მთავარი,სიახლეები

რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

05.09.2023 • 4361
რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„უკრაინელები ახლა ცდილობენ ვერბოვოსთან გაფართოებას, რადგან რობოტინოსთან ისინი ხდებიან სამი მხრიდან დარტყმის ქვეშ. ამიტომაც, სჭირდებათ გაფართოება, რომ ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგის ბოლომდე ვერ სწვდებოდეს ცეცხლი. ფაქტობრივად, ეს პლაცდარმის შექმნის მცდელობაა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

ის რუკას აკვირდება და თავის მოლოდინს გვიზიარებს – დარჩენილი სიმაღლეებიც თუ წარმატებით დაიკავეს უკრაინელებმა, შემდეგ გაუადვილდებათ წინსვლა, მარიუპოლამდე დაბლობიაო.

რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს ამ ეტაპზე და რას შეიძლება ველოდოთ შემოდგომაზე? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა სახის წინსვლა აქვთ უკრაინელებს ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე? უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ სამხრეთ ფრონტზე, ნოვოპროკოპოვკასკენ. ISW-ის ინფორმაციით კი, უკრაინულმა მსუბუქმა ქვეითმა ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ დასავლეთ ნაწილში – გადალახეს ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და „დრაკონის კბილები“, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ნაწილია. იძლევა თუ არა ეს ოპტიმიზმის საფუძველს?

ეს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. დიდი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.

თავდაცვითი ზღუდე რუკაზე ჩანს ერთი ხაზი – ტანკსაწინააღმდეგო თხრილი და „დრაკონის კბილები“, რაც დიდ შემაფერხებელ წინაღობას არ წარმოადგენს, ვინაიდან მიწაში ჩამარხული არ არის და მისი გადათრევა შესაძლებელია. ამ თხრილის გადალახვა მოხერხდა, მაგრამ შემდეგი იქნება უკვე საბრძოლო პოზიციები. უკრაინელებმა ერთი მონაკვეთი გადალახეს ვერბოვოსთან.

ვერბოვოში ჯერ უკრაინელები არ არიან შესული, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი სიმაღლეები აიღეს რობოტინოს სამხრეთით, უკრაინელები ახლა ცდილობენ ვერბოვოსთან გაფართოებას, რადგან რობოტინოსთან ისინი ხდებიან სამი მხრიდან დარტყმის ქვეშ. ამიტომაც, სჭირდებათ გაფართოება, რომ ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგის ბოლომდე ვერ სწვდებოდეს ცეცხლი. ფაქტობრივად, ეს პლაცდარმის შექმნის მცდელობაა, რომელსაც ალბათ უკვე გამოიყენებენ შემდგომისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლეები, რომელიც იწყება რობოტინოს და ვერბოვოს შემდეგ, ამის შემდეგ გაუადვილდებათ წინსვლა უკრაინელებს, რადგან მარიუპოლამდე დაბლობია.

რუსები კი, რა თქმა უნდა, ეცდებიან კონტრშეტევას, რომ უკან დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები. ამისთვის გადმოისროლეს მათ 76-ე გვარდიული, სადესანტო დივიზია, ერთი ოპერატიული რეზერვი. ამით რუსები ეცდებიან კონტრშეტევას.

  • უკრაინელების წინსვლა რამდენად მასშტაბურია სამხრეთის მიმართულებით? 

თუ არ ვცდები, ამ მიმართულებით სულ წინ წაწეული არიან 11 კილომეტრით, გასავლელია 80 კილომეტრი. ეს რიცხვი აჩვენებს მასშტაბს.

  • თქვენი დაკვირვებით, ამ ტემპით, რაც ახლა უკრაინელებს აქვთ, შემოდგომაზე ფართომასშტაბიანი კონტრშეტევას არ უნდა ველოდოთ? 

ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა ვერ იქნება შემოდგომაზე მარტო იმიტომ, რომ ჯერ ერთი, გრუნტი დამძიმდება. ახლა ორივე მხარე ცდილობს პოზიციების გაუმჯობესებას, რომ მოემზადონ ზამთრის კამპანიისთვის.

  • ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცვლილება, როგორც ცნობილია, რეზნიკოვს შეცვლის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი, რომელიც სამხედრო პირი არ არის და მჭიდროდ არის დაკავშირებული ყირიმელ თათრებთან. თქვენი აზრით, რატომ შეცვალა ზელენსკიმ მინისტრი და რაზეა გათვლილი ეს ცვლილება?

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა. საქართველოში ხდება მხოლოდ, როცა მინისტრი სამხედრო საქმეებში ერევა. ევროპულ ქვეყნებში კი, მინისტრის ამოცანა არის სამხედრო პოლიტიკის წარმოება, შესყიდვები და შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა. სამხედრო ოპერაციების წარმოება მინისტრის საქმე არ არის.

თუმცა ძალიან დიდი ეჭვი არის იმაზე, რომ რეზნიკოვი გაუშვეს არსებული კორუფციის გამო, რასაც შეეწირა მანამდე მისი მოადგილე. ამიტომაც უკრაინელებს მეტი აქტიურობა სჭირდებათ, რომ მომარაგების უზრუნველყოფა დასავლეთიდან გაძლიერდეს.

  • ახლახან ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იქნება შთამბეჭდავი სექტემბერი. მან ძირითადად აქცენტი გააკეთა იარაღსა და ტექნიკაზე, რომელსაც ახლა ელოდება უკრაინა. რამდენად შეიცვალა უკრაინის მოცემულობა აღჭურვილობის კუთხით? 

გარდამტეხი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. 10 „აბრამსი“ შესაძლოა მიიღონ უკრაინელებმა სექტემბრის ბოლოს, მაგრამ ესეც არ იქნება გადამწყვეტი. ვერ გეტყვით ამ ეტაპზე გადამწყვეტი რა იქნება.

მგონია, რომ საჭიროა შეეგუოს ყველა, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. უცებ შევარდნა და გამარჯვება არა მგონია, რომ გამოვიდეს.

  • ზამთრის კამპანიის სამადისი ახსენეთ. თქვენი დაკვირვებით, რა გათვლებით მოქმედებენ ამ ეტაპზე მხარეები? 

რუსებს აქვთ გათვლა, რომ კუპიანსკის მიმართულებას მიადგნენ, სადაც უპირატესობა აქვთ და აიძულონ უკრაინელებს, მოხსნას დაწოლა სამხრეთის მიმართულებაზე. რუსებს ისევ ზამთრის იმედი აქვთ, ასევე, არჩევნების იმედი, იქნებ რამე შეიცვალოს.

კუპიანსკის მიმართულებაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სირსკის და ზალუჟნის. ზალუჟნი კონცენტრაციას აკეთებს სამხრეთისკენ, სირსკი კი ითხოვს, რომ გაძლიერდეს კუპიანსკის მიმართულება, ვინაიდან იქ რუსების შეტევებია.

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთანაც იწყებს მოლაპარაკებას და შესაძლოა მიღონ საბჭოთა კალიბრის უამრავი მასალა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში აპირებს ჩასვლას. ხარისხით, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რაოდენობაში, არა მგონია, რომ რუსებს გაუჭირდეთ ომის გაგრძელება.

უკრაინელებს კი გათვლა აქვთ ხარისხზე და დასავლეთიდან აღჭურვილობის მიწოდებაზე, განსაკუთრებით კი, საჰაერო საფრენი აპარატების მიწოდებაზეა დიდი აქცენტი და იმედი. თვითმფრინავების მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანია შეტევითი ოპერაციების დროს.

გახანგრძლივება არცერთ მხარეს არ აწყობს, მაგრამ ეს რუსებს უფრო აწყობთ, რადგან ელიან, რომ ზამთარში რუსები უფრო გაუძლებენ გაჭირვებას, ვიდრე უკრაინელები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: