ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 800 ათასი ლარია

04.09.2023 • 7524
ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 800 ათასი ლარია

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია უპირობო აუქციონზე ყიდის. აუქციონის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 000 კვ.მ მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი.

ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 24 000 ლარი.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 11 სექტემბერს დასრულდება.

გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საწყობშია განთავსებული.

გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მერიის საწყობში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აუქციონის პირობის მიხედვით, „გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა სრულად უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში.“

განახლება: 11 სექტემბერს ელექტრონული აუქციონი არ შედგა.

გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მერიის საწყობში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩების ნაწილზე [ასევე მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებში] აყარეს და მის ნაცვლად ასფალტი დააგეს.

„ბათუმელებმა“ ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოში დღეს, 2023 წლის 4 სექტემბერსაც მოიკითხა, იგეგმება თუ არა ქვაფენილის აყრა ქალაქის სხვა ქუჩებზეც. თუმცა, სამმართველოში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტით მსგავსი სამუშაოები დაფინანსებული არ არის.

ამასთან, მიუხედავად ქალაქის მერიის განცხადებისა, რომ არსებულ ქვაფენილიან ქუჩებს უვლის [რაშიც ფულიც იხარჯება ბიუჯეტიდან] ამ ქუჩებზე [მემედ აბაშიძის გამზირი, რუსთაველის, და გოგებაშვილის ქუჩები] ქვაფენილი სავალალო მდგომარეობაშია – არაერთ ადგილზე ქვები ხშირად ამოცვენილია, რაც ხელს უშლის უსაფრთხო მოძრაობას.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი გასულ წელს აცხადებდა, რომ მერიის ქონების მართვის სამსახურში არ იციან, რა რაოდენობის ქვაფენილი აყარა მერიამ და რა ღირებულებისაა ეს ქვაფენილი.

ქვაფენილის აყრა ბათუმში 2022 წლის მაისში დაიწყეს. სამუშაოებზე ქალაქის მერიას ხელშეკრულება 3,6 მილიონ ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ქვაფენილების აყრა გრძელდება – მერიაში აცხადებენ, რომ ეს საცობების პრობლემას მოაგვარებს

მთავარი ფოტო: ქვაფენილის აყრა ბათუმის მერიის შენობის წინ. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: