მთავარი,სიახლეები

ციხეში გარდაიცვალა „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსი

12.09.2023
ციხეში გარდაიცვალა „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი უფროსი

ციხეში სასჯელის მოხდის დროს მსჯავრდებული ვლადიმერ [დავით] მიქელაძე გარდაიცვალა. ის „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორი იყო და სკანდალური „520 ათასი ლარის მითვისების“ საქმის გამო გაასამართლეს.

ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ „ბათუმელებს“ ადვოკატმა დაუდასტურა. ადვოკატის თქმით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ის 11 სექტემბერს გარდაიცვალა.

ვლადიმერ [დავითი] მიქელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 2023 წლის 6 ივლისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შპს „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.

ვლადიმერ მიქელაძე „ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორი იყო 2018 წლიდან 3 წლის განმავლობაში. მას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისებას ედავებოდა სხვადასხვა სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულთან ერთად. მოსამართლემ მხოლოდ ფულის გათეთრების ნაწილში არ ცნო ვლადიმერ მიქელაძე დამნაშავედ.

ვლადიმერ მიქელაძემ სასამართლო პროცესზე ამხილა ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას, თავისივე შეფასებით „ჯგუფურად ჩადენილი“ დანაშაულისთვის, ვლადიმერ მიქელაძის გარდა სხვა არავინ დაუსჯია.

ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ვლადიმერ მიქელაძემ თქვა, რომ 520 ათასი ლარიდან ჯამში 288 ათასი ლარი ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ხელზე გადასცა. ასევე პროკურატურამ ჯუმბერ ვარდმანიძეს კითხვები დაუსვა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებითაც. ამ ინფორმაციების გასაჯაროების შემდეგ ვარდმანიძემ  თანამდებობა დატოვა – ის აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.

მოწმეების თქმით, ორგანიზაციაში ფიქციურად იყო დასაქმებული ხელვაჩაურის მერის მოადგილის, კახაბერ ფუტკარაძის შვილიც, ისევე როგორც ათეულობით სხვა ადამიანი. ამ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ თანამდებობა დატოვა კახაბერ ფუტკარაძემაც.

ამ თემაზე:

„დირექტორთან კაბინეტში შემქონდა ფული“ – მოწმე ხელვაჩაურში 520 ათასი ლარის მითვისებაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.