ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 96-მდე გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით, ჩამონათვალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა უკვე დღეიდან [2023 წლის 12 სექტემბრიდან] შეუძლიათ.

აღნიშნულ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნების [მათ შორის რუსეთის ფედერაციის] მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, გარდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა.

მთავრობის დადგენილებით:

  • „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის  ვადით  ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის“.

განახლება: რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, მათ ჰქონდათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის  ვადით  ყოფნის უფლება. უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით ვადის ჯერ 2 წლამდე, შემდეგ კი 3 წლამდე გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო. 2025 წლის 2 აპრილის დადგენილებით კი, „ოცნების“ მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის 3-წლიანი ვადა ისევ 1 წლამდე შეამცირა.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 5 ივნისს დაამტკიცა.

მაშინ ჩამონათვალში ჯამში სულ 94 ქვეყანა და ტერიტორია იყო, რომელსაც 2017 წელს – იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, 2023 წელს კი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.

ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ
  1. ავსტრალიის თანამეგობრობა
  2. ავსტრიის რესპუბლიკა
  3. აზერბაიჯანის რესპუბლიკა
  4. ალბანეთის რესპუბლიკა
  5. ამერიკის შეერთებული შტატები
  6. ანდორის სამთავრო
  7. ანტიგუა და ბარბუდა
  8. არაბთა გაერთიანებული საამიროები
  9. არგენტინის რესპუბლიკა
  10. ახალი ზელანდია
  11. ბარბადოსი
  12. ბაჰრეინის სამეფო
  13. ბაჰამის თანამეგობრობა
  14. ბელარუსის რესპუბლიკა
  15. ბელგიის სამეფო
  16. ბელიზი
  17. ბოსნია და ჰერცეგოვინა
  18. ბოტსვანის რესპუბლიკა
  19. ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა
  20. ბრუნეი-დარუსალამი
  21. ბულგარეთის რესპუბლიკა
  22. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
  23. დანიის სამეფო
  24. დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია
  25. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
  26. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი
  27. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი
  28. დომინიკის რესპუბლიკა
  29. ელ-სალვადორი
  30. ეკვადორის რესპუბლიკა
  31. ესპანეთის სამეფო
  32. ესტონეთის რესპუბლიკა
  33. თურქეთის რესპუბლიკა
  34. თურქმენეთი
  35. იაპონია
  36. ირლანდიის რესპუბლიკა
  37. ისლანდია
  38. ისრაელის სახელმწიფო
  39. იტალიის რესპუბლიკა
  40. კანადა
  41. კატარის სახელმწიფო
  42. კვიპროსის რესპუბლიკა
  43. კოლუმბიის რესპუბლიკა
  44. კორეის რესპუბლიკა
  45. კოსტა-რიკის რესპუბლიკა
  46. ლატვიის რესპუბლიკა
  47. ლიტვის რესპუბლიკა
  48. ლიბანის რესპუბლიკა
  49. ლიხტენშტაინის სამთავრო
  50. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
  51. მავრიკის რესპუბლიკა
  52. მალაიზია
  53. მალტის რესპუბლიკა
  54. მექსიკის შეერთებული შტატები
  55. მონაკოს სამთავრო
  56. მოლდოვის რესპუბლიკა
  57. მონტენეგრო
  58. ნიდერლანდების სამეფო
  59. ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები
  60. ნორვეგიის სამეფო
  61. ომანის სასულთნო
  62. პანამის რესპუბლიკა
  63. პოლონეთის რესპუბლიკა
  64. პორტუგალიის რესპუბლიკა
  65. რუმინეთი
  66. რუსეთის ფედერაცია
  67. საბერძნეთის რესპუბლიკა
  68. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
  69. სან-მარინოს რესპუბლიკა
  70. საუდის არაბეთის სამეფო
  71. საფრანგეთის რესპუბლიკა
  72. საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია
  73. სეიშელის კუნძულები
  74. სენტ-ვისენტი და გრენადინები
  75. სერბეთის რესპუბლიკა
  76. სინგაპურის რესპუბლიკა
  77. სლოვაკეთის რესპუბლიკა
  78. სლოვენიის რესპუბლიკა
  79. სომხეთის რესპუბლიკა
  80. ტაილანდის სამეფო
  81. ტაჯიკეთის რესპუბლიკა
  82. უზბეკეთის რესპუბლიკა
  83. უკრაინა
  84. უნგრეთი
  85. ფინეთის რესპუბლიკა
  86. ქუვეითის სახელმწიფო
  87. ყირგიზეთის რესპუბლიკა
  88. ყაზახეთის რესპუბლიკა
  89. შვედეთის სამეფო
  90. შვეიცარიის კონფედერაცია
  91. ჩეხეთის რესპუბლიკა
  92. წმინდა საყდარი
  93. ხორვატიის რესპუბლიკა
  94. ჰონდურასის რესპუბლიკა
  95. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო
  96. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

მთავრობის დადგენილებით:

„მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის  ვადით  ყოფნის უფლება [გარდა ჩინეთისა, რაც ზემოთ აღვნიშნეთ].

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
  • ლიხტენშტაინის სამთავროს მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
  • შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
  • საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის – ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს.
  • უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში“.

50 სოციალურად დაუცველ ბავშვს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი სჭირდება – აქცია

სოციალურად დაუცველი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ბათუმში მოქმედი დღის ცენტრი სასკოლო ნივთების შესაძენად თანხას აგროვებს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, თეონა აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ დროისთვის აქციის ფარგლებში მხოლოდ 700 ლარის შეგროვება შეძლეს, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი ყველა ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

დახმარება სულ 50 ბავშვს სჭირდება.

„ჩვენ გვყავს დღის ცენტრში მიუსაფარი ბავშვები. აქედან უმეტესობა არის ეთნიკური უმცირესობა, რომლებსაც არასდროს უსწავლიათ სკოლაში და წელს პირველად წავლენ. ასეთი გვყავს შვიდი ბავშვი.

ამ ნაწილში ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, რადგან ამ ბავშვებს არა მარტო სასკოლო ნივთები, არამედ ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც სჭირდებათ. ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან, ზოგი 12 წლისაა, ზოგი – ცხრა და ათის.

ჩვენი ძალებით ამ დროისთვის მხოლოდ 6 ბავშვისთვის მოვახერხეთ სასკოლო ნივთების შეძენა, სხვა ბავშვებისთვის კი, ფიზიკურად აღარ გვაქვს ფინანსები“ – ამბობს თეონა აბაშიძე.

მისი თქმით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია  მარჩენალდაკარგული 15 ბავშვი.

„ექვსი ბავშვი გვყავს ძალადობის მსხვერპლი ქალების, რომლებიც ახალი წამოსული არიან ოჯახებიდან და ზოგმაც ახლა დატოვა თავშესაფარი. ამიტომ მათი მხარდაჭერა ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ გაძლიერება და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ზოგიერთმა ძლივს იქირავა ბინა და ბავშვების სასკოლოდ მომზადებას ვეღარ ახერხებენ. სასამართლო პროცესებიც ახლა მიმდინარეობს და შესაბამისად, ბავშვებს არც ალიმენტი აქვთ დანიშნული, ამიტომ ფინანსურად ამ ქალებს ძალიან უჭირთ“ – გვეუბნება თეონა.

თეონა აბაშიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ თქვენი წვლილი შეიტანოთ 50 ბავშვის სასკოლოდ მომზადებაში, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი: GE55BG0000000588221400

თიბისი ბანკი: GE93TB7990736080100004

როგორც თეონა ამბობს, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ თავად შეუძინოს რომელიმე ბავშვს ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, დეტალები შეუძლია დააზუსტოს დღის ცენტრში [ბათუმი, ზუბალშვილის 31].

„ბავშვების უმეტესობა გოგოა და მათი ასაკი 6 წლიდან 15 წლის ჩათვლითაა“ – ამბობს თეონა აბაშიძე.

ციხეში გარდაიცვალა „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსი

ციხეში სასჯელის მოხდის დროს მსჯავრდებული ვლადიმერ [დავით] მიქელაძე გარდაიცვალა. ის „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორი იყო და სკანდალური „520 ათასი ლარის მითვისების“ საქმის გამო გაასამართლეს.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ „ბათუმელებს“ ადვოკატმა დაუდასტურა. ადვოკატის თქმით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ის 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

ვლადიმერ [დავითი] მიქელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 2023 წლის 6 ივლისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შპს „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

ვლადიმერ მიქელაძე „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში. მას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებას ედავებოდა სხვადასხვა სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულთან ერთად. მოსამართლემ მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილში არ ცნო ვლადიმერ მიქელაძე დამნაშავედ.

ვლადიმერ მიქელაძემ სასამართლო პროცესზე ამხილა ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას, თავისივე შეფასებით „ჯგუფურად ჩადენილი“ დანაშაულისთვის, ვლადიმერ მიქელაძის გარდა სხვა არავინ დაუსჯია.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ვლადიმერ მიქელაძემ თქვა, რომ 520 ათასი ლარიდან ჯამში 288 ათასი ლარი ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ხელზე გადასცა. ასევე პროკურატურამ ჯუმბერ ვარდმანიძეს კითხვები დაუსვა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებითაც. ამ ინფორმაციების გასაჯაროების შემდეგ ვარდმანიძემ  თანამდებობა დატოვა – ის აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.

მოწმეების თქმით, ორგანიზაციაში ფიქციურად იყო დასაქმებული ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახაბერ ფუტკარაძის შვილიც, ისევე როგორც ათეულობით სხვა ადამიანი. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ თანამდებობა დატოვა კახაბერ ფუტკარაძემაც.

ამ თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

აჭარაში ანტენატალური მეთვალყურეობის ტელემედიცინის სერვისები დაინერგება

აჭარის რეგიონში  ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომები – ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისები დაინერგება. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად ახორციელებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ პროექტი რეგიონში რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ტარდება და ის მოიცავს ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულებით სერვისების მისაწოდებლად ისეთი ინოვაციური მეთოდების დანერგვას, როგორიცაა: ტელემედიცინა და ციფრული მედიცინა.

მინისტრის თქმით, ამ საკითხებზე აჭარაში ანტენატალური სერვისის ყველა მიმწოდებელი/პროვაიდერი გადამზადდება.

„ანტენატალური მეთვალყურეობის მიმწოდებელ პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ რჩევა, კონსულტაცია, გაცილებით უფრო გამოცდილი ექსპერტებისგან იმ დროს, როდესაც შედარებით უფრო გართულებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. ეს იქნება ონლაინ პლატფორმა. სერვისის მიმწოდებლებს, განსაკუთრებით რაიონებსა და სოფლებში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ კონსულტაცია მიიღონ გაცილებით უფრო გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კოლეგისგან და უფრო ხარისხიანი გახადონ ანტენატალური მეთვალყურეობა ქალებისთვის“ – ამბობს ლელა ბაქრაძე, UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

„თანამშრომლობა აგრეთვე მოიაზრებს შშმ ქალბატონებისთვის სპეციალური სერვისის მიწოდებაში მხარდაჭერას, რასაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ, როგორც სახელმწიფო პოლიკლინიკაში, ასევე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამომავლოდ“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია:

  • ელექტრონული ჯანდაცვის მომსახურებათა გაფართოება ონლაინ სპეციალისტთა ქსელის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს სოფლის/მუნიციპალიტეტის დონეზე ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულებით ტელეკონსულტაცია გაუწიონ ორსულობის რთული შემთხვევების მქონე პაციენტებს, სამედიცინო მომსახურების ოპტიმიზაციისა და არასაჭირო პროცედურებისა და რისკების შემცირების მიზნით.
  • ელექტრონული აპლიკაციის დანერგვა, განსაკუთრებით სოფლის ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიანი მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით.
  • ონლაინ რეგისტრაციის მოდულის დანერგვა, რომელიც წარმოადგენს ანტენატალური მეთვალყურეობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემას.
  • ორსულთათვის ელექტრონული წიგნის შემუშავება და პოპულარიზაცია, ორსულობის მიმდინარეობის, შესაძლო გართულებებისა და ახალშობილთა მოვლის შესახებ.
  • აჭარაში სამშობიარო სახლების/განყოფილებების ბაზაზე არსებული მშობელთა სკოლებისთვის სტანდარტიზებული ელექტრონული მოდულების დანერგვა.
  • პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობების კვლევა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მათ შორის პროექტებისა, რომლებიც ემსახურება რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე დაფუძნებულ და ხარისხიან მომსახურებებზე შშმ ქალთა წვდომის ხელშეწყობას.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია „ახლა“ ბათუმის ფესტივალზე

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია „ახლა“ აგრძელებს ბათუმის ფესტივალთან თანამშრომლობას და მის მასშტაბურ ღონისძიებებზე არის წარმოდგენილი.

ფესტივალზე კამპანიამ „ახლა“ არაერთი აქტივობით გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ. შეკრებილ საზოგადოებას იმ სიკეთეებზე ესაუბრა,  რასაც ქართული ოჯახები ევროკავშირში გაწევრებით მიიღებენ, ასევე აჩვენა ის მაგალითები, თუ რამდენად სწრაფად და თვალსაჩინოდ შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ ევროკავშირს.

კამპანიის მხარდამჭერები ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას იმაზეც ესაუბრებიან, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობის ურყევ მისწრაფებად რჩება და მნიშვნელოვანია მოვთხოვოთ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ქმედითი ნაბიჯები და რეფორმები ახლა.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის კუთხის სტუმრობით ბათუმის ფესტივალის ვიზიტორ ყველა ასაკის ადამიანს შესაძლებლობა აქვს ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ღირებულებების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს, ისაუბროს იმაზე, თუ რამდენად მნიშნელოვანია ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდეს რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ამასთან ერთად ითამაშოს შემეცნებითი სამაგიდო თამაში საქართველოს ევროპული ისტორიის შესახებ.

კამპანიის „ახლა“ შესახებ:

კამპანია “ახლა“ კოალიცია ინფორმაციის სანდოობის ორგანიზებით აპრილის თვეში დაიწყო და ის წარმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი ღონისძიებები, აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და საინფორმაციო პლატფორმით შესაძლებლობას აძლევს საკუთარი შვილების მომავლისთვის, ძლიერი ოჯახებისთვის, მოსთხოვონ ხელისუფლებას ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა, არ დაკარგოს დრო და მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

კამპანია „ახლა“, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით დაიწყო. მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არაერთ პარტნიორთან ერთად, კამპანია სხვადასხვა არხებისა და ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით გაიშლება. 

ახლა მოქმედების დროა! მოითხოვე რეფორმები დაპირებების ნაცვლად!


მასალა მომზადებულია „კოალიცია ინფორმაციის სანდოობის“ პროგრამასთან პარტნიორობით. პროექტს ახორციელებს Zinc Network. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს ორგანიზაციის შეხედულებებს.

სასამართლოს 9 წელია არ დაუსრულებია საქმის განხილვა „შუახევი ჰესზე“ – საია

„საია უკვე წლებია იცავს იმ ადგილობრივების ინტერესებს სასამართლოში, რომლებმაც დაიწყეს სასამართლოში დავა ჰესის მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებით. დავის დაწყებიდან დღემდე გასულია 9 წელი და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საქმის განხილვა სასამართლოში,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ დღეს, 12 სექტემბერს „შუახევი ჰესის“ შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში 2013 წელს გაცემული ნებართვა გაასაჩივრა, რაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა შუახევის და ხულოს ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის [სხალთა ჰესისა და შუახევიჰესის] მშენებლობაზე.

„საიას სამართლებრივი პოზიცია ნებართვის უკანონობასთან დაკავშირებით ეფუძნება ნებართვის გაცემის პროცესში როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, ასევე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაღალ რისკებს. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროისათვის არ იყო ჩატარებული ის კვლევები, რომლებიც აუცილებელია მსგავსი საფრთხის შემცველი ობიექტის მშენებლობისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ დავის პროცესშივე, ექსპლუატაციიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ობიექტის ნაწილი ჩამოინგრა.

ამის მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მიერ წარდგენილი დასკვნა, ამასთან, უარი განაცხადა პროცესზე ექსპერტის დაკითხვაზე და საბოლოოდ, 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 თვის შემდეგაც არ ჩაბარებია მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, დროულად მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს „კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ჰესის ამჟამინდელი მდგომარეობა და მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის მძიმე შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ჰესის ამ პირობებში ფუნქციონირებას“.

საია ამ განცხადებით „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმაურება „შუახევი ჰესთან“ დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ შუახევის მერის მოადგილე, გურამ ზოიძე მზადაა, ყოველგვარი მოკვლევის გარეშე ის უთხრას ჟურნალისტს ჰესთან დაკავშირებულ საფრთხეზე, რასაც დაავალებენ. სიუჟეტის მიხედვით, მას თითქოს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ჟურნალისტი დარეკავს ჰესთან დაკავშირებით, მან კი უნდა გამოიყენოს ფრაზა: „კარსტულ-კატაკომბური ბეტონით აშენებულია და ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს“. შუახევის მერის მოადგილე ზუსტად ამ ფრაზას იმეორებს, როცა მას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ურეკავს.

რა რეაგირება მოჰყვა ამ სიუჟეტს შუახევის მერიაში და რა ინფორმაცია აქვთ მერიაში ჰესთან დაკავშირებით? – „ბათუმელებს“ შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ არ უპასუხა. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არც შუახევის მერის პრესცენტრში უპასუხეს.

_________________

ფოტოზე: დიდაჭარის კაშხლის ერთ-ერთი მონაკვეთი, საიდანაც წყალი ჟონავს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

ამ თემაზე:

არის უსაფრთხო დიდაჭარის კაშხალი? – რას პასუხობს სახელმწიფო „შუახევი ჰესზე“ დასმულ კითხვებს

კვირიკეს მთებში ახალი ტურისტული ობიექტი – „შალე კვირიკე“ გაიხსნა

აჭარა შავი ზღვის პლიაჟებითა და კულინარიით არის ცნობილი, თუმცა ეს რეგიონი უნიკალურია მისი მთიანი რელიეფის ღირსშესანიშნაობებით. ალბათ ხშირად მოგისმენიათ, რომ აჭარაში ყველაფერია – ზღვა, მთა, ისტორია, ტურისტებით სავსე ქალაქი, კულინარია…

ჩვენი მიზანია დამსვენებლებს ყველგან და ყოველთვის კომფორტული, მათზე მორგებული სივრცეები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ბარში მულტიფუნქციური კომპლექსის – „შატო კვირიკეს“ სახით ვართ წარმოდგენილები, ხოლო მთაში ახალ სივრცეს, შალეს ტიპის კომპლექსს – „შალე კვირიკეს“ გთავაზობთ.

შალე კვირიკე
შალე კვირიკე

შალე კვირიკე რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე – ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროდან კი 12 კილომეტრში მდებარეობს. „შალე კვირიკე“ აერთიანებს რესტორანსა და 20 კოტეჯს – პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ხშირად, დაბლობებსა თუ სანაპიროს ღრუბლები ფარავს და ხედები კიდევ უფრო ზღაპრული ხდება. „შალე კვირიკეში“ გატარებული თითოეული წამი ერთგვარი ღრუბლებში მოგზაურობაა.

სიმბოლურად, თითოეულ კოტეჯს საქართველოს მწვერვალების სახელები დავარქვით – ასე მათ უფრო უნიკალურს ვხდით და შემეცნებით მნიშვნელობვას ვანიჭებთ უცხოელი დამსვენებლებისთვის.

კომპლექსის გზაზე მდებარეობს კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია – ისტორიული წყარო, იქვეა კვირიკეს მთის მცველის ძეგლი, ასევე საუკუნოვანი ტყე და ხის უნიკალური ჯიშები – მათ შორის ცნობილი „უთხოვარი“. ასე რომ, საინტერესო და დაუვიწყარია არამხოლოდ „შალე კვირიკეში“ გატარებული დრო, არამედ კომპლექსისკენ მიმავალი გზაც.

„შალე კვირიკე“ უკვე მზად არის დამსვენებლების მისაღებად, ასე რომ, მოემზადეთ ღრუბლებში სამოგზაუროდ.

ქობულეთში ძველი მეჩეთი დანგრევის პირასაა – რას ამბობენ მერიაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში ქვით ნაშენი მეჩეთი ინგრევა. შენობა დახავსებული და დაზიანებულია, არ აქვს ფანჯრები, სახურავი, რის გამოც კედლებს წყალი რეცხავს. მეჩეთში ჯერ კიდევ შემორჩენილია კედლის მხატვრობა და ორნამენტები.

მეჩეთის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მეჩეთი სოფელში მე-20 საუკუნის 10-იან წლებში აუგიათ.

მეჩეთის მოხატულობის ფრაგმენტები

ლიკა ლაზიშვილი რელიგიის კვლევების მაგისტრია. ის ამავე სოფელში ცხოვრობს და მეჩეთის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრა.

„მეჩეთს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამიტომ შენობა დღითიდღე კარგავს იერ-სახეს.

მიუხედავად იმისა, რომ კედლები საკმაოდ დაზიანებულია და მცენარეებითაა დაფარული, შეუიარაღებელი თვალითაც აღიქმება კედლის მოხატულობა.

ამ საკმაოდ დიდ შენობას, რომელიც მაღალი ქვის მასიურ ფუნდამენტზე დგას, მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს, ოვალური კარის ღიობით და სავარაუდოდ, შესასვლელშივე იყო ხის აივანი განლაგებული, რომელიც დიდ სამლოცველო დარბაზს გადაჰყურებდა.

დარბაზი, სავარაუდოდ, ასამდე მომლოცველს იტევდა“, – გვითხრა ლიკა ლაზიშვილმა.

მეჩეთის დაზიანებული ბარელიეფი

მისი თქმით, სოფელში ამ დროისთვის 1400-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქედან ნაწილი აღიარებს ისლამს. თუმცა მუსლიმებს არ აქვთ შესაძლებლობა, აღადგინონ ისტორიული მეჩეთი და იძულებული არიან, მსახურება სახლებში აღასრულონ.

„სოფელში ადრე სხვა მეჩეთიც იდგა, რომელიც საბჭოთა პერიოდში სკოლად გადააკეთეს, თუმცა ის დაიწვა. სოფლის მცხოვრებების ნაწილი ამბობდა, რომ მიზანმიმართულად დაწვეს“- ამბობს ლიკა ლაზიშვილი.

„ბათუმელები“ ქობულეთის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ აქვთ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული წყავროკის მეჩეთის რეაბილიტაციისთვის წელს ან სამომავლოდ.

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ მეჩეთის რეაბილიტაციის თანხები არც მიმდინარე ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც სამომავლოდ იგეგმება რაიმე.

„მეჩეთის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ, უბრალოდ, საკულტო ნაგებობების რეაბილიტაცია არ განგვიხორციელებია არასდროს. თუმცა ამ ეტაპზე არც მომართვა ყოფილა და არც მუფთსა და მერს შორის ყოფილა ამ საკითხზე საუბარი.

თუ სამომავლოდ იქნება მომართვა, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“ – გვეუბნებიან ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.

უკრაინული ძალები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში დაწინაურდნენ – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო, 11 სექტემბრის ანგარიშში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში და გავრცელებული ინფორმაციით, დაწინაურდნენ ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში.

ISW-ი ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს 2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ბახმუტის მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში და მიაღწიეს კლიშჩიივკას (ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 6 კმ) და ანდრიივკას (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 9 კმ) მახლობლად.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში 4,8 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს ტავრიისკის ოპერატიული მიმართულებით, რობოტინის სამხრეთით (ორიხივიდან სამხრეთით 10 კმ) და ვერბოვეს დასავლეთით (20 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით).

ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ „როსგვარდია“ შესაძლოა ცდილობდეს ადრე დაპატიმრებული ყოფილი „ვაგნერელების“ გადაბირებას, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაემორჩილებიან „ვაგნერის“ ამჟამად არსებულ შემადგენლობას და გააძლიერებენ რუსეთის შიდა უსაფრთხოების აპარატს.

ISW-ი მიუთითებს რუსული ოპოზიციური გამოცემა iStories-ის 11 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც „ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლების ნათესავებმა თქვეს, რომ მათმა ზოგიერთმა ნათესავმა მიიღო „როსგვარდიაში“ სამსახურის შეთავაზება ტესტებისა და სერტიფიკატების შემდეგ.

ISW-ი მიიჩნევს, რომ „როსგვარდია“ შესაძლოა იწვევდეს „ვაგნერის“ ყოფილ მებრძოლებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თავისი ძალები ან პირდაპირი კონტროლი განახორციელოს ყოფილ ვაგნერელებზე აჯანყების შემდეგ შიდა უსაფრთხოებისთვის.

ISW-ი ასევე წერს, რომ რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეტევითი ოპერაციები კუპიანსკი-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან ახლოს, ავდიივკა-დონეცკის ქალაქის ხაზის გასწვრივ, დონეცკის აღმოსავლეთით ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო რაიონში, ასევე დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და 11 სექტემბერს დაწინაურდნენ ზოგიერთ რაიონში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 სექტემბრის 21 საათიდან 13 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 18– 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14 და 15 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

როდის დაიწყება დანგრეული სანაპიროს ლითონის ხიმინჯებით გამაგრება, რაშიც 15,6 მილიონი იხარჯება

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიანი ზოლი ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] უნდა გაამაგრონ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზას“ მერიის სამმართველომ ავანსად 4,6 მილიონი ლარი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გადაურიცხა. თუმცა, ტერიტორიაზე სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის.

შტორმის დროს დანგრეული სანაპირო ზოლი აქ ხრეშის ხელოვნურად შეტანის შემდეგ / 10.09.2023

ამავე ტენდერის ფარგლებში უნდა აღადგინონ სანაპიროზე სასეირნო ბილიკიც და ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულება ჯამში 15 658 999 ლარზეა გაფორმებული.

შტორმის დროს დაზიანებული სანაპირო ზოლი ახალ ბულვარში / 10.09.2023

„ამ ეტაპზე კომპანია ახორციელებს წინამოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ ლითონის ხიმინჯების [შპუნტების] შესყიდვა-მოწოდება-ადგილზე დამუშავებას. სექტემბრის ბოლოსთვის განხორციელდება დამუშავებული შპუნტების სამონტაჟო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის დეკემბრის თვე“, – მოგვწერეს დღეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.

შტორმის დროს დანგრეული სანაპირო ზოლი ახალ ბულვარში, აქ ხრეშის ხელოვნურად შეტანის შემდეგ / 10.09.2023

მერიის სამმართველოსა და კომპანია „გზას“ შორის ხელშეკრულება 2023 წლის 20 ივლისს დაიდო, მეორე დღეს კი, მომზადდა საავანსე სერტიფიკატი 4 697 699 ლარზე, რომელიც 2023 წლის 23 ივლისსაა დამოწმებული.

სწორედ 23 ივლისითაა დათარიღებული „ბანკი ქართუს“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიაც, ოღონდ 2,3 მილიონ ლარზე.

28 ივლისს კი, სამმართველომ კომპანია „გზას“ ავანსად 4,6 მილიონი ლარი გადაერიცხა.

შტორმის შემდეგ წარეცხილი და ხელოვნურად აღდგენილი პლაჟი ახალ ბულვართან სადაც ნაპირი ფოლადის ხიმინჯებით უნდა გაამაგრონ /10.09.2023

„რატომ გახდა საჭირო ავანსის გადარიცხვა? ამასთან, საბანკო გარანტია ავანსზე წარმოდგენილია მხოლოდ 2 348 855 ლარზე და არა ავანსად გაცემულ სრულ თანხაზე – 4 697 699 ლარზე, რატომ? – ეს კითხვები „ბათუმელებმა“ მერიის სამმართველოს დაუსვა.

სამმართველოდან პასუხად მოგვწერეს, რომ „ავანსის გაცემა განხორციელდა ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, კერძოდ VI მუხლის 6.6 პუნქტით“.

ხელშეკრულების ამ პუნქტში აღნიშნულია, რომ „ავანსის სახით წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის (თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში იდენტური თანხის 50%-ის ოდენობით) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის” მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში“.

„გზა“, როგორც „ბათუმელებმა“ გადაამოწმა, შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია. ამ სიაში კომპანია ბოლოს 2023 წლის მაისშია დარეგისტრირებული.

შტორმის შემდეგ წარეცხილი და ხელოვნურად აღდგენილი პლაჟი ახალ ბულვართან, სადაც ნაპირი ფოლადის ხიმინჯებით უნდა გაამაგრონ. ეს ხრეში აქ მდინარე ჭოროხის დელტადან ხელოვნურად შეიტანეს / 10.09.2023

„ვინაიდან შტორმის დროს პრომინადთან ერთად გარეგანათებაც დაზიანდა, მიმდინარე სეზონზე ეს ტერიტორია ჩაბნელებული რომ არ ყოფილიყო, დროებითი განათება მოვაწყვეთ. ეს განათება აქ იქნება მანამ, ვიდრე ქალაქის მერია სანაპირო ზოლს, გარეგანათების ჩათვლით არ აღადგენს. დროებითი განათება ჩვენი რესურსებით მოეწყო და დამატებითი ხარჯი არ გაგვიღია“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბულვარის ადმინისტრაციაში.

დროებითი განათება პალმების გაზონში / ახალი ბულვარი / 10.09.2023

„გზასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აღდგენილი სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ.

პროექტში არ არის გათვალისწინებული პლაჟზე ჩასასვლელები შშმ პირებისთვის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს, სადაც მიმდინარე წლის ივნისში გვითხრეს, რომ „მშენებლობის დროს შშმ პირებისთვის პლაჟზე ჩასასვლელი პანდუსების მოწყობა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“.

აღდგენილი სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად კიბეების მოწყობაა დაგეგმილი / ბათუმის ახალი ბულვარი / 10.09.2023

ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 15 831 978 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

ახალ ბულვართან ნაპირს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ, პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები იქნება

ბრილიანტების კონტრაბანდის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დავაკავეთ – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 029 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა ზომისა და ხარისხის დაწახნაგებული არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო უწყება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 269 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 4 568 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 8 778 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 5 872 ერთეული [+33]
  • MLRS – 764 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 515 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 645 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 413 ერთეული [+43]
  • სპეცტექნიკა – 881 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 248 ვერტმფრენი
  • 6 669 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 793 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 150 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 346 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 927 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული ძალები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში დაწინაურდნენ – ISW

გურიაში ღვარცოფულ მდინარეზე 3 ახალ ჰესს აშენებენ – „ჩუმად რატომ დაიწყეს?“

„როგორ დავიჯეროთ, რომ კარგი რამ კეთდება ხალხისთვის, როცა ჩვენ ამას გვიმალავენ?!“ – კითხულობს გურიაში, სოფელ გომში მცხოვრები გურამ ცომაია. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბჟუჟის ხეობაში  3 ახალი ჰესის აშენების წინააღმდეგია.

გურიაში შემთხვევით გაუგიათ, რომ ტყეში ახალი ჰესების მოსაწყობად გზა გაჰყავთ. ადგილზე მისულებს მძიმე ტექნიკა დახვდათ და მშენებლების პასუხი – „მემორანდუმი ოზურგეთის მერიასთანაა გაფორმებული, ყველა საჭირო ნებართვა გვაქვს“.

კონკრეტული დოკუმენტები მოსახლეობისთვის არც კომპანიას უჩვენებია და არც ოზურგეთის მერიას.

გაირკვა, რომ ჰესის ასაშენებლად გზა კი გაჰყავთ, მაგრამ ჰესის მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არსებობს. არც სეისმური, ჰიდროლოგიური ან სხვა სახის კვლევები ჩაუტარებია ჯერ ვინმეს, რაც ჰესის აშენებამდე უნდა ჩატარდეს.

„ეს სეისმურად საშიში ზონაა, ღვარცოფული მდინარე, რამდენჯერ ჩაკეტილა გომისმთისკენ მიმავალი გზა იმის გამო, რომ მეწყერი ჩამოწვა,“ – გვიყვება გურამ ცომაია, ვისთვისაც ახალი ჰესების აშენება ახლა – გურიის ტრაგედიის შემდეგ კიდევ უფრო ემოციური გახდა.

გურამ ცომაია ჩვენთან საუბარს იმაზე აქცენტით იწყებს, რომ ის და მისი თანასოფლელები ჰესების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ ამგვარად – მალულად და ნებართვის გაცემამდე წინმსწრებად დაწყებული პროცესი ეჭვს უჩენს, რომ კარგი არაფერი ხდება.

„ჩვენ პროგრესის წინააღმდეგი კი არ ვართ, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა გვითხრან, რას აშენებენ, როგორ აისახება ეს გარემოზე.რატომ უნდა ყოფილიყო დაფარული ეს პროცესი?!

მე რაც ვნახე, ვნახე ასწლოვანი ხე-ტყის გაჩეხა და დაზიანება. ჯერ ამაზე ვინ გასცა ნებართვა? ულამაზესი სოფელი გვაქვს და უზარმაზარი ტურისტული პოტენციალია აქ. პროფესიონალის შეფასების გარეშეც ჩანს ყველაფერი, რომ ეს საფრთხეა.

ჯერ ერთი, მოწყობილია უკვე „ბჟუჟჰესი“ და შეღავათი არაფერი გვაქვს. ჩვეულებრივად ვიხდით ჩვენ შუქის გადასახადს, როგორც სხვები.

დაახლოებით 120-მა კაცმა მოაწერა ხელი განცხადებას ახალი ჰესების წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად არ დაგვიფიქსირებია პოზიცია, კითხვა დავსვით, გვინდა თუ არა ჰესი? უმრავლესობამ თქვა, რომ ჰესი არ სურს. ბევრს ინფორმაცია არ აქვს, რა ხდება და რატომ ხდება,“ – გვითხრა გურამ ცომაიამ.

„ეს ჰესი, რაც შენდება, არის 1.9 მეგავატი სიმძლავრის, მცირე ჰესია,“ – ჰესის სიმძლავრეზე ამახვილებს ყურადღებას ზურაბ ბესელია, კომპანია „პარვუს ჯგუფის“ პროექტის ხელმძღვანელი. მას ვუთხარით გარემოსდამცველების ეჭვზე, რომ ჰესები მიზანმიმართულად დაანაწილეს სამ ნაწილად და პატარ-პატარა სიმძლავრეებად, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებას კომპანიამ თავი აარიდოს, მაგალითად, პროექტის საჯარო განხილვას.

„არაა ასე, სამ ლოკაციაზე გვაქვს, იმიტომ, რომ წყლის გასანაწილებლად დიდი ნაკადი არ აგვეღო, ასე გადაწყდა ტექნიკურად. როცა მცირე ჰესია, არ გვაქვს ვალდებულება კანონმდებლობით, რომ ჩვენ გავაკეთოთ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი ანუ გზშ,“ – გვითხრა ზურაბ ბესელიამ.

კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ კვლევის შედეგები ჯერ არ არსებობს და შესაბამისად, არც ჰესის მშენებლობის პროექტი.

რატომ გაჰყავთ მაშინ გზა წინმსწრებად, როცა დადგენილი არ არის, ჰესის ასაშენებლად შესაბამისი გარემო არის თუ არა?!

„გარანტიები არანაირი არ გვაქვს. გზა რომ არ გაგვკეთებია, ვერ გავაკეთებდით სრულყოფილ კვლევებს. კვლევებისთვის და დეტალური პროექტისთვის არის ეს საჭირო.

ამ გზის ნებართვა გვაქვს მთავრობისგან მიღებული, მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გზის პარამეტრები კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან არის შეთანხმებული. იმედი გვაქვს, რომ კვლევებიც გამოვა და სამშენებლო ნებართვასაც მივიღებთ. თუ ასე არ იქნება, მაშინ გზა დარჩება მოსახლეობას.

დაახლოებით ერთ თვეში გვექნება უკვე პროექტი, რაც მოგვცემს უფლებას, გადავიდეთ სამშენებლო ეტაპზე, ანუ მოვიპოვოთ სამშენებლო ნებართვა“, – განმარტავს ზურაბ ბესელია.

კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ეს სრულად ქართული ინვესტიციაა და გურიაში ასაშენებელი ჰესების შემთხვევაში პროექტის თანამონაწილეა სახელმწიფო სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“.

კომპანია „პავრუს ჯგუფი“ 2019 წელსაა დაფუძნებული. მისი მეწილეები არიან სულხან ზუმბერიძე და მამუკა პაპუაშვილი.

„გურიაში სხვა ჰესი აშენებული არ გვაქვს, მაგრამ 8 ჰესი გვაქვს აშენებული სხვა რეგიონში, მაგალითად, დუშეთში, ხევსურეთში, ახალციხეშიც ვაშენებთ მცირე ჰესს“, – დასძინა ზურაბ ბესელიამ „ბათუმელებთან“.

რაც შეეხება კვლევებს, რომლითაც უნდა შეფასდეს, რამდენად უსაფრთხოა ჰესების აშენება გურიაში ღვარცოფული ბჟუჟის ხეობაში, ზურაბ ბესელია ისევ კანონმდებლობას გვახსენებს, რომ ვალდებულება არ აქვს, მაგრამ რადგან მოსახლეობა ამას ითხოვს და ჟურნალისტები შეკითხვებს სვამენ, 4 სახის კვლევას ატარებენ:

„ეს არის მცირე ჰესი და ზემოქმედება გარემოზე არის ნაკლები, ჩვენ არ ვაკეთებთ წყლის შეგუბებას, არ იქნება კაშხალი, მილში გამოედინება მდინარის წყლის ნაწილი, შენარჩუნდება ფლორა და ფაუნაც, მილში რა წყალიც იქნება, ის ატრიალებს გენერატორს და უბრუნდება მდინარეს.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰესია და კანონმდებლობა არ გვთხოვს ამას, ვაკეთებთ სეისმოლოგიურ კვლევას, ასევე კვლევას, რომლითაც განისაზღვრება ბუნებრივი კატაკლიზმების პროვოცირება ხომ არ მოხდება, იქტიოლოგიური კვლევაც ჩატარდება, ანუ ჰესები თევზებზე ხომ არ იმოქმედებს და, რა თქმა უნდა, ჰიდროლოგიური კვლევა.

გზა, რაც უნდა გაკეთდეს, ჯერჯერობით მესამედია გაკეთებული,“ – გვითხრა ზურაბ ბესელიამ.

მას მემორანდუმისა და იმ ნებართვის გაცნობა ვთხოვეთ, რომლითაც ბჟუჟის ხეობაში, ტყეში გზა გაჰყავთ. ის დაგვპირდა, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება მოგვაწოდოს დოკუმენტები.

„ეგ ორთვიანი კვლევა, დაკოპირებული გეიწეპონ შპალერად კედელზე,“ – ეს სამოქალაქო აქტივისტისა და გარემოსდაცვითი, სათემო ორგანიზაციის – „ეკოს“ ხელმძღვანელის, ირმა გორდელაძის რეაქციაა. მასაც შემთხვევით გაუგია, ჰესი რომ შენდება ბჟუჟის ხეობაში და მშენებლებს ტყეში თავზე დასდგომია.

„აბსურდია, 2 თვეში ჩაატარო კვლევა. მდინარის კვლევა ტარდება სეზონურად, წელიწადში კი ოთხი სეზონია. ყველა სეზონზე მდინარეს სხვადასხვა მორფოლოგია აქვს, დინამიკა და დინების სიჩქარე. ოთხივე სეზონზე მდინარე უნდა შეისწავლონ თანამედროვე მეთოდებით. ეს მეთოდები, როგორც უნდა ჩატარდეს წესიერი კვლევა, USAID-ის მხარდაჭერით გამოცემულია. პრაქტიკაში რასაც ვხედავთ, როცა კვლევებს ამზადებენ, არის დაკოპირებული შპარგალკები, ვითომ კვლევა ჩაატარეს,“ – ამბობს ირმა გორდელაძე.

სოფელ გომში მცხოვრები მოქალაქის მსგავსად, ირმაც აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ჰესების მშენებლობას ზოგადად არ ეწინააღმდეგება.

„დადონ ევროპული სტანდარტი და ააშენონ, ჩუმად რატომ დაიწყეს?“ – ეჭვი აქვს ირმა გორდელაძესაც.

იგი გვესაუბრა იმაზეც, რომ ბჟუჟის ხეობა სეისმურად საშიში ზონაა, მდინარე ბჟუჟი – ღვარცოფული.

„თუ ამას არ გავითვალისწინებთ, საფრთხე იქნება სერიოზული. ასე უთავბოლოდ რომ ვუდგებით საქმეს, იმიტომაც გვაქვს ეს მდგომარეობა ახლა გურიაში – უკონტროლო მიდგომით გამოუღეს ფსკერი მდინარეებს.

გურიაში ყველა მდინარე არის მთის, ბჟუჟის ხეობა კი განსაკუთრებით დამრეცია. აბსურდია იმის თქმა, რომ გზშ თურმე ამას არ სჭირდება.

უმთავრესი ამ პროცესში არის გამჭვირვალობა – საქართველოს კონსტიტუციით მოქალაქეს ნებისმიერ ეტაპზე აქვს უფლება, ჩაერთოს პროექტის განხილვაში, რაც ეხება თავის საცხოვრებელ გარემოს. მე კი, ოზურგეთის მერია მემორანდუმსაც არ მაწვდის, რის საფუძველზე მისცეს გზის გაყვანის უფლება კომპანიას?

მოსახლეობასთან მუშაობენ, რომ წინააღმდეგ არ წავიდეს ხალხი, მაგრამ თუ არ იქნება გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისი ეს პროცესი, აუცილებლად მივმართავ სამართლებრივ გზებს,“ – გვითხრა ირმა გორდელაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ოზურგეთის მერიას იმის გასარკვევად, თუ რა სახის ნებართვაა გაცემული ბჟუჟის ხეობაში ახალი ჰესების მშენებლობაზე, მათ შორის, ტყეში გზის გაყვანის კუთხით? – ოზურგეთის მერიის პრესცენტრში თავდაპირველად გვითხრეს, რომ ამ საკითხს მოიკითხავდნენ, თუმცა მალევე გვიპასუხეს, რომ ამ დღეებში შეკითხვებს ვერ უპასუხებენ, რადგან სტიქიაზე მუშაობენ.

„გეტყვიან… რუსი მოდის, გაიქეცით, უნდა გაიქცე“ – რას ჰყვებიან ხურჩაში მცხოვრები ქალები

მეგრული ოდის ღია კარიდან სოფლის მთავარი გზა ჩანს. ზაფხულის ცხელი დღის სიჩუმეს ავტომობილის ხმა არღვევს. გზაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებმა ჩაიარა.

„აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ გზაზე სირბილში გავიზარდეთ. ამ გზაზე დაიკარგა ჩვენი ბავშვობა,“ – ხმაურის შემდეგ ჩამომდგარ სიჩუმეს ისევ არღვევს 42 წლის ლია კვარაცხელია.

ლია ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელში ცხოვრობს. მდინარე ხურჩისწყლის მარცხენა მხარეს ოკუპირებული აფხაზეთია, მარჯვენა მხარეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია.

ქალი ამბობს, რომ გამყოფ ხაზზე ცხოვრება არაფრით ჰგავს სხვაგან ცხოვრებას, რადგან აქ მუდმივად გიწევს ფიქრი ფიზიკურ უსაფრთხოებაზე.

„არასდროს არ ვართ დაცულები. არასდროს არავის იმედი არ გვაქვს, გარდა საკუთარი თავისა. რაც ეს ამბავი დაიწყო, 1993 წლის მერე, იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა. გეტყვიან გაიქეცი, უნდა გაიქცე. საკუთარი თავის იმედზე ვართ მხოლოდ,“ – გვიყვება ლია.

„გამყოფ ხაზზე ცხოვრება ადრე სტრესი იყო. ახლა შევეჩვიე. ცოტა ხნის წინ სტუმარი მყავდა. მთელი ღამე არ უძინია.

ეშინოდა.

იმიტომ, ეშინოდა, რომ 50 მეტრიც არაა გამყოფ ხაზამდე,“ – საკუთარი ცხოვრების ერთ ეპიზოდს გვიზიარებს 65 წლის თამილა გელენავა.

თამილა ახლა სოფელ ხურჩაში ცხოვრობს.

თამილა გელენავა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თამილა ერთ-ერთია იმ 300 ათასი ლტოლვილს შორის, ვინც 1993 წელს აფხაზეთში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ საკუთარი სახლებიდან გამოყარეს. იქ, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ, დღეს რუსული საოკუპაციო ჯარი დგას.

სოფელი ხურჩა, სადაც ახლა თამილა გელენავას სახლია, ეკლიანი მავთულხლართით არის გამოყოფილი აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალ სოფელ ნაბაკევიდან – იმ ადგილიდან, სადაც კონფლიქტის დაწყებამდე თამილას ოჯახი ცხოვრობდა.

გამყოფი ხაზი მდინარე ხურჩისწყალზე. ამ ხიდის მიღმა ოკუპირებული აფხაზეთია. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სოფელ ხურჩაში 85 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში თავის რჩენის ორი გზაა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა და ემიგრაცია. ხურჩაში არ არის არცერთი ოჯახი, საიდანაც ან საზღვარგარეთ არ არის ვინმე წასული, ან შიდა ემიგრაციაში.

ქალები, რომლებიც ემიგრაციაში ჯერ არ წასულან, მძიმე შრომას ეწევიან – მოჰყავთ ბოსტნეული, სიმინდი და უვლიან თხილს. თხილი ხურჩაში მცხოვრებთათვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

„პურის ფულია თხილი ჩვენთვის. პურის ფული. ფუფუნება კი არა. სოფელში რაც საჭიროა და აუცილებელი, თხილი პირველი დახმარებაა ჩვენთვის იმის შესაძენად.

თხილნარი მაქვს, მაგრამ ეგ თხილიც არაა წელს. შარშან იყო, წელს არაა. არ ვიცი რა ვქნათ. არადა მძიმე სამუშაოა. მკრეფავებს რომ მისცე ფული, მერე რა დაგრჩება არ იცი. მე ხერხემლის თიაქარი მაქვს, ძლივს-ძლივს დავდივარ. მაგრამ მაინც ჩვენ მოვბოჭეთ მარტო სახლში. ჩემი და თბილისში ცხოვრობს, ჩამოვიდა და ის მეხმარებოდა,“ – გვიყვება თამილა გელენავა.

როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან

ემიგრაციაშია ლიას დედაც. ლია ამბობს, რომ ძალიან პატარა ასაკში, მაშინ, როცა უნდა ესწავლა, მოუწია შინ ეშრომა და ოჯახისთვის მიეხედა. ახლა კი დედა ეხმარება.

„საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი სკოლაში. ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, სამი კურსი დავხურე. სტუდენტს თბილისში მიხედვა სჭირდება, მარტო კარგი სწავლა არაფერში გშველის. არ იყო ისეთი ფინანსური მდგომარეობაში ჩემ ოჯახი, ამდენი ავადმყოფები… დედა ცუდად გახდა, იძულებით წამოვედი.

მერე განათლების რეფორმამ მომისწრო. როცა ცოტა საშუალება გაჩნდა და სტუდენტის სტატუსის აღდგენა გადავწყვიტე, აღმოჩნდა, რომ უნარები და უცხო ენა იყო ჩასაბარებელი. მაგის თავი აღარ მქონდა. ასე დავრჩი განათლების გარეშე, რაზეც ძალიან მწყდება გული. მერე კი დავამთავრე პროფესიული, მაგრამ ის პროფესია, რისი სწავლაც სულ მინდოდა, დამრჩა ისე.

ჩემ ცხოვრებაზე ასეთი გავლენა მოახდინა კონფლიქტმა. ზოგმა მოახერხა უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ მე ვერა. მათ სხვანაირი ცხოვრება ჰქონდათ. მშობლების მხრიდან ხელშეწყობა. ჩემთან სხვანაირად გამოვიდა, ავადმყოფობას წინ ვერ დაუდგები,“ – გვიყვება ლია კვარაცხელია.

ლია კვარაცხელია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები ქალები მძიმე სასოფლო-სამეურნეო შრომაში არიან ჩართულები.

ქალები შრომობენ შინ, შრომობენ ბევრს და ამ შრომის პარალელურად, გამუდმებით უწევთ ფიქრი უსაფრთხოებაზე.

„შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ შეჩვეული ვართ… და სად წახვალ? ვინ შეგინახავს?

არავინ.

დიდხანს ემოციური სტრესი მქონდა. მეშინოდა. დამაყაჩაღეს. ამიტომ წასული ვიყავი სოფლიდან. ერთი წელი არ მოვსულვარ ხურჩაში, მაგრამ სად უნდა წახვიდე. დავბრუნდი და აქ ვცხოვრობ. როგორ შევეჩვიე შიშს?

როგორ და სხვის სახლში რომ ცხოვრობ, თავს ზედმეტად გრძნობ. კაცი სტუმარი ორი-სამი დღეა. ხუთი, ათი დღე თქვი თუ გინდა. ერთი წელი სხვასთან… მამიდაშვილთან ვიყავი, მაგრამ გამიჭირდა ცხოვრება და წამოვედი,“ – გვიხსნის თამილა გელენავა ხურჩაში, გამყოფ ზოლზე ცხოვრების სირთულეს და თავისებურებას.

შიშში ცხოვრება ზოგჯერ იმასაც ნიშნავს, რომ ძროხა, რომელიც უმეტესად ოჯახის მთავარი მარჩენალია, არ დაკარგო.

ნაბაკევსა და ხურჩას ერთი პატარა მდინარე, ხურჩისწყალი ყოფს. პირობითი „საზღვარი“, რომელიც ადამიანებმა დააწესეს, არაფერს ნიშნავს რქოსანი პირუტყვისთვის.

მაგრამ როცა ძროხები გამყოფი ხაზის მიღმა გადიან, ეს დიდი თავის ტკივილი ხდება მათი პატრონებისთვის.

„მავთულხლართებია გაბმული. ერთი ჩემი მეზობლის ძროხა გადასულა, ჰოდა, „პლოსკოთი“ გადაუჭრია. რაღაც პრობლემები შეექმნა… მერე საბუთი გააკეთა და დაუბრუნეს ძროხა.

მაგრამ ზოგი ვერ იბრუნებს. ბევრს დაეკარგა ღორი და ძროხა… ძროხის დაკარგვა დიდი ზარალია. მაგის იმედზეა ხალხი. ყველს ჰყიდიან, იმით ირჩენენ თავს და კარგავენ უცებ…“ – გვიხსნის თამილა გელენავა.

ადგილი მდინარე ხურჩისწყალთან, საიდანაც ყველაზე ხშირად გადადის პირუტყვი ოკუპირებული აფხაზეთში. მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა საოკუპაციო ჯარმა გამყოფ ხაზზე ეკლიანი მავთულხლართი გააბა, საქონელი მაინც ახერხებს ხაზის დარღვევას

„რუსი მოდის, გაიქეცით!“

საოკუპაციო ხაზზე ცხოვრების სირთულეებზე საუბრისას ხურჩელი ქალები ამბობენ, რომ ყველაზე რთული მაინც მუდმივი გაქცევის მოლოდინია. ხურჩელებს საკუთარი სახლების დატოვება მინიმუმ სამჯერ მოუწიათ – 1993, 1998 და 2008 წლებში.

ეს გაქცევები უდიდეს კვალს ტოვებდა ყველა გაქცეულის ცხოვრებაში. სოფელში დაბრუნებულებს ცხოვრების დაწყება თავიდან უწევდათ, რადგან სახლები, როგორც წესი, გაძარცვული ხვდებოდათ.

მთელი ჩვენი ბავშვობა გზად გაილია. ასე – გაქცევა, გამოქცევაში, წასვლა-წამოსვლაში. სოფელი მუდმივად არასდროს დაგვიტოვებია. ჩვენ დევნილის სტატუსი არ გვაქვს – ეს არის ზუგდიდის რაიონი სოფელი ხურჩა. ოფიციალურად ჩვენ დევნილები არ ვართ.

1993-ში რომ გადმოვიდა ხალხი, მათ იციან, რომ დევნილები არიან, იციან, რომ ვერ შევლენ თავიანთ სახლებში და ვერ იცხოვრებენ. ჩვენ კიდევ ეტაპობრივად გავდიოდით, შემოვდიოდით. გავდიოდით, შემოვდიოდით. ეს განმეორდა სამჯერ.

ოჯახებს რომ დავუბრუნდებოდით, ჩვეულებრივად იწყებოდა ისევ ახალი ცხოვრება. ვაშენებდით, ვიძენდით, ვაკეთებდით. მაგრამ ერთ დღეს აშენებ და მეორე დღეს მოდის ის რუსი და შენ უნდა გაიქცე, ეს ყველაფერი უნდა შეატოვო.

სამჯერ გავიქეცით.

მესამე იყო 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენები, რომელიც განსხვავებით სხვა გაქცევებისგან, იყო ჩემთვის უფრო მძაფრი. ეს სიმწარე სიცოცხლეში არ დამავიწყდება.

მაგ დროს უკვე ზრდასრული ადამიანი ვიყავი. ყველაფერი შემეძლო შემედარებინა წინა გაქცევებთან. ქართული ჯარი ცხოვრობდა ჩემ სახლში. მახსოვს, ერთი ჯარისკაცი მორბოდა ჩემკენ და მეძახდა – „ლია, რუსი მოდის, გაიქეცი. ვერაფერს ვერ გშველიო“. მაგათ იმის უფლება არ ჰქონდათ, რომ ჩვენ წავეყვანეთ.

არაფერი არ წამიღია, რაც მეცვა იმ ტანსაცმლის ამარა წავედი. თან სოფელში თხილის სეზონი იყო. სახლში ავადმყოფი ბაბუა, ავადმყოფი დედა… ტრანსპორტი არ მყავდა და ზუსტად მახსოვს მეზობლის ქალი მიმათრევდა – შენ ახალგაზრდა ხარ, წადი და დედიკოს და ბაბუას ვინმე წამოიყვანსო.

მადლობა უფალს ძალიან კარგ ადამიანებს, გზად შემხვდა ნაცნობი და მითხრა – ნუ გეშინია ლია, დედიკოს და ბაბუას მე წამოვიყვან, შენ ახალგაზრდა ხარ და თავს უშველეო.

სოფელ კოკის სასაფლაოებთან მოსაცდელია. მანდ ვიჯექი და ვტიროდი. მაშინ შევწყვიტე ტირილი, როცა მითხრეს ნუ ტირი – დედიკო და ბაბუა გადმოიყვანეს უკვეო. ამოვისუნთქე. მერე უკვე არაფერზე აღარ მიფიქრია.

ჯანდაბას სახლი, ჯანდაბას კიდევ ის, რაც დარჩა. ყველაფერს იშოვის ადამიანი, მთავარია ადამიანის სიცოცხლე.

აი, ამ „რუსი მოდის, გაიქეცში“ გაილია წლები.

ბოლოს ორი ორი წლის წინ იყვნენ რუსები ხურჩაში. ქალს დაედევნნენ. სოფლის შუა ცენტრამდე მოვიდნენ.

ძალიან თავხედები არიან რუსები. შემოდის შენს სოფელში, იცის, რომ აქ შენი ჯარია, მაგრამ არაფრის არ ეშინია. რაღაცნაირად შეურაცხყოფას გაყენებს, ძალადობს. იცის, რომ გაუვა, შეუძლია,“ – გვიყვება ლია კვარაცხელია.

ლიას თქმით, მუდმივი გაქცევების მიუხედავად, მის ოჯახს არანაირი სტატუსი არ აქვს. არც ის დანაკარგები აუნაზღაურებია ვინმეს, რაც მისმა ოჯახმა გამყოფ ზოლზე არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო მიიღო.

„სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია. არც მატერიალური, არც მორალური. მორალურში რას ვგულისხმობ იცით? ახლა მცირე ცვლილებას რომ შევამჩნევ ჩემ შვილს, მიმყავს ფსიქოლოგთან. ჩვენ ამდენ გაქცევაში, გამოქცევაში, შიშში გავიზარდეთ და სახელმწიფოს უფასო ფსიქოლოგიური დახმარებაც კი არ გამოუყვია ჩვენთვის.

ეს მაინც ხომ შეეძლო?

არა, მსგავსი რამ არ გვქონია არასდროს. მე არასდროს მითხოვია სახელმწიფოსთვის, რომ პური მიყიდე, შაქარი ან ჩაი. სხვაგვარი დახმარება მჭირდებოდა“.

ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც სოფელ კოკსა და ხურჩას ერთმანეთთან აკავშირებს. ხურჩაში შესვლისას ყველა მოქალაქემ საპასპორტო კონტროლი უნდა გაიაროს ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ხალხი ემზადება დეკანოზის დასაცავად“ – სხალთელი ეპისკოპოსის ახალი სკანდალი

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა 9 სექტემბერს გამოაქვეყნა ბრძანება, სადაც წერია, რომ დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს აუკრძალა მღვდელმსახურება. მთავარეპისკოპოს სპირიდონის განცხადებით, დეკანოზმა მასთან შეთანხმების გარეშე ააშენა საკულტო ნაგებობა.

„ტაძრის უხეში კანონიკური დარღვევით აშენება“, – წერია ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში ნათქვამია, რომ დეკანოზს იმ შემთხვევაში აღუდგება მღვდელმსახურების უფლება, თუკი ის შეინანებს.

მრევლი მთავარეპისკოპოსის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს იმავე დღეს გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან მჟავანაძე ფეისბუქში. მან დაწერა, რომ ტაძარი, რომლის მშენებლობის გამოც დეკანოზს მღვდელმსახურება შეუზღუდეს, შეთანხმებული იყო მთავარეპისკოპოსთან.

„ბრძანებაში მითითებული ტაძარი არის პატარა სამლოცველო, რომლის მშენებლობას ვხელმძღვანელობდი მე პირადად, ყველა კანონიკის დაცვით და დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე აღნიშნულ მშენებლობაში მონაწილეობდა იმდენად, რამდენადაც მშენებლობის დაწყებამდე მას ვთხოვე მშენებლობის შეთანხმება მეუფე სპირიდონთან.

ამის შემდგომ აღნიშნული მშენებლობა პირადად შევუთანხმე სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს, ასევე აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მქონდა მასთან საუბარი, როგორც მშენებლობის მსვლელობისას, ასევე მშენებლობის შემდგომაც.

უფრო მეტიც, მე მას პირადად გადავუხადე მადლობა სამლოცველოს მშენებლობის მხარდაჭერისთვის და მოვიწვიე სამლოცველოს ლოცვა-კურთხევისთვის, რაც მან მოიწონა და შემპირდა კიდეც, რომ შემდგომისათვის აუცილებლად მოინახულებდა სამლოცველოს და აღავლენდა ლოცვა-კურთხევას, მაგრამ რატომღაც მეუფემ მაინც გადაწყვიტა სამლოცველოს მშენებლობის ორგანიზებაში დაედანაშაულებინა დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე“, – წერს ბიზნესმენი მჟავანაძე ფეისბუქში.

მჟავანაძე საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ყოველთვის ხელს უწყობდა აჭარის მთაში „მართლმადიდებლური ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინიციატივას“.

ლევან მჟავანაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სხალთის მთავარეპისკოპოსის გაღიზიანების რეალური მიზეზი იცის, თუმცა ამაზე ღიად საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა.

„რა თქმა უნდა, ვიცი მიზეზი, თუ მეუფე სპირიდონმა რატომაც გამოიყენა მოტივად სამლოცველოს მშენებლობა დეკანოზი გიორგი ფუტკარაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვისთვის, მაგრამ ვრცელი განმარტებისგან ამჯერად თავს შევიკავებ“, – ამბობს ლევან მჟავანაძე.

დაზუსტებისთვის ლევან მჟავანაძეს მაინც ვკითხეთ, უკავშირდება თუ არა ეს დაპირისპირება რაიმე სახის ფინანსურ მხარდაჭერას.

ლევან მჟავანაძემ კითხვას გარკვევით არ უპასუხა, თუმცა დასძინა, რომ ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებს საჯაროდ, „როცა ამის დრო დადგება“.

დადგება თუ არა ეს დრო მაშინ, თუკი მთავარეპისკოპოსი არ აღუდგენს დეკანოზს მღვდელმსახურების უფლებას? – ისევ ვკითხეთ ლევან მჟავანაძეს. თუმცა მან ამ ეტაპზე არ ისურვა რაიმეს დაკონკრეტება.

ლევან მჟავანაძის ეზოში აგებული სამლოცველო, რომლის მშენებლობის გამოც მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დეკანოზ ფუტკარაძეს მღვდელმსახურება შეუზღუდა.

როგორც ლევან მჟავანაძე გვეუბნება, სოფელ წყაროთაში, მის კერძო საკუთრებაში სამლოცველოს მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და ამ მშენებლობის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა „აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა“.

„არავის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ, რაღაცაზე გაღიზიანდა“, – გვითხრა მან.

„ბათუმელები“ შეეცადა დეკანოზთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

რაც შეეხება მრევლს, სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი პროტესტს გამოხატავს მთავარეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილებაზე და სოლიდარობას დეკანოზს უცხადებს.

„ჩემი მხარდაჭერა მამა გიორგის“, „ჩემი ოჯახის სოლიდარობა და მხარდაჭერა მამა გიორგი ფუტკარაძეს“, „ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა მამა გიორგის“ – ამ შინაარსის ათეულობით კომენტარი დაწერეს ლევან მჟავანაძის პოსტის ქვეშ და ასევე დეკანოზის პირად გვერდზეც სოციალურ ქსელში.

მრევლის ნაწილი ასევე მოითხოვს, რომ დეკანოზს არა მარტო სოციალურ ქსელში პოსტების წერით დაუჭირონ მხარი. ნაწილი სხალთის მთავარეპისკოპოსს უფრო მკაცრი ეპითეტითაც ამკობს და წერს, რომ „ბანდიტებთან ბრძოლა კლავიატურას არასდროს მოუგია…

„კლავიატურის იქეთ თუ არ წავა ეს სოლიდარობა, მამა გიორგი ფუტკარაძის გაწირვას ნიშნავს“, – წერს ერთ-ერთი პირი.

ბიზნესმენი ლევან მჟავანაძე ამბობს, რომ „ხალხი ემზადება“ დეკანოზის დასაცავად, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით აპირებენ ისინი დეკანოზის დაცვას – წერილობით მიმართავენ საპატრიარქოს, თუ აქციები დაიწყება.

„ბათუმელებმა“ დამატებითი კითხვების დასმა ვერც დეკანოზთან მოახერხა და ვერც მთავარეპისკოპოსთან.

რაც შეეხება სხალთის მთავარეპისკოპოსს, სპირიდონი გამოირჩევა ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ქადაგებებით. რუსეთ-უკრაინის ომში კი რუსეთს უცხადებს ღია მხარდაჭერას.

სხალთელი ეპისკოპოსი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი როგორც მრევლის, ასევე თავად სასულიერო პირების მხრიდანაც კი.

სხალთელი მთავარეპისკოპოსი ასევე დაკავშირებულია ნინოწმინდის ბავშვთა სახლის სკანდალთა – ის ბავშვთა უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს უფლებას არ აძლევდა შესულიყვნენ ნინოწმინდის პანსიონში და შეესწავლათ მდგომარეობა, სადაც ბავშვები პერსონალის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდნენ.

სტუდენტების სტიპენდია გაორმაგდება – მთავრობა

დღეს 11 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტუდენტების სტიპენდიები გაიზრდება.

„დღეიდან ყოველ სასწავლო წელს 2 500-ის ნაცვლად 5 000 წარმატებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერი სტუდენტი მიიღებს, 150 ლარის მაგივრად 300 ლარიან სტიპენდიას“- თქვა ღარიბაშვილმა.

მან ამავე სხდომაზე ახსენა წინა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, „მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი“, შვილებს ბიუჯეტიდან უფინანსებდა სწავლას.

მისი თქმით, „ეს არის განსხვავება“ წინა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის.

სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს საკუთარი შვილის აშშ-ში გასამგზავრებლად სამთავრობო თვითმფრინავის არამიზნობრივ გამოყენებაზე.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

~მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ღარიბაშვილი სახელმწიფო თვითმფრინავის გამოყენების გამო უნდა გადადგეს, ხოლო არასამთავრობო სექტორში გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ.

კონკურსი ჟურნალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ბათუმში

გაზეთი „ბათუმელები“ „ბათუმის ამერიკულ კუთხესთან“ ერთად აცხადებს კონკურსს აჭარაში მცხოვრები 14-26 წლის ახალგაზრდებისთვის მედიასკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

მედიასკოლის  მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში გაივლიან ტრენინგების კურსს ჟურნალისტიკასა და მედიაწიგნიერებაში.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამერიკული კუთხის გუნდს და ერთად შექმნათ Youtube კონტენტი, შეისწავლოთ ახალი ამბებისა და ვიდეო/ფოტომასალის მომზადება, ინტერვიუს ჩაწერა, ციფრული მედიის სპეციფიკა, მედიაწიგნიერების ისეთი საკითხები, როგორიცაა ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ა.შ.

პროგრამის მიმდინარეობისას მონაწილეები თავად მოამზადებენ ჟურნალისტურ მასალებს გამოცდილი ტრენერების დახმარებით. თქვენ მიერ მომზადებული ნამუშევრები გამოქვეყნდება „ბათუმელების“ ვებგვერდზე: batumelebi.ge და ბათუმის ამერიკული კუთხის სოციალურ ქსელებში, მათ შორის ვიდეომასალა გაზიარდება Youtube არხზე. 

ინტენსიური ტრენინგების შემდგომ შერჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩვენს გუნდთან ერთად ეწვიონ ხულოსა და ოზურგეთის ამერიკულ თაროებს, გაეცნონ მათი მუშაობის სპეციფიკას და მოამზადონ ვიდეორეპორტაჟები. 

მონაწილეობის პირობები:

  • ასაკი: 14-26 წელი 
  • მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელფოსტა, სოციალური ქსელები)
  • კონკურსში მონაწილეობისთვის შეავსეთ ელექტრნული ფორმა ან გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 250 სიტყვა და მოგვიყევით, რატომ გინდათ მონაწილეობა მედიასკოლაში) ელექტრონულ ფოსტაზე: schoolbatumelebi@gmail.com 
  • კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 23 სექტემბერი

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს. 

მედიასკოლაში ტრენინგები დაიწყება 25 სექტემბერს. 

ტრენინგები გაიმართება ერთი კვირის განმავლობაში, დღეში 3-4 საათი [ტრენინგების დაწყების დრო შეთანხმდება შერჩეულ მონაწილეებთან].

ტრენერები იქნებიან გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტები.

შეხვედრები ჩატარდება „ბათუმელების“ რედაქციაში, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის №48-ში.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებს გადაეცემათ სამუშაო პაკეტები და სასაჩუქრე ნივთები. 

პროგრამა ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 558 66 47 65 

 

ალტაში მონიტორებზე 30%-მდე ფასდაკლებაა – კვირის შეთავაზება

🎁 კვირის შეთავაზება მონიტორებზე ალტასგან😍

🖥17 სექტემბრის ჩათვლით, შეარჩიე სასურველი მოდელი ვებგვერდიდან ან მაღაზიაში და ისარგებლე ექსკლუზიური 30%-მდე ფასდაკლებით 💜

დეტალურად: https://alta.ink/4651O03
მისამართი: ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. 31

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს – მინიმუმ 300 ათასი ლარის ქვაფენილი

„ეკლესიას ვჩუქნით და ის ცოდვა, რომ ლელოში ხარ, აღარ მოგეკითხება შემდეგ“ – უპასუხა დავით მახარაძემ „ოცნებიდან“ კოლეგას, ვაჟა დარჩიას საკრებულოს სხდომაზე, როცა მან იკითხა, რატომ გასცემენ ქონებას საჩუქრად, რომლისგანაც მუნიციპალიტეტს სარგებლის მიღება შეუძლია.

ვაჟა საკრებულოში „ლელოს“ წარმოადგენს. სხვათა შორის, მან თავის კითხვას განმარტებაც დაურთო: „ინსტიტუტს არ აქვს მნიშვნელობა.“

საუბარი მეორადი ქვაფენილის საპატრიარქოსთვის საჩუქრად გადაცემას შეეხებოდა.

ქვაფენილის ნაწილს, რომელიც ბათუმის ქუჩებიდან აყარეს, მერია საპატრიარქოს აჩუქებს. გადაწყვეტილებას მხარი ბათუმის საკრებულომ დაუჭირა. დოკუმენტების მიხედვით, საპატრიარქოს ქვაფენილი ეკლესია-მონასტრებისა და გიმნაზიების ეზოების მოსაწყობად უნდა.

„ვის მოეკითხება, მაგას ვნახავთ“ – უპასუხა ვაჟა  დარჩიამ კოლეგას. მან მომხსენებელს ჰკითხა ისიც, მომავალში მსგავსი ქონება, რომელსაც ახლა საპატრიარქოს გადასცემენ, თავად მერიას ხომ დასჭირდება.

„საპატრიარქო იქნება თუ მუსლიმური თემი, ვისაც უნდა, იმან წაიღოს და მოიხმაროს, მაგრამ ჩვენ თუ ეს მომავალში საყიდელი გაგვიხდა და ამაში ფული უნდა გადავიხადოთ, რაც გავაჩუქეთ, ეგ მგონია სიგიჟე“.

მერიის გადაწყვეტილებით და საკრებულოს თანხმობით, საპატრიარქო უსასყიდლოდ სახელმწიფო ქონებას, 7300 კვ. მეტრ ქვაფენილს მიიღებს, რაც მინიმუმ 300 000 ლარის ღირებულების ქონებაა.

ქვაფენილის ნაწილი, კერძოდ 20 000 კვ.მ მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი მერიამ აუქციონზე გაიტანა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 24 000 ლარი. ქონების საწყისი ფასის მიხედვით, 1 კვ. მეტრი ქვაფენილის ფასი 40 ლარია. შესაძლოა ეს ფასი ელექტრონული ვაჭრობის დროს გაიზარდოს.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და დღეს, 11 სექტემბერს, დასრულდება.

ბახმუტის მიმართულებით არის გარკვეული წინსვლა – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მიდამოებში, ბახმუტის მიმართულებით და გასული კვირის განმავლობაში მოახერხეს 2 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება.

„ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს კლიშჩეევკასა და ანდრეევკას მიდამოებში.

გასულ კვირას ბახმუტის მიმართულებით გათავისუფლებულმა ტერიტორიამ დაახლოებით 2 კვადრატული კილომეტრი შეადგინა“ – განაცხადა ანა მალიარმა.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით, კლიშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში უტევენ მტერს პოზიციებზე და არის „გარკვეული წინსვლა“.

ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებაზე ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია 49 კვადრატული კილომეტრი.

„ნამტირალევი ქალი 12 საათზე მივიდა სასტუმროში და 112-ში დარეკვა ითხოვა“ – რა თქვა სასამართლომ

ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელმა იმატა, რასაც მოსამართლეები ძირითადად ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალს უკავშირებენ – მათ დუმილი აირჩიეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნამტირალევმა ქალმა, რომელიც დაახლოებით ღამის 12 საათზე მივიდა სასტუმროს მისაღებში და 112-ში დარეკვა ითხოვა…საბოლოო ჯამში „დუმილი არჩია“.

„…საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პ. ზ-მა ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა მისი ოჯახის წევრზე, მეუღლე კ. ზ-ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ეს ოჯახში ძალადობის მორიგი საქმეა, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო.

მსჯავრდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათით.

ეს განაჩენი გაუსაჩივრებია როგორც მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. პროკურატურამ უფრო მკაცრი სასჯელი მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში, მსჯავრედებულმა – გამამართლებელი განაჩენი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა.

პროკურატურის შეფასებით, ეს გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. „…რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ პ. ზ-ს ბრალეულობას, კერძოდ: მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სასტუმროს თანამშრომლის – ა. ჩ-ს შეტყობინება.

ა. ჩ-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ სასტუმროში ყოფნისას მას დახმარებისთვის მიმართა დაზარალებულმა, რომელსაც სახის არეში აღენიშნებოდა შეწითლება და უთხრა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ, მოწმე პოლიციის თანამშრომლებმა კი, დაადასტურეს, რომ დაზარალებული, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა შეწითლების კვალი, ამბობდა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ პ. ზ-მა მეუღლეს – კ. ზ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ამ საქმეში უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება და მთავარი მოწმე სასტუმროს ადმინისტრატორია, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ დაახლოებით ღამის 12 საათი იყო, როცა სასტუმროს მისაღებში ქალი შევიდა. სასტუმრო იმ კორპუსშია, სადაც დაზარალებული ქალი ცხოვრობს.

„…მითხრა, რომ კ.ზ-ს. ესაჭიროებოდა პოლიციის დახმარება, ქალბატონს სახეზე ეტყობოდა სიწითლე, იყო აღელვებული და ჰქონდა ნამტირალევი ხმა. მითხრა, რომ ბინაში მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მთხოვა, დამერეკა 112-ში.

პოლიციელებს იმავე ღამით დაუკავებიათ პ.ზ. „რომელსაც ვიზუალურად მარჯვენა ლოყის და ორივე ხელის მკლავის მიდამოში აღენიშნებოდა ნაკაწრები ფუფხის სახით. კაცმა პოლიციელებს უთხრა, რომ კონფლიქტი მეუღლესთან ჰქონდა.

სასამართლოს არც ამ შემთხვევაში  მისცა ჩვენება დაზარალებულმა.

„მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პ. ზ-ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია,“ – აღნიშნულია განჩინებაში, სადაც უზენაესი სასამართლო ასაბუთებს, რატომ მიიჩნევს სამართლიანად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

__

სტატია ამავე თემაზე:

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

ქვედა კიდურების ათეროსკლეროზი და ფეხით სიარული, როგორც პრევენცია – ქირურგის რჩევები

ვენური სისტემის პათოლოგიებიდან მოსახლეობისთვის ყველაზე ნაცნობი ვარიკოზული დაავადება, რომელიც საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა სისხლძარღვთა ქირურგიაში ორი სისტემა არსებობს – ვენური და არტერიული; ქვემო კიდურების არტერიულ პათოლოგიას მიეკუთვნება ათეროსკლეროზული პათოლოგია, რომელსაც მკურნალობის არქონის შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს განგრენისა და კიდურის დაკარგვის სახით. დაავადების ადრეულ ნიშნებზე, რისკ-ფაქტორებსა და მკურნალობის გზებზე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგი, არჩილ სიგუა საუბრობს.

კვლევა: ქვედა კიდურების პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზული დაავადება სულ უფრო და უფრო ხშირად მიიჩნევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ავადობისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვან მიზეზად, რომელიც გავლენას ახდენს დაახლოებით 230 მილიონ ადამიანზე მსოფლიოში.

  • ბატონო არჩილ, რას ნიშნავს, როგორ განისაზღვრება არტერიული პათოლოგიები?

ათეროსკლეროზული დაავადება ეხება არა მარტო ქვედა კიდურების (ანუ ტერფების სისხლით მომმარაგებელ არტერიებს), არამედ ყველა არტერიას, რომელიც არის ხელებში, ფეხებში, თავში, გულსა და მუცელში.

ათეროსკლეროზი არის ფოლაქის განვითარება არტერიებში; ვინაიდან არტერიების საშუალებით სისხლით მარაგდება სხვადასხვა ორგანოები, ეს ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, ხდება სისხლის ნაკადის დაქვეითება და რაღაც ეტაპზე შეიძლება მთლიანად დაიხუროს არტერიის შიგნით სანათური.

შედეგად იწყება სისხლის მკაცრი უკმარისობას ქვემო ან ზემო კიდურებში. ამ დროს იწყება პრობლემები, იქიდან გამომდინარე რომ სისხლი არ მიეწოდება ორგანოს.

  • რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს უკმარისობა?

არტერიული უკმარისობა, შეიძლება იყოს ქრონიკული და მწვავე. ქრონიკულია, როცა ნელ-ნელა ვითარდება და გადადის ერთი სტადიიდან მეორე სტადიაში.

ქვემო კიდურების შემთხვევაში ქრონიკული უკმარისობა შეიძლება იყოს ოთხი სტადიის, სადაც მეოთხე სტადიის დროს იწყება განგრენა და არის საგანგაშო სიტუაცია კიდურის დაკარგვის.

მწვავე უკმარისობაა, როცა ადამიანს ემართება არტერიული თრომბოზი და დაავადების ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში გადასვლა, რაც ქრონიკულში მიმდინარეობს წლების განმავლობაში, აქ ხდება საათების განმავლობაში. ძალიან სწრაფად ვითარდება პრობლემა, რის შედეგადაც ადამიანმა შეიძლება ერთ დღეში შეიძლება დაკარგოს კიდური.

  • რა იწვევს, რა აპროვოცირებს ათეროსკლეროზს?

ამ დაავადების მთავარი მაპროვოცირებელი მიზეზებია არაჯანსაღი ცხოვრების წესი და კონკრეტულად თამბაქოს მოხმარება, ასევე არაჯანსაღი კვება (არა ცომეული და ცხიმიანი საკვები), ჰიპოდინამია – როცა ადამიანი ნაკლებს მოძრაობს და შაქრიანი დიაბეტი. ეს სამი რაღაც არის ამ დაავადების მთავარი პრედიქტორი.

ამ დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, შედეგად არტერიის შიდა კედელზე ჩნდება  ლიპიდური ცვლილებები და ნელ-ნელა იწყებს ზრდას ფოლაქი; თუ ეს არის ქრონიკული პროცესი მაშინ პროცესი მიმდინარეობს წლების განმავლობაში და საბოლოოდ ხურავს სანათურს. დიაბეტის დროს ეს პროცესები მიმდინარეობს უფრო დაჩქარებულად.

  • ბატონო არჩილ, მარტივად რომ განუმარტოთ მკითხველს, როგორ აზიანებს თამბაქო სისხლძარღვებს?

მექანიზმი მარტივია, საწყის ეტაპზე თამბაქო არღვევს ნივთიერებათა ცვლას, აქედან გამომდინარე არტერიულ კედელზე უფრო ჩქარა და უფრო აგრესიულად იზრდება ფოლაქები და მეორე, თვითონ ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, ანუ მოწევის დროს ისპაზმება თვითონ სანათური.

მაგალითად, ალკოჰოლის მიღების დროს  სისხლძარღვები ჯერ ფართოვდება და მეორე დღეს ისპაზმება/ვიწროვდება (იმიტომ არის რომ, იმ დღეს როცა ადამიანი სვამს, ნაკლებად ხდება ინფარქტი, უფრო ხდება მეორე დღეს); თამბაქოს მოწევისას მყისიერად ხდება სპაზმი,  ახლა მოწია – ახლავე დაისპაზმა.

  • ფიზიკური აქტივობა რა მექანიზმით ეხმარება ამ დროს არტერიებსა და სისხლძარღვებს?

როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, კერძოდ, იტვირთება კიდურები, მაშინ ორგანიზმი იძულებულია გააქტიუროს და გაზარდოს წვრილი, პატარა არტერიები. როცა ადამიანი აქტიურობს, მას სისხლის უფრო ძლიერი ნაკადი სჭირდება, რისთვისაც კუნთებში ვითარდება პატარა წვრილი არტერიები და კიდურს სისხლის უკეთესი მომარაგება აქვს. სიარული აძლიერებს ამ  პატარა არტერიებს. სასურველია დღეში 10 კმ-ის გავლა.

  • როგორია ქვედა კიდურების ათეროსკლეროზული დაავადების ადრეული ნიშნები და ზოგადი სიმპტომატიკა?

ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაავადება ადრეულ ეტაპზე ვნახოთ. პირველ რიგში ადრეული ნიშნებია კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, სიარულის დროს მანძილის დაქვეითება, ანუ ადამიანი გადის 500 მეტრს, რის შემდეგაც ეწყება დაღლილობა კიდურში და ტკივილი კუნთში, რა დროსაც მან უნდა დაისვენოს რამდენიმე წუთი, გადაუაროს ტკივილმა და შემდეგ გააგრძელოს სიარული. ამას ეწოდება გარდამავალი კოჭლობა.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად, პაციენტს გარდამავალი კოჭლობა ეწყება სულ უფრო და უფრო ნაკლებ მანძილზე, მაგალითად 300 მეტრის გავლის შემდეგ, შემდეგ 200 მეტრამდე ჩამოდის, მერე 100, 50 და საბოლოოდ პაციენტს მოსვენებით მდგომარეობაში ეწყება ისეთი სიმძლავრის ტკივილები, რომ ძლიერი გამაყუჩებლის გარდა არაფერი შველის.

ეს მანძილი არის ძალიან დამახასიათებელი იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ, რამდენად მძიმე დაზიანება აქვს ადამიანს.

  • როგორი ტკივილია ეს, სად იგრძნობა სხეულებრივად?

ტკივილი უმეტესად იგრძნობა წვივის კუნთებში, ზოგჯერ შეიძლება იყოს ბარძაყის კუნთებიც. გამონაკლისია, როცა ადამიანს აქვს დიაბეტი, მაშინ შეიძლება ცოტა სხვაგვარად მუშაობდეს მექანიზმი, რადგან ამ დროს ქვემო კიდურებში არის არა მარტო სისხლძარღვების, არამედ ნერვების პრობლემაც და ადამიანი შეიძლება ვერ გრძნობდეს ტკივილს, ანუ შესაძლოა სიმპტომატიკა წაშლილი იყოს, მაგრამ დაავადება მაინც მიმდინარეობდეს.

ხშირია, როცა დიაბეტის მქონე პაციენტები მოდიან დაავადების იმ სტადიებზე, როცა ან აქვს ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში [ვერ წვება, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კიდევ უფრო ძნელდება კიდურებში სისხლის მიწოდება, სტკივა,  ვერ სძინავს 10-20 დღე, სანამ არ გაიკეთებს ძლიერ გამაყუჩებლებს], ან იმ სტადიაში, როცა არის ნეკროზები ან განგრენული ცვლილებები.

ეს არის მეოთხე სტადია. ძირითად შემთხვევაში ამ დროს აღინიშნება გამაგრება და გაშავება თითების დისტალურ ნაწილებში, ანუ ბოლოებში. ჯერ ჩნდება პატარა შავი წერტილი, რომელიც დღეების განმავლობაში იზრდება, თავიდან ერთი თითი შეიძლება იყოს დანეკროზებული, შემდეგ გადავიდეს ტერფზე და ტერფიდან წვივზე.

განგრენული ცვლილებები, იგივე ტროფიკული წყლული, იმის გარდა, რომ ვნებს ფეხს, ვნებს მთელ ორგანიზმსაც, იმიტომ, რომ  მკვდარი ქსოვილები მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს და ამ ფონზე შეიძლება განვითარდეს სეფსისი, რაც უკვე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

  • როგორია მკურნალობა?

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აწუხებს მხოლოდ გარდამავალი კოჭლობა და არ გვაქვს ტკივილები მოსვენებით მდგომარეობაში და განგრენა, მაშინ შეგვიძლია მივმართოთ კონსერვატიულ მკურნალობას, რომელშიც შედის სისხლის გამათხელებლები, პრეპარატები, რომლებიც ანელებენ ფოლაქების განვითარებას (სტატინები), შეიძლება შევიდეს გადასხმები, რომლებიც ცოტათი აფართოებენ სისხლძარღვებსა და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.

კონსერვატიული მკურნალობის შედეგად არ ხდება იმ მანძილის ზრდა, რომელსაც ადამიანი გადის ტკივილის გარეშე, კონსერვატიული მკურნალობა არის პირველ რიგში იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის [უმტკივნეულოდ დასაფარი მანძილის მაჩვენებელი], რაც გვაქვს.

როგორც წესი, ქირურგიული მკურნალობა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს სიარულის მანძილი შემცირებული აქვს 50 მეტრამდე. ან აქვს უკვე მოსვენებით მდგომარეობაში ტკივილი, ან ტროფიკული წყლული.

დღეს ოპერაციული მკურნალობა ძალიან განვითარებულია, 10-15 წლის წინ თუ მხოლოდ ღია წესით ოპერაციები (შუნტირება, პროთეზირება ან პლასტიკა ქირურგიული) ტარდებოდა, ახლა უკვე შეგვიძლია ენდო-ვასკულარულად ჩავერიოთ ანუ ე.წ. უსისხლო წესით, ნაჩხვლეტიდან (ძალიან წვრილი ინსტრუმენტებით) შევიდეთ სისხლძარღვებში, დავაყენოთ სტენტები, ან უბრალოდ გავაფართოოთ და გავხსნათ იმისთვის, რომ სისხლის ნაკადი და მოცულობა გაიზარდოს კიდურში. თუმცა ღია წესით ოპერაციებიც შეიძლება დღესაც გაკეთდეს.

მეთოდი წყდება მას შემდეგ, როცა გვაქვს სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია სისხლძარღვები.

რეკომენდაცია: პაციენტი, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყოველ წელს უნდა გადიოდეს სისხლძარღვთა ქირურგთან კონსულტაციას, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას ტკივილები კიდურებში.

68 წლის ვეტერინარი ქედიდან 22 სოფელს ემსახურება: „პენსია არ გეკუთვნისო“

„22 სოფელი მაბარია. დილას 5 საათზე უნდა დავიწყო მუშაობა, ვიდრე საქონელს საძოვარზე გაუშვებენ. საღამოობით ვმუშაობ ასევე გვიანობამდე, რომ მოვასწრო ყველასთან მისვლა,“ – თავის სამუშაოს აღწერს ვახტანგ ბერიძე. ის ექიმი-ვეტერინარია და ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხვდით.

ვახტანგ ბერიძე უკვე 44 წელია ექიმ-ვეტერინარად მუშაობს, მას აქეთ, რაც უმაღლესი დაასრულა და ქედაში დაბრუნდა. მისი ყოველდღიურობა აჩვენებს: რატომ გახდა მილევადი ეს პროფესია და ამავდროულად, რატომ მცირდება პირუტყვის რაოდენობა სოფლად.

ვეტერინარი საპენსიო ასაკისაა, 68 წლისაა, მაგრამ პენსიას არ აძლევენ, რადგან იგი დასაქმებულია, მისი ჯამაგირი კი, თვეში 1300 ლარია. ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ხელფასიდან საშემოსავლო ექვითება, ასევე საწვავის და მანქანის ხარჯია საჭირო.

„500-600 ლარი თუ დაგრჩა, კარგია,“ – გაღიმებას ცდილობს ექიმი და დასძენს, რომ წლის განმავლობაში 7 თვით უფორმებენ ხელშეკრულებას.

„ვიდრე საძოვრებიდან დაბრუნდება პირუტყვი, მანამდე ადგილზე რაცაა, ისინი უნდა გადავცრა. ასევე ცოფის საწინააღმდეგოდ ვცრი ძაღლებს და კატებს,“ – გვიხსნის ვახტანგ ბერიძე და მორიგი სახლის წინ, ჭიშკართან ჩერდება – გამოცდილ ვეტერინარს აქ ყველა ცნობს.

„მობრძანდით“, – ისმის მასპინძლის ხმა, აივნიდანვე რომ ამჩნევს სტუმარს ჭიშკართან.

„ძაღლი დაბმულია, თუ სად გყავთ? უნდა ავცრა, წელს არ ამიცრია,“ – სტუმრობის მიზეზს განუმარტავს მასპინძელს ექიმი, ეზოში შედის და ჩანთიდან შპრიცს ამზადებს, მასპინძელი ძაღლს ამზადებს ასაცრელად.

„აცრები უფასოა, სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს,“ – გვეუბნება ექიმი და ინიექციის გაკეთების შემდეგ გვიყვება, საშემოდგომოდ ბევრი საქმე რომ ელის: საქონელი მთის საძოვრებიდან ჩამოჰყავს ხალხს.

„გავრცელებულია ვირუსული დაავადებები, რაც იწვევს სიკვდილიანობას, მაგალითად, თურქულს ვეძახით ერთ-ერთს. მთიდან როცა მობრუნდებიან ცხოველები, ყველა უნდა აიცრას, რადგან საფრთხეა, რომ იქიდან ჩამოიტანონ ვირუსი.

ადრე ჩემ სამოქმედო ტერიტორიაზე 9-10 ათასი საქონელი იყო, ახლა 5-6 ათასი იქნება დაახლოებით, მუდმივად იკლებს საქონლის რაოდენობა. მცირდება იმიტომ, რომ მიგრაციაა. ყველა ოჯახს სჭირდება საარსებო წყარო, რაც სოფელში აღარ გამოინახა. ქატო ერთი ტომარა 28 – 30 ლარი ღირს, ეს ერთი კვირა ეყოფა საქონელს…

ამას გარდა, როცა საქონელი გყავს, ყოველდღიურად სჭირდება ზრუნვა და ყურადღების მიქცევა, ვერ წახვალ სხვაგან, მაგალითად, სამუშაოდ და საქონელს ვერ დატოვებ.

სახელმწიფო არ ზრუნავს იმაზე, რაც გლეხს სჭირდება. თამბაქოს ფასიც როგორ შემცირდა, ხომ ხედავთ: ერთეულმა თანამდებობის პირებმა ჩაიგდეს ხელში და ფასი დაუგდეს. ამიტომაც, ხალხი სოფელს ტოვებს. გადიან თურქეთში, ევროპაში, რომ ლუკმა-პურის ფული იშოვონ, სხვა გზით ვეღარ ირჩინეს თავი.

ვახტანგ ბერიძე – ექიმი-ვეტერინარი

ექიმ-ვეტერინართან ერთად მუშაობს თანაშემწე. ვახტანგ ბერიძის შემთხვევაში, თანაშემწე იმავდროულად მძღოლია. მისი თქმით, ტრანსპორტირება ყველაზე ძვირი უჯდებათ, რაშიც ხელფასის ნახევარი ეხარჯებათ.

„პირველ რიგში, საწვავის ხარჯი უნდა გამოიყოს ცალკე გადაადგილებისთვის და ხელფასი მოიმატოს, ეს არის საჭირო,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე და მანქანაში ჯდება, სოფლის მეორე კუთხეც რომ შემოიაროს.

„საღამოს საქონელი დაბრუნდება და ისინია მისახედი, მერე ძაღლებისთვის და კატებისთვის აღარ მეცლება,“ – გვემშვიდობება ექიმი-ვეტერინარი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 269 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +580]
  • ტანკი – 4 560 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 8 767 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 5 839 ერთეული [+28]
  • MLRS – 760 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 512 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 628 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 370 ერთეული [+32]
  • სპეცტექნიკა – 877 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 248 ვერტმფრენი
  • 6 628 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 779 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 149 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 331 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 905 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ძლიერ წვიმაზე შიშისგან წნევა მიწევს – კაცი ქედიდან, ვის მეზობლად მეწყერმა სახლი ჩამარხა | VIDEO

„შოვის ტრაგედია რომ მოხდა, სახლში ვეღარ ვჩერდებოდი. ჩემი ხის სახლი 150 წლისაა და კრაჭუნობს, ყველა გაკრაჭუნებაზე გავრბოდი გარეთ, გამოვვარდებოდი გარეთ, არაფერი, შევიდოდი უკან, მერე კიდევ ისე,“- თავის ემოციას გვიზიარებს ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები გია ხალვაში და თან ფერდობს მივუყვებით ტყის პირას, ხის ძველი სახლისკენ, სადაც ცხოვრება საშიში გახდა.

ქედის სოფელი კოკოტაური ის სოფელია, სადაც 2023 წლის 5 მარტს მეწყერმა სახლი წაიღო, გია ხალვაშის სახლის მეზობლად. გია გზაში გვიყვება, რომ მეწყერი მისთვის განსაკუთრებით საშიში ამ ამბის ან შოვის ტრაგედიის შემდეგ კი არ გახდა, არამედ როცა მკაფიოდ დაინახა, როგორ ატყუებს ხელისუფლება:

2020 წელს გია ხალვაშის საკარმიდამო გეოლოგებმა შეისწავლეს და დასკვნა ჩააბარეს, რომ იქ ცხოვრება საშიშია. როცა მეწყერმა გიას მეზობლის – ზურაბ ზოიძის სახლი ჩამარხა, დაზარალებული ოჯახი და გიაც სამეზობლოში გადაუყვანიათ, ე.წ. „უსაფრთხო ადგილას“. თუმცა 20 დღის შემდეგ გია ხალვაშს უთხრეს, რომ საფრთხე აღარ არსებობს და თავის სახლს უნდა დაუბრუნდეს.

გია ხალვაშისთვის გეოლოგების ახალი დასკვნა არ ჩაუბარებიათ, სადაც იქნებოდა ჩანაწერი: „ცხოვრება უსაფრთხოა“.

ძველი სახლი გავლისას მართლაც კრაჭუნობს. ალაგ-ალაგ, იატაკი ჩავარდნილა, ჭერიც დაზიანებულა. ამ სახლში გია ხალვაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. გიას აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება – მწვანე მთები და პატარ-პატარა სოფლები მდინარის პირას. მასპინძელი გვიყვება, წლების წინ რომ ამ პატარა სოფლებში დადიოდა და ადამიანებს ფოტოფირით ფოტოებს უღებდა, ვიდეოსაც. ყველამ რომ მობილური ტელეფონი იყიდა, გია ისევ უმუშევრად დარჩენილა და ამჯერად ჯართის შეგროვებით დაკავებულა…

გიას აივანზე ვთხოვთ გაჩერებას, ფოტოები რომ გადავუღოთ, მაგრამ ის ამბობს, რომ ცუდადაა და იქ დგომა აღარ სურს: „აქ ვიდექი იმ დილასაც, მეწყერმა ზურაბის სახლი რომ წაიღო. ისე შევშინდი, ორი საათი ვერ გავექანე ადგილიდან, მერე ჩავედი, რა თქმა უნდა,“ – ღრმად ამოიოხრა და ოთახში როცა შევბრუნდით, ისევ იმ დღეს დაუბრუნდა, მეწყერმა რომ სახლი ჩამარხა.

გია ხალვაში
ქედა, სოფელი კოკოტაური, ხელი გია ხალვაშის სახლიდან
ადგილი, სადაც მეწყერმა სახლი წაიღო

„თავიდან ქარი მეგონა, ისე წამოვიდა შრიალით მეწყერი ზემოდან… იმ დილით ჩემი ხბო ბღაოდა, ვიფიქრე, რა უნდა ამ დილას-მეთქი, ქატო გავულესე, შევუტანე და დავუდგი, გაჩერდა და ამ დროს თითქოს რაღაცამ დეიშიშინა, შევხედე და თანდათან მოდიოდა ნელა, შიშმა ამიტანა… რომ ჩავედი ზურაბთან, სახლი უკვე ჩატანილი ჰქონდა მეწყერს, სახურავის რახა-რუხი მიდიოდა, აქეთ ბოსელი, იქეთ – ნალია… მთელი სამეზობლო იქ იყო, ყველაფერი დაუშალა და დაუნგრია, გაუნადგურა კაცს ცხოვრება.

მანამდე გზა იყო გახეთქილი სახლს ზემოთ, თანდათან ემატებოდა… არ ეგონა მას და არ სჯეროდა, ასე თუ მოხდებოდა, მეზობლად მისი ბიძის სახლში გავიყვანეთ ოჯახი. ზუსტად მეორე დღეს ჩამოვიდა მეწყერი,“ – გვიყვება გია ხალვაში.

ამოვიდნენ მაშინ გეოლოგები, ან ხელისუფლებიდან ვინმე, ვიდრე მეწყერი ჩამოწვებოდა? – ვკითხულობ მე.

„არა, საერთოდ არავინ,“ – კატეგორიულია მასპინძელი და თეთრად შეღებილ სარკმელთან ჩერდება, – „მერე ამოვიდნენ, რომ გასწორდა ყველაფერი, ამოვიდნენ და ყველაფერი კარგად იქნებაო. სახლებში არ იცხოვროთო, ჩვენც გვითხრეს და გაგვიყვანეს რამდენიმე ოჯახი. მეც ზურაბთან ერთად შევედი მეზობლის სახლში, ვიფიქრე, ერთად ვიქნებით-მეთქი. ზურაბის ოჯახი ახლაც იმ სახლშია, ვინც საცხოვრებლად ქალაქშია გადასული.

ქირის ფული კი არა, უბრალო საკვები პროდუქტებიც კი არ მოუტანიათ. ვინც დაზარალდა, იმასთანაც არ მიუტანიათ, არათუ ჩემთან. როგორც ვიცი, ქირის ფულს უხდიან მხოლოდ თვეში 240 ლარს და ესაა, მეტი თეთრი არ აუღია,“ – ცხარობს გია ხალვაში.

თანხა ახალი საცხოვრებლისთვის რომ არ მიუღია, დაგვიდასტურა ზურაბ ზოიძემაც, ის ცოლთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იალაღზეა და ტელეფონით დავუკავშირდით.

ძლიერ წვიმაზე შიშისგან წნევა მიწევს - კაცი ქედიდან, ვის მეზობლად მეწყერმა სახლი წაიღო

„ვისიც არის სახლი, იმას ურიცხავენ 240 ლარს, მეტი არაფერი მიმიღია მე… სახლიდან მხოლოდ რამდენიმე ნივთის გადარჩენა შევძელით, უმნიშვნელო, გვიჭირს, სოციალურ შემწეობას არ ვიღებთ, დახმარება მხოლოდ ბავშვებს აქვთ, ვიბარგებით ახლა მთიდან,“ – გვითხრა ზურაბ ზოიძემ.

მას შემდეგ, რაც ზურაბ ზოიძის სახლი მეწყერმა წაიღო, სოფელი გეოლოგებს შეუსწავლიათ – ოთხი ოჯახი, მათ შორის, ზურაბ ზოიძის ოჯახი ქირით გაუყვანიათ, ნაწილს კი უთხრეს, რომ თავიანთ სახლებს უნდა დაუბრუნდნენ.

„2020 წელს როცა მითხრეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია, დავიჯერე და სახლის მშენებლობაც გავაჩერე,“ – გვიყვება გია ხალვაში და ფანჯარასთან ზურგშექცევით ჯდება. – „წყლები ამოვიდა რამდენიმე ადგილზე, ახლაც ამოდის… ახლა რომ მითხრა გეოლოგმა, აღარ არის საშიშიო, რა შეიცვალა, როგორ დავუჯერო?

კვლევას სჭირდება თავისი დანადგარები, უნდა გაზომო სიგრძე, სიგანე, საფრთხე შეისწავლო. მასე ძველი ფოტოაპარატი მეც კი მაქვს, გავუჩხაკუნებ და გადავიღებ. გეოლოგმა მითხრა, დავასურათე და შევიტანე კომპიუტერშიო. მე ვუთხარი, რამე დამაჯერებელი მაინც მოიტყუე-მეთქი.

არ ვიცი, ან გეოლოგობა როდის ისწავლა, სახელი არ ვიცი, გვარად თურმანიძეა და ქედელი ბიჭია, აქამდე კომისრის მძღოლად მუშაობდა.

განსაკუთრებით საფრთხეს წვიმაში ვგრძნობ – ძლიერი წვიმა როცა მოდის, წნევა მიწევს, საერთოდ მივდივარ სახლიდან… იქეთ, მოსახვევში მაგარი მიწაა, იქ მყავს გაჩერებული ძველი „მარშრუტკა“ და იმაში ვიძინებთ. აბა, რა ვქნათ, ნიახური ხომ არ ვარ, მეორედ რომ მოვიდე?

ხელისუფლებამ წინასწარ არ იცის, სად რა მოხდება, მაგრამ ხომ არიან სამსახურები? უნდა დაავალონ, რომ, მაგალითად, ადი და კოკოტაური შეამოწმე, ან ხულო შეამოწმე, მაშინ გადარჩება მოსახლეობა,“ – ისევ პეიზაჟს გაჰყურებს მასპინძელი.

რატომ არ ჩააბარეს გეოლოგის ახალი დასკვნა გია ხალვაშს და რატომ ვერ მოხერხდა დაზარალებული ზურაბ ზოიძისთვის ახალი საცხოვრებლის შეთავაზება? – ვიკითხეთ ქედის მერიის პრესცენტრში.

„მოქალაქე ზურაბ ზოიძეს მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზარალის გამო, მერია დაეხმარა 1000 ლარით და აჭარის მთავრობა 5000 ლარით, ჩართულია საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამაში, მოქალაქემ უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი ბინის მოძიება, რომ ჩაერიცხოს თანხა.

მიმდინარე წელს კოკოტაურში განვითარებული მეწყრის შემდეგ, გეოლოგების მიერ შესწავლილია გია ხალვაშის საცხოვრებელი, დასკვნაში აღწერილია, რომ ფერდზე მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით საჭიროა ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება, თუმცა მოქალაქეს გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მერიისთვის არ მოუმართავს. მოქალაქე გია ხალვაშისთვის მერიას გაწეული აქვს დახმარება სახურავით, მილებით და შეშით,“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესცენტრიდან, სადაც ასევე ვითხოვეთ, ეჩვენებინათ გეოლოგის ახალი დასკვნა და დაეკონკრეტებინათ: არის თუ არა გია ხალვაშის საცხოვრებელი ადგილი უსაფრთხო? – ქედის მერიაში ეს ინფორმაცია უპასუხოდ დატოვეს.

ავარია სარფში – ავტომანქანა ამოტრიალდა, 4 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, სარფში ავარიაა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა, 4 ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ორი დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორი – BMC-ში.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

აჭარაში მცხოვრები მაღალქულიანი აბიტურიენტები ფულად ჯილდოს მიიღებენ

აბიტურიენტებს, რომლებიც აჭარის რეგიონში არსებულ სკოლებში სწავლობდნენ და უმაღლეს სასწავლებლებში 100%, ასევე 70 % გრანტი მოიპოვეს, აჭარის მთავრობა ფულადი თანხით აჯილდოებს. სტუდენტები 2000 და 1000 ლარს მიიღებენ ჯილდოს სახით.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 10 სექტემბერს ბათუმში, პირველკურსელებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს აჭარის რეგიონიდან 3300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის, 150 სტუდენტი 100% და 70% გრანტით.

აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ თანხა სტუდენტებს ჩარიცხვის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემათ.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 სექტემბრის 21 საათიდან 11 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
  • ღამით: 14 – 19 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი: ტალღის სიმაღლე ღამით 4 ბალი, დღისით 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი; 13 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა; 14-15 სექტემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდი.

 

შოვში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 32 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი, 1 პირის ძებნა კი გრძელდება.

„ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 10 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.

40%-იანი ფასდაკლება და ახალი ევროპული ბრენდები – რა სიახლეებია პსპ-ში

ზაფხულის დასრულების შემდეგ ყველა სადღაც ვბრუნდებით. საყვარელ სივრცეებში დასაბრუნებელ მზადებას პსპ 40%-იანი ფასდაკლებით ხვდება. კომპანიაში დაგეგმილ ამ და სხვა სიახლეებზე „ბათუმელები“ პსპ-ს მარკეტინგის მენეჯერს, სალომე პატარაიას ესაუბრა.

  • სალომე, რა სიახლეებით დაიწყო პსპ-მ ახალი სეზონი? რომელ ხაზზე გაქვთ ფასდაკლებები? 

სიახლეებით დატვირთული ზაფხულის შემდეგ, შემოდგომისთვის განსაკუთრებით ვემზადებით, რადგან ეს სეზონი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებასთან ასოცირდება. ვუბრუნდებით სკოლებს, უნივერსიტეტებს, ვბრუნდებით შვებულებიდან და შესაბამისად, PSP-ც თავის მომხმარებლებს კვლავ სიახლეებით ხვდება.

ჩვენს აფთიაქებში ამჟამად მიმდინარეობს 40%-იანი ფასდაკლება რჩეულ ბრენდებზე, როგორც სახისა და სხეულის მოვლის მიმართულებით, ისე დეკორატიულ კოსმეტიკაზე, სასაჩუქრე ნაკრებებსა და საკვებ დანამატებზე. 

ასევე, შემოდგომიდან ვგეგმავთ, რომ პერიოდულად ჩვენს მომხმარებლებს სააფთიაქო სივრცეებში შევთავაზოთ სხვადასხვა სახის სერვისები, რასაც ძალიან მალე დავაანონსებთ და გაგაცნობთ დეტალებს. ასევე, მიმდინარეობს მზადება ახალი კონცეფციის აფთიაქის წარდგენისთვის და რა თქმა უნდა, ახალი წლისთვის. ამიტომ, კვლავაც სიახლეებით სავსე წლის ბოლო გვექნება. 

  • როგორც ვიცით, პსპ-ს მომხმარებლების დიდი ნაწილი მშობლები არიან, გეგმავთ თუ არა ფასდაკლებებს საბავშვო ხაზზე?

PSP-ს ბრენდი მუდმივად სთავაზობს ხოლმე მშობლებს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს თუ სასაჩუქრე შეთავაზებებს და ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ ჩვენი ბავშვთა დღეების ფარგლებში შეუძლია მისთვის სასურველი პროდუქცია განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს. 

არც შემოდგომის სეზონი იქნება გამონაკლისი, ჩვენი ფასდაკლებები მუდმივად ანონსდება სოციალური მედიის თუ პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, სასკოლო პერიოდისთვის მზადება უკვე დავიწყეთ და მომხმარებლებს საყვარელ ბრენდებზე ვთავაზობთ 40%-იან ფასდაკლებას, 17 სექტემბრის ჩათვლით. 

  • ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ თავს მხოლოდ ქალები უვლიან. არადა, პსპ-ს კაცის თავის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი აქვს. გეგმავთ თუ არა კაცის ხაზის გააქტიურებას?

აღნიშნული სტერეოტიპი ნამდვილად მცდარია და ამას ისიც მოწმობს, რომ ჩვენს ქსელში პერიოდულად იზრდება მამაკაცის მოვლის საშუალებების ხაზი, რადგან მოთხოვნაც საკმაოდ დიდია. 

რამდენიმე ბრენდის ხაზში წარმოდგენილი გვაქვს როგორც სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები, ისე წვერის მოვლის ისეთი პროდუქტებიც, როგორიცაა ზეთი, ცვილი და სპეციალურად წვერისთვის განკუთვნილი შამპუნიც კი.

 ჩვენი, როგორც ბრენდის მიზანია ჩვენს თითოეულ მომხმარებელს მივცეთ საშუალება მარტივად შეარჩიოს სასურველი პროდუქტი მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ხარისხიანი არჩევანიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდების უმრავლესობა განკუთვნილია ორივე სქესის წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით კი დერმატოლოგიური მიმართულებით. 

  • PSP-მ საკვები დანამატების ახალი ბრენდი, გერმანული „დოპელჰერცი“ დაიმატა. მოქმედებს თუ არა მასზე ფასდაკლება? როგორია ამ ბრენდის ისტორია და ვისთვისაა განკუთვნილი დანამატები? 

PSP პირველ რიგში ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცეს წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენი კორპორაციული სოციალური აქტივობისა და კორპორაციული ფასეულობის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წახალისებაა. წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად უჭერდა მხარს სპორტის თითქმის ყველა სახეობას საქართველოში.

PSP ერთ-ერთი პირველია ბაზარზე, ვინც საკვები დანამატების მიმართულება განავითარა და ასობით დასახელების პროდუქტია დღეს წარმოდგენილი ჩვენს აფთიაქებში. ვინაიდან სწორედ საკვები დანამატები წარმოადგენენ იმ ვიტამინებისა და მინერალების დამატებით წყაროს, რასაც ჩვენ ვერ ვიღებთ კვების ყოველდღიური რაციონიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, ჯანმრთელობისა და სილამაზის გაუმჯობესებისთვის, შენარჩუნებისთვის და რაც მთავარია, სხვადასხვა დაავადებების პრევენციისთვის. 

ვთანამშრომლობთ და ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებ, როგორიც არის: ამერიკული „სოლგარი“ და „ამვილაბი“, ფრანგული „პილეჟი“, გერმანული „ინაო“, და ახლა უკვე „დოპელჰერცი“ და ახალი ამერიკული ბრენდი „ფიური“. ასევე, მალე შემოგთავაზებთ ბრენდ „ცეფაკსა“ და „ორთომოლს“. 

შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ საერთაშორისო ბაზარზე უკვე წარმატებული, გამოცდილი და მომხმარებლებისთვის საყვარელი ბრენდები შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს. 

„დოპელჰერცი“ გერმანიაში N1 ვიტამინებისა და მინერალების მწარმოებელი ბრენდია და საქართველოში ჩვენ უკვე მათი ექსკლუზიური წარმომადგენლები ვართ. ამ ბრენდის ქვეშ ერთიანდება სხვადასხვა მიმართულების ისეთი საკვები დანამატები, როგორიცაა: გრიპი და გაციება, იმუნიტეტის მხარდაჭერა, ჯანსაღი თმა/კანი/ფრჩხილი, ძვალსახსროვანი სისტემა და პროდუქცია განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის. 

წარმოდგენილი გვაქვს საბავშვო ვიტამინების ფართო ასორტიმენტი, ასევე, ორსულობისა და ლაქტაციის დროს მისაღები საკვები დანამატები და ცალკე ხაზი, რომელიც განკუთვნილია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე, PSP-ში მომხმარებელს შეუძლია არა მხოლოდ მარტივად შეარჩიოს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, ასევე მისთვის კომფორტულად მისაღები ფორმით, რადგან პროდუქცია წარმოდგენილია სხვადასხვა შეფუთვის სახით, როგორიცაა: კაფსულა, შუშხუნა ტაბლეტები, სუსპენზია, სიროფი და სხვ. 

  • კიდევ რა სიახლეები იგეგმება სექტემბერში? თუ შეგიძლიათ სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქზე რომ ისაუბროთ.

განახლებული კონცეფციის აფთიაქის მომხმარებლებისთვის გაცნობისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს კომპანიაში და ვფიქრობთ, რომ დეტალებს უკვე შემოდგომის ბოლოს გაგაცნობთ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 268 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +490]
  • ტანკი – 4 554 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 8 755 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 5 811 ერთეული [+22]
  • MLRS – 760 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 509 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 593 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 338 ერთეული [+40]
  • სპეცტექნიკა – 872 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 248 ვერტმფრენი
  • 6 582 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 436 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 773 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 149 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 319 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 883 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

აშშ, სავარაუდოდ, მიაწოდებს უკრაინას ATACMS-ის სარაკეტო სისტემებს – მედია

სოფელ კოკოტაურში 23 კაცი გზის მოვლაზე დაასაქმეს – როგორ ამუშავდა „ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა

„გზაზე ბევრია დასაქმებული, ფურცელს აწევენ თუ რაღაც, ხან გამოდიან გზაზე, ხან – არ გამოდიან. ხელფასს იღებენ, მე კი ყოველდღიურად ვმუშაობ,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე, რომელსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესახებ ვესაუბრეთ.

დალი ქათამაძე-ბერიძე, როგორც სოციალურად დაუცველი, კოკოტაურის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ამ სოფელში დასაქმებული კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფლის ცენტრს და ადმინისტრაციულ შენობას ალაგებს. სოფელ კოკოტაურში, სადაც ფაქტობრივად 130 ოჯახი ცხოვრობს და სოფლის სკოლაში 28 ბავშვი დადის, სულ 25 სოცდაუცველი დაუსაქმებიათ, მათ შორის, 23 კაცი გზას უვლის.

სხვა სოფლების იდენტური სურათი დაგვხვდა „ბათუმელებს“ კოკოტაურში: დასაქმებული სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ადრე უხელფასოდ აკეთებდნენ იგივე საქმეს, რაშიც ახლა 300-300 ლარს უხდიან. მათ ხელშეკრულება არ შეუნახავთ, ან არ მისცეს და „დავალებას“ ძირითადად სოფელში მერის რწმუნებული განსაზღვრავს.

რამდენიმე სოფლის შემთხვევაში დასაქმებულებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად მუშაობდნენ, კოკოტაურში კი, 4 სოცდაუცველიდან ერთმა დაგვიდასტურა „ოცნებასთან“ კავშირი: „ოფიციალურად მიდრეკილი ვარ ქართულ ოცნებაზეო“.

გასათვალისწინებელია, რომ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება – საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, არჩევნებამდე კი, მმართველი პარტია ამოფარებულია პოზიციას, რომ „საქმეს აკეთებს“ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს მასობრივად ასაქმებს. 

ხელისუფლება მალავს სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების სტატისტიკას, თუმცა დასაქმების სააგენტოს საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის ამ პროგრამით 30 ათასი ადამიანი უკვე დასაქმდა.

„ბათუმელები“ სხვადასხვა სოფლის მაგალითზე აქამდეც წერდა, სად დაასაქმეს სოცდაუცველები: მაგალითად, ხულოს სოფელ დიდაჭარაში, საბავშვო ბაღში სულ 33 ბავშვია და 20 თანამშრომელი, მათ შორის, 5 სოციალურად დაუცველი. ქედის სოფელ ზვარეში კი, სოფლის გზაზე დასაქმებული 10 დამლაგებელი დაგვხვდა.

რა გვითხრეს კოკოტაურში დასაქმებულმა სოცდაუცველებმა? 

„მომაკუთვნეს ხუთი კლასის დალაგება და იმას ვალაგებ. ყოველდღე დავდივარ სკოლაში, სამი საათი მაინც მჭირდება, რომ დავალაგო,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე:

„სკოლაში მანამდეც მუშაობდა დამლაგებელი და ახლაც არის, როგორც ამბობს, მისი ხელფასი 200 ლარია. თავიდან მე მქონდა დასალაგებელი მხოლოდ დარბაზი და კორიდორი და იმ დამლაგებელმა ეს გააპროტესტა, მე ამდენი კლასი ვალაგო და კიდევ დაბალი ხელფასიო… მერე მომცეს მეც კლასები და კორიდორი აღარ მაქვს.

გასული წლის ნოემბერში დავსაქმდი. ნოემბერსა და დეკემბერში 300 – 300 ლარი ჩამირიცხეს, შემდეგ კი, სულ მაკლებენ, ხან 245 ლარს მირიცხავენ, ხან – 230 ლარს, ხან – 220 ლარს. დირექტორს რომ ვუთხარი, მე შენი ხელფასი რად მინდაო, აღარ მომიკითხავს სხვაგან… მითხრეს, სულ არ მოხსნანო, მაგრამ უნდა გავასაჩივრო: ხელფასი არ მქონდა და მშიერი არ მომკვდარვარ,“ – გაღიმებას ცდილობს დალი ქათამაძე-ბერიძე და თან მობილურ ტელეფონში გვაჩვენებს ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

ჩარიცხვების ელექტრონული დოკუმენტიდან ჩანს, რომ დასაქმებულ სოცდაუცველს პროგრამით გათვალისწინებულ, სტანდარტულ 300 ლარს მართლაც არ ურიცხავენ.

დალი ქათამაძე-ბერიძე

სოციალური მომსახურების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თავად დასაქმებულს მიაწვდიან ინფორმაციას, რატომ არ ერიცხებათ 300 ლარი. აქ განმარტეს, რომ საათების რაოდენობაზეა დამოკიდებულია, რაც სამუშაო ადგილზე ივსება.

დალი ქათამაძე-ბერიძე კი ამბობს, რომ სხვა დასაქმებულებთან შედარებით, მას ყველაზე მეტი საქმე აქვს.

„დაძაბულად ვარ სხვებთან შედარებით, არ უნდა იყოს დაკლება. სხვები გზაზე არიან, საგზაოს ბევრი ჰყავს და შემცვლელები არიან, მე მარტო ვარ სკოლაში. ისეთი სამუშაო აქვთ, დილაზე გამოვლენ, ეზოა დასაგველი, თუ რა ვიცი, კაცებს ადვილი სამუშაო აქვთ,“ – ამბობს დალი ქათამაძე-ბერიძე.

გზა სოფელ კოკოტაურში

ხელშეკრულება არც დალი ქათამაძე-ბერიძეს შეუნახავს, მას არც ვაკანსიების ჩამონათვალი უნახავს. დალის დასაქმების ისტორია ასეთია:

„მე ვაკანსია არაფერი არ მინახავს, ზურიამ [მერიის რწმუნებული სოფელ კოკოტაურში] დამირეკა, შენი პასპორტი მინდაო, ისიც არ ვიცოდი, რისთვის უნდოდა. მერე დამირეკა, დაგასაქმეო და სკოლის დირექტორი რომ დაგირეკავს, ახვალ სკოლაშიო.

მე თვითონ ნასწავლი ვარ, მაგრამ ჩემი სპეციალობით სამსახური ვერ ვნახე – დაწყებითების მასწავლებელი ვარ, ერთ-ორი კაპიკი მინდოდა მქონოდა და ცოცხი დავიკავე.

მინდა, რომ გაგრძელდეს დასაქმების ეს პროგრამა: 2025 წლის მარტამდე რატომ უნდა იყოს?  თუ არჩევნები ჩატარდება, იმის მერეც უნდა გაგრძელდეს,“ – გვითხრა დასაქმებულმა დალი ქათამაძე-ბერიძემ.

პროფესიით პედაგოგია ოთარ შანიძეც, რომელსაც ასევე არ შეუნახავს ხელშეკრულება და ამბობს, რომ როგორც სოცდაუცველი, სოფელში მერის რწმუნებულის თანაშემწედ მუშაობს.

ოთარ შანიძე

„ვაკანსია თავად შეარჩიეს,“ – გვიყვება ოთარ შანიძე. იგი ვერ აკონკრეტებს, რა არის მისი ვალდებულება, – „ჩემი ძირითადი თანამდებობა არის ის, რომ სოფლის უხუცესის და ჩვენი თავკაცის თანაშემწე ვარ. 300-ლარიანს ვმუშაობ, მას [მერის რწმუნებულს] თუ არ სცალია, მე დამირეკავს და გავდივარ მასთან ერთად სამუშაოზე. მათ [სხვა სოცდაუცველებმა] იმუშაონ და მე არა, მაგას მე სოფელში არც ვიზამ…“ – თქვა ოთარ შანიძემ.

გამოდის, ზედამხედველი ხართ? – ვეკითხებით დასაქმებულს.

„ზედამხედველი როგორ ვარ იცით, ვაფრთხილებ და თან გავდივარ მათთან ერთად სამუშაოზე. დავდგე ახლა, მათ ვუყურო და მე არ ვიმუშაო, ასე არაა…. ხელშეკრულება ოჯახში შენახული არ მაქვს, მაგი დევს ქედის გამგეობაში,“ – გვითხრა ოთარ შანიძემ.

დასაქმებული „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ სამუშაოებს, რასაც ახლა სხვებთან ერთად აკეთებს – გზის მოვლაა, თუ სანიაღვრე არხების მოწესრიგება, სოცდაუცველების დასაქმებამდეც იგივე ადამიანები აკეთებდნენ.

„ტენდერით მილები ჩასვეს და ეს არის, თორემ კონტროლს, მთლიანობაში სოფელი მიდიოდა და აკეთებდა… ადრე იმავეს აკეთებდა სოფელი დასაქმების პროგრამის გარეშე. ამ დასაქმებით მოსახლეობამ ცოტა ხელი მოიბრუნა ფინანსურად. 300 ლარი არ არის, რომ ვაი, რა ვნახე, მაგრამ ოჯახში პურის ფქვილი და ზეთი იყიდეს, სარჩო მეტი შემოვიდა,“, – გვიყვება ოთარ შანიძე.

ხომ არ მოსთხოვეს დასაქმებულებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობა წინასაარჩევნოდ იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროგრამა „ქართული ოცნების“ ინიციატივითვე საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ შეწყდება? – ვეკითხებით რესპონდენტს.

„თავიდან დაწყებული, მე ვიყავი „ოცნებაში“. ამას ვამბობ მე რეალურად და ყველამ იცის ეს, დასაქმებამდეც მაქ ვიყავი, „ოცნების“ წარმომადგენელი არ ვიყავი მე, არავითარი კოორდინატორი, მაგრამ ოფიციალურად მიდრეკილება მქონდა „ოცნებაზე“.

გეოგრაფიის მასწავლებელი ვარ, მაგრამ სკოლაში არ დამასაქმეს, რადგან „აღორძინების“ მომხრე ვიყავი, 6 თვე ვიმუშავე სკოლაში და გამათავისუფლეს, შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი… იმის შემდეგ შეხება არ მქონია „ნაციონალებთან“.

ვერ იტყვის ვინმე, რომ მთავრობა შერჩევით ასაქმებს სოცდაუცველებს. ჩემს გვერდით მართლა ისეთი ხალხია, ნაციონალობაზე რომ თავს დებდნენ, ისინიც დასაქმებული არიან,“ – ამბობს ოთარ შანიძე, თუმცა უარს გვეუბნება, დაგვისახელოს რომელიმე სოცდაუცველი, ვინც ოპოზიციის ღიად  მხარდამჭერია და დაასაქმეს.

„თუი წვიმაა, შესაძლებელია, ღამეც მოგვიწიოს მუშაობა, კარგ ამინდებში კი, დღეში ერთი გავლაც საკმარისია, ორ დღეში ერთიც,“ – მზიან ამინდში რომ ბევრი საქმე არ აქვს, ადასტურებს ისევ სოფელ კოკოტაურში დასაქმებული მუხამედ გოლომანიძე. ის გვიყვება, რომ გზის მოვლასთან ერთად, სარწყავ არხებსაც უნდა მიხედოს, მაგრამ „ახლა წყლის კრიზისია“ და ვერაფერს შეცვლის – სარწყავ არხებს არავინ იყენებს.

„გაზი გაჰყავთ და ამ გაზის არხებიც გაყვანამაც დააზიანა გზა, ჯერ დასრულებული არ აქვთ სამუშაო, წვიმის დროს ძალიან რთული საქმე გვაქვს, ღვარცოფი მოდის.

ხელშეკრულება არ შემინახავს, ანაზღაურება მერიცხება 300 ლარი, თანხა მეტი იყოს, უკეთესია,“ – ეღიმება მუხამედ გოლომანიძეს.

მუხამედ გოლომანიძე

„გამოსწორება ის იქნება, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და იყოს სამუშაო, სახელმწიფო კი არ უნდა გვასაქმებდეს, არამედ ჩვენით უნდა ვისურვებდეთ და ვნახავდეთ,“ – გვემშვიდობება მუხამედ გოლომანიძე.

„ვერ გეტყვით, რა პოლიტიკაა ჩადებული… ისევ მე ვაკეთებდი ამ საქმეს აქამდე უხელფასოდ. მეშინია, არ მოსკდეს და არ წაგვიღოს მეწყერმა,“ – გვიყვება როლანდ თავართქილაძე. მისი სახლიდან არაა შორს ზურაბ ზოიძის სახლი, რომელიც 2023 წლის მარტში მეწყერმა ჩამარხა.

„რომ მოსკდა, გვეშინია სარწყავი წყლის მოყვანა ახლა, ამას უნდა მილები, მილების გარეშე ვერ ვიზამთ, მთავრობას მოუწევს ამის გაკეთება, რომ მილები მოგვცეს და მილებით გვინდა წყლის გაყვანა.

თავად შემომთავაზეს ეს პოზიცია, მე არაფერი შემირჩევია. სანიაღვრე არხების გასუფთავებაა ჩემი საქმე – ავდივარ ზემოთ, ჩემი სახლის პირდაპირ და ჩამოვყვები დაბლა. ხელშეკრულება გაფორმებული მაქვს, მაგრამ ჩემთვის არ მოუციათ, არ წამიკითხავს, რა არის ვალდებულება, საჭიროებისამებრ ვმუშაობ. ზოგჯერ მეტი გვიწევს შრომა, ზოგჯერ ნაკლები.

ყველა დაასაქმეს, ვინც სოცდაუცველია. ზოგჯერ სხვა რამეზეც გვამუშავებენ, მაგალითად, ხეების ჩამოსხვლა, ან განათება. სოფლის გამგებელი განსაზღვრავს, რა უნდა გავაკეთოთ.

ოპოზიციონერი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება არ დავესაქმებიე, არ ვიცი, მაგრამ მე არც იქეთ ვიყავ და არც – აქეთ,“ – იღიმის როლანდ თავართქილაძე.

როლანდ თავართქილაძე

„მიდრეკილება მქონდა ოცნებაზე“ - კიდევ რას ჰყვებიან ქედის ერთ სოფელში დასაქმებული სოცდაუცველები

____

ამ თემაზე:

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

„გოგონა ველოსიპედით“ – ქანდაკების რეაბილიტაციაში ბულვარი 40 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმის ბულვარი მონუმენტური შადრევნის ქანდაკება „გოგონა ველოსიპედით“ აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 40 ათას ლარს გადაიხდის. მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

ბულვარი ხელშეკრულებას ქანდაკების რეაბილიტაციაზე მის ავტორთან, ირაკლი ჟვანიასთან გააფორმებს.

„აღნიშნული ქანდაკება წარმოადგენს ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას, რომლებიც მუდმივად იზიდავენ ქალაქის სტუმრებსა და ბულვარის ვიზიტორებს. ქანდაკება ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდა 2012 წელს, ბათუმისთვის დამახასიათებელი ხშირი წვიმისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკარგა ვიზუალური მიმზიდველობა და ფუნქცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა ქანდაკებების დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია.“ – აცხადებს „ბათუმის ბულვარი“

ბულვარის ინფორმაციით, რესტავრაციისთვის საჭირო თანხის ოდენობა „ქანდაკების ავტორის მიერ წარმოდგენილი აღდგენა-რესტავრაციისთვის საჭირო მომსახურების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით“ განისაზღვრა.

„რაც შეეხება სამუშაოების ჩატარებას, ჩემი აზრით ჩასატარებელია ქანდაკების გაწმენდა და ახლიდან დაჟანგვა, დასამატებელია ერთი დამატებითი ტუმბო ვინაიდან ქოლგიდან წყლის დინება არ არის საკმარისი; შადრევანზე გასაკეთებელია საინფორმაციო წარწერა, პოსტამენტზე შეიძლება გაკეთდეს ბრინჯაოს ბარელიეფები ქანდაკების გამოსახულებით და ქანდაკების ღამის განათება, რაც აუცილებელია.

ჩემის მხრიდან მზად ვარ შევასრულოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაო თქვენის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.“ – წერს ირაკლი ჟვანია  „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლაშა მიქელაძეს.

განაცხადის მიხედვით, ქანდაკების ავტორთან შეთანხმებით, რესტავრაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს.

ბულვარის ინფორმაციით, „ი/მ „ირაკლი ჟვანია“-ს მიერ წარმოდგენილია ცნობა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციიდან, რომლის თანახმადაც ირაკლი ჟვანია გაწევრიანებულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში და მას ქანდაკებაზე „გოგონა ველისიპედით“ დაარეგისტრირებული აქვს საავტორო უფლებები“.

ბულვარის განაცხადს გამარტივებულ შესყიდვაზე სააგენტო 2023 წლის 13 სექტემბერს განიხილავს.

 

ხულოში, სოფელ ბაკოში დაიწვა სახლი, სადაც რვასულიანი ოჯახი ცხოვრობდა

ხულოში, სოფელ ბაკოში ხის სახლი და ბოსელი დაიწვა. სახლში რვასულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახლი გუშინ, 9 სექტემბერს საღამოს დაიწვა.

სოფელ თხილვანაში ხულოს მერის რწმუნებულის, მამუკა ქამაშიძის თქმით, ოჯახი ქირით გაიყვანეს, ზარალის დათვლის შემდეგ კი, დაზარალებულ ოჯახს ხულოს მერია 20 ათას ლარს გადასცემს.

„ეს ოჯახი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს და გვიან გაიგეს, რომ მეორე სართულზე სავარაუდოდ ჩამრთველიდან ხანძარი გაჩნდა, სახანძროც მივიდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოციალურად დაუცველი ოჯახია, სამი შშმ პირი ცხოვრობს ამ ოჯახში და ორი მცირეწლოვანი ბავშვი,“ – გვითხრა მამუკა ქამაშიძემ.

 

სოფელ ბაკოში სახლი დაიწვა. ფოტოები მოგვაწოდა მამუკა ქამაშიძემ

რა გადაწყვიტა ევროსასამართლომ „გიორგი ოქროპირიძის საქმეზე“

გიორგი ოქროპირიძის საქმეზე“ ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ოქროპირიძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

საუბარია 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობაზე. გიორგი ოქროპირიძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. მას მოსამართლემ 20  წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს  ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც მოექცნენ მედიით ინტენსიურად გავრცელებული ინფორმაციისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გავლენის ქვეშ. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას დარღვეული იყო კანონით გათვალისწინებული პროცედურა.

„არ დარღვეულა საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, არ დარღვეულა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს თქმით, ასევე ვერ დადგინდა ნაფიც მსაჯულთა მიკერძოებულობა და არაობიექტურობა.

სტრასბურგის სასამართლომ არცერთ ნაწილში არ გაიზიარა მომჩივანის პრეტენზიები და დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ყველა ზომა მსაჯულთა მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოკვლევას სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დროს პროცესუალური წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, განხილული იყო პროცესის ყველა წესის დაცვით,“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე ამბობს, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მან საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა . გიორგი ოქროპირიძემ ის სამართლებრივი ნორმა გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს შეუძლია ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტი გააუქმოს, თუ ხედავს, რომ ვერდიქტი აშკარად უსაფუძვლოა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნაფიც მსაჯულთა უკანონო შემადგენლობა დაიშვა სასამართლოზე და მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტი სამართლებრივად არის უკანონო.

ამ თემაზე:

ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ

Exit mobile version