მთავარი,სიახლეები

გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობაზე მოდის – კიდევ რა ჩანს მონიტორინგით?

28.11.2022 • 1226
გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობაზე მოდის – კიდევ რა ჩანს მონიტორინგით?

„გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობის საქმეა“, – აღნიშნავენ საია-ს მონიტორები, რომლებიც ბოლო ერთი წელი აკვირდებოდნენ 490 სისხლის სამართლის საქმის განხილვას. საია მონიტორინგს ატარებდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის და ზუგდიდის [დისტანციურად] საქალაქო სასამართლოებში.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი მიგნებაც: უმეტეს შემთხვევაში მოსამართლეებს 15 წუთიც არ სჭირდებათ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად. იურისტების აზრით, ეს აჩვენებს იმას, რომ მოსამართლე რეალურად არ არკვევს, რამდენად კანონიერად და სამართლიანად დათანხმდა ბრალდებული პროკურორს, საპროცესო შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი.

დღეს, 28 ნოემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალში სასამართლოებზე, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მონიტორინგის რამდენიმე მიგნებაზე „ბათუმელებმა“ საია-ს ანალიტიკოსთან, თამარ ბოჭორიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო თამარ, ფემიციდის გაზრდილი მაჩვენებლის პარალელურად, რაზე მეტყველებს თქვენი მონიტორინგის ეს მიგნება – გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ოჯახში ძალადობის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზრდება. 

ზოგადად მივესალმებით იმას, რომ გაზრდილია გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, თუმცა რეალურად ეს გამამართლებელი არის განპირობებული იმით, რომ ეს არის ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები. საქმეები, რომელიც გამამართლებელი განაჩენით დასრულდა, 92% ეხება ოჯახში ძალადობას. რეალურად, ეს უკუსვლაა.

ეს არის გამოძიების პრობლემაა, პირველ რიგში, რადგან ძირითად შემთხვევაში გამოძიება ეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, სხვა მტკიცებულებებს კი, რიგ შემთხვევაში ობიექტურად ვერ მოიპოვებს, ზოგჯერ კი, გამოძიება არ ცდილობს, მეტი მტკიცებულების მოპოვებას. გამოძიებამ უნდა იზრუნოს თავიდანვე იმაზე, რომ თუკი დაზარალებული პოზიციას შეიცვლის და კანონით გათვალისწინებულ ბერკეტს გამოიყენებს, ანუ არ მისცემს ჩვენებას, საქმე არ ჩამოიშალოს. გამოძიებამ უნდა იმუშაოს სხვაგვარად, რომ სხვა, მყარი მტკიცებულებების საფუძველზე გამოვიდეს განაჩენი.

გამოძიება ხშირად მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. შეიძლება ამ დროს მოწმე იყოს ოჯახის სხვა წევრი, მეზობელი… ხშირად სისტემატური ხასიათი აქვს ხოლმე ძალადობას და როცა ამის შესახებ სამართალდამცველებამდე მიდის ინფორმაცია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვა პირებსაც აქვთ ინფორმაცია.

  • რამდენად მართებული იქნება სამართლებრივად, სასამართლომ არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი? 

მოსამართლეებიც საუბრობენ, რომ ცდილობენ სხვა მტკიცებულებებსაც დაეყრდნონ, თუმცა მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მიიღებენ გამამტყუნებელ განაჩენს. საჭიროა ერთი მყარი პირდაპირი მტკიცებულება მაინც და ექსპერტიზა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის და მყარი მტკიცებულებების საფუძველზეც მიუღიათ გამამტყუნებელი განაჩენი.

  • ბათუმშიც, რამდენიმე წლის წინ, მაგალითად, დავით მამისეიშვილმა, როცა ის ბათუმში მუშაობდა მოსამართლედ, გაამტყუნა კაცი იმის მიუხედავად, რომ ძალადობის მსხვერპლმა ადვოკატმა ქალმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა. რამ განაპირობა სასამართლოს მხრიდან ამგვარი მიდგომის შეცვლა? 

ზოგადი მიდგომა არის ის, რომ მხოლოდ ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნაზე ვერ ვიტყვით, რომ ეს ირიბი მტკიცებულებაა. გააჩნია მოცემულობას: რა დგინდება ექსპერტიზის დასკვნით. დასკვნით შესაძლოა სხვა ირიბ მტკიცებულებებთან ერთად შექმნას საკმარისი სამართლებრივი საფუძველი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

სასამართლოს როლზე როცა ვსაუბრობთ, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლო ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ უმეტესად გირაოს იყენებს. სასამართლოს მიდგომა არ არის მკაცრი. ჩვენ გვახსოვს თელავის სასამართლოს შემთხვევაც, გირაოს საფუძველზე გაუშვა მოსამართლემ ბრალდებული სხდომის დარბაზიდან, მეორე დღეს კი, ამ კაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა.

  • „ბათუმელები“ წერდა ძალადობის ერთ შემთხვევაზე ბათუმში, როცა ბრალდებული მანამდე გასამართლებული იყო ოჯახში ძალადობისთვის, სასჯელი მოხდის შემდეგ კი, შემაკავებელი ორდერის პირობებში ისევ იძალადა. ისიც გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა მოსამართლემ. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ასაბუთებს სასამართლომ ასეთ მიდგომას? 

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, რაც თქვენ დაასახელეთ, ძალიან დიდი რისკი იყო სასამართლოს მხრიდან. ჩვენ გვქონდა ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემთხვევა, როცა მოძალადეს გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება, შემდეგ კი, ჩვენი მონიტორი იმავე ბრალდებულს შეხვდა სასამართლოში – ისევ მისულა ყოფილ ცოლთან, ფანჯრებს უშენდა ქვებს და აშანტაჟებდა.

ძალიან სენსიტიურია ოჯახში ძალადობის საქმეები, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებს როცა ვადევნებთ თვალს, ვფიქრობ, რომ სასამართლოს მკაცრი ხელი არ უნდა დააკლდეს ამას.

  • თქვენი დაკვირვებით, სასამართლოსაც აკლია ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების საქმეებზე სათანადო მგრძნობელობა, მოსამართლეც გულგრილია? 

დიახ, გარკვეულ შემთხვევაში ასეა… მხოლოდ ქალები ვერ გაძლიერდებიან სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, აუცილებელია უწყებების აქტიური კამპანია. პროკურატურამ, მაგალითად, დაიწყო ეს კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს როლიც გაძლიერდეს.

  • კამპანიის მიღმა რამდენად დგამს პროკურატურა რეალურ ნაბიჯებს? მონიტორინგის პრეზენტაციის დროსაც აღნიშნეთ, რომ, მაგალითად, პროკურატურა არ იძიებს, რამდენად ახდენენ ზეწოლას ძალადობის მსხვერპლ ქალზე, რომ მან ჩვენება არ მისცეს სასამართლოს, პოლიციაში კი უკვე მოყოლილი აქვს ამბავი, როგორ სცემეს.  

დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რამდენად დიდია ხშირად ეკონომიკური დამოუკიდებლობის პრობლემა. პროკურორებიც ხშირად, როცა ასაბუთებენ თავიანთ პოზიციას, საუბრობენ იმაზე, რომ დაზარალებულმა შეცვალა ჩვენება, ან არ იძლევა საერთოდ ჩვენებას. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ მასზე რაღაც ახდენს ზემოქმედებას. პროკურატურამ უნდა მიაქციოს ყურადღება, ჰქონდა თუ არა ადგილი დამატებით ძალადობას, მიმდინარე პროცესის დროს, რაც არ ხდება.

  • სად არის ყველაზე სუსტი წერტილი – რა გამოკვეთა ოჯახში ძალადობის პროცესებზე თქვენი მონიტორინგის დროს? 

ჩვენი აზრით, რეპრესიული ხელია საჭირო სასამართლოს მხრიდან, სასჯელების მიმართულებით, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების კუთხით…

ჩვენი კონკრეტული რეკომენდაცია ასევე ის, რომ პრევენციის კუთხით სასჯელის დროს მოძალადეებმა სარეაბილიტაციო სასწავლო კურსი გაიარონ. ეს არის ძალადობრივი ქცევის კორექციის კურსი და ამ ეტაპზე ნიშნავენ მხოლოდ პირობით მსჯავრთან ერთად.  მაგალითად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასთან ერთად ამას ვერ დავნიშნავთ.

ჩვენი მონაცემებით, პირობითი მსჯავრის შემთხვევაშიც უჭირთ ამ პროგრამის დავალება მსჯავრდებულისთვის მოსამართლეებს, რადგან ეს კურსები არაა ჩამოყალიბებული იმ ფორმით, რომ ბევრ მსჯავრდებულს დაავალოს მოსამართლემ ეს.

  • მონიტორინგის მიხედვით, ოჯახურ დანაშაულებზე სასამართლო ყველაზე ხშირად [46%] იყენებს პირობით მსჯავრს. რამდენად დასაბუთებულია სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები? 

გაზრდილია თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელიც [6 პროცენტი], როცა მოძალადე ციხეში მიდის. ჩვენი რეკომენდაციაა ის, რომ მკაფიო, ინდივიდუალური მიდგომით შეაფასონ მოსამართლეებმა სასჯელი. სამწუხაროდ ეს არ ჩანს. სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური.

  • მინდა გკითხოთ საპროცესო შეთანხმებაზეც – აღნიშნული გაქვთ დასკვნაში, რომ საქმეთა ნახევარზე მეტ შემთხვევაში [51 პროცენტი] 15 წუთზე ნაკლები დრო ჰყოფნის მოსამართლეს საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად, რომ მოსამართლე ხშირად ნოტარიუსის როლშია. 

ყველა სხდომას ვერ ვაკვირდებით, ცხადია, მაგრამ საერთო მასშტაბის როცა დავაკვირდით, ეს იყო 500-მდე სხდომა, ვნახეთ, რომ სამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის საქმეზეც გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. საიას შეფასებით, სასამართლო კონტროლი საპროცესო შეთანხმებებზე არის სუსტი.

დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსამართლეს ჰქონდა რეალურად კითხვები ბრალდებულთან: რამდენად მისაღები იყო მისთვის საპროცესო შეთანხმება, თუმცა სასამართლომ მაინც დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება.

კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ სასჯელი არასამართლიანია, არაკანონიერია, ან გაუჩნდება ეჭვი მოსამართლეს, რომ ზეწოლის შედეგად დათანხმდა ბრალდებული საპროცესო შეთანხმებას, არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება და განაგრძოს არსებითი განხილვა.

საპროცესო შეთანხმებების გარკვეულ შემთხვევებში კი, მოსამართლეებს 3 – 5 წუთი დასჭირდათ საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად: მხოლოდ მიესალმა მხარეებს, მიმოიხილა სამართლებრივი მოცემულობა, რამდენიმე კითხვა დასვა, მაგალითად, ეთანხმებოდა თუ არა ბრალდებული შეთანხმების პირობებს და ჩაქუჩი ჩამოჰკრა.

რეალურად კი შეუძლია მოსამართლემ გამოარკვიოს ის, რაც კანონით ევალება – რამდენად სამართლიანად თანხმდებიან მხარეები საპროცესო შეთანხმებას?

  • ეს შემთხვევა რას აჩვენებს თქვენთვის, რაც საიას მონიტორინგში მოხვდა – იქამდე გადაიხადა ჯარიმა ბრალდებულმა, ვიდრე მოსამართლე საპროცესო შეთანხმებას დაუმტკიცებდა და გადახდის ქვითარი მოსამართლეს წარუდგინა კიდეც? 

ეს საგანგაშო შემთხვევაა, როდესაც დაცვის მხარე პროცესზე გამოცხადდა ჯარიმის გადახდის ქვითრით ხელში. მან განაცხადა კიდეც, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხადა. ერთი შემთხვევა დავაფიქსირეთ მხოლოდ ასეთი, თუმცა ეს აჩვენებს იმას, რომ, სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა არსებობს.

ეს აჩვენებს იმასაც, რომ სასამართლო არაფრად მიაჩნიათ მხარეებს და შეთანხმება აუცილებლად დამტკიცდება. ამასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებსაც მივაწოდეთ ინფორმაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: