მთავარი,სიახლეები

„რად გვინდა რუსული ეკლესიაო?“ – სხალთელი ეპისკოპოსი კირილის კრიტიკაზე

08.04.2022 •
„რად გვინდა რუსული ეკლესიაო?“ – სხალთელი ეპისკოპოსი კირილის კრიტიკაზე

„ეკლესია ერთია“ – მიიჩნევს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი და არ ესმის კრიტიკა, რაც რუსეთის პატრიარქის მიმართ გაჩნდა განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა მან უკრაინაში შეჭრამდე რუსული არმია დალოცა.

„ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რადგან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, რად გვინდა რუსული ეკლესიაო,“ – სხალთელი მთავარეპისკოპოსი იმ ადამიანებს აკრიტიკებს, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთის პატრიარქი არაქრისტიანულად იქცევა და ასევე ითხოვს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას.

გუშინ, 7 აპრილს, ხარების აღნიშვნის დროს ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტმა რუსეთის პატრიარქს მიმართა: „რა არის თქვენი ინტერესები, პატარა ბავშვების დახოცვა?“ – იკითხა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

ხარების შემდეგ ქადაგების დროს, რაც სხალთის ეპარქიამ ფეისბუქგვერდზე მოგვიანებით გაავრცელა“, მთავარეპისკოპოსი სპირიდონი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანეს „შეჩვენებულს“ უწოდებს და არ ახსენებს მის სტატუსს. „ვიღაც ეპიფანე“ – ამბობს სხალთელი ეპისკოპოსი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდეც არაერთხელ გამოხატა პრორუსული შეხედულებები.

„…ვიღაც ეპიფანე, შეჩვენებული 9-გზის, ის ვაღიაროთო, ჭკუა გვაქვს თავში, კაცო? შენ რუსმა რაღაც დაგიშავა, ქრისტესგან რა გინდა? დაინგრევი, განადგურდები შვილო, გაგანადგურებს უფალი იმიტომ, რომ ვის ეხები, ქრისტეს ეკლესიას, ერთიან ეკლესიას, ერთ სხეულს? ამიტომ არ შეიძლება ეს, ეკლესია ერთია. ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია…“ – აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა.

ეპისკოპოსმა სპირიდონმა ამჯერად ქადაგების დროს სხვა ქვეყნებთან ომი გაიხსენა – მაგალითად კი ბიზანტიის მიერ საქართველოს დაპყრობა დაასახელა და დასძინა, რომ საქართველოში სასულიერო პირებს არ გაუკრიტიკებიათ ბერძნული ეკლესია.

„…ამხელა ამაგი ჰქონდათ ქართველებს ბერძნებზე და რა გაუკეთეს? გაუკეთეს ის, რომ გიორგი პირველი, ომით შემოვიდნენ აქა, უამრავი ადამიანი დახოცეს, გიორგი პირველი სიკვდილის პირზე მიიყვანეს, გარდაიცვალა 30 წლის არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ბოროტება ჰქონდათ ბერძნებს ჩვენთვის გაკეთებული, ოდესმე ქართველ სასულიერო პირებს, პატრიარქებს და ქართველ მღვდელმთავრებს მოსვლიათ აზრად ისა, რომ რახან ბერძნებმა ასე გაგვიკეთეს და ბერძნული ეკლესია ამას აკურთხებდაო, ამიტომ ახლა საბერძნეთში რაც სქიზმებია, მწვალებლები და ოხრობები, ისინი ვცნოთო და ბერძნული ეკლესიას ნუ ვცნობთო? ეს მოსვლიათ თავში – არ მოსვლია თავში,“ – უპასუხა კითხვას სხალთელმა ეპისკოპოსმა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: