გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა შეაჩერა და კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა.
„ამბასადორმა“ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით/ანგარიშით 2023 წლის 29 მაისს მიმართა, თუმცა, „წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები“, – მიწერეს კომპანიას სააგენტოდან.
წერილში აღნიშნულია, რომ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობას, რომლის ფართობი შეადგენს 108.5 ჰექტარს…
დაგეგმილი საქმიანობა კი, ასევე, წარმოადგენს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ ისეთ საქმიანობებს, რაც მოიცავს: „ზღვის ფართობის ათვისება, ხელოვნური კუნძულის, ნახევარკუნძულის და ა. შ. შექმნა“; „10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი“; ასევე „საზღვაო ნავსადგურისა და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომლის საპროექტო განაშენიანების ფართობი 1 ჰექტარზე მეტია“.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზუსტებას საჭიროებს სკოპინგის განცხადების წარმოდგენის საფუძველი. ასევე, დაგეგმილი საქმიანობის დასახელება თანხვედრაში უნდა იყოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებულ საქმიანობებთან“, – წერს სააგენტო კომპანიას.
ამავე წერილის მიხედვით:
- სკოპინგის ანგარიშით, კუნძულის მოწყობა გათვალისწინებულია შავი ზღვის აკვატორიაში 108,5 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე, ასევე დოკუმენტში მითითებულია, რომ საპროექტო არეალის საერთო ფართობია 144,32 ჰექტარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებული უნდა იქნეს 144,32 ჰექტარი ტერიტორიის ათვისების საჭიროება;
- shp ფაილებში ასახულია მხოლოდ 144,32 ჰექტარი ტერიტორიის პოლიგონი. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური კუნძულის და ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის მოწყობა, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნეს უშუალოდ საპროექტო კუნძულის და ნახევარკუნძულების shp ფაილები;
- სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ნახევარკუნძულების და კუნძულის ზღვის ტალღების ზემოქმედებისგან დასაცავად, გათვალისწინებულია 3 დამცავი მოლის მოწყობა. აღნიშნული მოლები ასახული უნდა იყოს shp ფაილებში.“
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო სკოპინგის დასკვნის გაცემის მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული საკითხების გათვალისწინებით, განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.“ – აღნიშნულია „ამბასადორისთვის“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გაგზავნილ წერილში.
განახლება: „ამბასადორმა“ შენიშვნების გათვალისწინებით კორექტირებული სკოპინგის ანგარიში ხელახლა სააგენტოს 21 ივნისს წარუდგინა. სააგენტოს ინფორმაციით: „წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).“
ამასთან, განახლებული სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჩანიშნულია 2023 წლის 13 ივლისს, 13:00 საათზე, ბათუმის მერიის შენობაში.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოები კომპანიას „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობით დაწყებული აქვს, რომელიც, პროექტის მიხედვით, შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძული იქნება [უშუალოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის გზშ-ს მომზადების პროცედურა კი, კომპანიამ ახლა დაიწყო, რაც მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელია].
ხელოვნური კუნძულის პროექტი მთლიანად გააქრობს ბარცხანის პლაჟს. ფაქტობრივად, ეს პლაჟი უკვე აღარც არსებობს – „ამბასადორმა“ ლოდები და სხვა ინერტული მასალა აქ უკვე შეიტანა.
„ამბასადორის“ სკოპინგის ანგარიშისა და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე: