ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო, 11 სექტემბრის ანგარიშში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში და გავრცელებული ინფორმაციით, დაწინაურდნენ ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში.
ISW-ი ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს 2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ბახმუტის მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში და მიაღწიეს კლიშჩიივკას (ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 6 კმ) და ანდრიივკას (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 9 კმ) მახლობლად.
ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში 4,8 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს ტავრიისკის ოპერატიული მიმართულებით, რობოტინის სამხრეთით (ორიხივიდან სამხრეთით 10 კმ) და ვერბოვეს დასავლეთით (20 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით).
ომის კვლევის ინსტიტუტი წერს, რომ „როსგვარდია“ შესაძლოა ცდილობდეს ადრე დაპატიმრებული ყოფილი „ვაგნერელების“ გადაბირებას, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაემორჩილებიან „ვაგნერის“ ამჟამად არსებულ შემადგენლობას და გააძლიერებენ რუსეთის შიდა უსაფრთხოების აპარატს.
ISW-ი მიუთითებს რუსული ოპოზიციური გამოცემა iStories-ის 11 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც „ვაგნერის“ ყოფილი მებრძოლების ნათესავებმა თქვეს, რომ მათმა ზოგიერთმა ნათესავმა მიიღო „როსგვარდიაში“ სამსახურის შეთავაზება ტესტებისა და სერტიფიკატების შემდეგ.
ISW-ი მიიჩნევს, რომ „როსგვარდია“ შესაძლოა იწვევდეს „ვაგნერის“ ყოფილ მებრძოლებს, რათა მაქსიმალურად გაზარდოს თავისი ძალები ან პირდაპირი კონტროლი განახორციელოს ყოფილ ვაგნერელებზე აჯანყების შემდეგ შიდა უსაფრთხოებისთვის.
ISW-ი ასევე წერს, რომ რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეტევითი ოპერაციები კუპიანსკი-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან ახლოს, ავდიივკა-დონეცკის ქალაქის ხაზის გასწვრივ, დონეცკის აღმოსავლეთით ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო რაიონში, ასევე დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და 11 სექტემბერს დაწინაურდნენ ზოგიერთ რაიონში.