მთავარი,სიახლეები

რა გადაწყვიტა ევროსასამართლომ „გიორგი ოქროპირიძის საქმეზე“

09.09.2023
რა გადაწყვიტა ევროსასამართლომ „გიორგი ოქროპირიძის საქმეზე“

გიორგი ოქროპირიძის საქმეზე“ ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ოქროპირიძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

საუბარია 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობაზე. გიორგი ოქროპირიძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო. მას მოსამართლემ 20  წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს  ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც მოექცნენ მედიით ინტენსიურად გავრცელებული ინფორმაციისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გავლენის ქვეშ. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევისას დარღვეული იყო კანონით გათვალისწინებული პროცედურა.

„არ დარღვეულა საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, არ დარღვეულა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს თქმით, ასევე ვერ დადგინდა ნაფიც მსაჯულთა მიკერძოებულობა და არაობიექტურობა.

სტრასბურგის სასამართლომ არცერთ ნაწილში არ გაიზიარა მომჩივანის პრეტენზიები და დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ყველა ზომა მსაჯულთა მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოკვლევას სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დროს პროცესუალური წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, განხილული იყო პროცესის ყველა წესის დაცვით,“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე ამბობს, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მან საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა . გიორგი ოქროპირიძემ ის სამართლებრივი ნორმა გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს შეუძლია ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული ვერდიქტი გააუქმოს, თუ ხედავს, რომ ვერდიქტი აშკარად უსაფუძვლოა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნაფიც მსაჯულთა უკანონო შემადგენლობა დაიშვა სასამართლოზე და მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტი სამართლებრივად არის უკანონო.

ამ თემაზე:

ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: