მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს – მინიმუმ 300 ათასი ლარის ქვაფენილი

11.09.2023 • 2689
ბათუმის მერიის საჩუქარი საპატრიარქოს – მინიმუმ 300 ათასი ლარის ქვაფენილი

„ეკლესიას ვჩუქნით და ის ცოდვა, რომ ლელოში ხარ, აღარ მოგეკითხება შემდეგ“ – უპასუხა დავით მახარაძემ „ოცნებიდან“ კოლეგას, ვაჟა დარჩიას საკრებულოს სხდომაზე, როცა მან იკითხა, რატომ გასცემენ ქონებას საჩუქრად, რომლისგანაც მუნიციპალიტეტს სარგებლის მიღება შეუძლია.

ვაჟა საკრებულოში „ლელოს“ წარმოადგენს. სხვათა შორის, მან თავის კითხვას განმარტებაც დაურთო: „ინსტიტუტს არ აქვს მნიშვნელობა.“

საუბარი მეორადი ქვაფენილის საპატრიარქოსთვის საჩუქრად გადაცემას შეეხებოდა.

ქვაფენილის ნაწილს, რომელიც ბათუმის ქუჩებიდან აყარეს, მერია საპატრიარქოს აჩუქებს. გადაწყვეტილებას მხარი ბათუმის საკრებულომ დაუჭირა. დოკუმენტების მიხედვით, საპატრიარქოს ქვაფენილი ეკლესია-მონასტრებისა და გიმნაზიების ეზოების მოსაწყობად უნდა.

„ვის მოეკითხება, მაგას ვნახავთ“ – უპასუხა ვაჟა  დარჩიამ კოლეგას. მან მომხსენებელს ჰკითხა ისიც, მომავალში მსგავსი ქონება, რომელსაც ახლა საპატრიარქოს გადასცემენ, თავად მერიას ხომ დასჭირდება.

„საპატრიარქო იქნება თუ მუსლიმური თემი, ვისაც უნდა, იმან წაიღოს და მოიხმაროს, მაგრამ ჩვენ თუ ეს მომავალში საყიდელი გაგვიხდა და ამაში ფული უნდა გადავიხადოთ, რაც გავაჩუქეთ, ეგ მგონია სიგიჟე“.

მერიის გადაწყვეტილებით და საკრებულოს თანხმობით, საპატრიარქო უსასყიდლოდ სახელმწიფო ქონებას, 7300 კვ. მეტრ ქვაფენილს მიიღებს, რაც მინიმუმ 300 000 ლარის ღირებულების ქონებაა.

ქვაფენილის ნაწილი, კერძოდ 20 000 კვ.მ მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი მერიამ აუქციონზე გაიტანა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 24 000 ლარი. ქონების საწყისი ფასის მიხედვით, 1 კვ. მეტრი ქვაფენილის ფასი 40 ლარია. შესაძლოა ეს ფასი ელექტრონული ვაჭრობის დროს გაიზარდოს.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და დღეს, 11 სექტემბერს, დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: