მთავარი,სიახლეები

სასამართლოს 9 წელია არ დაუსრულებია საქმის განხილვა „შუახევი ჰესზე“ – საია

12.09.2023 • 1441
სასამართლოს 9 წელია არ დაუსრულებია საქმის განხილვა „შუახევი ჰესზე“ – საია

„საია უკვე წლებია იცავს იმ ადგილობრივების ინტერესებს სასამართლოში, რომლებმაც დაიწყეს სასამართლოში დავა ჰესის მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებით. დავის დაწყებიდან დღემდე გასულია 9 წელი და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საქმის განხილვა სასამართლოში,“ – აღნიშნულია საია-ს მიერ დღეს, 12 სექტემბერს „შუახევი ჰესის“ შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოში 2013 წელს გაცემული ნებართვა გაასაჩივრა, რაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა შუახევის და ხულოს ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის [სხალთა ჰესისა და შუახევიჰესის] მშენებლობაზე.

„საიას სამართლებრივი პოზიცია ნებართვის უკანონობასთან დაკავშირებით ეფუძნება ნებართვის გაცემის პროცესში როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, ასევე გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაღალ რისკებს. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროისათვის არ იყო ჩატარებული ის კვლევები, რომლებიც აუცილებელია მსგავსი საფრთხის შემცველი ობიექტის მშენებლობისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ დავის პროცესშივე, ექსპლუატაციიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ობიექტის ნაწილი ჩამოინგრა.

ამის მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მიერ წარდგენილი დასკვნა, ამასთან, უარი განაცხადა პროცესზე ექსპერტის დაკითხვაზე და საბოლოოდ, 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 თვის შემდეგაც არ ჩაბარებია მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, დროულად მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს,“ – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს „კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ჰესის ამჟამინდელი მდგომარეობა და მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის მძიმე შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ჰესის ამ პირობებში ფუნქციონირებას“.

საია ამ განცხადებით „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმაურება „შუახევი ჰესთან“ დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ შუახევის მერის მოადგილე, გურამ ზოიძე მზადაა, ყოველგვარი მოკვლევის გარეშე ის უთხრას ჟურნალისტს ჰესთან დაკავშირებულ საფრთხეზე, რასაც დაავალებენ. სიუჟეტის მიხედვით, მას თითქოს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიდან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ ჟურნალისტი დარეკავს ჰესთან დაკავშირებით, მან კი უნდა გამოიყენოს ფრაზა: „კარსტულ-კატაკომბური ბეტონით აშენებულია და ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს“. შუახევის მერის მოადგილე ზუსტად ამ ფრაზას იმეორებს, როცა მას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ურეკავს.

რა რეაგირება მოჰყვა ამ სიუჟეტს შუახევის მერიაში და რა ინფორმაცია აქვთ მერიაში ჰესთან დაკავშირებით? – „ბათუმელებს“ შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ არ უპასუხა. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არც შუახევის მერის პრესცენტრში უპასუხეს.

_________________

ფოტოზე: დიდაჭარის კაშხლის ერთ-ერთი მონაკვეთი, საიდანაც წყალი ჟონავს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

ამ თემაზე:

არის უსაფრთხო დიდაჭარის კაშხალი? – რას პასუხობს სახელმწიფო „შუახევი ჰესზე“ დასმულ კითხვებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: