მთავარი,სიახლეები

რუსეთი და უკრაინა გაერთიანდება, იქნება ერთი წმინდა რუსეთი – სხალთის მთავარეპისკოპოსი

13.03.2022 • 10883
რუსეთი და უკრაინა გაერთიანდება, იქნება ერთი წმინდა რუსეთი – სხალთის მთავარეპისკოპოსი

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ქადაგებისას რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ძმები ჩხუბობენ“ და „ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ“.

სხალთელი ეპისკოპოსი ირწმუნება, რომ არის წინასწარმეტყველებები ამ ომზე, გაერთიანდება სამი ქვეყანა – რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა და ეყოლებათ ერთი მეფე.

„არის წინასწარმეტყველება მამების, რომ ეს მოხდებოდა ასე და შემდეგ გაერთიანდება და შედგება ერთი წმინდა რუსეთი. ეს არის უკრაინა, ბელარუსი და რუსეთი. ერთი მეფე ეყოლებათ.

მერე საქართველოში აღდგება მეფობა, იქ რომანოვი იქნება მეფედ, აქ ბაგრატიონი და მეგობრულად იქნებიან ერთმანეთში. ვის უნდა ომი? ვილოცოთ, რომ შერიგდნენ და მშვიდობა იყოს“ – ამბობს ეპისკოპოსი.

მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ „ჩვენ“, საქართველო, არ უნდა ჩავერიოთ და ირაკლი ღარიბაშვილს პოზიცია მოუწონა.

„ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ამ საკითხში. არ უნდა დავიჭიროთ რომელიმეს მხარე, ეს არის ჩემი პირადი აზრი, ესენი ძმები არიან, ახლა ერთმანეთს ეჩხუბებიან. შერიგდებიან, ერთი ხალხია.

ჩვენ თუ ჩავერევით, უნდა ჩავერიოთ რით – აი, როგორც ჩვენი დიდი პატრიარქი, მსოფლიო მოციქული აკეთებს, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გავუგზავნოთ მშვენიერი საჭმელი, სასმელი, ჰუმანიტარული ტვირთი და ვილოცოთ, რომ მშვიდობა იყოს.

…მოვისმინე ამ დღეებში, ძალიან მრისხანედ და ძალიან ცუდად ახსენებენ რუსეთს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეცდომა. არაფრით არ შეიძლება საქართველომ და ქართველმა ხალხმა ასე გააკეთოს. ამასთან ერთად დავძენ, რომ მე მივესალმე ირაკლი ღარიბაშვილის და ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ არ ჩაერია ამ კონფლიქტში და არ შეუერთდა სანქციებს.

…ვინც გეოპოლიტიკა და ისტორია ოდნავ მაინც იცის, ამის [კავკასიაში კონფლიქტების] სტაბილიზაციას აკეთებს რუსეთი. მთლიანად, იმიტომ, რომ მის გარეშე, მისი ნების გარეშე წონასწორობა კავკასიაში არ დაირღვევა.

…მის ხელშია კავკასიაში ომის და მშვიდობის გასაღები და შენ რომ იმას აგინებ, ლანძღავ, იმ კაცმა რომ უთხრას ჩვენს მეზობლებს, რაც გინდათ ის გიქნიათო, დარჩება ჩვენგან რამე?! თუ ისეთი ჯარი და არმიები გვყავს, რომ ყველა ფრონტზე მოიგერიებენ ყველას. ამიტომ არაფრით არ შეიძლება, ეს არის ემოციებზე აყოლა.

…რომ აგინებ და ლანძღავ, რომ წამოვიდეს შენზე გაბრაზებული აქეთ, პასუხს შენ აგებ?!“ – რიტორიკულად სვამს შეკითხვას მთავარეპისკოპოსი.

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე ცნობილია თავისი ანტივაქსერული  და პრორუსული განცხადებებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით. მთავარეპისკოპოსს უკავშირდება ნინოწმინდის პანსიონის სკანდალიც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: