მთავარი,სიახლეები

ეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით პოლიციას მიმართეს

04.06.2021 • 1537
ეპისკოპოს სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნით პოლიციას მიმართეს

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე აცხადებს, რომ სხალთელი ეპისკოპოსის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით პოლიციას უკვე მიმართეს. დღეს სხალთელმა ეპისკოპოსმა ნინოწმინდის ბავშვების ვიდეო ლაივში გაავრცელა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი მედიას მოუწოდებს, თავის შეიკავონ ამ ვიდეოს გავრცელებისგან.

„სპირიდონის მოქმედება და სახელმწიფოს უმოქმედობა არის ძალადობა ბავშვებზე. ასეთ ვიდეოებს ზრუნვის სააგენტო სასამართლოში იყენებს ძალადობის სამტკიცებლად… ამიტომ, პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია და მოვითხოვეთ სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. უნდა განაცალკევონ ბავშვებისგან დაუყოვნებლივ! ვნახოთ აბა რას იზამენ.

პ.ს. ორივე ვიდეო სამუშაო მაგიდაზე უკვე უდევს მოსამართლეს!“ – წერს ანა აბაშიძე.

 

ფეისბუქში ხელმისწავდომი ვიდეოკადრების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ეპისკოპოს სპირიდონის მიერ კადრების გავრცელების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ ხელმისაწვდომ ვიდეოში ნინოწმინდის ბავშვთა სახლის არასრულწლოვნები სრულად არიან იდენტიფიცირებადი.

„ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას. გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

ამ საკითხზე განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გაავრცელა.

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს და სახელმწიფო უწყებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.“ – ნათქვამია განცხადებაში

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და მხოლოდ შესაბამისი უწყების ჩართულობით მიიღება ბავშვების ზრუნვაში განთავსების გადაწყვეტილება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით „დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც არაუფლებამოსილი პირი აფერხებს ამ პროცესს და არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას.“

დაუშვებელია, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, განიცდიდნენ მსგავს დამოკიდებულებას და სტრესს. სახელმწიფოს უმოქმედობის და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღეს, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში ვერ ახორციელებს ფაქტობრივ ზედამხედველობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად, უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიას, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: