მთავარი,სიახლეები

გურიაში ღვარცოფულ მდინარეზე 3 ახალ ჰესს აშენებენ – „ჩუმად რატომ დაიწყეს?“

11.09.2023 •
გურიაში ღვარცოფულ მდინარეზე 3 ახალ ჰესს აშენებენ – „ჩუმად რატომ დაიწყეს?“

„როგორ დავიჯეროთ, რომ კარგი რამ კეთდება ხალხისთვის, როცა ჩვენ ამას გვიმალავენ?!“ – კითხულობს გურიაში, სოფელ გომში მცხოვრები გურამ ცომაია. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბჟუჟის ხეობაში  3 ახალი ჰესის აშენების წინააღმდეგია.

გურიაში შემთხვევით გაუგიათ, რომ ტყეში ახალი ჰესების მოსაწყობად გზა გაჰყავთ. ადგილზე მისულებს მძიმე ტექნიკა დახვდათ და მშენებლების პასუხი – „მემორანდუმი ოზურგეთის მერიასთანაა გაფორმებული, ყველა საჭირო ნებართვა გვაქვს“.

კონკრეტული დოკუმენტები მოსახლეობისთვის არც კომპანიას უჩვენებია და არც ოზურგეთის მერიას.

გაირკვა, რომ ჰესის ასაშენებლად გზა კი გაჰყავთ, მაგრამ ჰესის მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არსებობს. არც სეისმური, ჰიდროლოგიური ან სხვა სახის კვლევები ჩაუტარებია ჯერ ვინმეს, რაც ჰესის აშენებამდე უნდა ჩატარდეს.

„ეს სეისმურად საშიში ზონაა, ღვარცოფული მდინარე, რამდენჯერ ჩაკეტილა გომისმთისკენ მიმავალი გზა იმის გამო, რომ მეწყერი ჩამოწვა,“ – გვიყვება გურამ ცომაია, ვისთვისაც ახალი ჰესების აშენება ახლა – გურიის ტრაგედიის შემდეგ კიდევ უფრო ემოციური გახდა.

გურამ ცომაია ჩვენთან საუბარს იმაზე აქცენტით იწყებს, რომ ის და მისი თანასოფლელები ჰესების წინააღმდეგნი არ არიან, მაგრამ ამგვარად – მალულად და ნებართვის გაცემამდე წინმსწრებად დაწყებული პროცესი ეჭვს უჩენს, რომ კარგი არაფერი ხდება.

„ჩვენ პროგრესის წინააღმდეგი კი არ ვართ, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა გვითხრან, რას აშენებენ, როგორ აისახება ეს გარემოზე.რატომ უნდა ყოფილიყო დაფარული ეს პროცესი?!

მე რაც ვნახე, ვნახე ასწლოვანი ხე-ტყის გაჩეხა და დაზიანება. ჯერ ამაზე ვინ გასცა ნებართვა? ულამაზესი სოფელი გვაქვს და უზარმაზარი ტურისტული პოტენციალია აქ. პროფესიონალის შეფასების გარეშეც ჩანს ყველაფერი, რომ ეს საფრთხეა.

ჯერ ერთი, მოწყობილია უკვე „ბჟუჟჰესი“ და შეღავათი არაფერი გვაქვს. ჩვეულებრივად ვიხდით ჩვენ შუქის გადასახადს, როგორც სხვები.

დაახლოებით 120-მა კაცმა მოაწერა ხელი განცხადებას ახალი ჰესების წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად არ დაგვიფიქსირებია პოზიცია, კითხვა დავსვით, გვინდა თუ არა ჰესი? უმრავლესობამ თქვა, რომ ჰესი არ სურს. ბევრს ინფორმაცია არ აქვს, რა ხდება და რატომ ხდება,“ – გვითხრა გურამ ცომაიამ.

„ეს ჰესი, რაც შენდება, არის 1.9 მეგავატი სიმძლავრის, მცირე ჰესია,“ – ჰესის სიმძლავრეზე ამახვილებს ყურადღებას ზურაბ ბესელია, კომპანია „პარვუს ჯგუფის“ პროექტის ხელმძღვანელი. მას ვუთხარით გარემოსდამცველების ეჭვზე, რომ ჰესები მიზანმიმართულად დაანაწილეს სამ ნაწილად და პატარ-პატარა სიმძლავრეებად, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ ვალდებულებას კომპანიამ თავი აარიდოს, მაგალითად, პროექტის საჯარო განხილვას.

„არაა ასე, სამ ლოკაციაზე გვაქვს, იმიტომ, რომ წყლის გასანაწილებლად დიდი ნაკადი არ აგვეღო, ასე გადაწყდა ტექნიკურად. როცა მცირე ჰესია, არ გვაქვს ვალდებულება კანონმდებლობით, რომ ჩვენ გავაკეთოთ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი ანუ გზშ,“ – გვითხრა ზურაბ ბესელიამ.

კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ კვლევის შედეგები ჯერ არ არსებობს და შესაბამისად, არც ჰესის მშენებლობის პროექტი.

რატომ გაჰყავთ მაშინ გზა წინმსწრებად, როცა დადგენილი არ არის, ჰესის ასაშენებლად შესაბამისი გარემო არის თუ არა?!

„გარანტიები არანაირი არ გვაქვს. გზა რომ არ გაგვკეთებია, ვერ გავაკეთებდით სრულყოფილ კვლევებს. კვლევებისთვის და დეტალური პროექტისთვის არის ეს საჭირო.

ამ გზის ნებართვა გვაქვს მთავრობისგან მიღებული, მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გზის პარამეტრები კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან არის შეთანხმებული. იმედი გვაქვს, რომ კვლევებიც გამოვა და სამშენებლო ნებართვასაც მივიღებთ. თუ ასე არ იქნება, მაშინ გზა დარჩება მოსახლეობას.

დაახლოებით ერთ თვეში გვექნება უკვე პროექტი, რაც მოგვცემს უფლებას, გადავიდეთ სამშენებლო ეტაპზე, ანუ მოვიპოვოთ სამშენებლო ნებართვა“, – განმარტავს ზურაბ ბესელია.

კომპანიის წარმომადგენელმა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ეს სრულად ქართული ინვესტიციაა და გურიაში ასაშენებელი ჰესების შემთხვევაში პროექტის თანამონაწილეა სახელმწიფო სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“.

კომპანია „პავრუს ჯგუფი“ 2019 წელსაა დაფუძნებული. მისი მეწილეები არიან სულხან ზუმბერიძე და მამუკა პაპუაშვილი.

„გურიაში სხვა ჰესი აშენებული არ გვაქვს, მაგრამ 8 ჰესი გვაქვს აშენებული სხვა რეგიონში, მაგალითად, დუშეთში, ხევსურეთში, ახალციხეშიც ვაშენებთ მცირე ჰესს“, – დასძინა ზურაბ ბესელიამ „ბათუმელებთან“.

რაც შეეხება კვლევებს, რომლითაც უნდა შეფასდეს, რამდენად უსაფრთხოა ჰესების აშენება გურიაში ღვარცოფული ბჟუჟის ხეობაში, ზურაბ ბესელია ისევ კანონმდებლობას გვახსენებს, რომ ვალდებულება არ აქვს, მაგრამ რადგან მოსახლეობა ამას ითხოვს და ჟურნალისტები შეკითხვებს სვამენ, 4 სახის კვლევას ატარებენ:

„ეს არის მცირე ჰესი და ზემოქმედება გარემოზე არის ნაკლები, ჩვენ არ ვაკეთებთ წყლის შეგუბებას, არ იქნება კაშხალი, მილში გამოედინება მდინარის წყლის ნაწილი, შენარჩუნდება ფლორა და ფაუნაც, მილში რა წყალიც იქნება, ის ატრიალებს გენერატორს და უბრუნდება მდინარეს.

მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰესია და კანონმდებლობა არ გვთხოვს ამას, ვაკეთებთ სეისმოლოგიურ კვლევას, ასევე კვლევას, რომლითაც განისაზღვრება ბუნებრივი კატაკლიზმების პროვოცირება ხომ არ მოხდება, იქტიოლოგიური კვლევაც ჩატარდება, ანუ ჰესები თევზებზე ხომ არ იმოქმედებს და, რა თქმა უნდა, ჰიდროლოგიური კვლევა.

გზა, რაც უნდა გაკეთდეს, ჯერჯერობით მესამედია გაკეთებული,“ – გვითხრა ზურაბ ბესელიამ.

მას მემორანდუმისა და იმ ნებართვის გაცნობა ვთხოვეთ, რომლითაც ბჟუჟის ხეობაში, ტყეში გზა გაჰყავთ. ის დაგვპირდა, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება მოგვაწოდოს დოკუმენტები.

„ეგ ორთვიანი კვლევა, დაკოპირებული გეიწეპონ შპალერად კედელზე,“ – ეს სამოქალაქო აქტივისტისა და გარემოსდაცვითი, სათემო ორგანიზაციის – „ეკოს“ ხელმძღვანელის, ირმა გორდელაძის რეაქციაა. მასაც შემთხვევით გაუგია, ჰესი რომ შენდება ბჟუჟის ხეობაში და მშენებლებს ტყეში თავზე დასდგომია.

„აბსურდია, 2 თვეში ჩაატარო კვლევა. მდინარის კვლევა ტარდება სეზონურად, წელიწადში კი ოთხი სეზონია. ყველა სეზონზე მდინარეს სხვადასხვა მორფოლოგია აქვს, დინამიკა და დინების სიჩქარე. ოთხივე სეზონზე მდინარე უნდა შეისწავლონ თანამედროვე მეთოდებით. ეს მეთოდები, როგორც უნდა ჩატარდეს წესიერი კვლევა, USAID-ის მხარდაჭერით გამოცემულია. პრაქტიკაში რასაც ვხედავთ, როცა კვლევებს ამზადებენ, არის დაკოპირებული შპარგალკები, ვითომ კვლევა ჩაატარეს,“ – ამბობს ირმა გორდელაძე.

სოფელ გომში მცხოვრები მოქალაქის მსგავსად, ირმაც აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ჰესების მშენებლობას ზოგადად არ ეწინააღმდეგება.

„დადონ ევროპული სტანდარტი და ააშენონ, ჩუმად რატომ დაიწყეს?“ – ეჭვი აქვს ირმა გორდელაძესაც.

იგი გვესაუბრა იმაზეც, რომ ბჟუჟის ხეობა სეისმურად საშიში ზონაა, მდინარე ბჟუჟი – ღვარცოფული.

„თუ ამას არ გავითვალისწინებთ, საფრთხე იქნება სერიოზული. ასე უთავბოლოდ რომ ვუდგებით საქმეს, იმიტომაც გვაქვს ეს მდგომარეობა ახლა გურიაში – უკონტროლო მიდგომით გამოუღეს ფსკერი მდინარეებს.

გურიაში ყველა მდინარე არის მთის, ბჟუჟის ხეობა კი განსაკუთრებით დამრეცია. აბსურდია იმის თქმა, რომ გზშ თურმე ამას არ სჭირდება.

უმთავრესი ამ პროცესში არის გამჭვირვალობა – საქართველოს კონსტიტუციით მოქალაქეს ნებისმიერ ეტაპზე აქვს უფლება, ჩაერთოს პროექტის განხილვაში, რაც ეხება თავის საცხოვრებელ გარემოს. მე კი, ოზურგეთის მერია მემორანდუმსაც არ მაწვდის, რის საფუძველზე მისცეს გზის გაყვანის უფლება კომპანიას?

მოსახლეობასთან მუშაობენ, რომ წინააღმდეგ არ წავიდეს ხალხი, მაგრამ თუ არ იქნება გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისი ეს პროცესი, აუცილებლად მივმართავ სამართლებრივ გზებს,“ – გვითხრა ირმა გორდელაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ოზურგეთის მერიას იმის გასარკვევად, თუ რა სახის ნებართვაა გაცემული ბჟუჟის ხეობაში ახალი ჰესების მშენებლობაზე, მათ შორის, ტყეში გზის გაყვანის კუთხით? – ოზურგეთის მერიის პრესცენტრში თავდაპირველად გვითხრეს, რომ ამ საკითხს მოიკითხავდნენ, თუმცა მალევე გვიპასუხეს, რომ ამ დღეებში შეკითხვებს ვერ უპასუხებენ, რადგან სტიქიაზე მუშაობენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: