მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

როდის დაიწყება დანგრეული სანაპიროს ლითონის ხიმინჯებით გამაგრება, რაშიც 15,6 მილიონი იხარჯება

12.09.2023 • 1165
როდის დაიწყება დანგრეული სანაპიროს ლითონის ხიმინჯებით გამაგრება, რაშიც 15,6 მილიონი იხარჯება

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმით დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიანი ზოლი ფოლადის ხიმინჯებით [შპუნტებით] უნდა გაამაგრონ. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზას“ მერიის სამმართველომ ავანსად 4,6 მილიონი ლარი დაახლოებით თვე-ნახევრის წინ გადაურიცხა. თუმცა, ტერიტორიაზე სამუშაოები ჯერ დაწყებული არ არის.

შტორმის დროს დანგრეული სანაპირო ზოლი აქ ხრეშის ხელოვნურად შეტანის შემდეგ / 10.09.2023

ამავე ტენდერის ფარგლებში უნდა აღადგინონ სანაპიროზე სასეირნო ბილიკიც და ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულება ჯამში 15 658 999 ლარზეა გაფორმებული.

შტორმის დროს დაზიანებული სანაპირო ზოლი ახალ ბულვარში / 10.09.2023

„ამ ეტაპზე კომპანია ახორციელებს წინამოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ ლითონის ხიმინჯების [შპუნტების] შესყიდვა-მოწოდება-ადგილზე დამუშავებას. სექტემბრის ბოლოსთვის განხორციელდება დამუშავებული შპუნტების სამონტაჟო სამუშაოები. სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის დეკემბრის თვე“, – მოგვწერეს დღეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.

შტორმის დროს დანგრეული სანაპირო ზოლი ახალ ბულვარში, აქ ხრეშის ხელოვნურად შეტანის შემდეგ / 10.09.2023

მერიის სამმართველოსა და კომპანია „გზას“ შორის ხელშეკრულება 2023 წლის 20 ივლისს დაიდო, მეორე დღეს კი, მომზადდა საავანსე სერტიფიკატი 4 697 699 ლარზე, რომელიც 2023 წლის 23 ივლისსაა დამოწმებული.

სწორედ 23 ივლისითაა დათარიღებული „ბანკი ქართუს“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიაც, ოღონდ 2,3 მილიონ ლარზე.

28 ივლისს კი, სამმართველომ კომპანია „გზას“ ავანსად 4,6 მილიონი ლარი გადაერიცხა.

შტორმის შემდეგ წარეცხილი და ხელოვნურად აღდგენილი პლაჟი ახალ ბულვართან სადაც ნაპირი ფოლადის ხიმინჯებით უნდა გაამაგრონ /10.09.2023

„რატომ გახდა საჭირო ავანსის გადარიცხვა? ამასთან, საბანკო გარანტია ავანსზე წარმოდგენილია მხოლოდ 2 348 855 ლარზე და არა ავანსად გაცემულ სრულ თანხაზე – 4 697 699 ლარზე, რატომ? – ეს კითხვები „ბათუმელებმა“ მერიის სამმართველოს დაუსვა.

სამმართველოდან პასუხად მოგვწერეს, რომ „ავანსის გაცემა განხორციელდა ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, კერძოდ VI მუხლის 6.6 პუნქტით“.

ხელშეკრულების ამ პუნქტში აღნიშნულია, რომ „ავანსის სახით წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის (თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში იდენტური თანხის 50%-ის ოდენობით) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის” მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში“.

„გზა“, როგორც „ბათუმელებმა“ გადაამოწმა, შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია. ამ სიაში კომპანია ბოლოს 2023 წლის მაისშია დარეგისტრირებული.

შტორმის შემდეგ წარეცხილი და ხელოვნურად აღდგენილი პლაჟი ახალ ბულვართან, სადაც ნაპირი ფოლადის ხიმინჯებით უნდა გაამაგრონ. ეს ხრეში აქ მდინარე ჭოროხის დელტადან ხელოვნურად შეიტანეს / 10.09.2023

„ვინაიდან შტორმის დროს პრომინადთან ერთად გარეგანათებაც დაზიანდა, მიმდინარე სეზონზე ეს ტერიტორია ჩაბნელებული რომ არ ყოფილიყო, დროებითი განათება მოვაწყვეთ. ეს განათება აქ იქნება მანამ, ვიდრე ქალაქის მერია სანაპირო ზოლს, გარეგანათების ჩათვლით არ აღადგენს. დროებითი განათება ჩვენი რესურსებით მოეწყო და დამატებითი ხარჯი არ გაგვიღია“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბულვარის ადმინისტრაციაში.

დროებითი განათება პალმების გაზონში / ახალი ბულვარი / 10.09.2023

„გზასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აღდგენილი სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად კიბეებს მოაწყობენ.

პროექტში არ არის გათვალისწინებული პლაჟზე ჩასასვლელები შშმ პირებისთვის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს, სადაც მიმდინარე წლის ივნისში გვითხრეს, რომ „მშენებლობის დროს შშმ პირებისთვის პლაჟზე ჩასასვლელი პანდუსების მოწყობა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“.

აღდგენილი სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად კიბეების მოწყობაა დაგეგმილი / ბათუმის ახალი ბულვარი / 10.09.2023

ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 15 831 978 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: