მთავარი,სიახლეები

მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა სააპელაციოშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა სახურავზე

21.12.2021
მოქალაქემ ბათუმის მერიას დავა სააპელაციოშიც მოუგო – „ბილაინის“ ანტენა სახურავზე

ბათუმის მერიის მეზობლად მცხოვრებმა ნანა ბერიძემ მერიას სასამართლო დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

დავის საგანი კომპანია „ვიონი საქართველოს“ [ბილაინი] ანტენაა, რომელიც იმ კორპუსის სახურავზეა განთავსებული, სადაც ნანა ბერიძე ცხოვრობს. კომპანიამ ფარნავაზ მეფის 77-ში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები მესაკუთრისგან ბინა იქირავა და სახურავზე ანტენა დაამონტაჟა.

ნანა ბერიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა ბათუმის მერიისგან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე: როგორ დამონტაჟდა ანტენა კანონიერად, როცა დანარჩენი მესაკუთრეები თანახმა არ იყვნენ?

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ გაცემული ნებართვა, რომლითაც ანტენა კორპუსის სახურავზე დაამონტაჟეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი, დღეს, 21 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ბათუმის მერია სასამართლოში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ანტენის კორპუსის სახურავზე განთავსება პირველი კლასის მშენებლობა იყო და მას ამხანაგობის თანხმობა არ სჭირდებოდა.

„მაგრამ კანონის მიხედვით 100 პროცენტის თანხმობაა საჭირო, რაც მერიამ არ გაითვალისწინა,“ – განმარტავს იურისტი ზვიად სურმანიძე, რომელიც სასამართლოში მოქალაქე ნანა ბერიძის ინტერესებს იცავს. ის „მავნე და ცუდ პრაქტიკად“ აფასებს მერიის და, ზოგადად, სახელმწიფო უწყებების მიდგომას, რომელიც ბოლომდე მიჰყვება პროცესს, როცა მოგების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.

„ეს მავნე და ცუდი პრაქტიკაა, როცა ბოლომდე მიჰყვებიან პროცესს მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი არ არსებობს. პროკურატურასაც იგივე მიდგომა აქვს. გასაჩივრება გასაჩივრებისთვის ხომ არ უნდა იყოს?“ – კითხულობს იურისტი და ხაზს უსვამს იმას, რომ ამგვარი მიდგომით მერია ხარჯავს დროს, რესურსს იმ მოცემულობაში, როცა ვიცით, რომ სასამართლოს გადატვირთულობაც პრობლემაა.

გაასაჩივრებს თუ არა უზენაეს სასამართლოში ბათუმის მერია სააპელაციოს გადაწყვეტილებას მოქალაქის წინააღმდეგ, როგორც, მაგალითად, ეს მუსლიმი თემის წინააღმდეგ გააკეთა ასევე სააპელაციოში საქმის წაგების შემდეგ – ბათუმის მერიაში გვიპასუხეს, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წერილობით ჩაიბარებენ.

იურისტი ზვიად სურმანიძე განმარტავს, რომ აღსრულება საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა მოახდინოს ანტენის დემონტაჟი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: