2023 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს თუ გადაავლებთ თვალს, მარტივად დასანახია ტენდენცია: უზენაესი სასამართლო იშვიათად ცვლის გამამართლებელ განაჩენებს, რაც ბოლო პერიოდში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოაქვთ პირველი ინსტანციის სასამართლოებს.
საია-ს საერთო სასამართლოების მონიტორინგის მიხედვით – საერთო სასამართლოებში 2022 წელს 490 სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, გამამართლებელი განაჩენების 92% ოჯახში ძალადობაზე მოდის. გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის მატება ხშირად მოჰყავს „ქართულ ოცნებას“ იმის მაგალითად, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა.
მოსამართლეები ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე ძირითადად იმ მოტივით იღებენ გამამართლებენ განაჩენებს, რომ დაზარალებულად მიჩნეული ქალები დანაშაულის ჩადენის დროს პოლიციას ჩვენებას აძლევენ მოძალადის წინააღმდეგ, სასამართლოში კი, დუმილს ამჯობინებენ. მოსამართლეები წერენ, რომ სხვა პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არის და მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნას ან პოლიციელების ჩვენებებს ვერ დაეყრდნობიან.
უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებში შეგვხდა ერთი საქმე, როცა ქალმა დუმილი არჩია და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი მიიღო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მოძალადე კაცი გაამტყუნა. ამ შემთხვევებში უზენაესი სასამართლო „სტამბოლის კონვენციას“ იხსენებს ჩანაწერით: „სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული…“
„ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ 9 განჩინებას გაეცნო, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ოჯახში ძალადობის მუხლით განხილულ საქმეებს ეხება. 9 საქმიდან 2 შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა არც ერთი კაცისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა არ შეუფარდებია. ორი მსჯავრდებულიდან ერთი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა, მეორეს კი, სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – 170 საათი დააკისრეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ერთი გამამართლებელი განაჩენი კი, უზენაესმა სასამართლომ შეცვალა.
საქმე პირველი: „დაზარალებულს ნამდვილად ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, თუმცა…“
„მობილური ტელეფონი ჩაარტყა სახეში“, – აღნიშნული იყო დადგენილებაში, რომლითაც პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა ზ.ჩ.-მ თავი დამნაშავედ არ ცნო, დაზარალებულად ცნობილმა ქ.-მ კი, დუმილი აირჩია – „კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა“.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული გაამართლა, მას უკან დაუბრუნეს გირაოს სახით გადახდილი 1000 ლარიც.
ამ საქმეში მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნა დარჩა, რომლის მიხედვითაც ქ.-ს „…ცხვირის ზურგსა და მარჯვენა ცხვირ-ტუჩის ნაოჭის არეში აღენიშნებოდა ნაჭდევები, მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე – სისხლნაჟღენთი.
აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს,“ – წერია ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს:
„სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის, რომ დაზარალებულს ნამდვილად ჰქონდა სხეულზე დაზიანებები, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია იმ ფაქტის დადგენა, თუ ვინ მიაყენა მას დაზიანებები,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
საქმეში არსებობდა პოლიციელების ჩვენებაც, თუმცა „მოწმის სახით დაკითხული პოლიციელი ი.ბ. არ წარმოადგენს თვითმხილველ პირს და მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციით, უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები. შესაბამისად, მისი ჩვენება ირიბია.
კასატორის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, როდესაც საქმეში წარმოდგენილ მასალათა ნაწილი ბადებს მნიშვნელოვანი სახის კითხვებს და საეჭვოდ აქცევს პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კონსტიტუციის ამავე მუხლის თანახმად, აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს“, – ვკითხულობთ განჩინებაში.
უზენაესმა სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.
საქმე მეორე: „დაახლოებით ღამის 12 საათზე მოვიდა სასტუმროს მისაღებში ნამტირალევი ქალი, მთხოვა, დამერეკა 112-ში“
„…საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პ. ზ-მა ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა მისი ოჯახის წევრზე, მეუღლე კ. ზ-ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ეს ოჯახში ძალადობის მორიგი საქმეა, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო.
მსჯავრდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათით.
ეს განაჩენი გაუსაჩივრები როგორც მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. პროკურატურამ უფრო მკაცრი სასჯელი მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში, მსჯავრედებულმა – გამამართლებელი განაჩენი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა.
პროკურატურის შეფასებით, ეს გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. „…რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ პ. ზ-ს ბრალეულობას, კერძოდ: მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სასტუმროს თანამშრომლის – ა. ჩ-ს შეტყობინება.
ა. ჩ-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ სასტუმროში ყოფნისას მას დახმარებისთვის მიმართა დაზარალებულმა, რომელსაც სახის არეში აღენიშნებოდა შეწითლება და უთხრა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ, მოწმე პოლიციის თანამშრომლებმა კი, დაადასტურეს, რომ დაზარალებული, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა შეწითლების კვალი, ამბობდა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ პ. ზ-მა მეუღლეს – კ. ზ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ამ საქმეში უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება და მთავარი მოწმე სასტუმროს ადმინისტრატორია, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ დაახლოებით ღამის 12 საათი იყო, როცა სასტუმროს მისაღებში ქალი შევიდა. სასტუმრო იმ კორპუსშია, სადაც დაზარალებული ქალი ცხოვრობს.
„…მითხრა, რომ კ.ზ-ს. ესაჭიროებოდა პოლიციის დახმარება, ქალბატონს სახეზე ეტყობოდა სიწითლე, იყო აღელვებული და ჰქონდა ნამტირალევი ხმა. მითხრა, რომ ბინაში მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მთხოვა, დამერეკა 112-ში.
პოლიციელებს იმავე ღამით დაუკავებიათ პ.ზ. „რომელსაც ვიზუალურად მარჯვენა ლოყის და ორივე ხელის მკლავის მიდამოში აღენიშნებოდა ნაკაწრები ფუფხის სახით. კაცმა პოლიციელებს უთხრა, რომ კონფლიქტი მეუღლესთან ჰქონდა.
სასამართლოს არც ამ შემთხვევაში მისცა ჩვენება დაზარალებულმა.
„მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პ. ზ-ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია,“ – აღნიშნულია განჩინებაში, სადაც უზენაესი სასამართლო ასაბუთებს, რატომ მიიჩნევს სამართლიანად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქმე მესამე: სასამართლოს ჩვენება არ მისცა დაზარალებულმა – ის ბრალდებულის დედაა
ამ შემთხვევაში დაზარალებული ბრალდებულის დედაა და 5 წლის ბავშვი, ბრალდებულის შვილი.
„…სისტემატურად ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, კერძოდ – უწმაწური სიტყვებით ლანძღავდა ოჯახის წევრს – დედას – ჟ. ფ–ს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილიშვილის – ე. ფ–ს თანდასწრებით, რის გამოც, დაზარალებული ჟ. ფ მუდმივად იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, ასევე, განიცდიდა ფსიქოლოგიურ და მორალურ ტანჯვას,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა საკუთარ 5 წლის შვილზეც – „…ძლიერად გააწნა სახეში სილა, შემდეგ კი, ხელებზე ძლიერად ურტყამდა ხელს, რა დროსაც ე. ფ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – წერია დადგენილებაში.
ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ, როგორც ოჯახში ძალადობის, ისე მუქარის ნაწილში, რაც პროკურორს, ანი ბორჩაშვილს გაუსაჩივრებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.
როგორც სხვა დაზარალებულ ქალებს, დაზარალებულად მიჩნეულ დედასაც უარი უთქვამს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. გამოკითხისას 5 წლის ბავშვმა კი, თქვა, რომ „დედა უშლის კომპიუტერით თამაშს, დედა ხანდახან სცემს, ასევე, ეფერება და მას მოსწონს დედასთან ცხოვრება. შეკითხვაზე, რამდენიმე დღის წინ დაუშალა თუ არა დედამ პლანშეტით თამაში, დაზარალებულმა არ გასცა პასუხი, წამოდგა და აღარ უპასუხა არც ერთ შეკითხვას“.
ბრალდებულის წინააღმდეგ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და არსებობდა ექსპერტიზის დასკვნაც.
„შემაკავებელი ორდერი და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეფუძნება დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, მართალია, რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი.
შესაბამისად, სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მამხილებელი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნას და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. ფ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 11, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ’ ქვეპუნქტით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
საქმე მეოთხე – როცა გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეიცვალა
ბრალდებული ვ.ა. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, როცა ამ საქმეზე განაჩენი მიიღეს. ამ მსჯავრდებულსაც ოჯახში ძალადობას ედავებოდა პროკურატურა.
გამოძიების ვერსით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ვ.-მ საცხოვრებელ სახლში არაერთგზის იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე. „ხელის სახისა და ფეხის მუცლის არეში დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ეს განაჩენი უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართლიანი გამამტყუნებელი განაჩენია.
იმის მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაშიც დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმა დუმილი არჩია, უზენაესი სასამართლო „სტამბოლის კონვენციას“ ახსენებს:
„…რაც შეეხება ფაქტს, რომ დაზარალებულმა ლ. კ-მ სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ,,სტამბოლის კონვენცია“, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება.
კონვენციაში მითითებულია, რომ აღნიშნული დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე დამოკიდებული და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
აღნიშნული კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიების სტადიაზე უნდა მოიპოვონ არსებითი სახის მტკიცებულებები, დაკითხონ მოწმეები, მიიღონ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ა.შ., რათა დარწმუნდნენ, რომ სასამართლო პროცესის შემდგომი გაგრძელება არაა მხოლოდ მსხვერპლის განაცხადზე დამყარებული“, – ვკითხულობთ განჩინებაში.
პროკურორ პაატა ცეცხლაძის განმარტებით, რაც ასევე განჩინებაშია აღწერილი, ამ საქმეზე გამოძიებას საფუძვლად დაედო თავად დაზარალებულის შეტყობინება მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის შესახებ.
„მან გამოკითხვის დროს დეტალურად აღწერა აგრესიული ძალადობრივი ქმედებები, განაცხადა თანხმობა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მოითხოვა, გაცემულიყო შემაკავებელი ორდერი. დათვალიერდა მისი სხეული, რომელზეც აღენიშნებოდა დაზიანება სახის და ყელის არეში…,“ – მიწერა პროკურორმა მოსამართლეებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ამ საქმეში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებზე:
„მოწმე ნ. ა-ე უთითებს, რომ მას ვ.-მ ოთახის მიქირავება სთხოვა და უთხრა, რომ მხოლოდ ის და თავისი მეუღლე იცხოვრებდნენ. მოწმე დასთანხმდა და ვ-ს მეორე სართულზე ერთი ოთახი მიაქირავა, სადაც იგი მეუღლესა და პატარა შვილთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე დღის შემდეგ ვ.-მ მეორე ქალბატონი შემოიყვანა და ნ. ა-ეს განუცხადა, რომ ისიც მისი ცოლი იყო.
2 დეკემბერს ვ.-ის დედა ჩამოვიდა, რომელსაც ერთი რძალი უნდა წაეყვანა, მაგრამ 3 დეკემბერს, ღამით, მოწმეს მათი ოთახიდან შემოესმა ხმაური. ნ. ა-ემ დაინახა, რომ ვ.-ს მეუღლეს ხელში ეჭირა ბავშვი და კიოდა. მოწმე მიხვდა, რომ ისინი ნაჩხუბრები იყვნენ და სახლიდან გაყარა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულის დედამაც, რომლის თქმითაც, „ისინი ხმამაღლა კამათობდნენ“, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი კი, არ დაუნახავს.
„ამდენად, მოწმე ნ. ა-ე და თ. ა-ი უტყუარად ადასტურებენ, რომ გარკვეული ფორმის კონფლიქტი [ხმაური, კივილი] ვ. ა-სა და ლ. კ-ს შორის ნამდვილად იყო. მართალია, უშუალოდ დარტყმაზე აღნიშნული მოწმეები არ საუბრობენ, მაგრამ, მოწმე თ. ა. უთითებს, რომ ვ. სახლში 2021 წლის 2 დეკემბერს 23:30 საათისკენ დაბრუნდა და ამის შემდეგ დაიწყო მათ შორის სიტყვიერი ჩხუბი.
როგორც აღინიშნა, ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების რეზოლუცია დათარიღებულია 2021 წლის 3 დეკემბრით, 00:05 საათით [განმცხადებელია თავად დაზარალებული]; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემოწმებისას [03.12.2021]ლ. კ-ს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანება, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
საკასაციო პალატა შენიშნავს იმასაც, რომ ბრალდებული ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს 2020 წელს, დამნაშავედ მიიჩნიეს და დანაშაულის ჩადენის დღეს მას ნასამართლობა გაქარწყლებული არ ჰქონდა.
„ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი/განცხადება უკან დაზარალებულმა ან/და შეურიგდა თუ არა მოძალადეს…“, – ვკითხულობთ განჩინებაში.
უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე ბრალდებულს 400 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა და ჯარიმა 2000 ლარი.
საქმე მეხუთე: „…მძინარეს სახის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა დაზიანებები“
„2022 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. ბ-ში, კ-ის ქ. №–ში მდებარე ვ. კ-ას საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ა. ზ-ემ წინასწარი შეცნობით უმწეო – მძინარე მდგომარეობაში მყოფ თავისი ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. გ-ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახის არეში მუშტის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ეწერა პროკურატურის დადგენილებაში, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ შემთხვევაზეც გამამართლებელი განაჩენი მიიღო. განაჩენი უცვლელი დატოვა, როგორც ქუთაისის სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ.
ამ საქმეშიც შეგხვდებათ შაბლონური ჩანაწერი დაზარალებულ ქალზე: „ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი“
„საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაასკვნა, რომ ა. ზ-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, ხოლო დაზარალებულმა მ. გ-მა (მსჯავრდებულის მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა. ზ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ა. ზ-ე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
საქმე მეექვსე: ცოლისძმის ცემის შემდეგ დადგინდა, რომ სცემდა ცოლსაც
ოჯახში ძალადობის ამ შემთხვევაში კი, გამოძიება მას შემდეგ დაწყებულა, როცა კაცი ცოლისძმას დაესხა თავს და სახლის ასასვლელ კიბესთან „რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავში, მძლავრად მოქაჩა კისრისა და ყელის არეში…“
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კაცის ცოლი 2 წელი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ. ა. – ს სასჯელის სახით შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათი, თუმცა რადგან ის პატიმრობაში იყო 2022 წლის 30 მარტიდან პირველ აპრილამდე, მას საბოლოოდ 170 საათით განუსაზღვრეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
ამ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ ერთ ეპიზოდში იძალადეს დაზარალებულზე ფიზიკურად. სასამართლოს არ დაუდასტურებია ყველა ეპიზოდში ოჯახში ძალადობა, ანუ პროკურატურის ვერსია სრულად არ გაიზიარა.
„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ ი. ა-ის გამოკითხვის ოქმი. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში ბ. ა-ის ბრალეულობა, საქმეში არ არის წარმოდგენილი.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნით, ბ. ა-ის ქმედებებიდან გამომდინარე, ი. ა-ე არ განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია მისი ტანჯვა. შესაბამისად, მხოლოდ ერთი მტკიცებულება – დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ დასტურდება არცერთი სხვა მტკიცებულებით, გამორიცხავს ბ. ა-ის დამნაშავედ ცნობის შესაძლებლობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე ბ. ბ-ს ჩვენებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ. ა-მ 2020 წლის 29 მარტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ი. ა-ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
საქმე მეშვიდე: ცოლის ცემის ბრალდებაში გაამართლეს, მარიხუანისთვის – დასაჯეს
უდანაშაულოდ მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯ. ზ.-ც. გამოძიების ვერსიით კი, ბრალდებულმა სამჯერ სხვადასხვა დროს სცემა ცოლს.
„…დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ჯ. ზ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ი. ჯ–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ყურის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული დაეცა საწოლზე, ხოლო შემდეგ ფეხები და ხელები ჩაარტყა მუცელში და ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე… ძლიერად მოქაჩა თმა, ფეხები ჩაარტყა მუცელში და ძირს წაქცეულს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე,“ – ეს ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის აღწერაა ბრალდების შესახებ დადგენილებიდან.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის ბინაში იპოვეს ნედლი მარიხუანაც 42, 355 გრამი. სასამართლომ მხოლოდ ამ ნაწილში მიიჩნია დამნაშავედ ჯ. ზ. და მას ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ეს ჯარიმაც შეუმსუბუქდა ბრალდებულს, რადგან პატიმრობაში იყო 29 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე.
საბოლოოდ ჯ.-ს 2 ათასი ლარის გადახდა მოუწია.
მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურატურას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს:
გამოძიება ამ საქმეზე 2021 წლის 28 სექტემბერს დაწყებულა, როცა ქალს 112-ში დაურეკავს და უთქვამს: „მეუღლე მახრჩობს“.
„…მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 28 სექტემბერს ი. ჯ–სას 112-ში შესული შეტყობინება, რომ „მეუღლე ახრჩობდა“, რაც მან ასევე დაადასტურა გამოკითხვისას. სხვა მტკიცებულებები კი მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ ,,ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა.
დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად უნდა შეფასდეს“.
მოცემულ შემთხვევაში შეტყობინების ინიციატორმა ი. ჯ–მ, რომელიც გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, გამოძიების დაწყების შემდეგ აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიაწოდა ინფორმაცია ძალადობის ფაქტის შესახებ, ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს არ მიაწოდა ჯ. ზ–ის მამხილებელი ინფორმაცია, რაც ძალიან ჰგავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ქცევას,“ – მიუწერია პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.
„დაზარალებულმა ი. ჯ–სამ [მეუღლემ] და მოწმე ე. ზ–მა [დედამ] უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა და მოწმემ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ჯ. ზ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
საქმეში წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა ქალის სხეულზე დაზიანებები, თუმცა უზენაესი სასამართლო აღნიშნავს:
„მართალია, ზემოაღნიშნული დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ი. ჯ–სამ მიიღო ჯ. ზ.–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად და რომ მან აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, წარმოდგენილი არ არის, თვითონ დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
პროკურორ აკაკი მოქერიას საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
საქმე მერვე: კიდევ ერთი გამამართლებელი მოძალადე, როცა ექსპერტიზა ადასტურებდა სხეულზე დაზიანებას
ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია ა.ხ.-ც, რომელსაც მეუღლის მიმართ მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავებოდა გამოძიება.
საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოსთვის გამომძიებელს უთქვამს, რომ სამსახურში იყო, როცა ოჯახში ძალადობის შესახებ პოლიციაში შეტყობინება შევიდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ქალმა უთხრა, რომ მეუღლემ მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე, სხვადასხვა დროს იძალადა და დაემუქრა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ა. ხ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა. „ა. ხ-ს მიერ შ. გ-ს მიმართ შესაძლო ძალადობისა და მუქარის ჩადენაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი. ასევე ფაქტის უშუალო შემსწრე პირს არ წარმოადგენს ა. ხ-სა და დაზარალებულის მეზობელი – მოწმე მ. გ“ – აღნიშნულია განჩინებაში.
ამ საქმეშიც იყო წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რაც სხეულზე დაზიანებას ადასტურებდა.
„რაც შეეხება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №… დასკვნას, მართალია აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ შ. გ-ს სხეულზე აღენიშნება ფიზიკური დაზიანება, მაგრამ რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანება – ა. ხ-ს ძალადობრივი მოქმედებით თუ სხვა ვითარებაში, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
საქმე მეცხრე: „აიძულებდა მეუღლეს შვილის ეზოში ჩაყვანას, ხელში ჭერასა და ყურძნის კრეფის ყურებას...“
ეს აჭარაში, ერთ-ერთი სოფელში მომხდარი ამბავია. პროკურატურის ვერსიით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი ეს ბრალდებული:
„…ლანძღვა-გინებით, დამამცირებელი და უწმაწური სიტყვების გამოყენებით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას სიტყვიერად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს – რ. დ-ს, რამაც მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, ხოლო 2019 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მთვრალმა ი. თ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს – რ. დ-ს ფეხები დაარტყა ფეხის არეში, აგრეთვე ხელები – თავსა და სახის არეში.
ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მთვრალი ი. თ-ე, ფიზიკური ზემოქმედებით, მისივე ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა მეუღლეს – რ. დ-ს არასრულწლოვანი შვილის – რ. დ-ს ეზოში ჩაყვანას, ხელში ჭერასა და ყურძნის კრეფის ყურებას,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნია, როგორც ოჯახში ძალადობის, ისე მუქარის და იძულების ნაწილში.
ამ შემთხვევაშიც ქალმა დუმილი არჩია, დაზარალებულად ცნობილი ქალის დედას კი, სასამართლოსთვის უთქვამს, რომ „არასდროს შესწრებია სიძის – ი. თ.-ს მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.“
რაც შეეხება გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, დაზარალებული ქალის დედამ თქვა, რომ „არ ახსოვს, რა ჩვენება მისცა გამომძიებელს.“
ამ საქმეშიცაა დაზარალებული ქალის სხეულის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც, „რ. დ-ს სხეულზე, კერძოდ კი, ზურგის მიდამოში აღენიშნებოდა მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევები, მარჯვენა ფეხზე მუხლის ქვემოთ და მარჯვენა ხელზე – მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევა. სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა ასევე სახის მარჯვენა მხარეს, ლოყაზე.“
„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხეულის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ რ. დ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, თუმცა ისინი მიჩნეული ვერ იქნება ი. თ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნისა და ოქმის საფუძველზე შესაძლებელია დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობის, მათი რაოდენობის, სიმძიმისა და ლოკალიზაციის, მაგრამ არა ამ დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენა.
საქმეში კი წარმოდგენილი არ არის სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და სხეულის დათვალიერების ოქმში მითითებული დაზიანებები რ. დ-მ ი. თ-ს მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
უზენაესმა სასამართლომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის, რამაზ შანიძის ეს საკასაციო საჩივარიც განუხილველი დატოვა.
___
„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.