მთავარი,სიახლეები

ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

04.07.2023 •
ვარდმანიძემ თქვა, რომ აზარტული თამაშებით იყო დაკავებული – ხელვაჩაურის ყოფილი მერის ჩვენება

„ბატონო ჯუმბერ, დარეგისტრირებული ხართ თუ არა რომელიმე ინტერნეტსაიტზე რომელიმე აზარტული თამაშის მომხმარებლად?“ – პროკურორის ეს შეკითხვა დამაბნეველი აღმოჩნდა ხელვაჩაურის ყოფილი მერის – ჯუმბერ ვარდმანიძისთვის. მან მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმის სახით ჩვენება მისცა ხელვაჩაურის მერიაში „ნახევარი მილიონის მითვისების საქმეზე“.

ჯუმბერ ვარდმანიძე იყო ხელვაჩაურის მერი, როცა პროკურატურის ვერსიით, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, ვლადიმერ [დავით] მიქელაძემ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი მიითვისა. „ხელვაჩაურის წყალი“ კი, პირდაპირ იყო სამართლებრივად ანგარიშვალდებული ჯუმბერ ვარდმანიძესთან – ის ხელვაჩაურის მერი იყო 2017-2021 წლებში.

ჯუმბერ ვარდმანიძე ახლა აჭარის განათლების მინისტრის მრჩეველია.

პროკურორის კითხვას ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა აზარტული თამაშების საიტების შესახებ მოკლედ უპასუხა: „აღარ ვარ“.

– „2017-2020 წლებში თუ იყავით დარეგისტრირებული?“ – იკითხა ისევ პროკურორმა.

– „დასაშვებია“, – მხრები აიჩეჩა თანამდებობის პირმა.

– „სხვა პირის მონაცემები გამოგიყენებიათ აზარტული თამაშების განსახორციელებლად?“ – პროკურორის ამ შეკითხვაზე უკვე ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა თქვა, რომ ეს მისი „პირადი საქმეა“ და კითხვას აღარ უპასუხებს.

მოწმეს მოსამართლემ განუმარტა, რომ ვალდებულია შეკითხვებს უპასუხოს, როცა ის განრიდებული არ არის.

„კარგი, ბატონო, ჩემი შვილის საიტით [აზარტული თამაშების საიტები] ვსარგებლობდი. ეს ჩემი პირადი საქმეა და რატომ უნდა მოხდეს ჩარევა?“ – დარბაზს გადახედა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა და მოსამართლეს მიუბრუნდა პროკურორზე: „ჩემს პირად საქმეში რატომ უნდა ყოფდეს ცხვირს?“ – იკითხა მოწმემ.

– „ყოფილა შემთხვევა, როცა თანხა მოუცია თქვენთვის ვლადიმერ მიქელაძეს?“ – მოწმეს დაუბრუნდა პროკურორი.

– „დავუშვათ მოუცია 100 – 200 ლარი, არ მახსენდება… ბოლომდე რომ მართალი ვიყო, რესტორანში გადაუხდია პურის ჭამის დროს“, – დასძინა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა.

სასამართლო განხილვაზე ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე

„თქვენი აზრით, რატომ აქვს პროკურატურას ბრალი წარდგენილი ჯგუფურად ჩადენილი მითვისებისთვის, რატომ გაჩნდა ეს ეჭვი?“ – ადვოკატ ადილარ წირღვავას ეს შეკითხვაც არ მოეწონა ხელვაჩაურის ყოფილ მერს.

„ვერ გეტყვით. აბა, მე რა ვიცი. ის ჩემ დავალებას ასრულებდა, რომ წყალი ყოფილიყო სუფთა,“ – თქვა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელვაჩაურის მერიაში, სადაც თვითონ იყო პირველი პირი, ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ამბავი, მხოლოდ პროკურატურისგან გაიგო.

„ვისთან იყო „ხელვაჩაურის წყალი“ პასუხისმგებელი?“ – ჩაეკითხა მოწმეს ადვოკატი ადილარ წირღვავა.

„ჩემ წინაშე,“ – ჩაილაპარაკა მოწმემ და პაუზის შემდეგ დასძინა: „ჩემი მოადგილე იყო კურატორი“.

„მოადგილე“ კახაბერ ფუტკარაძეა, რომელმაც თანამდებობა დღეს, 21 ივნისს დატოვა მას შემდეგ, როცა „ბათუმელებმა“ ამ საქმის სასამართლო სხდომაზე ბუღალტრის ჩვენება გააშუქა: – ბუღალტრის ჩვენების მიხედვით, „ხელვაჩაურის წყალში“ ფიქციურად დასაქმებული იყო ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახაბერ ფუტკარაძის შვილი თორნიკე ფუტკარაძე. მისი ხელფასი 1040 ლარი იყო.

ჯუმბერ ვარდმანიძემ დაუდასტურა სასამართლოს, რომ მოადგილის შვილის „ხელვაჩაურის წყალში“ განწესება მასთან იყო შეთანხმებული.

„ვერ გეტყვით, ვისი ინიციატივით დასაქმდა, მაგრამ ჩემი თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა, დეტალები არ მახსოვს,“ – თქვა ჯუმბერ ვარდმანიძემ. მას არ უთქვამს, რომ თორნიკე ფუტკარაძე ფიქციურად იყო დასაქმებული.

ჩვენების დროს ვარდმანიძემ ახსენა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ვახტანგ აბაშიძესთან – წყალსაცავებთან და ჭაბურღილებთან მხვდებოდაო.

ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ მას სამსახურში თორნიკე ფუტკარაძე არასდროს უნახავს. ვახტანგ აბაშიძე, „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორის მოადგილე იყო, როგორც ბრალდებულ დავით მიქელაძის დირექტორობის დროს, ისე ახლაც.

