მთავარი,სიახლეები

ქობულეთში ძველი მეჩეთი დანგრევის პირასაა – რას ამბობენ მერიაში

12.09.2023
ქობულეთში ძველი მეჩეთი დანგრევის პირასაა – რას ამბობენ მერიაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში ქვით ნაშენი მეჩეთი ინგრევა. შენობა დახავსებული და დაზიანებულია, არ აქვს ფანჯრები, სახურავი, რის გამოც კედლებს წყალი რეცხავს. მეჩეთში ჯერ კიდევ შემორჩენილია კედლის მხატვრობა და ორნამენტები.

მეჩეთის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მეჩეთი სოფელში მე-20 საუკუნის 10-იან წლებში აუგიათ.

მეჩეთის მოხატულობის ფრაგმენტები

ლიკა ლაზიშვილი რელიგიის კვლევების მაგისტრია. ის ამავე სოფელში ცხოვრობს და მეჩეთის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრა.

„მეჩეთს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ამიტომ შენობა დღითიდღე კარგავს იერ-სახეს.

მიუხედავად იმისა, რომ კედლები საკმაოდ დაზიანებულია და მცენარეებითაა დაფარული, შეუიარაღებელი თვალითაც აღიქმება კედლის მოხატულობა.

ამ საკმაოდ დიდ შენობას, რომელიც მაღალი ქვის მასიურ ფუნდამენტზე დგას, მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს, ოვალური კარის ღიობით და სავარაუდოდ, შესასვლელშივე იყო ხის აივანი განლაგებული, რომელიც დიდ სამლოცველო დარბაზს გადაჰყურებდა.

დარბაზი, სავარაუდოდ, ასამდე მომლოცველს იტევდა“, – გვითხრა ლიკა ლაზიშვილმა.

მეჩეთის დაზიანებული ბარელიეფი

მისი თქმით, სოფელში ამ დროისთვის 1400-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქედან ნაწილი აღიარებს ისლამს. თუმცა მუსლიმებს არ აქვთ შესაძლებლობა, აღადგინონ ისტორიული მეჩეთი და იძულებული არიან, მსახურება სახლებში აღასრულონ.

„სოფელში ადრე სხვა მეჩეთიც იდგა, რომელიც საბჭოთა პერიოდში სკოლად გადააკეთეს, თუმცა ის დაიწვა. სოფლის მცხოვრებების ნაწილი ამბობდა, რომ მიზანმიმართულად დაწვეს“- ამბობს ლიკა ლაზიშვილი.

„ბათუმელები“ ქობულეთის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ აქვთ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული წყავროკის მეჩეთის რეაბილიტაციისთვის წელს ან სამომავლოდ.

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ მეჩეთის რეაბილიტაციის თანხები არც მიმდინარე ბიუჯეტშია გათვალისწინებული და არც სამომავლოდ იგეგმება რაიმე.

„მეჩეთის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ, უბრალოდ, საკულტო ნაგებობების რეაბილიტაცია არ განგვიხორციელებია არასდროს. თუმცა ამ ეტაპზე არც მომართვა ყოფილა და არც მუფთსა და მერს შორის ყოფილა ამ საკითხზე საუბარი.

თუ სამომავლოდ იქნება მომართვა, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“ – გვეუბნებიან ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: