენსიონერმა მასწავლებლებმა, რომლებსაც არავინ ჰყავთ, ვთქვათ, მარჩენალი, თავი ირჩინონ.

ისიც კარგად ვიცით, თუ როგორ ჭირს ახალგაზრდების სკოლაში შემოსვლა, ზუსტად აქედან გამომდინარე. ამ საკითხებზე ვესაუბრე განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს, როცა შეგვხვდა მასწავლებლებს და არ ჰქონია ცუდი რეაქცია.

ამის შემდეგ წერილობითაც მივწერე განათლების სამინისტროს, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიმიღია,“ – გვეუბნება თამარ ცანავა.

მასწავლებლის პენსიის ზრდაზე თამარ ცანავამ წერილი საქართველოს პარლამენტსაც გაუგზავნა, თუმცა იქიდან უპასუხეს, რომ კანონპროექტზე თავად მასწავლებლებს უნდა ემუშავათ „კანონპროექტის წერა არ არის ჩემი საქმე, „გვაწვალებენ რეალურად, რომ მერე ფარ-ხმალი დავყაროთ“, – ამბობს თამარ ცანავა.

მის მიერ გაგზავნილი წერილი პარლამენტმა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში გადაამისამართა.

სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ანა დარახველიძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკის პირები იღებენ ხელფასის პარალელურად პენსიას, განსხვავებული პენსიის დანიშვნას კი კანონი არ ითვალისწინებს.

„თუ პენსია არ იქნება ღირსეული და საპენსიო ასაკის მასწავლებლები სკოლიდან ვერ გავლენ, სისტემაში არ შემოვლენ ახალგაზრდა კადრები.

ყოველ წელიწადს ამდენი ადამიანი რომ ამთავრებს მასწავლებლის მომზადების პროგრამას და ათეულობით მასწავლებლის გადამზადება მიმდინარეობს, ისინი ვერ იწყებენ მუშაობას. მაშინ რისთვის ამზადებენ ამ კადრებს?

მასწავლებლობა დღეს არის საშუალო საპენსიო ასაკის ადამიანების პროფესია. ძალიან ცოტა ახალგაზრდაა ამ პროფესიაში. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ უმტკივნეულოდ გავიდეს მასწავლებელი სისტემიდან, არის ღირსეული პენსია.

მოდით, მაშინ თვითონ მოიკლონ ხელფასები. ევროინტეგრაცია რომ უნდათ, აბა, გადახედონ როგორი პენსიები აქვთ ევროპის ქვეყნებში მასწავლებლებს, ყველაზე მცირე ვისაც აქვთ, იმასაც კი ვერ ვეწევით.

ზოგს ჰგონია, რომ მასწავლებლის ხელფასი 1500-1700 ლარია. ანგარიშობენ დარიცხულ ხელფასს და არა ხელზე ასაღებს და ამით ატყუებენ საზოგადოებას.

რეალურად, ახლა ჩემ თავზე რომ ვისაუბრო, წამყვანი მასწავლებელი ვარ, 1400 ლარი მაქვს ხელფასი, 2 შვილი მყავს, მშობლები, რომლებიც არ მუშაობენ. მეუღლეც მუშაობს, მაგრამ ხან ბანკში გვაქვს სესხი და ხან რა საჭიროება არსებობს. ფასები კი კატასტროფულად მატულობს ყოველდღე,“- გვეუბნება თამარ ცანავა.

მისი თქმით, მასწავლებლის საბაზისო ხელფასის ზრდა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, პრობლემა ვერ მოგვარდება.

„2023 წლის იანვარში მოგვემატა ასი ლარი, აქედან დაიქვითა 20 ლარი და რეალურად დაგვერიცხა 80 ლარი, თუმცა ეს გვემატება არა საბაზისო, არამედ სტატუსზე.

საბაზისო ხელფასი კი 480 ლარია, რომელიც მიბმულია სადამრიგებლოზე.

მე ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ და ვთქვათ, არ მაქვს საათების პრობლემა, მაგრამ არის ისეთი საგნები, სადაც ძალიან ცოტა საათები აქვთ მასწავლებლებს და შესაბამისად, ხელფასიც დაბალი აქვთ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ საბაზო ხელფასი იყოს 1500 ლარი და დანარჩენი იყოს სტატუსის დანამატი“, – ამბობს თამარ ცანავა.

მისი თქმით, მთავრობა ამბობს, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მასწავლებლის ხელფასის ზრდა რატომღაც არასდროსაა გათვალისწინებული.

„თუ ფასების მატების, ინფლაციის პარალელურად მთავრობის წევრებისა და საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება, მასწავლებლის ხელფასი რატომ არ მატულობს?

80 ლარი, რომელიც იანვარში დაგვიმატეს, რეალურად ხომ არაფერს ნიშნავს, რადგან დანამატი ვერ ეწევა კატასტროფულად გაზრდილ ფასებს. საპენსიო ფონდში ვინც ვართ, ცალკე იქიდანაც გვეჭრება“, – ამბობს ცანავა.

2019 წელს, მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს სისტემის გასვლის სანაცვლოდ ერთი წლის ხელფასი შესთავაზეს. ამ პერიოდში სკოლა 6 ათასამდე პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა.

თუმცა თამარ ცანავას აზრით, არც ეს შეთავაზება იყო რელევანტური, რადგან პედაგოგს ერთი წლის პენსია დიდხანს არ ეყოფა ცხოვრებისთვის და შემდეგ ის სოციალურად დაუცველი ხდება.

„ჩემთანაც იყო სკოლაში რამდენიმე მასწავლებელი, ვინც ფიქრობდა, რომ გასულიყო სისტემიდან ჯილდოს სანაცვლოდ, მაგრამ შემდეგ დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ეს თანხა ძალიან ცოტა იყო და შემდეგ რით ვირჩინოთ თავიო. ამიტომ სჯობს ღირსეული პენსია იყოს და არა ერთჯერადი“, – ამბობს თამარი.

მისი აზრით, მასწავლებლებს ყველა ხელისუფლება დაბალ ღობედ მიიჩნევს, მათ, ვინც არასდროს იღებს ხმას და ადვილად სამართავია.

სამინისტროში რომ ვთქვი, მშვიდობიან აქციას გავმართავთ- მეთქი, ერთ-ერთმა დამცინავად მითხრა, რამდენს გამოიყვანთ? ჰა, ჰა, ასი პედაგოგი გამოგყვესო.

რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გამომყვება, როცა სისტემაში ვიღაცას უჭირს, 50 კაციც რომ იყოს, ხომ უნდა მიხედო. ვალდებული ხარ.

ჯერ კიდევ არიან ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც სისტემის ეშინიათ. ბევრი მწერს, რომ ეშინიათ პეტიციაზე ხელის მოწერა, კომენტარის დაწერას ვერ ბედავენ. სწორედ ეს დამოკიდებულებაა შესაცვლელი, რომ მასწავლებლები შიშისგან გათავისუფლდნენ,“ – ამბობს ცანავა.

მისი თქმით, აქამდე მასწავლებლებს არავინ ეუბნებოდა, „თქვენ დიდი ძალა ხართ და რომ ენთუზიაზმზე არ უნდა იმუშაონ, რომ მათ ეკუთვნით ღირსეული ხელფასიც და პენსიაც. ახლა როცა ვცდილობთ ხმა ამოვიღოთ, არ მოსწონთ.

ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ საბჭოური გადმონაშთების ეპოქაში, ჯერ კიდევ ვართ საბჭოური შიშების გავლენის ქვეშ და აქედან მოდის ეს ყველაფერი.

ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ თაობებს გავზრდით. მასწავლებელი, რომელიც შიშით ხმას ვერ იღებს გაკვეთილზე, თემას ვერ გადაუხვევს შიშის გამო და თავისუფლებას ვერ ასწავლის ბავშვებს, ჩემთვის მიუღებელია.

ინგლისურს ვასწავლი თუ ქიმიას, მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვს თავისუფლების სულისკვეთება მაინც უნდა ჩავუნერგოთ, რომ როცა გავა სკოლიდან, თავისუფალი მოქალაქე იყოს და არა მხოლოდ ის, რომ მარილის ან წყლის ფორმულა იცოდეს“, – მიიჩნევს თამარი.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, არ დაინახოს და არ მოუსმინოს საკუთარ მოქალაქეებს, არ დაინახოს პრობლემა და სწორედ ამის მაგალითია ის, რომ მთავრობის ფეისბუქის გვერდიდან მასწავლებლების ყველა კომენტარი წაშალეს.

სამთავრობო გვერდიდან მასწავლებლების ყველა კომენტარი წაშალეს

ეს არ არის ევროპა, ეს არის რუსეთი, კორეა, სადაც არავინ იღებს ხმას არაფერზე.

ვერასდროს შევალთ ევროპაში, თუ არ მოვუსმინეთ ერთმანეთს და რადგან ამას ვწერთ მთავრობის გვერდზე, ესე იგი, პრობლემა გვაქვს და სხვანაირად ხმას ვერ ვაწვდით ხომ?“ – გვეუბნება თამარ ცანავა.

მისი თქმით, მასწავლებლები აღარ დასჯერდებიან ხელისუფლების ცარიელ დაპირებებს და თუკი იანვრიდან ხელისუფლება არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, როგორც ხელფასების, ასევე სქემის და საპენსიო საკითხების მოსაგვარებლად, მათი პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება.

„სირცხვილია, რომ 480 ლარია მასწავლებლის საბაზისო ხელფასი.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მინისტრების, პრემიერ-მინისტრების დაპირებები, რომ 2022 წლისთვის 1500 და 2000 ლარი უნდა ყოფილიყო მასწავლებლის მინიმალური ხელფასი. სად არის ეს დაპირება?“

თამარ ცანავა თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე სკოლაში ასწავლის. ის 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია.

მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა უზენაესშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა ისევ სახურავზეა

ბათუმის მერიამ მოქალაქე ნანა ბერიძესთან საქმე უზენაეს სასამართლოშიც წააგო. დავის საგანი „ბილაინის“ [კომპანია „ვიონი საქართველო“] ანტენაა საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ბათუმში.

მოსარჩელე ნანა ბერიძე ბათუმში, ფარნავაზ მეფის 77- ში ცხოვრობს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის მეზობლად. ამ კორპუსის სახურავზეა განთავსებული ანტენა იმის მიუხედავად, რომ მოქალაქემ ქვეყნის ყველა ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა, რომ ბათუმის მერიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან თითქმის 4 თვე გავიდა. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 5 მაისს დაუშვებლად მიიჩნია ბათუმის მერიისა და კომპანია „ვიონი საქართველოს“ [ბილაინი] საკასაციო საჩივრები და უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.

რატომ არ აღასრულა ბათუმის მერიამ ამ დრომდე სასამართლოს გადაწყვეტილება? – ბათუმის მერიისგან დღეს, 29 აგვისტოს, ამ საკითხზე განმარტება ვერ მივიღეთ.

მოქალაქე ნანა ბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ბათუმის მერიისგან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე: როგორ დაამონტაჟეს ანტენა კანონიერად, როცა ამ კორპუსში ბინების მესაკუთრეები წინააღმდეგი იყვნენ?

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გაცემული ნებართვა, რომლითაც ანტენა კორპუსის სახურავზე დაამონტაჟეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, 2022 წლის 21 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბათუმის მერია სასამართლოში ამბობდა, რომ ანტენის კორპუსის სახურავზე განთავსება პირველი კლასის მშენებლობაა და მას ამხანაგობის თანხმობა არ სჭირდებოდა. მოსარჩელის იურისტების განმარტებით, მსგავს ვითარებაში მესაკუთრეების 100-პროცენტიანი თანხმობაა საჭირო.

რას ნიშნავს ღვიძლის გაცხიმოვნება და რა კავშირშია ჭარბ წონასთან

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, იგივე სტეატოზი არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ღვიძლში ზედმეტი ცხიმის დაგროვებით.

ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების ორი ძირითადი ფორმა არსებობს – ალკოჰოლით გამოწვეული ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება, რომლის მიზეზიც ალკოჰოლის რეგულარული მოხმარებაა და არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება – ეს ქოლგა ტერმინია მთელი რიგის ღვიძლის დაავადებებისთვის. არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება უფრო გავრცელებულია მოსახლეობაში.

ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი წერს, რომ ჯანდაცვის პროვაიდერებმა არ იციან ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ზუსტი მიზეზი, მაგრამ მიიჩნევენ, რომ სიმსუქნე ყველაზე გავრცელებული მიზეზია. შეერთებულ შტატებში სიმსუქნე მოსახლეობაში გაორმაგდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ჯანდაცვის პროვაიდერები ხედავენ ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სტაბილურ ზრდას.

„ბათუმელები“ ცხიმოვანი ღვიძლის რისკ-ფაქტორებსა და გართულებებზე ბათუმის სამედიცინო ცენტრის გასტროენტეროლოგს, თამარ გორგოშაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო თამარ, როგორია არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის რისკ-ფაქტორები?

მართალია არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მიიჩნევა, რომ აქ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მეტაბოლური სინდრომი [მეტაბოლური სინდრომი გულისხმობს გულ‐სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების კლასტერულ ერთიანობას ინსულინისადმი რეზისტენტობის ან/და სიმსუქნის მქონე პირებში].

შესაბამისად, რისკ-ფაქტორებად  მიიჩნევა ჭარბი წონა, სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი. დაავადების შემდეგი ფორმითსტეატოჰეპატიტით დაავადებულთა უმრავლესობა მსუქანია, (სხეულის მასის ინდექსი 30-ის ტოლია ან ამაზე მეტია). რაც შეეხება შაქრიან დიაბეტს, როდესაც ორგანიზმი რეზისტენტული ხდება ინსულინის მიმართ, ან როცა კუჭქვეშა ჯირკვალი ამ ჰორმონს სათანადო ოდენობით ვერ გამოიმუშავებს სისხლში გლუკოზის შემცველობის რეგულირებისთვის, შესაძლოა დაზიანდეს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის ღვიძლიც.

ღვიძლში ცხიმის დაგროვების ოთხი მექანიზმია: 1. საკვებთან ერთად ცხიმების და ცხიმოვანი მჟავების ჭარბი მიღება; 2. ცხიმოვანი მჟავების გაძლიერებული სინთეზი ან მათი დაჟანგვის სინთეზი; 3. ღვიძლის უჯრედებში წარმოქმნილი ცხიმოვანი ნივთიერების გამოყოფა; 4. ნახშირწყლების (მაგ. ცომეული) ჭარბი რაოდენობა ღვიძლში ცხიმოვან ნივთიერებებად გარდაიქმნება.

  • რა სიმპტომები ახასიათებს?

ამ მდგომარეობისას სიმპტომები შეიძლება ყოველთვის არ იყოს გამოვლენილი, მაგრამ როცა გამოხატულია, სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ისეთ ზოგად სიმპტომატიკას, როგორიცაა: უმადობა, საერთო სისუსტე, გულისრევა, სწრაფი დაღლა, წონის დაქვეითება, შორ წასულ შემთხვევაში, როცა უკვე ჩამოყალიბებულია ციროზი, გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: კანის ლორწოვანის სიყვითლე, სისხლდენა საყლაპავიდან, ცნობიერების დარღვევა, ასციტი, კანის ქავილი, და ა.შ.

  • როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

ვინაიდან ღვიძლის გაცხიმოვნება შემთხვევათა უმრავლესობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მისი დიაგნოსტიკა უმეტესად ხდება პაციენტის პროფილაქტიკური მიმართვით მუცლის ღრუს ულტრაბგერაზე. ექოს შემდეგ, დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა შემდეგი კვლევები: ღვიძლის ფუნქციური სინჯების შესწავლა; კომპიუტერული ტომოგრაფია და საჭიროებისამებრ ღვიძლის ბიოფსია.

MayoClinic: უმეტეს შემთხვევაში, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება არ იწვევს რაიმე სერიოზულ პრობლემას ან ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას, მაგრამ ამ მდგომარეობის მქონე ადამიანების 7%-30%-ს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება დროთა განმავლობაში უუარესდება. ის პროგრესირებს სამ ეტაპად: ღვიძლი ხდება ანთებითი (შეშუპებული), რაც აზიანებს მის ქსოვილს – ამ სტადიას სტეატოჰეპატიტი ეწოდება. ნაწიბუროვანი ქსოვილი იქმნება იქ, სადაც ღვიძლი დაზიანებულია. ამ პროცესს ფიბროზი ეწოდება. ვრცელი ნაწიბუროვანი ქსოვილი ცვლის ჯანსაღ ქსოვილს. ამ დროს, ადამიანს აქვს ღვიძლის ციროზი.

  • როგორ ხდება მკურნალობა?

ცხიმოვანი ღვიძლის გამომწვევი მდგომარეობის დროული მკურნალობა აუცილებელია. განსაკუთრებით საყურადღებოა 45 წელს გადაცილებული პაციენტები დიაბეტით და პირები მაღალი არტერიული წნევით. ასეთ დროს მკურნალობა მოიცავს გამომწვევი მიზეზის დადგენასა და კორექციას, მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია წონის კლება – ჯანსაღი დიეტისა და ვარჯიშის კომბინაციით.

Mayoclinic: მიირთვით ჯანსაღი საკვები, რომელიც მდიდარია ხილით, ბოსტნეულით და მთელი მარცვლეულით. თვალყური ადევნეთ თქვენს მიერ მიღებულ ყველა კალორიას; ასევე დაიცავით თქვენი ღვიძლი – მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც დამატებით სტრესს მოგაყენებთ ღვიძლზე. მაგალითად, არ დალიოთ ალკოჰოლი. წაიკითხეთ ყველა წამლის ინსტრუქცია, მცენარეული საშუალებების გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს, რადგან ყველა მცენარეული საშუალება არ არის უსაფრთხო.

რა სიახლეებს გეგმავს PSP – „ჩემი ოჯახის აფთიაქი“ ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

ქართული ფარმაცევტული კომპანია PSP 1994 წელს დაფუძნდა, 1994 წლიდან დღემდე პსპ წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს ექსკლუზიურ პარტნიორს საერთაშორისო ფარმაცევტული და თავის მოვლის საშუალებების ბრენდების. 

PSP-ს ქსელი დღეს  310 აფთიაქით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. აფთიაქებში შესაძლებელია მედიკამენტების, თავის მოვლის საშუალებების, საკვები დანამატების, კოსმეტიკის, ბავშვთა მოვლის პროდუქციისა და სამედიცინო ტექნიკის შეძენა.

2020 წლიდან პსპ-მ  ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. დღეისათვის კომპანიაში მიმდინარეობს არა ერთი პროექტი ბიზნესის გაციფრულების. 2020 წელს განაახლა ციფრული აპლიკაცია და საიტი. დღეისათვის ონალინ მაღაზიით სარგებლობა, მომხმარებელს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში შეუძლია. 

კომპანიის სიახლეებსა და გეგმებზე „ბათუმელები“ PSP-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელს,  ნუცა სოსებაშვილს ესაუბრა.

 

  • ნუცა, PSP დიდი ხნის განმავლობაში პოზიციონირებდა, როგორც „ჩვენი ოჯახის აფთიაქი“ და პირველი, რაც PSP-თან ასოცირდებოდა, სწორედ ეს სლოგანი იყო. თუმცა, თქვენს კომპანიას მედიკამენტების გარდა თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხაზი აქვს. როდის დაიწყეთ ამ მიმართულებით განვითარება? რა ცვლილებები განიცადა ბრენდმა ბოლო წლებში? 

PSP დღესაც პოზიციონირებს როგორც „ჩვენი ოჯახის აფთიაქი“. ჩვენ სააფთიაქო ქსელის მიზანი იყო და ყოველთვის იქნება, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაადვილება, ამისათვის ჩვენ მათ ვთავაზობთ ჯანმრთელობის და თავის მოვლის საშუალებების ძალიან ფართო არჩევანს, საქართველოს ყველა კუთხეში. 

ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა თავის მოვლის საშუალებების ბრენდების წარმოჩენა, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება 2003 წლიდან დავიწყეთ. ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი ვიყავით ევროპული თავის მოვლის ბრენდების. 2012 წლიდან, სააფთიაქო ქსელის რებრენდიგნთან ერთად აქტიურად დავიწყეთ წამყვანი ევროპული ბრენდების პროდუქტების გავრცელება ჩვენს ქსელებში.

დღეს PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქია, რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების ერთობლიობას. 

  • ფარმაცევტული ბაზარი ძალიან კონკურენტულია. რა გამოარჩევს PSP-ს სხვა აფთიაქებისგან?! 

30 წელია PSP საქართველოში საქმიანობს და ჩვენ ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელმაც ევროპული მედიკამენტები შემოიტანა ქართულ ბაზარზე, პირველი კომპანია იყო, რომელმაც მომხმარებელს საცალო ქსელის ევროპული კონცეფცია შესთავაზა. 

ჩვენ ექსკლუზიური ბრენდების საკმაოდ დიდი პორტფელი გვაქვს, იქნება ეს მედიკამენტების თუ თავის მოვლის საშუალებების მიმართულებით. 

პირველებმა შევცვალეთ აფთიაქების ფორმატი მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირველებმა შევქმენით მობილური აპლიკაცია, დღეს კი აქტიურად ვმუშაობთ კომპანიაში პროცესების გაციფრულებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე. მუდმივად ვცდილობთ განვვითარდეთ და დავნერგოთ სიახლეები.  

  • რას სთავაზობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ეთიკური მიზეზების გამო ცხოველურ პროდუქტებს არ მოიხმარენ? გაქვთ თუ არა თავის მოვლის ვეგანური საშუალებები? 

PSP- პორტფელში წარმოდგენილია არა ერთი ვეგანური ბრენდი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ევროპულ მწარმოეგლებთან, რომელთა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა მდგარადი განვითარებაა. 

  • რაც შეეხება საკვებ დანამატებს, რომელიც ადამიანებს მენტალურ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ ცხოვრებაში ეხმარება, როგორ არის ეს ხაზი წარმოდგენილი PSP-ში? 

საკვები დანამატებისა და ვიტამინების ძალიან დიდი ასორტიმენტი გვაქვს. წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან გვაქვს ექსკლუზიური თანამშრომლობა. 

ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Solgar, Amvilab, Pileje, Pure, Orthomol, DoppelHertz – საქართველოში ექზკლუზიურად ჩვენი პარტნიორები არიან. 

  • რა სიახლეებს უნდა ელოდონ მომხმარებლები PSP-გან წლის ბოლომდე? ამ მხრივ რა იგეგმება კონკრეტულად ბათუმში, სადაც ახლახან სილამაზის ფესტივალიც ჩაატარეთ?

ჩვენ წელს რამდენიმე ახალი ბრენდის პროდუქტები დავამატეთ პორტფელს, რომელიც სილამაზის ფესტივალზე გამოიფინა. 

წელს არა მარტო ევროპული ბრენდები დავიმატეთ, არამედ კორეული კოსმეტიკის პორტფელიც გავზარდეთ. ველოდებით სიახლეებს ფრანგული პრემიუმ ხაზის ბრენდის, „კოდალის“ მიმართულებით. გვექნება აქტიური საკომუნიკაციო კამპანია, ისეთი პოპულარული ბრენდებისთვის, როგორიცაა „ესტედერმი“, „ბიოდერმა“ და სხვა. 

  • ადამიანებს მუდმივად აინტერესებთ ფასდაკლებები. რა სტრატეგია გაქვთ ამ მიმართულებით?

ძალიან დატვირთული ფასდაკლების კამპანია გვაქვს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლებს მათზე მორგებული ფასდაკლებები შევთავაზოთ. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ ბრენდზე, ან ხაზზე. 

ბათუმის ბულვარი მექსიკური სკვერის მოწყობას გეგმავს

ბათუმის ბულვარში „მექსიკური სკვერის“ მოწყობაა დაგეგმილი. ახალი სკვერის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სკვერი გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთის მიმდებარედ [საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ], 400 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს.

„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბულვარის ერთ-ერთ დატვირთულ ლოკაციაზე, გრიბოედოვის ქუჩის შესასვლელში. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებულია პარკირების ზონა, ავტობუსის მოსაცდელი, სავარჯიშო მოედანი და რამდენიმე რესტორანი“, რაც, ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, არსებულ სივრცეში ვიზიტორთა რაოდენობას ზრდის.

„ამჟამად საპროექტო ტერიტორიაზე რამდენიმე უსახური მცენარეა განთავსებული, აგრეთვე არ არის მოსასვენებელი სივრცე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეშენებინა ე.წ. „მექსიკური სკვერი“. – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მექსიკური სკვერი / რენდერი-კონცეფცია განმარტებითი ბარათიდან

ბულვარის განმარტებით: „ესკიზში გამოყენებულია ბუნებრივი ქვის ფორმირებული სკამი, რომელიც მთლიან პერიმეტრზე ტალღისებურადაა განთავსებული. აღნიშნული სკამი ერთგვარი დიდი ქოთნის შთაბეჭდილებას ქმნის, რომელშიც მცირე ზომის ბორცვზე განთავსებულია გუბურა ჩანჩქერით სხვადასხვა ზომის ბრტყელი ქვები, ქოთნები და დეკორატიული ქვიშა.

ამგვარი გადაწყვეტა სკვერს ქუჩის მხრიდანაც თვალსაჩინოს ხდის, აგრეთვე ერთგვარი ბარიერია ცხოველთათვის. საპროექტო სივრცეს ამშვენებს სუკულენტების, კაქტუსებისა და სხვადასხვა დეკორატიული მცენარის კომპოზიციები. სკვერი ღამით ნათდება მცირე ზომის პროჟექტორული სანათებით, რაც სივრცეს მეტად აღქმადს ხდის.“

მექსიკური სკვერი / რენდერი-კონცეფცია განმარტებითი ბარათიდან

ახალი სკვერის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის პირველ სექტემბერს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. სატენდერო თანხა 11 ათას 16 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულმა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ერთ თვეში უნდა მოამზადოს.

ამ დოკუმენტების მომზადების შემდეგ კი, დაზუსტდება რამდენი ლარი იქნება საჭირო ახალი სკვერის მოსაწყობად. სამუშაოების შესყიდვაზე  ტენდერს ცალკე გამოაცხადებენ.

განმარტებით ბარათს ასევე ახლავს ხე-მცენარეების ჩამონათვალი, რომლებიც მექსიკური სკვერის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. ეს ჩამონათვალი ახლავს სატენდერო დოკუმენტაციასაც.

მექსიკური სკვერისთვის შესაძენი ხე-მცენარეების ჩამონათვალში 39 დასახელების მცენარეა, მათი საერთო რაოდენობა კი არის – 2 655.

„ამ რაოდენობის მცენარეები დაირგვება ახალ სკვერში, თუმცა მათ ცალკე ტენდერით შევისყიდით. ახალი სკვერის კონცეფცია – თუ როგორი ვიზუალი ექნება მას, ჩვენ მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში მდებარე პარკინგს, ეს ტერიტორია არ არის ჩვენ სარგებლობაში და მას, ბუნებრივია, არ ვეხებით. სკვერი პარკინგსა და იქვე მდებარე ტრენაჟორებს შორის მოეწყობა,“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

„მექსიკური სკვერის“ საპროექტო ტერიტორია ბათუმის ბულვარში [მონიშნულია წითელი ხაზით]

 

USAID გვასწავლის და გვიბიძგებს მხარდაჭერისა და უკეთესი გარემოს შექმნისკენ – ლია ფუტკარაძე

USAID მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებას და ხელს უწყობს კონსტრუქციული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას.

ლია ფუტკარაძე არასამთავრობო ორგანიზაციის „საორსას“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი საბჭოს დირექტორია.

„საორსა“ შოტლანდიური წარმოშობის ტერმინია, რომელიც თავისუფლებასა და თავისუფალ არჩევანს ნიშნავს. ორგანიზაცია პროფესიულ კონსულტაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს და მათ შორის ქალებს, პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმარების მიმართულებითდა და დასაქმებისა და თვით-დასაქმებისათვის საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ორგანიზაციას ჯერ-ჯერობით 634 კურსდამთავრებული ჰყავს.

ლია ფუტკარაძე
ლია ფუტკარაძე

USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზაცია ხელს უწყობს ქალებს ჩაერთონ სოციალურ მეწარმეობაში, მონაწილეობა მიიღონ თემის განვითარებისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობაში აჭარის რეგიონში – „ჩვენთვის USAID-თან თანამშრომლობა არამხოლოდ პროექტის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევას, არამედ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებას გულისხმობდა. შევძელით ფონდების მოძიების კუთხით ახალი საშუალებები გამოგვენახა, სტრატეგიული კომუნიკაციები დაგვეგეგმა და ჯანსაღი მმართველობის პოლიტიკა გაგვეძლიერებინა“ – ამბობს ლია. 

USAID-ის დახმარებით „საორსამ“ განავითარა საკუთარი ორგანიზაციული შესაძლებლობები და ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი განვითარების მენეჯერებისა და ოფიცრების პოზიციები, რომლებიც აჭარის რეგიონში თემის ჩართულობისა და ინფორმაციის მიწოდების კუთხით მუშაობენ – „სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შევქმენით ახალი პროფესიული მიმართულება, რომელიც მაგალითია რეგიონში მოქმედი სხვა ორგანიზაციებისთვის თუ როგორ შეიძლება სისტემური და უწყვეტი ხასიათი მიეცეს ინფორმაციის მიწოდებასა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას“ – ამბობს ლია. 

„ჩვენთვის, „საორსასთვის“ ნამდვილი მეგობრობა ნიშნავს უპირობო ზრუნვას, მხარდაჭერას, შთაგონებას, გაძლიერებას, უფლებების პატივისცემასა და თანასწორობას. USAID ასეთივე ორგანიზაციაა, რომელიც გვასწავლის და გვიბიძგებს მხარდაჭერისა და უკეთესი გარემოს შექმნისკენ“.

ბაღდათის სოფელ დიმში ქვევრში 2 კაცი გაიგუდა

დღეს, 29 აგვისტოს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, ქვევრში ორი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ქვევრის გასაწმენდად ჩავიდა მარანში, მას შემდეგ, რაც მან დაიგვიანა, მისმა ახლობელმა, შუახნის კაცმა მიაკითხა და უგონო მდგომარეობაში მყოფის დახმარება სცადა. ის ქვევრში ჩავიდა და თავადაც დაიღუპა.

კაცები სავარაუდოდ ჭაჭის გაზით გაიგუდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით ხელყოფის, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული.

მედვედევი აპოკალიფსის მოახლოებაზე – ლენინის, ხრუშოვისა და იოანე ღვთისმეტყველის ციტატებით

რუსეთის ექსპრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის საკუთარ არხზე ამჯერად აპოკალიფსის მოახლოებაზე წერს, სადემონსტრაციოდ კი იოანე ღვთისმეტყველის, ლენინისა და ხრუშოვის ციტატები მოჰყავს.

„უკრაინელი კრიმინალები აცხადებენ, რომ მათ მიიღეს თანხმობა დაარტყან რუსეთში ყველაფერს, „მაგალითად, ყირიმში“.

თუ ეს მართალია (და ახლა ეჭვის საფუძველი არ არსებობს), მაშინ ეს პირდაპირ არის იურიდიული მნიშვნელობის მტკიცებულება დასავლეთის თანამონაწილეობაზე რუსეთის წინააღმდეგ ომში, სტეპან ბანდერას სახელმწიფოს მხარეს. დახვეწილი casus belli არის რუსეთისთვის შესაძლებლობა, იმოქმედოს jus ad bellum-ის ფარგლებში, ყველას წინააღმდეგ და ნატოს ყველა ქვეყნის წინააღმდეგ“, – წერს მედვედევი.

პოსტში მედვედევი წუხილს გამოთქვამს იმაზე, რომ „აპოკალიფსი სულ უფრო და უფრო ახლოვდება“. შემდეგ კი მოჰყავს იოანე ღვთისმეტყველის, ლენინისა და ხრუშჩოვის ციტატები:

„იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს მოძებნიან, მაგრამ ვერ იპოვიან; სიკვდილს ისურვებენ, მაგრამ სიკვდილი მათგან გაიქცევა“ (გამოცხადება 9:6).

„ჩვენ მანამ ვახსოვართ, სანამ სხვებს ხელს ვუშლით“ (V.I. ლენინი).

„მოგწონთ თუ არა, ისტორია ჩვენ მხარეზეა. ჩვენ თქვენ დაგმარხავთ“. (ნ.ს. ხრუშოვი).

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დიმიტრი მედვედევი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. რუსი პოლიტიკოსი, ატომური იარაღის გამოყენებით, სამყაროს ხშირად ემუქრება განადგურებით.

რუსეთის ელიტური ჯარები, სავარაუდოდ, დეგრადირებულია ოპერატიული ტემპის გამო – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა განაგრძობს ელიტარული საჰაერო-სადესანტო ძალების გამოყენებას იმ პოზიციების დასაცავად, სადაც უკრაინა კონტრშეტევებს აწარმოებს.

ანგარიშის თანახმად, 27 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობამ 76-ე გვარდიის სადესანტო-საჰაერო თავდასხმის დივიზიის ნაწილები განათავსა რობოტინოს მახლობლად, რუსული პოზიციების გასამაგრებლად.

ISW-ი ადრე აღნიშნავდა, რომ პრაქტიკულად ყველა რუსული საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფი მოქმედებს რაიონებში, სადაც უკრაინული ძალები აწარმოებენ კონტრშეტევით ოპერაციებს. ეს გადანაწილება კი მიუთითებს იმაზე, რომ ელიტარული რუსული ქვედანაყოფები გამოიყენება ფრონტის ხაზის კრიტიკული მონაკვეთების გასაძლიერებლად.

რუსეთის სამხედრო სარდლობა მუდმივად ეყრდნობოდა საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფებს, როგორც შეტევით და თავდაცვით ძალებს. ეს ძალები, სავარაუდოდ, დეგრადირებულია მათი მაღალი ოპერატიული ტემპის გამო. ამ ძალების დეგრადაცია, სავარაუდოდ, შეასუსტებს რუსეთის უნარს, გააგრძელოს კომპლექსური თავდაცვითი ოპერაციები და შეაფერხებს რუსეთის ნებისმიერ განზრახვას, განაახლოს შეტევითი ოპერაციები.

დღეს, 29 აგვისტოს კი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ტვიტერზე წერს: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება კარგად უხდის ომში ბრძოლის მსურველებს, ნაკლებსავარაუდოა ამას ეფექტი ჰქონდეს და მიიზიდოს მოხალისეები.

ბრიტანული დაზვერვა მიუთითებს 2022 წლის ოქტომბერში პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მობილიზებული რიგითები მიიღებდნენ ხელფასს – თვეში 195 000 რუბლს.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიაში ბევრი დაბალი ჩინის სამხედროა, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან და თვეში 200 000 რუბლზე მეტს იღებენ. ეს 2,7-ჯერ მეტია, ვიდრე საშუალო ხელფასი რუსეთში (72,851 რუბლი).

„…ხელფასი და დამატებითი ბენეფიტები არის ძლიერი სტიმული, განსაკუთრებით რუსეთის ღარიბ რეგიონებში მცხოვრებთათვის, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა რუსეთმა მიაღწიოს თავის მიზნებს მოხალისეების დაქირავებაში“, – წერს ბრიტანული დაზვერვა.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV

წარმატება გვაქვს ვერბოვეს მიმართულებით – უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს ზაპორიჟიეს ოლქში, ნოვოდანილოვკა-ვერბოვეს მიმართულებით – ამის შესახებ დღეს, 29 აგვისტოს, უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაშია აღნიშნული.

გენშტაბის განცხადებით, უკრაინელი დამცველები წარმატებულნი იყვნენ ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს მიმართულებით და მაგრდებიან დაკავებულ პოზიციებზე.

ასევე, თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთს წარუმატებელი შეტევა ჰქონდა ავდიივკასა და მარინკას რაიონებში, დონეცკის ოლქში.

ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით. „მძიმე ბრძოლები გრძელდება“- იუწყება უკრაინის გენშტაბი.

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

2023 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს თუ გადაავლებთ თვალს, მარტივად დასანახია ტენდენცია: უზენაესი სასამართლო იშვიათად ცვლის გამამართლებელ განაჩენებს, რაც ბოლო პერიოდში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოაქვთ პირველი ინსტანციის სასამართლოებს.

საია-ს საერთო სასამართლოების მონიტორინგის მიხედვით – საერთო სასამართლოებში 2022 წელს 490 სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობაზე მოდის. გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის მატება ხშირად მოჰყავს „ქართულ ოცნებას“ იმის მაგალითად, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა.

მოსამართლეები ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე ძირითადად იმ მოტივით იღებენ გამამართლებენ განაჩენებს, რომ დაზარალებულად მიჩნეული ქალები დანაშაულის ჩადენის დროს პოლიციას ჩვენებას აძლევენ მოძალადის წინააღმდეგ, სასამართლოში კი, დუმილს ამჯობინებენ. მოსამართლეები წერენ, რომ სხვა პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არის და მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას ან პოლიციელების ჩვენებებს ვერ დაეყრდნობიან.

უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებში შეგვხდა ერთი საქმე, როცა ქალმა დუმილი არჩია და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი მიიღო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მოძალადე კაცი გაამტყუნა. ამ შემთხვევებში უზენაესი სასამართლო „სტამბოლის კონვენციას“ იხსენებს ჩანაწერით: „სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული…“

„ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ 9 განჩინებას გაეცნო, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ოჯახში ძალადობის მუხლით განხილულ საქმეებს ეხება. 9 საქმიდან 2 შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა არც ერთი კაცისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა არ შეუფარდებია. ორი მსჯავრდებულიდან ერთი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა, მეორეს კი, სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 170 საათი დააკისრეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ერთი გამამართლებელი განაჩენი კი, უზენაესმა სასამართლომ შეცვალა.

საქმე პირველი: „დაზარალებულს ნამდვილად ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, თუმცა…“ 

„მობილური ტელეფონი ჩაარტყა სახეში“, – აღნიშნული იყო დადგენილებაში, რომლითაც პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა ზ.ჩ.-მ თავი დამნაშავედ არ ცნო, დაზარალებულად ცნობილმა ქ.-მ კი, დუმილი აირჩია – „კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა“.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული გაამართლა, მას უკან დაუბრუნეს გირაოს სახით გადახდილი 1000 ლარიც.

ამ საქმეში მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნა დარჩა, რომლის მიხედვითაც ქ.-ს „…ცხვირის ზურგსა და მარჯვენა ცხვირ-ტუჩის ნაოჭის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევები, მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე – სისხლნაჟღენთი.

აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს,“ – წერია ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს:

„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის, რომ დაზარალებულს ნამდვილად ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ მიაყენა მას დაზიანებები,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

საქმეში არსებობდა პოლიციელების ჩვენებაც, თუმცა „მოწმის სახით დაკითხული პოლიციელი ი.ბ. არ წარმოადგენს თვითმხილველ პირს და მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციით, უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, მისი ჩვენება ირიბია.

კასატორის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, როდესაც საქმეში წარმოდგენილ მასალათა ნაწილი ბადებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს და საეჭვოდ აქცევს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კონსტიტუციის ამავე მუხლის თანახმად, აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.

საქმე მეორე: „დაახლოებით ღამის 12 საათზე მოვიდა სასტუმროს მისაღებში ნამტირალევი ქალი, მთხოვა, დამერეკა 112-ში“

„…საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პ. ზ-მა ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა მისი ოჯახის წევრზე, მეუღლე კ. ზ-ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ეს ოჯახში ძალადობის მორიგი საქმეა, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო.

მსჯავრდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათით.

ეს განაჩენი გაუსაჩივრები როგორც მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. პროკურატურამ უფრო მკაცრი სასჯელი მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში, მსჯავრედებულმა – გამამართლებელი განაჩენი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა.

პროკურატურის შეფასებით, ეს გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. „…რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ პ. ზ-ს ბრალეულობას, კერძოდ: მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სასტუმროს თანამშრომლის – ა. ჩ-ს შეტყობინება.

ა. ჩ-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ სასტუმროში ყოფნისას მას დახმარებისთვის მიმართა დაზარალებულმა, რომელსაც სახის არეში აღენიშნებოდა შეწითლება და უთხრა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ, მოწმე პოლიციის თანამშრომლებმა კი, დაადასტურეს, რომ დაზარალებული, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა შეწითლების კვალი, ამბობდა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ პ. ზ-მა მეუღლეს – კ. ზ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ამ საქმეში უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება და მთავარი მოწმე სასტუმროს ადმინისტრატორია, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ დაახლოებით ღამის 12 საათი იყო, როცა სასტუმროს მისაღებში ქალი შევიდა. სასტუმრო იმ კორპუსშია, სადაც დაზარალებული ქალი ცხოვრობს.

„…მითხრა, რომ კ.ზ-ს. ესაჭიროებოდა პოლიციის დახმარება, ქალბატონს სახეზე ეტყობოდა სიწითლე, იყო აღელვებული და ჰქონდა ნამტირალევი ხმა. მითხრა, რომ ბინაში მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მთხოვა, დამერეკა 112-ში.

პოლიციელებს იმავე ღამით დაუკავებიათ პ.ზ. „რომელსაც ვიზუალურად მარჯვენა ლოყის და ორივე ხელის მკლავის მიდამოში აღენიშნებოდა ნაკაწრები ფუფხის სახით. კაცმა პოლიციელებს უთხრა, რომ კონფლიქტი მეუღლესთან ჰქონდა.

სასამართლოს არც ამ შემთხვევაში  მისცა ჩვენება დაზარალებულმა.

„მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პ. ზ-ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია,“ – აღნიშნულია განჩინებაში, სადაც უზენაესი სასამართლო ასაბუთებს, რატომ მიიჩნევს სამართლიანად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საქმე მესამე: სასამართლოს ჩვენება არ მისცა დაზარალებულმა – ის ბრალდებულის დედაა 

ამ შემთხვევაში დაზარალებული ბრალდებულის დედაა და 5 წლის ბავშვი, ბრალდებულის შვილი.

„…სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ – უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა ოჯახის წევრს – დედას – ჟ. ფ–ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილის – ე. ფ–ს თანდასწრებით, რის გამოც, დაზარალებული ჟ. ფ მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, ასევე, განიცდიდა ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა საკუთარ 5 წლის შვილზეც – „…ძლიერად გააწნა სახეში სილა, შემდეგ კი, ხელებზე ძლიერად ურტყამდა ხელს, რა დროსაც ე. ფ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – წერია დადგენილებაში.

ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ, როგორც ოჯახში ძალადობის, ისე მუქარის ნაწილში, რაც პროკურორს, ანი ბორჩაშვილს გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.

როგორც სხვა დაზარალებულ ქალებს, დაზარალებულად მიჩნეულ დედასაც უარი უთქვამს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. გამოკითხისას 5 წლის ბავშვმა კი, თქვა, რომ „დედა უშლის კომპიუტერით თამაშს, დედა ხანდახან სცემს, ასევე, ეფერება და მას მოსწონს დედასთან ცხოვრება. შეკითხვაზე, რამდენიმე დღის წინ დაუშალა თუ არა დედამ პლანშეტით თამაში, დაზარალებულმა არ გასცა პასუხი, წამოდგა და აღარ უპასუხა არც ერთ შეკითხვას“.

ბრალდებულის წინააღმდეგ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და არსებობდა ექსპერტიზის დასკვნაც.

„შემაკავებელი ორდერი და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეფუძნება დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი.

შესაბამისად, სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მამხილებელი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნას და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 11, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ’ ქვეპუნქტით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

საქმე მეოთხე – როცა გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეიცვალა 

ბრალდებული ვ.ა. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, როცა ამ საქმეზე განაჩენი მიიღეს. ამ მსჯავრდებულსაც ოჯახში ძალადობას ედავებოდა პროკურატურა.

გამოძიების ვერსით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ვ.-მ საცხოვრებელ სახლში არაერთგზის იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე. „ხელის სახისა და ფეხის მუცლის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ეს განაჩენი უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანი გამამტყუნებელი განაჩენია.

იმის მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაშიც დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმა დუმილი არჩია, უზენაესი სასამართლო „სტამბოლის კონვენციას“ ახსენებს:

„…რაც შეეხება ფაქტს, რომ დაზარალებულმა ლ. კ-მ სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ,,სტამბოლის კონვენცია“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება.

კონვენციაში მითითებულია, რომ აღნიშნული დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

პროკურორ პაატა ცეცხლაძის განმარტებით, რაც ასევე განჩინებაშია აღწერილი, ამ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო თავად დაზარალებულის შეტყობინება მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ.

„მან გამოკითხვის დროს დეტალურად აღწერა აგრესიული ძალადობრივი ქმედებები, განაცხადა თანხმობა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოითხოვა, გაცემულიყო შემაკავებელი ორდერი. დათვალიერდა მისი სხეული, რომელზეც აღენიშნებოდა დაზიანება სახის და ყელის არეში…,“ – მიწერა პროკურორმა მოსამართლეებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებზე:

„მოწმე ნ. ა-ე უთითებს, რომ მას ვ.-მ ოთახის მიქირავება სთხოვა და უთხრა, რომ მხოლოდ ის და თავისი მეუღლე იცხოვრებდნენ. მოწმე დასთანხმდა და ვ-ს მეორე სართულზე ერთი ოთახი მიაქირავა, სადაც იგი მეუღლესა და პატარა შვილთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვ.-მ მეორე ქალბატონი შემოიყვანა და ნ. ა-ეს განუცხადა, რომ ისიც მისი ცოლი იყო.

2 დეკემბერს ვ.-ის დედა ჩამოვიდა, რომელსაც ერთი რძალი უნდა წაეყვანა, მაგრამ 3 დეკემბერს, ღამით, მოწმეს მათი ოთახიდან შემოესმა ხმაური. ნ. ა-ემ დაინახა, რომ ვ.-ს მეუღლეს ხელში ეჭირა ბავშვი და კიოდა. მოწმე მიხვდა, რომ ისინი ნაჩხუბრები იყვნენ და სახლიდან გაყარა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულის დედამაც, რომლის თქმითაც, „ისინი ხმამაღლა კამათობდნენ“, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი კი, არ დაუნახავს.

„ამდენად, მოწმე ნ. ა-ე და თ. ა-ი უტყუარად ადასტურებენ, რომ გარკვეული ფორმის კონფლიქტი [ხმაური, კივილი] ვ. ა-სა და ლ. კ-ს შორის ნამდვილად იყო. მართალია, უშუალოდ დარტყმაზე აღნიშნული მოწმეები არ საუბრობენ, მაგრამ, მოწმე თ. ა. უთითებს, რომ ვ. სახლში 2021 წლის 2 დეკემბერს 23:30 საათისკენ დაბრუნდა და ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის სიტყვიერი ჩხუბი.

როგორც აღინიშნა, ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების რეზოლუცია დათარიღებულია 2021 წლის 3 დეკემბრით, 00:05 საათით [განმცხადებელია თავად დაზარალებული]; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემოწმებისას [03.12.2021]ლ. კ-ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანება, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

საკასაციო პალატა შენიშნავს იმასაც, რომ ბრალდებული ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს 2020 წელს, დამნაშავედ მიიჩნიეს და დანაშაულის ჩადენის დღეს მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა.

„ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი/განცხადება უკან დაზარალებულმა ან/და შეურიგდა თუ არა მოძალადეს…“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ბრალდებულს 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა და ჯარიმა 2000 ლარი.

საქმე მეხუთე: „…მძინარეს სახის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა დაზიანებები“ 

„2022 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, კ-ის ქ. №–ში მდებარე ვ. კ-ას საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა. ზ-ემ წინასწარი შეცნობით უმწეო – მძინარე მდგომარეობაში მყოფ თავისი ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. გ-ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ეწერა პროკურატურის დადგენილებაში, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ შემთხვევაზეც გამამართლებელი განაჩენი მიიღო. განაჩენი უცვლელი დატოვა, როგორც ქუთაისის სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ.

ამ საქმეშიც შეგხვდებათ შაბლონური ჩანაწერი დაზარალებულ ქალზე: „ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი“

„საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ ა. ზ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, ხოლო დაზარალებულმა მ. გ-მა (მსჯავრდებულის მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა. ზ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ა. ზ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

საქმე მეექვსე: ცოლისძმის ცემის შემდეგ დადგინდა, რომ სცემდა ცოლსაც 

ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევაში კი, გამოძიება მას შემდეგ დაწყებულა, როცა კაცი ცოლისძმას დაესხა თავს და სახლის ასასვლელ კიბესთან „რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავში, მძლავრად მოქაჩა კისრისა და ყელის არეში…“

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კაცის ცოლი 2 წელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ. ა. – ს სასჯელის სახით შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათი, თუმცა რადგან ის პატიმრობაში იყო 2022 წლის 30 მარტიდან პირველ აპრილამდე, მას საბოლოოდ 170 საათით განუსაზღვრეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.

ამ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ერთ ეპიზოდში იძალადეს დაზარალებულზე ფიზიკურად. სასამართლოს არ დაუდასტურებია ყველა ეპიზოდში ოჯახში ძალადობა, ანუ პროკურატურის ვერსია სრულად არ გაიზიარა.

„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ ი. ა-ის გამოკითხვის ოქმი. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში ბ. ა-ის ბრალეულობა, საქმეში არ არის წარმოდგენილი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნით, ბ. ა-ის ქმედებებიდან გამომდინარე, ი. ა-ე არ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია მისი ტანჯვა. შესაბამისად, მხოლოდ ერთი მტკიცებულება – დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ დასტურდება არცერთი სხვა მტკიცებულებით, გამორიცხავს ბ. ა-ის დამნაშავედ ცნობის შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე ბ. ბ-ს ჩვენებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ. ა-მ 2020 წლის 29 მარტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ი. ა-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

საქმე მეშვიდე: ცოლის ცემის ბრალდებაში გაამართლეს, მარიხუანისთვის – დასაჯეს 

უდანაშაულოდ მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯ. ზ.-ც. გამოძიების ვერსიით კი, ბრალდებულმა სამჯერ სხვადასხვა დროს სცემა ცოლს.

„…დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ჯ. ზ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ი. ჯ–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ყურის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული დაეცა საწოლზე, ხოლო შემდეგ ფეხები და ხელები ჩაარტყა მუცელში და ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე… ძლიერად მოქაჩა თმა, ფეხები ჩაარტყა მუცელში და ძირს წაქცეულს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე,“ – ეს ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის აღწერაა ბრალდების შესახებ დადგენილებიდან.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის ბინაში იპოვეს ნედლი მარიხუანაც 42, 355 გრამი. სასამართლომ მხოლოდ ამ ნაწილში მიიჩნია დამნაშავედ ჯ. ზ. და მას ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ეს ჯარიმაც შეუმსუბუქდა ბრალდებულს, რადგან პატიმრობაში იყო 29 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე.

საბოლოოდ ჯ.-ს 2 ათასი ლარის გადახდა მოუწია.

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურატურას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს:

გამოძიება ამ საქმეზე 2021 წლის 28 სექტემბერს დაწყებულა, როცა ქალს 112-ში დაურეკავს და უთქვამს: „მეუღლე მახრჩობს“.

„…მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 28 სექტემბერს ი. ჯ–სას 112-ში შესული შეტყობინება, რომ „მეუღლე ახრჩობდა“, რაც მან ასევე დაადასტურა გამოკითხვისას. სხვა მტკიცებულებები კი მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ ,,ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა.

დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად უნდა შეფასდეს“.

მოცემულ შემთხვევაში შეტყობინების ინიციატორმა ი. ჯ–მ, რომელიც გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, გამოძიების დაწყების შემდეგ აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიაწოდა ინფორმაცია ძალადობის ფაქტის შესახებ, ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს არ მიაწოდა ჯ. ზ–ის მამხილებელი ინფორმაცია, რაც ძალიან ჰგავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ქცევას,“ – მიუწერია პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.

„დაზარალებულმა ი. ჯ–სამ [მეუღლემ] და მოწმე ე. ზ–მა [დედამ] უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა და მოწმემ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ჯ. ზ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

საქმეში წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა ქალის სხეულზე დაზიანებები, თუმცა უზენაესი სასამართლო აღნიშნავს:

„მართალია, ზემოაღნიშნული დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ი. ჯ–სამ მიიღო ჯ. ზ.–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად და რომ მან აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, წარმოდგენილი არ არის, თვითონ დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

პროკურორ აკაკი მოქერიას საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

საქმე მერვე: კიდევ ერთი გამამართლებელი მოძალადე, როცა ექსპერტიზა ადასტურებდა სხეულზე დაზიანებას 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია ა.ხ.-ც, რომელსაც მეუღლის მიმართ მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავებოდა გამოძიება.

საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოსთვის გამომძიებელს უთქვამს, რომ სამსახურში იყო, როცა ოჯახში ძალადობის შესახებ პოლიციაში შეტყობინება შევიდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ქალმა უთხრა, რომ მეუღლემ მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე, სხვადასხვა დროს იძალადა და დაემუქრა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ა. ხ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა. „ა. ხ-ს მიერ შ. გ-ს მიმართ შესაძლო ძალადობისა და მუქარის ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი. ასევე ფაქტის უშუალო შემსწრე პირს არ წარმოადგენს ა. ხ-სა და დაზარალებულის მეზობელი – მოწმე მ. გ“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ამ საქმეშიც იყო წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რაც სხეულზე დაზიანებას ადასტურებდა.

„რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნას, მართალია აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ შ. გ-ს სხეულზე აღენიშნება ფიზიკური დაზიანება, მაგრამ რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანება – ა. ხ-ს ძალადობრივი მოქმედებით თუ სხვა ვითარებაში, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

საქმე მეცხრე: „აიძულებდა მეუღლეს შვილის ეზოში ჩაყვანას, ხელში ჭერასა და ყურძნის კრეფის ყურებას...“

ეს აჭარაში, ერთ-ერთი სოფელში მომხდარი ამბავია. პროკურატურის ვერსიით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი ეს ბრალდებული:

„…ლანძღვა-გინებით, დამამცირებელი და უწმაწური სიტყვების გამოყენებით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას სიტყვიერად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს – რ. დ-ს, რამაც მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2019 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მთვრალმა ი. თ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს – რ. დ-ს ფეხები დაარტყა ფეხის არეში, აგრეთვე ხელები – თავსა და სახის არეში.

ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მთვრალი ი. თ-ე, ფიზიკური ზემოქმედებით, მისივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა მეუღლეს – რ. დ-ს არასრულწლოვანი შვილის – რ. დ-ს ეზოში ჩაყვანას, ხელში ჭერასა და ყურძნის კრეფის ყურებას,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია, როგორც ოჯახში ძალადობის, ისე მუქარის და იძულების ნაწილში.

ამ შემთხვევაშიც ქალმა დუმილი არჩია, დაზარალებულად ცნობილი ქალის დედას კი, სასამართლოსთვის უთქვამს, რომ „არასდროს შესწრებია სიძის – ი. თ.-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.“

რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, დაზარალებული ქალის დედამ თქვა, რომ „არ ახსოვს, რა ჩვენება მისცა გამომძიებელს.“

ამ საქმეშიცაა დაზარალებული ქალის სხეულის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც, „რ. დ-ს სხეულზე, კერძოდ კი, ზურგის მიდამოში აღენიშნებოდა მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევები, მარჯვენა ფეხზე მუხლის ქვემოთ და მარჯვენა ხელზე – მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევა. სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა ასევე სახის მარჯვენა მხარეს, ლოყაზე.“

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხეულის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ რ. დ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა ისინი მიჩნეული ვერ იქნება ი. თ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნისა და ოქმის საფუძველზე შესაძლებელია დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის, მათი რაოდენობის, სიმძიმისა და ლოკალიზაციის, მაგრამ არა ამ დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენა.

საქმეში კი წარმოდგენილი არ არის სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და სხეულის დათვალიერების ოქმში მითითებული დაზიანებები რ. დ-მ ი. თ-ს მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის, რამაზ შანიძის ეს საკასაციო საჩივარიც განუხილველი დატოვა.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ხანმოკლე წვიმა; დღისით უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 31 აგვისტოს და პირველ სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

გამოცდების შედეგები 4 292-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა

დღეს, 29 აგვისტოს, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგები მთლიანობაში 4 292-მა პირმა გაასაჩივრა. ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი – ფრანგული ენის გამოცდის შედეგი.

გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა – 1588;
  • ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37;
  • ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41;
  • ინგლისური ენა – 754;
  • რუსული ენა – 15;
  • გერმანული ენა – 19;
  • ფრანგული ენა – 2;
  • მათემატიკა – 510;
  • ისტორია – 796;
  • გეოგრაფია  – 29;
  • ბიოლოგია – 228;
  • ქიმია – 60;
  • ფიზიკა – 40;
  • ლიტერატურა – 52;
  • ხელოვნება – 7;
  • სამოქალაქო განათლება – 114.

ცენტრის ინფორმაციით, შეფასება  შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, „რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულა დააკლდა 25 ნაშრომს“.

აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ.

„შეგახსენებთ, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ თავიანთ სარეგისტრაციო გვერდს. ნებისმიერი ცვლილების შეტანისას (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და  მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება“, – აცხადებს გამოცდების ცენტრი.

მათივე ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოა.

რატომ გადავწყვიტე სტუდენტობა 29 წლის ასაკში – 3 შვილის დედა ხულოდან

„ხშირად ქალები ჩრდილში ვდგავართ და ველოდებით, როდის დაგვანათებს მზე. მაგრამ მზე თავისით არ დაგვანათებს, თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და თავად არ გამოვალთ ამ ჩრდილიდან“, – ამბობს 29 წლის ლელა ვანაძე „ბათუმელებთან“.

ლელა ვანაძე ხულოში ცხოვრობს. ის მეცხრე კლასში იყო, როცა სკოლა მიატოვა. რაღაც დროის შემდეგ ორი წელი სასულიერო სასწავლებელში ისწავლა, 18 წლის ასაკში კი ოჯახი შექმნა და ახლა ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა.

ლელა ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერი უნანია, სკოლის მიტოვების გარდა. ამიტომ 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა, გამოვიდეს ჩრდილიდან, სადაც მისდა უნებურად აღმოჩნდა.

ლელა ვანაძემ უნივერსიტეტში სამართლის შესწავლა გადაწყვიტა და წელს პირველად ჩააბარა ეროვნული გამოცდები.  

„განათლების მიღებაზე ფიქრი რომ დავიწყე, ამაში გარკვეული როლი პანდემიამაც ითამაშა, რადგან სულ სახლში ვიყავი შვილებთან ერთად. გარეთ არ გავდიოდით და მთელი დღე წერა-კითხვაში ვატარებდით.

რადგან ონლაინ სწავლობდნენ ბავშვები, უფრო მეტად დასჭირდათ ჩემი დახმარებაც. იყო რაღაც საკითხები, რაშიც ვერ ვეხმარებოდი, რადგან ვერ ვიგებდი რაღაც საკითხებს.

ძალიან გამიჭირდა ინგლისურ ენაში დახმარება, რადგან მე თვითონ სკოლაში არ მისწავლია უცხო ენა, ძალიან ცოტა ხანი ვსწავლობდი და რაც ვიცოდი, ისიც დავიწყებული მქონდა.

მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა ქალისთვის განათლება.

ჩემი მასწავლებლის სიტყვები გამახსენდა, ისეთი დრო მოდის, ატესტატის გარეშე ყანაშიც აღარ შეგიშვებენო, რომ გვეუბნებოდა. მგონი, დადგა ის დრო, როცა ატესტატის კი არა, დიპლომის გარეშე აღარ შეგვიშვებენ ყანაში.

ამიტომ ექსტერნის გამოცდები ჩავაბარე, ატესტატი ავიღე და გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება შემეცვალა“, – გვეუბნება ლელა ვანაძე.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მიატოვა და ოჯახი შექმნა, ლელა ამბობს, რომ წიგნებს სრულიად მაინც არ მოწყვეტილა. თავისუფალ დროს ცდილობდა წაეკითხა და, როგორც ქალი, აქტიურიც ყოფილიყო.

პროგრამის„განათლება დასაქმებისთვის“ [skill4jobs]  ფარგლებში ის ტრენინგებსაც ესწრებოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შეთავაზება მიიღო ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

„ეს იყო ძალიან კარგი შანსი იმისთვის, რომ საკუთარი განვითარება დამეწყო. უარი არ მითქვამს, ავმოძრავდი რასაც ჰქვია და სწორედ ეს გახდა მოტივი, რომ სკოლის ატესტატი ამეღო. შემდეგ კი უმაღლეს განათლებაზეც დავიწყე ფიქრი.

ცხოვრებაში არაფერი მინანია სკოლის მიტოვების გარდა. მაშინ დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან შესაძლოა დღეს კარიერაც მქონოდა. თუმცა მთავარია მიზანი გქონდეს“, – ამბობს ლელა.

ეს გააკეთეთ საკუთარი თავისთვის თუ შვილების გამო? – ვკითხეთ ლელას.

„პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და შემდეგ უკვე შვილებისთვის. საჭიროებაც მოითხოვს, რომ დედებს გვქონდეს განათლება, რადგან განათლებული მშობელი თავის წილ როლს თამაშობს შვილის განვითარებაში“, – ამბობს ლელა.

„შეეშვი, რა დროს შენი სწავლაა“ – სტერეოტიპების წინააღმდეგ 

ლელას გადაწყვეტილებას – მიიღოს უმაღლესი განათლება 29 წლის ასაკში, ახლობლების ნაწილი პოზიტიურად შეხვდა. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც უთხრა, რომ „რა დროს შენი სწავლაა“, „ბავშვებს ხელი მოაკლდება“ და ასე შემდეგ. თუმცა ამ შეძახილებს ლელას გეგმები არ შეუცვლია.

„ეგ კი არა, ერთმა კომენტარში დამიწერა, ასეთი მოხუცი რანაირად ისწავლიო. ქალის კომენტარი იყო და მეწყინა. ხშირად თავად ქალები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ბევრად წინ უნდა ვიდგეთ და არ ვდგავართ.

მე კი არა, წელს 50 წლამდე ასაკის ქალი აბარებდა გამოცდებს და მე ისე მიხაროდა, სულ ვგულშემატკივრობდი.

ზოგს ჰგონია, რომ ქალები სახლში უნდა ვისხდეთ და ეს არის ნორმა. პირიქით, რაც უფრო მეტად გავახელთ თვალს, რაც უფრო დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ, მით უკეთესია. ამისთვის კი გვჭირდება განათლება, მსოფლმხედველობის ამაღლება, რაც ხშირად ძალიან გვაკლია.

მიმღებლობის დეფიციტია ზოგადად საქართველოში. თუ ვიღაცამ რაღაც ასაკში ის ვერ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, ჰგონიათ, რომ შემდეგ ამის უფლება არ აქვს.

ეს ყველაფერი იმის ბრალიცაა, რომ გოგონებს სტერეოტიპებით, სულ რაღაცის აკრძალვებით გვზრდიან. „შეეშვი, რაღა დროს სწავლაა“, „თავის დროზე გესწავლა“. „ბავშვებს მიხედე“, „არ გჭირდება“ – იყო ასეთი ფრაზები ჩემ მიმართაც. ამ კატეგორიას არ აინტერესებს შენ რა გჭირდება და რა გინდა. მთავარია, შვილები გაზარდო.

ასეთი ხალხი რომ არ გახდეს სხვა ქალების დემოტივაციის მიზეზი, სწორედ ამიტომაა საჭირო კარგი მაგალითები ქალების გასაძლიერებლად“, – ამბობს ლელა.

სწორედ ასეთი ქალების კვალს გაჰყვა ლელაც.

„ისიც ხომ დედაა, იმასაც ხომ ჰყავს შვილები, მაგრამ ისწავლა, მუშაობს, მე რატომ ვერ შევძლებ?- ვამბობდი და ეს ქალები იყვნენ ჩემი მოტივატორები.

ხშირად ქალები ჩრდილში ვდგავართ და ველოდებით, როდის დაგვანათებს მზე, მაგრამ მზე თავისით არ დაგვანათებს. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვალთ ჩრდილიდან. ჩრდილში არასდროს გვექნება კომფორტის ზონა“, – გვეუბნება ლელა.

ქალის უხილავი შრომა – „რამ დაგღალა ორ ოთახში?“

„ზოგჯერ რომ ვიტყვი, დავიღალე, მეტყვიან: რამ დაგღალა ორ ოთახში? სახლში ზიხარ და რა გაქვს მეტი საქმე – ყველაზე მეტად ეს ფრაზები მაღიზიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში არ ვცხოვრობ, მუნიციპალიტეტში, დაბაში მაქვს ბინა, ორ ოთახში, სამ ბავშვთან ერთად შეიძლება იმაზე მეტად დაიღალო, ვიდრე იყო უზარმაზარ სახლში.

ზოგადად, ქალის შრომა არ ფასდება ამ ქვეყანაში.

მე, პირადად, დილას ექვს საათზე ვიწყებ და სულ გადარბენაში ვარ.

სამი ბავშვი უნდა მოაწესრიგო, ასაუზმო, წაიყვანო სკოლაში, ბაღში, მოამზადო სადილი, ვახშამი, სახლი დაალაგო, დარეცხო, სამსახურში წახვიდე, კოლეჯში ისწავლო.

სამსახური რომ დავიწყე, მეორე დღის სადილს ღამით ვამზადებდი, რომ სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდათ. რადგან რეპეტიტორთან არ დავდიოდი, ღამის 3-4 საათამდე გამოცდებისთვის ვემზადებოდი და შემდეგ, გამთენიისას, ისევ ფეხზე ვიყავი“, – ამბობს ლელა.

მისი თქმით, ქმრის სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. თავად კი, მეუღლის მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობს.

„ყოფილა შემთხვევები, როცა ვერ მომისწრია სადილი, ქმარს მოუმზადებია და ბავშვებიც გაუცილებია სკოლაში. მაგრამ ისეთი კაციც ბევრია, ვინც არაფრად მიიჩნევს ქალის შრომას, ინტერესებს. ფიქრობენ, რომ რადგან ყანაში არ გადიხარ და თოხი არ გიჭირავს ხელში, არ იღლები, არაფერი გტკივა, არაფერს გრძნობ. რობოტებივით წარმოვუდგენივართ ქალები“, – გვეუბნება ლელა.

კოლეჯში ლელა ვანაძემ კომპიუტერული ტექნოლოგიები შეისწავლა. სტერეოტიპების გარეშე არც ამას ჩაუვლია – რა ქალის პროფესია ეგააო, უთქვამთ. თუმცა ლელა მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში უდიდესი პლუსია ამ პროფესიის დაუფლება.

„ჩემი არც ტელეფონი და არც ლეპტოპი ხელოსანთან არასდროს მიმიტანია, მე თვითონ ვახერხებ ტექნიკის გამართვას.

ზოგადად, ტექნოლოგიები ძალიან აინტერესებთ ქალებს. მაგალითად, კოლეჯში 9 გოგო ვიყავით კურსზე და ორი ბიჭი იყო მხოლოდ. სხვათა შორის, ყველა ქალი დაოჯახებული იყო.

მთავარია, ხელშეწყობა ჰქონდეთ ქალებს, რომ პროფესიის მიღების შემდეგ დასაქმებაც შეძლონ. ყველა ქალი ვერ ახერხებს 4 წელი ისწავლოს, ამიტომ პროფესიული პროგრამები ძალიან ხელსაყრელია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“, – ამბობს ლელა.

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ლელას სურს სამართალი კარგად შეისწავლოს. კონკრეტულად კი სისხლის სამართალი. თუმცა არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროშიც გააგრძელოს მუშაობა.

„რადგან მუსლიმ ქალებს თავზე გვაფარია, ბევრი ფიქრობს, რომ რელიგია გვიშლის განათლებას ან მუშაობას. ეს ასე არ არის.  ერთადერთი, რაც თავსაფრიან ქალებს ხელს გვიშლის რეალიზებაში, საზოგადოების მხრიდან ნაკლები მიმღებლობაა.

ალბათ დადგება ეს დროც, როცა მიგვიღებენ ისეთებს, როგორებიც ვართ და ამისთვის მეც ვიბრძოლებ ჩემი მხრივ“, – გვითხრა ლელა ვანაძემ.

ლელა ვანაძე ტრენინგებს ესწრებოდა პროგრამის ფარგლებში – „განათლება დასაქმებისთვის“ [skill4jobs].გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შეთავაზება მიიღო ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ LINKS ის პროექტში, ანაზღაურებად სტაჟირებაზე. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, „ღია საზოგადოების ფონდი“ და საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებდა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 261 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +530]
  • ტანკი – 4 414 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 8 579 ერთეული [+17 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 450 ერთეული [+25]
  • MLRS – 733 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 500 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 387 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 419 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 909 ერთეული [+43]
  • სპეცტექნიკა – 820 ერთეული [+11]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 466 თვითმფრინავი
  • 247 ვერტმფრენი
  • 6 206 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 555 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 146 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 107 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 508 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

წარმატება გვაქვს ვერბოვეს მიმართულებით – უკრაინის გენშტაბი

ზღვაში ხელოვნური კუნძული 4 წელში უნდა მოაწყონ – ქვების შემოტანას თურქეთიდან აპირებენ

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში მოამზადოს. არსებული დოკუმენტების მიხედვით, შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ვადად დაახლოებით 3,5-4 წელია განსაზღვრული. სამუშაოების დაწყება კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება გზშ-ს მომზადებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებას.

საპროექტო ტერიტორიაზე „ინერტულ მასალას ადგილობრივი ლიცენზირებული კარიერებიდან შეიტანენ, ხოლო მოლების მშენებლობისთვის საჭირო სხვადასხვა ზომის ქვების შემოტანა დაგეგმილია თურქეთიდან“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის დასკვნაში.

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულის მოწყობას ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში გეგმავს [აშენდება ერთი ღუზის ფორმის კუნძული და ორი ნახევარკუნძული]. საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი 144,3 ჰექტარია.

დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ

საპროექტო ტერიტორია ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ბათუმის ხელოვნების ცენტრის ვიზუალური დაცვის არეალში. შესაბამისად, პროექტი უნდა შეთანხმდეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.

საპროექტო ტერიტორიიდან უახლოესი საცხოვრებელი სახლი დაშორებულია 65 მეტრით. საცხოვრებელ ზონასთან ყველაზე ახლოს მდებარე ობიექტი კი, სამშენებლო ბანაკი იქნება.

ბანაკს, ხელოვნური კუნძულის საპროექტო აკვატორიაში, ნაპირდამცავი ჯებირის ტერიტორიაზე მოაწყობენ.

„ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა კი, „ამბასადორმა“, გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, გზშ-ს პროცედურის გარეშე დაიწყო.

სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „ბანაკის ტერიტორიაზე განთავსდება: ბეტონის კვანძი, სამშენებლო ტექნიკის სადგომი, ბეტონმზიდი მიქსერების სადგომი, ინერტული მასალების საწყობი, დამხმარე სახელოსნო, ტეტრაბლოკების საწარმოო უბანი, დიზელის საწვავის ორი რეზერვუარი, მზა ბლოკების დასაწყობების უბანი, ამწე მექანიზმი, საოფისე და მუშათა საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობები“.

კუნძულის მშენებლობა ხმელეთიდანაა დაგეგმილი, კერძოდ: სამშენებლო ბანაკის ტერიტორიიდან ეტაპობრივად მოაწყობენ დამცავ მოლებს და მოლების უკან შექმნილი არეალი შეივსება ქვებითა და ინერტული მასალით.

დაგეგმილია ასევე 555 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის მოწყობა. გზშ-ის ანგარიშში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ნავმისადგომის პარამეტრებისა და სამშენებლო სამუშაოების შესახებ, ასევე შეფასებული უნდა იქნეს მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად გარემოს კომპონენტებზე ზემოქმედება.

პროექტის განხორციელებით ადგილი ექნება საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ვიზუალურ-ლანდშაფტურ ფონზე ზემოქმედებას, რის გამოც გათვალისწინებულია სხვადასხვა შემარბილებელი ღონისძიებების გატარება – ხელოვნური სანაპიროების, სკვერებისა და სხვა დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვ.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საველე კვლევებისა და არსებული სამეცნიერო ლიტერატურული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, საკვლევ ზონაში და მის მიმდებარე ადგილებში გამოვლენილია ძუძუმწოვრების 35-მდე, ხელფრთიანების 20-მდე, ფრინველების 300-ზე მეტი, ქვეწარმავლების და ამფიბიების 20-მდე, მოლუსკების და სხვადასხვა სახის უხერხემლოების 500-ზე მეტი სახეობა.

„გზშ-ის ეტაპზე აისახება დეტალური ინფორმაცია ჩატარებული კვლევების შესახებ, დეტალურად იქნება შეფასებული ზემოქმედებების სახეები და მასშტაბები, ასევე წარმოდგენილი იქნება შესაბამისი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები“, – აღნიშნულია სააგენტოს დასკვნაში.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო კუნძულის მოწყობისას მოსალოდნელია ასევე ჰიდრობიონტების საარსებო ჰაბიტატების კარგვა. ხოლო განსაკუთრებული ზემოქმედება დაკავშირებული იქნება ფსკერულ [ბენთოსურ] პოპულაციებზე.

პროექტის განხორციელებით ზემოქმედება მოსალოდნელია საპროექტო ზონაში შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეებში იქთიოფაუნის მიგრაციის შეფერხებასთანაც, ასევე, მოსალოდნელია ზემოქმედება შავი ზღვის ძუძუმწოვრებზე.

„გარდა აღნიშნულისა, ზემოქმედებები დაკავშირებული იქნება წყლის ხარისხის გაუარესებასთან და ხმაურისა და ვიბრაციით მოსალოდნელი ზემოქმედებებით ქვირითობის პერიოდში, საპროექტო ტერიტორიაზე სატოფო ჰაბიტატების არსებობის შემთხვევაში ან/და შავი ზღვის აკვატორიიდან საპროექტო ზონაში ჩამდინარე მდინარეებში სატოფო მიგრაციაზე უარყოფით ზემოქმედებასთან“.

გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს კუნძულის, ნახევარკუნძულებისა და მოლების მოწყობის შედეგად შავი ზღვის წყლის ხარისხსა და ბენთოსზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია ეფექტური შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით.

გზშ-ის ანგარიშში დეტალურად უნდა იქნეს შეფასებული ხმაურისა და ვიბრაციის გავრცელებით გამოწვეული ზემოქმედება ხმელეთზე და წყალქვეშ. ასევე გაანგარიშებული უნდა იყოს ხმაურის დონეების გავრცელების რადიუსი და პოტენციური ზემოქმედება შავი ზღვის ზოობენთოსზე;

სკოპინგის ანგარიშის თანახმად, საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში გაბურღულა 21 სანაპირო ჭაბურღილი 38 მ სიღრმემდე. „ჭაბურღილებიდან მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით კი, საპროექტო რეგიონში გრუნტის დაჯდომასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.“

თუმცა სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კრიტიკულ რეგიონს წარმოადგენს საპროექტო ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი.

„დაგეგმილი საქმიანობის სპეციფიკისა და მასშტაბიდან გამომდინარე, გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს და აღიწეროს ყველაზე უარესი სცენარის გათვალისწინებით, გეოლოგიურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია, მითითებული უნდა იქნეს საუკეთესო ხელმისაწვდომი პრაქტიკების გათვალისწინებით, ეფექტური საინჟინრო ღონისძიებების გატარების შესახებ დასაბუთებული ინფორმაცია.“

გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ამბასადორის“ მიერ გზშ-ის ანგარიში შედგენილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის, განსაკუთრებით, სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული მითითებების სრული დაცვით.

 

[toggle title=”რას უნდა მოიცავდეს გზშ-ის ანგარიში, უფრო ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

  • დაგეგმილი საქმიანობის საჭიროების დასაბუთება (გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგისა და მიღებული სარგებლის ურთიერთშეწონის საფუძველზე);
  • გზშ-ის ანგარიშის შესაბამის ქვეთავში, დეტალურად უნდა იქნეს დასაბუთებული კუნძულის, ნახევარკუნძულებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განთავსების ალტერნატიული ვარიანტებიდან შერჩეული ალტერნატივების გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ტექნიკური უპირატესობები;
  • დეტალური ინფორმაცია ტალღების დამჭერი მოლების შესახებ (კონსტრუქციების ტიპის, ფიზიკური მახასიათებლების და სხვა პარამეტრების მითითებით), ასევე ინფორმაცია ნაპირდაცვითი სამუშაოების საჭიროების შესახებ. ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა (GPS კოორდინატების და shp ფაილების მითითებით) და ნაპირსამაგრი ნაგებობების პარამეტრები;
  • კუნძულის და ნახევარკუნძულების გენერალური გეგმა, მაღალი გარჩევადობით და ექსპლიკაციით;
  • წარმოდგენილი უნდა იქნეს კუნძულისა და ნახევარკუნძულების კომუნიკაციებით (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, საკანალიზაციო სისტემა და სხვ.) უზრუნველყოფის შესახებ დეტალური ინფორმაცია;
  • ინფორმაცია გზშ-ის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო/საძიებო კვლევებისა და გზშის ანგარიშის მომზადებისთვის გამოყენებული მეთოდების შესახებ;
  • სამშენებლო სამუშაოების შესახებ, შესაბამისი გეგმა-გრაფიკისა და ვადების მითითებით;
  • მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობა, მათ შორის დასაქმებულთა ადგილობრივების წილი;
  • მშენებლობაში გამოყენებული ტექნიკისა და რაოდენობების შესახებ;
  • ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის სამუშაოების/გრუნტის სამუშაოებისა და სარეკულტივაციო სამუშაოების შესახებ (ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით);
  • ობიექტების მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო მასალების მოპოვებისა და სამშენებლო მასალების დამამზადებელი ობიექტ(ებ)ის (არსებობის შემთხვევაში) მოწყობის შესახებ;
  • დაზუსტებული ინფორმაცია მშენებლობის ეტაპზე ბეტონის კვანძის მოწყობის შესახებ, შესაბამისი ფიზიკური მახასიათებლების მითითებით. ამასთან, განხილული უნდა იქნეს ბეტონის კვანძის ექსპლუატაციის ეტაპთან დაკავშირებული ზემოქმედების საკითხები;
  • სამშენებლო ბანაკ(ებ)ის ტერიტორიაზე (არსებობის შემთხვევაში) საწვავის შესანახი რეზერვუარის ტიპის, ტევადობისა და განთავსების პირობების შესახებ.
  • საშიში გეოლოგიური პროცესების შესაძლო გააქტიურების განსაზღვრა საპროექტო ობიექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის პერიოდში, პრევენციული ღონისძიებების მითითებით;
  • გზშ-ის ანგარიშში უნდა იქნეს შეფასებული საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური, გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პირობები, ასევე შესაბამისი კვლევების საფუძველზე სათანადოდ უნდა იქნეს დასაბუთებული გასატარებელი საინჟინრო ღონისძიებები.
  • სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში და შემდეგ 3 წლის განმავლობაში ჩატარდება ზღვის ბიოლოგიური გარემოს მონიტორინგი და შედეგების მიხედვით განისაზღვრება დამატებითი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები. საჭიროა განხორციელდეს მონიტორინგის წარმოება სულ მცირე 5 წლამდე ვადით, ხოლო შემდგომ – მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ან სათანადოდ დასაბუთდეს 3 წლის განმავლობაში დაგეგმილი მონიტორინგის საკმარისობა;
  • გზშ-ის ეტაპზე ჩატარდება საპროექტო არეალის წყლის ბიოლოგიური გარემოს დეტალური კვლევები, საჭიროა აღნიშნული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდეს მონიტორინგის გეგმა, რომელშიც აისახება ბიომრავალფეროვნების ცალკეულ კომპონენტებზე (განსაკუთრებით იქთიოფაუნაზე და ორნითოფაუნაზე) დაკვირვების საკითხები, ვადების, ადგილების, ხანგრძლივობისა და სხვა პარამეტრების მითითებით.
  • გეგმაში, ასევე, მითითებული უნდა იყოს პროექტის განხორციელების შედეგად წყლისა და წყალზე დამოკიდებულ სახეობებზე მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვების საკითხი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით პრევენციული, მათ შორის საკომპენსაციო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით;
  • გზშ-ის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ზღვის ძუძუმწოვრებზე, ზუთხისებრებზე და სხვა სენსიტიურ რეცეპტორებზე მოსალოდნელი ზემოქმედების გამოვლენაზე, ასევე აღიწეროს მათი სამიგრაციო დერეფნები და განხილულ იქნას სხვა საკვანძო საკითხები. აღნიშნულის მიხედვით უნდა განისაზღვროს შემარბილებელი და საჭიროების შემთხვევაში საკომპენსაციო ღონისძიებები;
  • გზშ-ს ანგარიშში დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი დაკარგული ჰაბიტატის აღსადგენად დაგეგმილი საკომპენსაციო ღონისძიებები.
  • პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების შეფასება, გარემოს სხვადასხვა კომპონენტებზე, შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;
  • დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების აღწერა, რომელიც განპირობებულია ავარიისა და კატასტროფის რისკების მიმართ საქმიანობის მოწყვლადობით;
  • ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა;
  • დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში შემუშავებული შემარბილებელი ღონისძიებების შემაჯამებელი გეგმა-გრაფიკი;
  • დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში განსახორციელებელი გარემოსდაცვითი მონიტორინგის შემაჯამებელი გეგმა (შესაბამისი საკონტროლო წერტილების მონიტორინგის სიხშირის, მეთოდის და ა.შ მითითებით);
  • გზშ-ის ფარგლებში შემუშავებული ძირითადი დასკვნები, რეკომენდაციები და საქმიანობის განხორციელების პროცესში განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებები და სხვა.

[/toggle]

 

საკითხები/შენიშვნები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს გზშ-ის ანგარიშში:

სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტალღების ღელვა ამ ეტაპზე არ არის შესწავლილი. გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს ტალღებისა და ქარის გავრცელებით მოსალოდნელი ზემოქმედებების შესახებ ინფორმაცია;

წარმოდგენილი უნდა იქნეს:

საპროექტო მოლებით შემოფარგლულ აკვატორიაში წყლის ცირკულაციის საკითხი; შემომზღუდავი ნაგებობის თხემის შერჩეული ნიშნულის დასაბუთება. ასევე დასაბუთებული უნდა იქნას შემომზღუდავი ნაგებობის წინ ე.წ. კბილის პარამეტრები და ფსკერის დამცავი ქვეშსაგები ფენის პარამეტრები;

აკვატორიაში შემავალი მდინარის საპროექტო საინჟინრო ჰიდროლოგიური მახასიათებლები და მისი გავლენა კომპლექსის ინფრასტრუქტურაზე [საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს მდებარეობს მდინარე ბარცხანა, მდინარე კუბასწყალი კი, ზღვას საპროექტო ტერიტორიაზე უერთდება.];

ზემოქმედების შეფასება მდ. კუბასწყლისა და მდ. ბარცხანის წყლის ხარისხსა და იქთიოფაუნაზე, შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;

საპროექტო არეალში შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეების ზემოქმედების შეფასება სანაპირო ზოლზე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურაზე, შესაბამისი საინჟინრო და საკომპენსაციო ღონისძიებების მითითებით;

გზშ-ის ეტაპზე წარმოსადგენია ასევე ზღვის აკვატორიაში ექსკავაციის სამუშაოებისას ამოღებული მასალის მოცულობის და მისი მართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე აღინიშნება ზღვის ფსკერის ნავთობპროდუქტებით ისტორიული დაბინძურება, წარმოდგენილი უნდა იქნეს მშენებლობის პროცესში ნავთობპროდუქტების დაბინძურებული მასის გავრცელების პრევენციის, დაკონსერვების ან/და გაწმენდის შესახებ ინფორმაცია;

წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია ტურიზმის სექტორსა და რეგიონის ტურისტულ განვითარებაზე;

მშენებლობის პროცესში გათვალისწინებული უნდა იქნეს ფსკერის ჰაბიტატებზე მოსალოდნელი ზემოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, მომზადდეს გარემოზე მიყენებული ზიანის ამსახველი მასალები და დაიგეგმოს შესაბამისი მასშტაბის საკომპენსაციო ღონისძიებები;

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით: გასათვალისწინებელია ხელოვნური კუნძულის შემადგენელი ტალღამჭრელების ფაქტორი, რომლებიც გამოიწვევენ ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან მომავალი ტალღების პერფორაციას და გასათვალისწინებელი იქნება მათი ზეგავლენა არსებულ ნავსადგურზე.

აღნიშნულ ფაქტორს ყურადღება უნდა მიექცეს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, ასევე პროექტის მიმდინარეობის თაობაზე, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს პროექტის მომიჯნავე შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“, შპს „ტერმინალ-1“-სა და შპს „იბერია ლიმითედის“ ადმინისტრაციას, მათი მხრიდან შესაძლო შენიშვნებისა და რეკომენდაციებისათვის;

საჭიროა ანგარიშში სრულყოფილად იქნეს წარმოდგენილი თევზის სახეობების ანოტირებული სია და დაზუსტებული იქნეს ადგილობრივი და შემთხვევით მოხვედრილ სახეობათა ჩამონათვალი;

შეზღუდული წყალცვლის პირობებში საპროექტო არეალში შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეებზე ზემოქმედების შეფასება. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მდინარეების შესართავებთან ბიოლოგიურ გარემოზე (გამტკნარების რისკების გათვალისწინებით) ზემოქმედების შესახებ;

საპროექტო ტერიტორიას ესაზღვრება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იქნეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

„ამბასადორის“ ინფორმაციით, ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების შექმნის პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100 მილიონ აშშ დოლარს.

„ამბასადორმა“ უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად შესაბამისი პროცედურები 2023 წლის ივნისში დაიწყო.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კი კომპანიის განცხადების განხილვა შეაჩერა და დამატებითი დოკუმენტების მიღების შემდეგ განაახლა.

2023 წლის ივლისში ბათუმის მერიამ პროექტის საჯაროდ განხილვის შესახებ განცხადება გაავრცელა, თუმცა სად შეიძლებოდა პროექტის ნახვა, არ მიუთითა.

ხელოვნური კუნძულის პროექტთან დაკავშირებული შეხვედრა ბათუმის მერიის დარბაზში 2023 წლის 13 ივლისს შედგა.

ამ თემაზე:

ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ამბასადორმა პროცედურა დაიწყო

ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს იწყება – ფესტივალს მერია არც წელს აფინანსებს

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

ფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, კინოფესტივალის პროგრამა მზადაა, ზუსტდება ბოლო დეტალები.

წელს ბათუმის კინოფესტივალზე აჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე შედგა, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სურათი საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა, ხოლო ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი – საუკეთესო მსახიობ ქალად.

„შაშვი შაშვი მაყვალი“ ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები.

წელს ბათუმის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები კიდევ ერთი ქართული ფილმი – თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“, რომელიც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ეკუმენური ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა.

ბათუმის კინოფესტივალზე, საკონკურსო პროგრამების გარდა, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება სხვა პროგრამებიც, რომელთა შორის მაყურებლის ყველაზე დიდ ინტერესს „დიდოსტატთა კოლექცია“ იწვევს. წელს ამ კოლექციაში ნაჩვენები იქნება კიმ-კი-დუკის „ღმერთის ძახილი“- სამხრეთ კორეელი რეჟისორის ბოლო სურათი, რომლის დასრულებამდე იგი კოვიდით გარდაიცვალა; იტალიელი რეჟისორის, მარკო ბელოკიოს ბოლო ფილმი „Kidnapped“, რომელიც წელს კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის ნომინანტი იყო; პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის „მწვანე საზღვარი“, – ფილმი ემიგრაციაზე და ა.შ.

წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მე-18-ედ ტარდება და ბოლო ორი წელია მას არ აფინანსებს არც ბათუმის მერია და არც აჭარის განათლების სამინისტრო.

ფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ წელს კინოფესტივალის დაფინანსებაზე უარი თქვა კინოცენტრმა, აჭარის განათლების სამინისტრომ და ბათუმის მერიამ.

„კინოცენტრიდან მოგვიდა უარი, ყველა კინოფესტივალი დაფინანსდა, გარდა BIAFF-სა. აჭარის განათლების სამინისტროშიც გვქონდა შეტანილი, საიდანაც მივიღეთ წერილი, რომ 10 ფესტივალიდან დაფინანსებისთვის საჭირო ქულები ვერ შეაგროვა მხოლოდ BIAFF-მა.

ბათუმის მერიაში საჭირო დოკუმენტაციის გაგზავნის შემდეგ საუბარი იყო მხოლოდ 30 000 ლარით დაფინანსებაზე, ხელახლა გავგზავნეთ, მაგრამ მაინც ვერ მივიღეთ დაფინანსება.

ფაქტობრივად, ბათუმის მერიამ და აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრომაც ჩათვალა, რომ ქალაქს არ სჭირდება საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ამდენი წელია არსებობს, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს, ქალაქის, კულტურის, კინოს განვითარებაში. გამოდის, რომ ან კომისიის წევრები არიან აბსოლუტურად არაკომპეტენტურები და არ შეუძლიათ ფესტივალის შეფასება, ან ვიღაცებს არ მოსწონთ კონკრეტულად BIAFF-ი, არ უნდათ, რომ ასეთი წარმატებული ფესტივალი არსებობდეს ქალაქში. ან არ მოსწონთ BIAFF-ს ვინც ქმნის ის ხალხი“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.

მისი თქმით, ფესტივალის მენეჯმენტი ახლა სხვადასხვა, მცირე წყაროებით ცდილობს ფესტივალის დაფინანსებისთვის საჭირო თანხის მოძიებას. „ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, ფესტივალი ჩატარდება და პროგრამები თითქმის მზადაა. დაფინანსების არ ქონის გამო BIAFF-ზე უკვე მეორე წელია ვერ ტარდება ინდუსტრიული პლატფორმა, სადაც ქართული პროექტები, ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები მონაწილეობდნენ მასტერკლასებსა და ვორქშოფებში.

ზვიად ელიზიანმა „ბათუმელებთან“ ისაუბრა კიდევ ერთ პრობლემაზე, რაც ფილმების დისტრიბუციას შეეხება.

„სამწუხაროდ, ევროპელი დისტრიბუტორები აგრძელებენ რუსულ დისტრიბუციასთან მუშაობას და საქართველო კვლავ რუსულ კომპანიებსაა ჩაბმული. რუსი დისტრიბუტორები ყიდულობენ ახალ ფილმებს, რომელთა პრემიერას რუსეთში ხშირად მართავენ, ნოემბერში, დეკემბერში და ფილმის კოპია მანამდე არ აქვთ. ანუ ფილმს არ გაწვდის ევროპული დისტრიბუცია, იმიტომ, რომ უკვე გაყიდულია და რუს დისტრიბუტორებს ჯერ ფილმი არ აქვთ. მაგალითად, წელს გვინდოდა გვეჩვენებინა ფინელი რეჟისორის აკი კაურისმიაკის ფილმი და არ გამოდის, რადგან ფილმის პრემიერა რუსეთში დეკემბერშია. ეს პრობლემაა“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.

__________________

ფოტოზე: კადრი ფილმიდან „შაშვი შაშვი მაყვალი“

ბედნიერი ვარ, აქ რომ გამომგზავნეს – ინტერვიუ იაპონიის ელჩ იშიძუკა ჰიდეკისთან

იაპონიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. იშიძუკა ჰიდეკიმ თავისი დიპლომატიური მისია საქართველოში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

„ბედნიერი ვარ, აქ რომ გამომგზავნეს ელჩად – ვგრძნობ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას. ჩემი საქმიანობის განმავლობაში მსურს კიდევ უფრო განვავითარო მეგობრობა და ხელშესახები თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ – გვითხრა იშიძუკა ჰიდეკიმ ინტერვიუს დაწყების წინ.

„ბათუმელები“ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

  • ბატონო ელჩო, გვინდა საქართველოსა და იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ გკითხოთ. რა ეტაპზეა ეს თანამშრომლობა, რა გამოწვევები არსებობს, რა ფაქტორები უშლის ხელს ამ ურთიერთობების გაღრმავებას?

ეკონომიკური თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდაა – მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5000-6600 დოლარამდე გაიზარდა. გამოწვევა მდგომარეობს ე.წ. საშუალო შემოსავლების მახეში. ჩემი აზრით, საქართველოს სჭირდება ახალი რესურსები მდგრადი განვითარების შესანარჩუნებლად.

ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა კარგად მიმდინარეობს, მაგრამ უნდა გამოვიკვლიოთ დამატებითი, უფრო შესაფერისი ჩარჩოები ეკონომიკური დახმარებისთვის. ეს განპირობებულია საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდით. როგორც ვახსენე, გამოწვევაა ე.წ. საშუალო შემოსავლების მახე. გვსურს, განვაგრძოთ საქართველოს დახმარება ისეთ სექტორებში, როგორებიცაა სტიქიური უბედურებების პრევენცია, განათლება, რეგიონების განვითარება და ასე შემდეგ.

  • რა რეკომენდაციებს მისცემდით ქართულ ბიზნესს, არასამთავრობო სექტორს, მედიასა და სხვებს: რა შეუძლიათ გააკეთონ, რათა მეტად მიიპყრონ იაპონიის ყურადღება ინვესტიციების, კულტურათა დიალოგის, აკადემიური გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მიმართულებებით?

ორივე ქვეყნის ურთიერთობები დამოკიდებულია ადამიანების ურთიერთობებზე. დიპლომატია, ბიზნესი, კულტურული გაცვლა თუ ნებისმიერი სხვა კონტაქტი, დაფუძნებული უნდა იყოს ორმხრივ გაგებაზე, პატივისცემაზე.

მოვუწოდებდი ყველას, ერთმანეთს დიდი ყურადღებით მოუსმინონ და გაუგონ. შეისწავლონ ორმხრივი უპირატესობანი. ასეთია ჩემი ხედვა. მნიშვნელოვანია ის, რომ რაღაცნაირად უნდა ინფორმაციულნი ვიყოთ ერთმანეთისთვის – იაპონიის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ეკონომიკა, ვაჭრობა, სპორტი თუ კულტურა. ქართულმა მხარემ კი შეიძლება მოგვაწოდოს მეტი ინფორმაცია ადგილობრივ ეკონომიკურ სიტუაციაზე, ტურიზმზე. ეს ინფორმაცია მეტად გამოსადეგია ორმხრივი გაგების სტიმულაციისთვის.

ქართული ღვინო და საკვები პოპულარულია იაპონიაში. ეს, ნაწილობრივ,  ქართული მხარის საკმაოდ წარმატებული მარკეტინგის გამოა. საქართველოს ელჩი იაპონიაში კარგად მუშაობს ქართული საკვებისა და ღვინის პოპულარიზაციაზე. ეს მცდელობები – ადგილობრივ ენაზე რამის პოპულარიზაციის – საკმაოდ მნიშვნელოვანია. [საქართველოს] ელჩი იაპონურად კარგად საუბრობს და წერს.

  • იაპონიის სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს განვითარებად ქვეყნებში ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ჩანს, რომ ფოკუსირებული ხართ რეგიონებზე. საქართველოშიც თქვენ მიერ დაფინანსებული პროექტები ამაზე მიუთითებს. როგორ დაეხმარება იაპონია რეგიონების გაძლიერებას საქართველოში და რა არის განვითარების მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები?

იაპონური დიპლომატიის კონტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანთა უსაფრთხოება. საერთაშორისო არენაზე საქართველო, ამ კონტექსტში, ძალიან კარგი პარტნიორია. იაპონიის მთავრობა, ქართულთან თანამშრომლობით, განსაკუთრებით სასოფლო დასახლებებში პოპულარიზაციას უწევს ჩვენს საგრანტო პროექტებს ადამიანის უსაფრთხოებაზე(GGP).

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოცდაათი წლის განმავლობაში ორასზე მეტი პროექტი განვახორციელეთ და ვამაყობთ არსებული მიღწევებით.

ჩვენი მიმდინარე პრიორიტეტია სოციალური კეთილდღეობა და სტიქიური უბედურებების პრევენცია.  შუახევში გახლდით ამ გრანტის გადაცემის ცერემონიაზე. მუნიციპალიტეტს გადავეცით ნარჩენების შემგროვებელი ავტომობილი. ეს, ე.წ. მდგრადი განვითარების ნაწილია და იაპონია, ამ კონტექსტში, კვლავაც იქნება კარგი პარტნიორი საქართველოსთვის.

მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა შოვში დაზარალებულთა და დაღუპულთა მიმართ.

იაპონიაში ხშირად გვაქვს სტიქიური უბედურებები – ცუნამი, მიწისძვრა, ტაიფუნი… მათთან ბრძოლაში გამოცდილება შევიძინეთ, გვაქვს ნოუ-ჰაუ და ჩვენ ვუზიარებთ ქართველ ხალხს ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის გამოცდილებას.

აჭარაში ვიზიტის დროს ასევე ვიყავი ხელვაჩაურში, პროექტის გახსნის ცერემონიაზე, სადაც მუნიციპალიტეტს ექსკავატორი გადავეცით. ამ ტექნიკას შეუძლია გზაზე წინაღობები მოაშოროს, გაიყვანოს წყლის არხები – დატბორვის პრევენციისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით.

  • ბატონო ელჩო, თქვენ დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება გაქვთ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, პაკისტანში, შვედეთში, ჩინეთში… საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება, თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, მსოფლიო რუკაზე სად ხედავთ საქართველოს როლს? რა რეკომენდაციები გექნებათ?

საქართველო ახლა საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში. გეოპოლიტიკურად, მაგალითად, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ჰიროსიმაში, შევეხეთ შუა დერეფნის საკითხს. რეგიონისა და გლობალური ეკონომიკის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის ეს დერეფანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მცდელობებს რეგიონის სტაბილიზაციისთვის, მშვიდობისთვის.

მნიშვნელოვანია შუა დერეფნის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფა. შევამჩნიე, რომ ბათუმი მასში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს ქალაქი მიმაჩნია აღნიშნული დერეფნის ერთ-ერთ ჰაბად, რომელიც ყველაფერს აკავშირებს. იაპონია ამ ქალაქის განვითარებით დაინტერესებულია.

თქვენ მკითხეთ ჩვენს ურთიერთობებზე ჩინეთთან. ჩვენ გვაქვს სამშვიდობო და მეგობრობის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ვახერხებთ, გვქონდეს პრაქტიკული ურთიერთობები, ვაჭრობასა და ტურიზმში.

იაპონია პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასეთია ჩვენი პრინციპი. პატივი უნდა ვცეთ საქართველოს პოლიტიკას, მათ შორის დიპლომატიას. ამიტომაც, კონკრეტული ქვეყნისადმი საქართველოს პოლიტიკის კომენტარზე თავს შევიკავებ.

საქართველო კარგი პარტნიორია იაპონიისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ხედვას სამართლიანი და თავისუფალი, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგის შესახებ. მსურს, განვავრცო ჩვენი მეგობრული კავშირები.

  • საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 30 წელს ითვლის. რა გამოწვევებია ამჟამად ორი ქვეყნის ურთიერთობაში? როგორ შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს და გაღრმავდეს ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში?

ბევრი შესაძლებლობაა. ვახსენე შუა დერეფანი, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. დაინტერესებული ვართ, საქართველოში განახლებადი ენერგიის პოტენციალით – ქარის ენერგიით, ჰიდროენერგიით. ვფიქრობ, საქართველოს ენერგეტიკის 70%-ზე მეტი მოდის განახლებად ენერგიაზე, რაც დიდი მიღწევაა.

საბედნიეროდ, იაპონიამ და საქართველომ გასულ წელს ხელი მოაწერეს ე.წ JCM შეთანხმებას. იმედი მაქვს, წელს შევქმნით შესაბამის კომიტეტს და მივიღებთ ხელშესახებ შედეგებს. ესაა პასუხი ნომერ პირველ კითხვაზე – რისი გაკეთება მინდა ელჩობისას.

  • ბოლო წლებში გაიზარდა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესი იაპონური კულტურის, ენისა და იაპონიაში სწავლის მიმართ. რა საგანმანათლებლო პროგრამები აქვს იაპონიას ქართველი სტუდენტებისათვის?

ბევრი რესურსი გვაქვს, რათა მივცეთ ქართველ სტუდენტებს იაპონურისა და იაპონიაში სწავლის მოტივაცია. მაგალითად, გვაქვს MEXT გრანტი უცხოელი სტუდენტებისთვის, რათა მათ იაპონიაში ისწავლონ. იაპონიის ფონდის ფარგლებში კი ტარდება იაპონური ენის გამოცდები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით სერტიფიკატებს გავცემთ.

იაპონური ენის სასერტიფიკაციო [გამოცდები] ყველასთვის ღიაა. თუ სტუდენტს იაპონიაში სწავლა ენდომება, განაცხადში დასჭირდება იაპონურის ცოდნის დადასტურება. ჩემი რეკომენდაცია იქნება ჯერ იაპონურის სწავლა უნივერსიტეტებში. თანამშრომლობის კარგი პროგრამები გვაქვს იაპონურის კურსებისთვის საქართველოს უნივერსიტეტებში. ენის სწავლის შემდეგ კი სცადეთ აღნიშნული გამოცდის ჩაბარება – ასეთია ჩემი რეკომენდაცია.

  • ვიცით, რომ არაერთი იაპონელია საქართველოში, რომლებიც სწავლობენ ქართულს. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია იაპონელი ახალგაზრდების დაინტერესება ქართული ენის შესწავლისადმი?

[მეც ვსწავლობ ქართულს]. ქართული ენა უნიკალური და საინტერესოა იაპონელებისთვის. იმიტომ, რომ ენის სტრუქტურა საკმაოდ ჰგავს იაპონურს. ლინგვისტურად, ქართულის მსგავსად, სიტყვაში სხვადასხვა სუფიქსის დამატებით განსხვავებულ მნიშვნელობას ვიღებთ. მაგალითად, [ქართულშია] იაპონია(მდე), [იაპონურში] ნიპპონ(მადე). მსგავსია!

ვფიქრობ, ბევრი იაპონელისთვის საინტერესოა კულტურა, ზოგიერთი – პოლიფონიით, გუნდური სიმღერით, სამზარეულოს კულტურით არის დაინტერესებული.

ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ქართველები ეწვიონ იაპონიას. საქართველოში იაპონელი ახალგაზრდების ჩამოსაყვანად რამე კონკრეტული სქემა არ გვაქვს. თუმცა ინფორმაცია ადგილობრივ კულტურაზე ძალიან მნიშვნელოვანია. საელჩო ყოველთვის საუბრობს ჩვენი ქვეყნების მეგობრულ ურთიერთობებზე და მოუწოდებს ყველას კულტურული გაცვლისკენ – ვიწვევთ მკვლევრებსა და ხელოვანებს.

ვფიქრობ, ეს პროცესიც უბიძგებს იაპონელ ახალგაზრდებს საქართველოში ჩამოსვლისკენ.

მართვის მოწმობის მისაღებად რამდენიმე ქალაქში საგამოცდო მარშრუტები დაემატა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ქალაქებში – რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და ფოთში ავტოტრანსპორტის მართვის უფლების მისაღებად განსაზღვრულ საგამოცდო მარშრუტებს ორ-ორი ახალი მარშრუტი დაემატა.

მართვის უფლების მისაღებად პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარება ახალ საგამოცდო მარშრუტებზე 2023 წლის პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.

შესაბამისად, მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით [რომელიც 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება], „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საგამოცდო მარშრუტებია:

  • „B“ და „BE“ კატეგორიებისთვის − ქ. რუსთავი, საგამოცდო მარშრუტი №1-№8; ქ. თელავი, საგამოცდო მარშრუტი №1-№2; ქ. გორი, საგამოცდო მარშრუტი №1-№2; ქ. ახალციხე, საგამოცდო მარშრუტი №1-№3; ქ. საჩხერე, საგამოცდო მარშრუტი №1-№3; ქ. ქუთაისი, საგამოცდო მარშრუტი №1-№4; ქ. ოზურგეთი, საგამოცდო მარშრუტი №1-№2; ქ. ფოთი, საგამოცდო მარშრუტი №1-№3; ქ. ბათუმი, საგამოცდო მარშრუტი №1-№2; ქ. ზუგდიდი, საგამოცდო მარშრუტი №1-№3;
  • „C“ კატეგორიისთვის/„C1“ და „D1“ ქვეკატეგორიებისთვის − ქ. რუსთავი, საგამოცდო მარშრუტი №9-№10; ქ. თელავი, საგამოცდო მარშრუტი №3-№4; ქ. ქუთაისი, საგამოცდო მარშრუტი №5-№6; ქ. ფოთი, საგამოცდო მარშრუტი №4-№5;
  • „D“ კატეგორიისთვის − ქ. რუსთავი, საგამოცდო მარშრუტი №9-№10; ქ. ქუთაისი, საგამოცდო მარშრუტი №5-№6.“.

რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და ფოთში დამატებული ახალი მარშრუტების სანახავად გადადით ამ ბმულზე.

საგამოცდო მარშრუტები ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხეში, საჩხერეში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ფოთში, შს მინისტრმა 2022 წლის აპრილში დაამტკიცა, თუმცა ბრძანებაში იმავე წლის 22 ივნისს შევიდა ცვლილება; შესაბამისად, ამ ცხრა ქალაქში თავდაპირველად დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

გასათვალისწინებელია, რომ 2023 წლის ივნისში შეიცვალა თელავის №2, ახალციხისა და საჩხერის საგამოცდო მარშრუტები. თელავის, ახალციხისა და საჩხერის განახლებული საგამოცდო მარშრუტები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

აღნიშნულ ქალაქებს მოგვიანებით დაემატა ზუგდიდიც. ზუგდიდის საგამოცდო მარშრუტების სანახავად კი, გადადით ამ ბმულზე.

ამავე თემაზე:

რა ქუჩებზე ჩააბარებთ ბათუმში გამოცდას მართვის მოწმობის მისაღებად – 2 მარშრუტი

 

რას ჰყვება ბათუმელი მეზღვაური ატლანტის ოკეანეში 10 მიგრანტის გადარჩენაზე 

ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტის ოკეანეში ათი მიგრანტის სიცოცხლე გადაარჩინეს. შემთხვევა 24 აგვისტოს მოხდა, კადიზის ყურეში, დასავლეთ გიბრალტარიდან 100 მილის მოშორებით.

„[კაპიტნის] უფროსმა თანაშემწემ, თენგო დიასამიძემ შეამჩნია ღია ოკეანეში. „ვახტაზე“ იდგა და დაინახა პატარა ნავი. დურბინდით რომ გაიხედა, ნავზე მყოფები შველას ითხოვდნენ. მაშინვე შეატყობინა კაპიტანს, ალეკო სურმანიძეს. კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავხმარებოდით,“ – მოუყვა „ბათუმელებს“ მეზღვაური გიორგი გოგიტიძე.

რეზინის გასაბერ ნავზე მაროკოს ათი მოქალაქე იმყოფებოდა. ისინი მაროკოს ქალაქ მუჰამედიდან 2023 წლის 15 აგვისტოს გამოვიდნენ და ცდილობდნენ ესპანეთის სანაპირომდე მიღწევას. თუმცა მათი ნავი დინებამ გაიტაცა და ღია ზღვაში აღმოჩნდნენ, საჭმლის, სასმელი წყლისა და ყველაფრის გარეშე.

მიგრანტების ნავი ატლანტის ოკეანეში ფოტო: გიორგი გოგიტიძე

მეზღვაურებმა ოკეანეში სამაშველო კიბე ჩაუშვეს და ისე ამოიყვანეს მიგრანტები. ერთ-ერთი მიგრანტი ზღვაში გადახტა.

„როდესაც ამოვიყვანეთ ოკეანიდან, მერე გვითხრა – იმიტომ გადმოვხტი ნავიდან, შემეშინდა ამ გემსაც არ გაესწროო. ძალიან გაუგებრად ლაპარაკობდა, სტრესში იყო. რაც გავიგეთ, ის გვითხრა, რომ 9 დღე საჭმელ-სასმელის გარეშე გავატარეთ ნავზე. ბევრ გემს ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ ვერ გვამჩნევდნენო,“ – გვიყვება გიორგი გოგიტიძე.

ქართველი მეზღვაურები გადარჩენილ მიგრანტთან ერთად

გიორგის თქმით, ნავზე მყოფი ყველა პირი კაცი იყო, 2006-2007 წლებში დაბადებული ახალგაზრდები.

„ჩავაცვით, პირველადი დახმარება გავუწიეთ, ტანსაცმელი მივეცით, მზისგან დამწვარი იყვნენ და წამალი წავუსვით. გვითხრეს – თქვენ რომ არა, ამ საღამოს ვეღარ გადავიტანდით, უფრო და უფრო ღრმად მიგვათრევდა დინებაო,“ – გვიყვება გიორგი გოგიტიძე.

გოგიტას თქმით, მას შემდეგ, რაც მიგრანტები გემზე აიყვანეს და გადაარჩინეს, ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა.

გემი, რომელმაც მიგრანტები აიყვანა, ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა. გემის ეკიპაჟი ქართულ-თურქულია.

ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: კაპიტანი ალექსანდრე სურმანიძე, თენგო დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე, ლაშა მენაღარიშვილი, ალპერ დემირდირი, ადემ სეითოღლუ, ემინ უურ იურთი, ენვერ აიასი, ერქან არასი, ერჰან ქამათი, სერდარ ილმაზი და მეჰმედ ალი ოზილდიზი.

მიგრანტების გადარჩენა ატლანტის ოკეანეში ფოტო: გიორგი გოგიტიძე

ტენტი ვიტრაჟის ადგილას სარფის საბაჟოს კოშკზე – რა თქვეს შემოსავლებში

სარფის საბაჟოზე ე.წ. კოშკზე გარე ვიტრაჟების ნაწილი ლურჯი ტენტითაა დაფარული.

„დაახლოებით ორი თვეა ვაკვირდები და არაფერი შეცვლილა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გოგიტა სოლომონიძემ, რომელმაც სოციალურ ქსელში საბაჟოს ფოტოები გამოაქვეყნა.

სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალგამტარიანი მონაკვეთია. სარფში საქართველო-თურქეთის საზღვარს ყოველდღიურად სხვადასხვა ქვეყნის ათასობით მოქალაქე კვეთს.

სარფიდან შემოდიან ტურისტებიც და ქვეყანაზე პირველი წარმოდგენაც სწორედ სარფში იქმნება.

რატომ არის ტენტი ჩამოფარებული სარფის საბაჟოს კოშკზე, ვკითხეთ შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საბაჟოზე 2023 წლის აპრილიდან სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობისას, მთლიანად განახლდა, მიწისქვეშა/საკანალიზაციო კომუნიკაციები/სანიაღვრე ქსელი. ასევე, განახლდა  გზის საფარი, მოეწყო როგორც შენობის შიდა, ასევე ტერიტორიის გარე განათება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავტომობილების დასათვალიერებელ ანგარს.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, ასევე სრულად განახლდა საზღვრის მკვეთ პირთათვის გასვლისა და შემოსვლის დარბაზები.  ამჟამად,  მიმდინარეობს შენობის, კერძოდ ე.წ. კოშკის გარე ვიტრაჟების თანმიმდევრული გამოცვლის პროცესი, რომლის სამუშაოებიც დაახლოებით 10 დღის ვადაში დასრულდება,“ – მოგვწერეს ჩვენი კითხვის პასუხად შემოსავლების სამსახურიდან.

სარემონტო სამუშაოები სარფის საბაჟოზე. ფოტო: შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, სარემონტო/სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მთავარი ფოტო: სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კოშკი /გოგიტა სოლომონიძე

ამავე თემაზე:

რას არემონტებენ სარფის გამშვებ პუნქტზე და როდის დასრულდება

უკრაინელმა მებრძოლებმა სრულად გაათავისუფლეს რობოტინო

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა სრულად გაათავისუფლეს ოკუპაციისგან სოფელი რობოტინო ზაპოროჟიეს ოლქში.

„თქვენ იცით, რომ რობოტინო განთავისუფლდა და ჩვენი ჯარები მოძრაობენ რობოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია ტოკმაჩკას სამხრეთით. ეს ის მიმართულებებია, რომლებისკენაც ახლა ჩვენი ძალები მიიწევენ წინ, მიუხედავად მტრის სასტიკი წინააღმდეგობისა“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.

მალიარმა ასევე დასძინა, რომ უკრაინელმა ჯარებმა რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს 1 კვ. კმ ბახმუტის მიმართულებით.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის წინსვლა რობოტინოსთან ტაქტიკურად მნიშვნელოვანია და წინსვლა ამ რაიონში, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს რუსული ძალების დასუსტებას, რომელთაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რესურსები და პერსონალი ჩადეს რობოტინოს გარშემო პოზიციების დასაკავებლად.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 261 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490]
  • ტანკი – 4 400 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 562 ერთეული [+8 ]
  • საარტილერიო სისტემა – 5 425 ერთეული [+22]
  • MLRS – 730 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 499 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 383 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 415 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 866 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 809 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 466 თვითმფრინავი
  • 247 ვერტმფრენი
  • 6 179 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 433 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 538 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 146 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 095 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 480 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში „ბოიკოს კოშკებისთვის“ იბრძვიან – ბრიტანული დაზვერვა

 

„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან

„მე რომ პირველად სრულიად მარტო დავრჩი და ნაქირავებში შევედი, რომ დავდე ჩემოდანი და დავჯექი, ორი დღე ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ საჭმელიც არ მიჭამია. ვფიქრობდი, სად ვარ? რატომ ვარ ამ მდგომარეობაში…

ძალიან ბევრი რამ გამოვიარე თავშესაფრამდე და მერეც…“ – ჰყვება 27 წლის ანა, რომელიც მეხუთე წელია დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს.

„თავშესაფარში ვცხოვრობ 2019 წლიდან. ჩემი ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც გავიგე ფეხმძიმობის შესახებ. მაშინ უკვე ხუთი თვის ორსული ვიყავი და იმ დროისთვის მე და ჩემი მეგობარი კაცი უკვე ერთად აღარ ვცხოვრობდით. დავურეკე და ვუთხარი, მაგრამ უარი თქვა, არ იქნება ჩემიო. ეს რომ გავიგე, მისგან აღარაფერი მინდოდა, ხომ შეიძლებოდა ალიმენტი მომეთხოვა? კანონით რომ მივმდგარიყავი, ყველაფერს მივიღებდი, იმიტომ, რომ მისი შვილია, მაგრამ… მას თუ არ უნდა, ჩემი შვილი გაიზარდა და იზრდება ისე, როგორც საჭიროა, მე ვზრდი – მამაც მე ვარ და დედაც მისთვის.

როცა ჩემმა ოჯახმა გაიგო, რომ ვიყავი ფეხმძიმედ, მშობლებმა მითხრეს – ვისიც არის, იმან მიხედოს, ჩემს გვარს ვერ მისცემო… დავრჩი მარტო. თავშესაფრის შესახებ რომ გავიგე და ამოვედი, უკვე რვა თვის ვიყავი. სანამ ფეხმძიმობას გავიგებდი, ვმუშაობდი, რაღაც ნაწილი თანხა მქონდა, რითაც ბინა ვიქირავე და ხუთი თვიდან რვა თვემდე ვცხოვრობდი იქ“, – გვიყვება  ანა.

სამედიცინო ასოციაცია „თანას“ დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ბათუმში 10 წლის წინ, მარტოხელა დედებისთვის გაიხსნა, მაგრამ დღეს აქ „შემხვედრი საჭიროების“ გამო ხვდებიან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე ქალები, მათ შორის, უსახლკაროები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები. ამჟამად თავშესაფარში 11 ქალი და 25 ბავშვი ცხოვრობს.

დაწესებულების ხელმძღვანელი, ნანა საყვარელიძე დედების თავშესაფარში მოხვედრის წინაპირობად სოციალური შეჭირვების პარალელურად, გენდერთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ნორმებსა და წარმოდგენებს ასახელებს. 

„ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ქალზე, რომელიც ბავშვს აჩენს ქორწინების გარეშე. ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება დარჩეს ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე, მშობლები, და-ძმა – მას ყველა რიყავს და რჩება ქუჩაში.

ქალი არაფრითაა დაცული შემდგომში იმ მატყუარა [არაკეთილსინდისიერი] პარტნიორისგან, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პარტნიორი ქმარია ოფიციალურად, ქალს არ აქვს მას იმის გარანტია, რომ დაშორებისას რაიმე ქონებას მიიღებს მისგან.

აი, ახლა შემოვიდა ქალი ორი ბავშვით, რომელზეც უეცრად განაცხადა ქმარმა უარი და ოჯახიდან გამოუშვეს. ეს სახლ-კარი ეკუთვნის კაცის დედას, რომელიც ეუბნება ქალს, რომ აქედან არაფერი გეკუთვნისო“.

„ალიმენტის აღებაზეც კი ძალიან დიდი სირთულეებია, იმიტომ, რომ უმრავლესი მათგანი არ მუშაობს ოფიციალურად. დადგენა იმისა, თუ საიდან მოვიპოვოთ ეს ფული, ძალიან ძნელია; ახლა კიდევ მეორე პრობლემა დაემატა, რომ ბევრი მათგანი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და იქიდან ალიმენტის აღება კიდევ უფრო გაძნელდა“, – ნანა საყვარელიძე.

„ბათუმელების“ რესპონდენტები პარტნიორისა და მშობლების მხრიდან სოციალური მხარდაჭერის არარსებობის გარდა, ასახელებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ქირის მაღალი ფასი, ბავშვზე ზრუნვის სირთულე და სიძვირე, მოქნილი სამუშაო გრაფიკის არარსებობა ან სულაც უმუშევრობა, რის გამოც მარტოხელა დედები, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე არიან.

სათანადო საბინაო პოლიტიკის არარსებობა და საცხოვრებლის უფლებით ვერ სარგებლობა, საქართველოში დღემდე მწვავე სოციალური პრობლემაა. კვლევებსა და ანგარიშებში უსახლკარობის ყველაზე ხშირ მიზეზებად სიღარიბე და უმუშევრობა სახელდება, თუმცა ქალების შემთხვევაში ამ მიზეზებს კიდევ სხვა ფაქტორები ემატება, მათ შორის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქონების ტრადიციული წესით გადაცემის საკითხი, რომლის მიხედვითაც ქონება ძირითადად ვაჟ შვილებს გადაეცემათ. 

„ქალებს თავიდანვე არ აქვთ ბევრის საშუალება. თუ მშობელი რამეს აკეთებს, აკეთებს უმეტესად ბიჭისთვის და არა გოგოსთვის. ამ დროს გოგო შეიძლება გათხოვდეს და მის ქმარს რომ არ ჰქონდეს ბინა ან მიწა, გოგო შვილმა უნდა იწვალოს, იწვალოს, რომ რამე გააკეთოს… ბიჭ შვილს კი – აქვს“ – ამბობს 32 წლის ლეილა, რომელიც თავშესაფარში ხუთი თვის წინ მივიდა.

„აქ ვარ ორ შვილთან ერთად, პატარა 6 თვის მყავს, მეორე შვიდი წლის გახდა ახლა. 26 წლის გავთხოვდი [სამოქალაქო ქორწინებაში], როდესაც ბავშვი შემეძინა, ჩემი ქმარი წავიდა. დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ოჯახებს, არც მისი ოჯახისთვის ვიყავი რატომღაც სასურველი და არც ჩემებს მოსწონდათ. დავრჩი მარტო, დავბრუნდი ოჯახში, მაღალმთიანი აჭარიდან ვარ, იქ ვცხოვრობდი მშობლებთან და-ძმებთან ერთად, ბავშვიც იქ გავზარდე.

წლების შემდეგ შევხვდი კაცს, რომელიც შემიყვარდა, დავრჩი ფეხმძიმედ. ის ფინანსური პრობლემების გამო საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ (იქიდან მეხმარება, ტელეფონით გვაქვს კონტაქტი), მე შემეძინა პატარა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი ოჯახისა და მთელი სანათესავოსთვის იყო მიუღებელი. ავდექი, წამოვიყვანე ჩემი შვილები და წამოვედი აქ“, – ჰყვება ლეილა.  

„მეგონა, მთელი სამყარო მენგრეოდა თავზე, ვფიქრობდი, რომ აღარაფერი მექნებოდა ცხოვრებაში, ვეღარაფერს გავაკეთებდი… მთელი კლდე იდგა ჩემ ირგვლივ, შუაში ვიდექით სამი ადამიანი – მე ორი ბავშვით და არაფერი ვიცოდი რა გამეკეთებინა, როცა უცებ გამოჩნდა ეს ადგილი, თავშესაფარი“ – ამბობს ლეილა.

ხულოში პირველ ბავშვთან ერთად დაბრუნებულმა ლეილამ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამბობს, რომ საკუთარი ხელფასით მშობლებისა და ძმების სახლის აშენება-მოწყობაში მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილიც შეიტანა, მაგრამ წლების შემდეგ, როცა მეორე ბავშვი ქორწინების გარეშე გააჩინა, მარტო დარჩა და დასარჩენი აღარ ჰქონდა.

აღმოჩნდა, რომ მისი არჩევანის გამო მშობლების სახლში მისი გაჩერება არ სურდათ.

მშობლებმა მითხრეს, ვისიც არის იმან მიხედოს, ჩემ გვარს ვერ მისცემო - მარტოხელა დედა თავშესაფრიდან

„სანამ მეორე გამიჩნდებოდა, არ მიფიქრია, რომ თავშესაფარი დამჭირდებოდა. რატომღაც მეგონა, რომ ჩემთვისაც იყო ის მიწა და ის სახლი, რომელიც მთელი ექვსი წლის განმავლობაში ვაშენე. მართლა ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ სახლში ის კომფორტი შემეტანა, რაც ჩემს მოხუც მშობლებს არ ჰქონდათ, ჩემს ძმებს არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, მე კი ფინანსურად საკმაოდ მყარად ვიყავი. ვმუშაობდი და მქონდა ჩემი, საკმაოდ ნორმალური შემოსავალი.

 ვცდილობდი, ყველასთვის რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ როცა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ყველაფერი სულ სხვანაირად დარჩა… იმ სახლში თითქოს არაფერი გამიკეთებია, თითქოს საერთოდ არაფერი მიკეთებია მთელი წლების განმავლობაში და უზრუნველად ვცხოვრობდი ვიღაცის ხარჯზე…  აი, ამ ყველაფერზე მწყდება გული“, – თავის წუხილს გვიზიარებს ლეილა.

თავშესაფარში მცხოვრები ქალების ისტორიებიდან ჩანს, რომ თითოეული მათგანს, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ფორმის ჩაგვრა განუცდია.

„მე მეორე შვილიც მყავს, პირველი ქორწინებიდან, იმაზე არ მისაუბრია“, – მითხრა ანამ, თავშესაფარში მოხვედრის ისტორიის მოყოლის შემდეგ – „მაშინ 17-ის ვიყავი“.

ანა ჰყვება, რომ სიღარიბეში გაიზარდა, სკოლაც მე-9 კლასიდან მიატოვა და მიმტანად დაიწყო მუშაობა – „ანაზღაურება მაშინ 7 ლარი იყო [დღეში], მაგრამ ვმუშაობდი მაინც, რომ რაღაც ჩემი მქონოდა“.

ანა: „იმ ბარში, სადაც ვმუშაობდი მიმტანად, ჩემი ნათესავი მოვიდა შუამავლად. მითხრა, რომ ერთი ბიჭია, სახლი აქვს, თავისი მანქანა აქვს და თუ გაჰყვები, უკეთესად იცხოვრებო, შენი საძინებელი გექნებაო… იმდენად გადაღლილი ვიყავი ამდენი გაჭირვებისგან – ვთქვი, რომ გავიცნობდი. 17 წლის ბავშვმა რა შეიძლება მიხვდეს გათხოვებაზე.

ბიჭი რომ მოიყვანეს გასაცნობად, შშმ პირი იყო. ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, დავთანხმდი, ოღონდ ჩემი კუთხე მქონოდა… როცა გავყევი, იქ უფრო მეტი სული დამხვდა; ისეთი გარემო იყო, ხმის ამოღების უფლება არ მქონდა. „შენ რა გქონდა სახლში, აქ რომ ითხოვ?“ – სულ ასეთი წამოძახილები იყო“.

ანა ეკონომიკური ძალადობის გამოცდილებაზეც საუბრობს:

„ჩემი ქმარი რასაც მუშაობდა, თვის ბოლოს ხელფასს დედამისს აძლევდა, რადგან შშმ პირი იყო, სმენის არმქონე, დედამისზე იყო დამოკიდებული. ვეუბნებოდი, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ერთად გვყავს შვილი, ახალგაზრდა ქალი ვარ, რაღაც საჭიროებებია, რისთვისაც მჭირდება ფული, მაგრამ თვეში ხუთ-ათ ლარსაც არ მაძლევდნენ ცალკე სახარჯად. დედამთილსაც ვეუბნებოდი ამას. საუბარია თუნდაც ელემენტარულ წინდაზე ან ჰიგიენის ნივთებზე, რომლებიც მე შეიძლებოდა მეყიდა და მთელ ოჯახს არ გაეგო, რომ დღეს ეს მჭირდებოდა. მაგრამ იმ პატარა რაღაცის მოთხოვნის უფლება არ მქონდა.

18 წლის ასაკში გამიჩნდა შვილი. ვერ შევეგუე იქ ცხოვრებას, ამდენ დამცირებას და წამოვედი, მაგრამ ჩემი შვილი ვერ წამოვიყვანე. ძალიან ბევრი ვიფიქრე რა შეიძლებოდა მექნა, მაგრამ იმ პატარა ოთახში ჩემს შვილს ვერ წავიყვანდი, რომ წამეყვანა, მშობლებისთვის უნდა დამეტოვებინა და ისე მემუშავა… გადავწყვიტე, მამასთან, ბაბუა-ბებიასთან უფრო კარგად იქნებოდა, უფრო მეტი ექნებოდა, ვიდრე ჩემთან და იმ წუთას დედობაზე უარი ვთქვი, იმისთვის, რომ ჩემი შვილის მომავალი ყოფილიყო ცოტა უკეთესი. მაშინ თავშესაფრის შესახებ არაფერი ვიცოდი.

მეორე დღეს რომ გავიაზრე, თუ რა ვქენი და შვილის გარეშე ვიყავი, ძალიან ვინანე, მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა, მივედი და აღარ მანახეს ბავშვი. მქონდა რამდენჯერმე მცდელობა, მაგრამ სახლშიც არ მიმიშვეს“.

რამდენიმე წლის წინ ანამ სასამართლოს დახმარებით მოიპოვა ბავშვის ნახვის უფლება, მაგრამ მისი თქმით, ბავშვი ნეგატიური წინასწარგანწყობით შეხვდა და კომუნიკაცია ვერ შედგა:

„ბავშვი რომ მოიყვანეს, არ მიცნობდა რეალურად, მაგრამ ყვირილი დაიწყო: მე არ მინდა შენი თავი, მე ყველაფერი მაქვს, არაფერი მინდა… შენ ცუდი ხარ… ბავშვმა იმხელა აგრესია გამოხატა ჩემ მიმართ, რომ მოვერიდე, მისი ფსიქიკა რომ არ შემერყია. ორჯერ ვნახე სულ და აღარ მაქვს კონტაქტი, ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვია და თუ მის ცხოვრებაში ამდენი ხანი არ ვიყავი, ახლა გამოვჩნდი და თან ცუდად ელაპარაკებიან ჩემზე, მომავალს ვუმახინჯებდი, ასე გამოდიოდა. იმ ორ საათში ვერაფერს ვახერხებდით, რადგან ხუთ წუთში უკვე დაშლილები ვიყავით. ისინი ასწავლიდნენ, რომ არ მომკარებოდა. ასე დავრჩი პირველი შვილისგან შორს. ახალ ჩემს მეორე შვილზე გადამაქვს ორივეს სიყვარული.

ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მეორე შვილიც, როცა გაიზრდება და აუცილებლად მომიკითხავს, არავინ ჩემზე ცუდი არ უთხრას. ვფიქრობ, ვისაც ჩემთან კონტაქტი ჰქონია, ჩემზე ცუდს არავინ ეტყვის“, – ამბობს ანა, შემდეგ, ცოტათი ხმის ჩამწერისკენ იხრება და ისე აგრძელებს:

„წლები როცა გავა და გაიზრდება, ალბათ მოინდომებს ჩემ ნახვას. ვიმედოვნებ, რომ მიმიღებს – იძულებული გავხდი, გარემომ და ცხოვრებამ მიმაღებინა ასეთი ცუდი გადაწყვეტილება. მე რომ ჩემი სახლი მქონოდა ან თუნდაც ეს თავშესაფარი მცოდნოდა, არასდროს არ მივატოვებდი ჩემს შვილს“.

დედები, რომელთაც ქმრის ოჯახიდან წასასვლელი არსად აქვთ, იძულებულნი არიან, არჩევანი გააკეთონ ძალადობასა და უსახლკარობას შორის.

21 წლის ეკა მოძალადე პარტნიორისგან ორსულობის დროს წამოვიდა. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ფიზიკური ძალადობის სასტიკი ეპიზოდი, რის შედეგადაც ეკა საავადმყოფოში მოხვდა.

ეკა ბათუმის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მეოთხე თვეა 10 თვის შვილთან ერთად ცხოვრობს.  „ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა, რომ მემუშავა. უმუშევრად კი როგორ იცხოვრებ“, – ამბობს ეკა. 

ეკას დედა სამი წლის წინ სიმსივნით დაიღუპა.

„მამაჩემმა მიმატოვა, უფრო სწორად, დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო, რომ მიატოვა. ბათუმში სახლი მაქვს, მაგრამ ბიძაჩემის გამო იქ ვერ ვცხოვრობ, რადგან მისი აზრით „არაკანონიერი“ შვილი რომ გავაჩინე, შევლახე მათი გვარი, სახელი… ვითომ მე მინდოდა, რომ ჩემი შვილი მამის გარეშე გაზრდილიყო“, – ამბობს ის.

ეკა: „ბავშვის მამა მოძალადე იყო. ოფიციალურ ქორწინებაში არ ვიყავით, წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ ერთად [თურქეთში], მერე დავრჩი ორსულად. ეჭვიანი იყო, მოძალადე, ფიზიკურადაც მეხებოდა, სახლში მკეტავდა, რომ გარეთ არ გავსულიყავი, დაქალები არ მენახა. ორსულობის მეხუთე თვეში ისე მცემა, ბავშვი კინაღამ მუცელში მომიკვდა. მიბიძგა და მუცელზე დავეცი, ფეხებიც მირტყა მუცელში, თვალი რომ გავახილე საავადმყოფოში და გავიგე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ის იყო ბოლო წვეთი, ბავშვზე პასუხისმგებლობა სრულიად მარტომ ავიღე. ალიმენტისთვის ბრძოლას ვაპირებ, მაგრამ ამისთვის თურქეთში უნდა ჩავიდე“.

ეკა ამბობს, რომ ის 14 წლიდან მუშაობს, ძირითადად მომსახურების სფეროში: „მიმუშავია კაფეში მიმტანად, ყურძნის საკრეფად დავდიოდი თურქეთში, მიმუშავია ფაბრიკაშიც, ჭურჭლის მრეცხავად, მოხუცის მომვლელად, დამლაგებლად“.

ეკა ახლა სიმინდს ყიდის პლაჟზე, მაგრამ ყოველდღიურად ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან ასთმა აქვს და ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ აძლევს – „ვეძებდი სხვა სამსახურს. ვიფიქრე, რამე გამოჩნდება-მეთქი, მაგრამ მერე ვთქვი, რომ მე მაგის ბედი არ მწყალობს და დავიწყე…“

საქართველოში მარტოხელა მშობლის დასახმარებლად ჯანდაცვის სამინისტროს ერთიანი პროგრამა არ აქვს. ამ სტატუსის მქონე მშობლებისთვის, რომელთა სრული უმრავლესობა მარტოხელა დედაა, შემწეობის მოცულობას ან გაითვალისწინებს თუ არა ამ შემწეობას ბიუჯეტში – თითოეული მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარების პროგრამა 5 წლის წინ ამოქმედდა. მაშინ დახმარების თანხა 60 ლარი იყო. 2015 წლიდან თანხა გაორმაგდა და 120 ლარია. ხულოს მუნიციპალიტეტში ეს პროგრამა მხოლოდ წელს ამოქმედდა და დახმარების თანხა, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად – 100 ლარია; ხელვაჩაურში მარტოხელა მშობლები წელიწადში ერთხელ, დედის დღეზე იღებენ 1000-ლარიან დახმარებას.

ადამიანები, დაკეტილი სახლები და ნისლი მერიაყელის იალაღზე | ფოტოამბავი

ეს შუახევის იალაღია, მერიაყელი, რომელიც საყორნიას მთასთან ახლოს მდებარეობს.

ახლა მერიაყელის იალაღზე სახლების დიდი ნაწილი დაკეტილია.

მემთეურმა ქალებმა, რომლებსაც აქ შევხვდით, გვითხრეს, რომ ბევრი სახლის კარი უკვე აღარ იღება,  ნაწილს კი მხოლოდ რამდენიმე კვირით ესტუმრებიან დასასვენებლად და ისიც, ძირითადად, შუამთობის დღესასწაულზე.

მემთეური ქალებისგან გავიგეთ ისიც, რომ მობილური ტელეფონები მათ სახლებში არ იჭერს და უწევთ გორაზე, მინიმუმ 15 წუთის სავალზე ავიდნენ ოჯახის წევრებთან  სასაუბროდ.

თუ მერიაყელის იალაღზე ახვალთ, ნახავთ, როგორ ფარავს ნისლი ყველაფერს და შემდეგ ელვის სისწრაფით იფანტება.

მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო
მერიაყელის იალაღი. ნინო ართმელაძის ფოტო

ლატვია 2 წელს აძლევს ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ენის შესასწავლად

ლატვიის ხელისუფლება აპირებს შეარბილოს კანონი იმიგრაციის შესახებ და კანონში შეიტანოს ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ორწლიანი დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემას.

კანონში ცვლილების შემდეგ ლატვიის ხელისუფლება ორწლიან ვადას მისცემს ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, ისწავლონ ლატვიური A2 დონემდე, ჩააბარონ გამოცდა და დაიბრუნონ ლატვიაში მუდმივი ცხოვრების უფლება.

2022 წლის სექტემბერში ლატვიის ხელისუფლებამ შეცვალა კანონი იმიგრაციის შესახებ, რომლის შემდეგ რუსული პასპორტის მქონე და ლატვიაში მუდმივად მცხოვრებ პირებს ენის გამოცდა ერთი წლის განმავლობაში უნდა ჩაებარებინათ. კანონი შეეხო ამ ქვეყანაში მცხოვრებ 25 000 რუსეთის მოქალაქეს.

„დოიჩე ველეს“ რუსული რედაქცია წერს, რომ ლატვიის სეიმის მოქალაქეობის, მიგრაციისა და სოციალური ერთიანობის კომისიის ხელმძღვანელის, ინგმარს ლიდაკის შეფასებით, დაახლოებით 6 000 რუსს არ მიუმართავს განცხადებით გამოცდის ჩაბარების შესახებ, შესაბამისად, 2 სექტემბერს მათ უნდა მიიღონ წერილი ქვეყნის დატოვების მოთხოვნით სამი თვის განმავლობაში, თუმცა კანონში ცვლილების შემდეგ მათ აღარ მოუწევთ ქვეყნის დატოვება და კიდევ ორი წელი ექნებათ ენის შესასწავლად.

„ადამიანი ცხოვრობს 30 წელი ქვეყანაში, არ საუბრობს ლატვიის სახელმწიფო ენაზე და მაინც ამტკიცებს, რომ ვალდებულია ჰქონდეს ბინადრობის ნებართვა… იურიდიული თვალსაზრისით, მათ არაფერი აქვთ საერთო ლატვიასთან. ყველა რუსეთის მოქალაქეა“, – ციტირებს „დოიჩე ველე“ რიჰარდს კოლსს, ლატვიის სეიმის დეპუტატს.

აღნიშნული კანონი ლატვიაში 2022 წელს მიიღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს. 2022 წლიდან ლატვიაში აკრძალულია ყველა სატელევიზიო რუსული არხი.

____________

ფოტოზე: რიგა/ვიკიპედია

რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში „ბოიკოს კოშკებისთვის“ იბრძვიან – ბრიტანული დაზვერვა

დღეს, 27 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ყოველდღიურ, მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ტვიტერზე წერს, რომ შავ ზღვაში უკრაინა და რუსეთი იბრძვიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზისა და ნავთობის პლატფორმებისთვის ყირიმსა და ოდესას შორის. ეს არის ე.წ. “ბოიკოს კოშკები”, რომელიც რუსეთმა უკრაინას 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს წაართვა.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ გასულ კვირას რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ესროლა უკრაინულ სამხედრო კატერს, რომელიც შავ ზღვაში გაზისა და ნავთობის პლატფორმის მახლობლად, ჩრდილო-დასავლეთით მოძრაობდა.

დაზვერვა წერს, რომ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინამ დაარტყა რუსეთის მიერ კონტროლირებად რამდენიმე პლატფორმას და რუსეთიც და უკრაინაც პერიოდულად იკავებდნენ პლატფორმებს.

პლატფორმებზე ნახშირწყალბადის ძვირფასი რესურსებია. თუმცა, ისევე როგორც კუნძულ ზმეინის შემთხვევაში, პლატფორმები ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბაზების, დესანტის  და შორი მანძილის სარაკეტო სისტემების განლაგებისთვის – წერს ბრიტანული დაზვერვა.

Exit mobile version