მთავარი,სიახლეები

ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო – “არაფერი აღარ დაგვრჩა”

15.03.2023 • 1669
ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო – “არაფერი აღარ დაგვრჩა”

6 მარტს, დილით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები დაანგრია.

სახლში მცხოვრებმა ოჯახმა, სამი მცირეწლოვანი შვილით, 5 მარტს, მას შემდეგ დატოვა შენობა და ნათესავის სახლს შეაფარა თავი, როცა სახლთან ახლოს, სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილი მეწყრული მასა ნახეს და მიხვდნენ, რომ საცხოვრებელ სახლში მათი ყოფნა უსაფრთხო არ იყო.

ოჯახის წევრის, ინოლა შაინიძის თქმით, 5 მარტს დარეკეს მერიაში დახმარების სათხოვნელად, როცა იძულებულები გახდნენ, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინათ.

მუნიციპალიტეტმა ოჯახს ტრაქტორი და თვითმცლელი გაუგზავნა. ინოლას თქმით, მეწყრულ მასას ჩაკეტილი ჰქონდა ცენტრალური გზა და სანამ ტრაქტორით გზა არ გახსნეს, სახლის დატოვებას ვერ ახერხებდნენ.

„შეუძლებელი იყო ეზოში გასვლაც“, – გვითხრა ინოლამ.

„სახლიდან არც არაფერი გამოგვიტანია, ელემენტარული საბუთები და მსგავსი რაღაცები გამოვიტანეთ, სხვა ყველაფერი [მეწყერმა] წაიღო, სამწუხაროდ. მუნიციპალიტეტიდან ორშაბათს, 6 მარტს, იყვნენ ამოსულები, მაგრამ ჩემი სახლი უკვე აღარ იყო“, – ამბობს ინოლა.

როგორც ინოლასგან შევიტყვეთ, ოჯახი შუაგულ სოფელში  ცხოვრობდა და ვერავის წარმოედგინა, ეს ადგილი თუ მეწყერსაშიში იყო. ქალის თქმით, ნაპრალები არ ჰქონდა  მიწის იმ ნაწილსაც, რომელიც ჩამოიშალა.

„საცხოვრებელ სახლთან ერთად მეწყერმა წაიღო ეზო, კარ-მიდამო, ახალაშენებული ნალია, ბოსელი, საქათმე… გარაჟი გვქონდა, აღარც გარაჟი გვაქვს, სადაც მანქანაც იდგა და ისიც წაიღო. რაც გაგვაჩნდა, არაფერი აღარ დაგვრჩა. უბრალოდ, მიწაც რომ დავამუშაო და კარტოფილი, სიმინდი თუ მწვანილი დავთესო, ესეც არ დამიტოვა მეწყერმა. ფაქტობრივად, ჰაერში ვართ.

ბავშვები 5 მარტსვე გადავიყვანე დედაჩემთან და დღემდე იქ არიან. ახლა სკოლა დაიწყო და უნდა ამოვიყვანო, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა იქნება სკოლის ამბავზეც“, – გვიყვება ინოლა.

მისი თქმით, 5 მარტს მოახერხეს მეწყერსაშიში ზონიდან გამოეყვანათ პირუტყვი, მაგრამ შინაური ფრინველების გამოყვანა ვერ შეძლეს, რახან არ ელოდნენ მოვლენების ასე განვითარებას.

„მერიიდან გვპირდებიან, დახმარება იქნებაო, მაგრამ ათასი ფორმალობაა“ – ამბობს ინოლა.

ბოლო დღეებში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგები მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილ და მეწყერსაშიშ ზონებს სწავლობენ. ისინი იყვნენ სოფელ კოკოტაურშიც, თუმცა გეოლოგიური დასკვნა ჯერ არ მოუმზადებიათ.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსმა, მამუკა ფუტკარაძემ გვითხრა, რომ მეწყრული პროცესების თვალსაზრისით ამ წელს ყველაზე მოწყვლადი ადგილი სწორედ ქედის მუნიციპალიტეტია. „კოკოტაურის დასახლებაში დიდი მეწყერია და დაახლოებით 6 ოჯახია მოყოლილი [მეწყერსაშიშ ზონაში]“ – გვითხრა მან.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის ქედის მერიას დაუკავშირდა. აქ გვითხრეს, რომ სოფელში „6 ოჯახის მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს, სხვა ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ“. მერიაში ასევე გვითხრეს, რომ ამჟამად გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: