ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს გაეროს ასოციაცია და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ახორციელებენ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების (LINKS) პროექტს“.
აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის მასშტაბური პროგრამის „Skills4Jobs“ ნაწილი და იგი ხორციელდება საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. აჭარაში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმოადგენს.
LINKS პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, 15-დან 29 წლის ახალგაზრდებს პირველი ანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა მისცეს.
აღნიშნული პროგრამის დახმარებით ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 26 წლის ნიკა აზნაურიშვილმა 11 თვის განმავლობაში სტაჟირება გაიარა სამშენებლო კომპანია „ბიჯიში“. ჩვენთან საუბრისას, ნიკა აღნიშნავს, რომ სტაჟირების შედეგად მიღებული გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების საფუძველზე მან მისთვის სასურველ კომპანიაში, „ჰუმან ელემენტში“ გრძელვადიანი სამსახური დაიწყო.
პროექტის შესახებ ნიკამ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან“ შეიტყო. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში ნიკას დასაქმების შესაძლებლობა მიეცა, ამავე პროექტის ფარგლებში მან გაიარა ინგლისური ენის შემსწავლელი ექვსთვიანი კურსი, ისევე როგორც კომპიუტერული და სამეწარმეო უნარების ტრენინგები.
„ერთი მხრივ, LINKS პროექტმა მომცა პროფესიული უნარების განვითარების, ხოლო მეორე მხრივ, – სტაჟირების საშუალება, რაც ჩემთვის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა, გამომეცადა საკუთარი თავი და დავსაქმებულიყავი.“ – აღნიშნავს ნიკა.
მორიგი წარმატების ისტორია უკავშირდება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულაში მცხოვრებ ნატალია ხოზრევანიძეს, რომელმაც, ნიკას მსგავსად, LINKS პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის, მეწარმეობისა და კომპიუტერული უნარების კურსები გაიარა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, 29 წლის ნატალია, რომელსაც პროექტში ჩართვამდე საბუღალტრო კურსი ჰქონდა გავლილი, პროექტის ხელშეწყობით სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე გადის ანაზღაურებად სტაჟირებას.
„მაღალმთიანი სოფლებისთვის მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ცხოვრობს ბევრი ქალი, რომელთაც ვერ მოახერხეს ესწავლათ, პროფესია შეეძინათ და ადრე დაქორწინდნენ. ყველასთვის ხელმისაწვდომი ონლაინკურსები და სტაჟირებები მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
მე, სამწუხაროდ, უმაღლესი განათლების მიღება ვერ შევძელი. თუმცა დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა პროფესიული უნარების განვითარება და ონლაინკურსებში მონაწილეობის მიღება, რისი საშუალებაც LINKS პროექტმა მომცა,“- ამბობს ნატალია.
შუახევში მცხოვრებმა 26 წლის მარინა ჯაყელმაც გაიარა LINKS პროექტის ტრენინგები და კურსები. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და დასაქმების პროგრამის ფარგლებში შუახევის საკრებულოში 11-თვიანი სტაჟირება იურისტის თანაშემწის პოზიციაზე გაიარა. ახლა დასაქმების მოლოდინშია.
გარდა იმისა, რომ LINKS პროექტი უშუალოდ ახალგაზრდებთან მუშაობს, ის ასევე თანამშრომლობს საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლებთან: პროფესიულ სასწავლებლებთან, ადგილობრივ ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
აჭარაში პროექტის პარტნიორი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ორგანიზებას უწევს ზემოაღნიშნულ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციის ხარისხის გაუმჯობესებას; ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
აჭარის რეგიონის მასშტაბით, LINKS პროექტის საქმიანობის შედეგად, 500-ზე მეტმა 15-დან 29 წლის ახალგაზრდამ განივითარა დასაქმებისათვის საკვანძო უნარები. 200-ზე მეტმა პროექტის მონაწილემ გაიარა პროფესიული და კარიერული კონსულტაცია. ჯამში დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა 17 ახალგაზრდას მიეცა. აღსანიშნავია, რომ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სისტემატურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ახალგაზრდების გრძელვადიანი დასაქმებისთვის.
„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“ (IJH)