ამ დეტალზე ვარდმანიძის გამოკითხვის დროს მხარეებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

პროკურორმა კიდევ ეს იკითხა:

„ეს სპეციფიკური სფეროა. გაარკვიეთ, რომ მას [თორნიკე ფუტკარაძეს] შესაბამისი ცოდნა ჰქონდა?“ – იკითხა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

„იქ ბევრი დამხმარე თანამდებობაა, რასაც არ სჭირდება კონკრეტული ცოდნა… ის იყო სპეციალისტის პოზიციაზე,“ – აღნიშნა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ჯუმბერ ვარდმანიძის მტკიცებით, კადრების დამატების საჭიროება „ხელვაჩაურის წყალში“ არსებობდა, თუმცა ვერ დაასაბუთა, ვინ დაადგინა და რა ფორმით ამის საჭიროება. ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა ვერც ის თქვა, დამატებით რამდენი ახალი თანამშრომელი დაასაქმეს იმ უწყებაში, რომელიც 100 პროცენტით ეკუთვნის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და ანგარიშვალდებულია ხელვაჩაურის მერიასთან.

„მე ხომ მათი ბრიგადირი არ ვიყავი… მივსულვარ და დამხვედრიან ადგილზე… იყო საუბრები, რომ საჭიროა კადრების დამატება. ჩემი დავალება იყო, რომ წყალი ჰქონოდა ხალხს და ეს წყალი ყოფილიყო სუფთა.

ერთხელ ფოტო გამომიგზავნა ვლადიმერმა ისეთი, ვუთხარი წაშალე ეს ფოტო შენ და მეც წავშლი, ვინმემ არ ნახოს-მეთქი. ჩანდა წყალსაცავში ჭიაყელა, ბაყაყი, ბოდიში და სლიკვიც. ეს ყველაფერი ვლადიმერმა მოაწესრიგა,“ – აღნიშნა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა.

„მოწამვლა დაფიქსირდა ამ სამი წლის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში?“ – ფეხზე წამოდგა და ისე დაუსვა შეკითხვა ბრალდებულმა ყოფილ უფროსს.

„არა. თუ ვინმეს კუჭი აეშალა, არ ვიცი,“ – ირონია დაეტყო ჩინოვნიკს.

„მე რუსულ მილებს ვყიდულობდი ბაზარზე „ჩეკები“ მქონდა, მაგრამ გუშინ ბუღალტერმა ესეც არ დაადასტურა… ეს არ უნდა აისახოს?“ – დირექტორობის პერიოდი გაიხსენა ბრალდებულმა და პროკურატურის მისამართით თქვა, რომ ყველა ხარჯი მითვისებად არ უნდა ჩაუთვალონ, როცა „ჩეკები“ არსებობს.

„მქონდა გადაცდომები, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ეს ხარჯები არ არის გამოკლებული,“ – თქვა ბრალდებულმა და იქვე თორნიკე ფუტკარაძეც ახსენა – ხელვაჩაურის მერის უკვე ყოფილი მოადგილის შვილი, რომელიც, მაგალითად, ხელფასს სრულად იღებდა – ფუტკარაძის ხელფასიც მითვისებულ ნახევარ მილიონში ყოფილა ასახული.

„უნდა აისახოს, უნდა აისახოს,“ – მხრები აიჩეჩა ხელვაჩაურის მერმაც, ვითომ მე რატომ მეხება ეგ საკითხიო და თანდათან მოწმის ტრიბუნიდან ბრალდებულის გისოსებს მიუახლოვდა.

„დაუბრუნდით თქვენს ადგილს“, – შენიშვნა მისცა მანდატურმაც მოწმეს.

„კონტროლის რა მექანიზმი გქონდათ?“ – ხელვაჩაურის ყოფილ მერს ეს შეკითხვაც დაუსვა ადვოკატმა ადილარ წირღვავამ.

„აუდიტი“ – თქვა მოწმემ და განმარტა, რომ შიდა აუდიტს დანაშაულის ჩადენის შესახებ მისთვის ინფორმაცია არასდროს მიუწოდებია: – „იქ იყო საუბარი გაორებაზე, მაგალითად, თანამდებობრივ გაორებაზე, რაზეც ვისაუბრეთ…“

„როგორ ხსნით ამ შეუთავსებლობას, როცა თქვენ მანამდე მხოლოდ გაორება შეამჩნიეთ, პროკურატურამ კი…“ – გაოცება ვეღარ დამალა მოსამართლემ.

„არ ვიცი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო ჩემთვის ეს ამბავი,“ – მოსამართლეს თვალი აარიდა ხელვაჩაურის ყოფილმა მერმაც.

————————–

ვლადიმერ [დავით] მიქელაძე „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი უფროსია და მას გამოძიება ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფულის მითვისებას ედავება – 520 920 ლარი.

ვლადიმერ მიქელაძეს ბრალი აქვს ასევე წარდგენილი: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების კუთხით.

20 ივნისს ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება ხელვაჩაურის წყლის“ ბუღალტერმა მისცა. სასამართლო სხდომის „ბათუმელებში“ გაშუქების შემდეგ, თანამდებობა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ -კახაბერ ფუტკარაძემ დატოვა. მოსამართლეს მოწმეებმა უთხრეს, რომ „ხელვაჩაურის წყალს“ კახაბერ ფუტკარაძე კურატორობდა, მისი შვილი კი, ათეულობით სხვა ადამიანის მსგავსად, ფიქციურად იყო დასაქმებული დავით მიქელაძის დირექტორობის დროს.

ამ თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: