აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაცვის პოლიციასთან „ოცნების ქალაქში“ ახალაშენებული კორპუსების დასაცავად ხელშეკრულებას გააფორმებს. სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს კორპუსებში მოქალაქეთა თვითნებურად შეჭრის მაღალი რისკი.
„მოქალაქეების მიერ მასობრივად, თვითნებურად დაკავების საშიშროების არსებობიდან გამომდინარე“ პოლიციის მიერ კორპუსების 1 თვის განმავლობაში დასაცავად სამინისტრო 54 999 ლარს გადაიხდის. აჭარის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.
ახალაშენებული სოციალური სახლების მოკვლევის ოქმიდან
„გაცნობებთ, რომ არსებობს მოქალაქეთა ჯგუფის მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩა, N47დ – ში მდებარე 9 327 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული N1, N2, N3 შენობა-ნაგებობების თვითნებურად დაკავების მაღალი რისკი“, – წერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის 7 ივნისის წერილში.
შესყიდვების პორტალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განაცხადში კი აღნიშნულია, რომ „არსებული ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე ბენეფიციარებისთვის ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ვადად [დაცვის პოლიციისთვის] განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი.“
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ბინების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად / 6.06.2024
5 ივნისს, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ბინა კი, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე 582 ბინაა გასაცემი.
„დანარჩენი ოჯახების სიაც შედგენილია, თუ ვინ მიიღებს ბინას და მათ სამინისტროს წარმომადგენლები უკვე უკავშირდებიან.“ – გვითხრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
აჭარის მთავრობის 6 ივნისის ინფორმაციით, „ოცნების ქალაქში“ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართობების გადაცემის პროცესი გრძელდება. დღეს ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ 35 ოჯახზე გადანაწილდა.“
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ოჯახების ნაწილს სურვილი ჰქონდათ ბინები ადგილზე დაეთვალიერებინათ, თუმცა დაცვამ ამის საშუალება მათ არ მისცა – უთხრეს, რომ კორპუსებში „ჯერ ვერ შეუშვებდნენ“.
„ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ კორპუსების მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 38 745 999 ლარზე ჰქონდა გაფორმებული. ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა და მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ეს ვადა შეიცვალა და სახელშეკრულებო ღირებულებაც 40 973 388 ლარამდე გაიზარდა.
მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ 4 თვის უკან უთხრეს, რომ კორპუსების მშენებლობა დასრულებული იყო.
„ჩვენ სულ ვსაუბრობდით ოკუპაციაზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მომიწია უფრო მკაფიოდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია“ – ამბობს ელენე ხაჯიშვილი, მოქალაქე, რომელმაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ „რუსკი კარაბლის“ ფოტო, ცნობილი წარწერით, საკუთარ სამუშაო ოთახში, კედელზე ჩამოკიდა.
ელენე თარჯიმანთა ბიუროში მუშაობს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ რუსეთის მოქალაქეები.
„მიწევს რუსულენოვან ხალხთან კონტაქტი. მინდოდა მათთვის მეჩვენებინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას.
ჩვენს ქვეყანაში უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ არ გვინდა რუსეთი და გვინდა ევროპა. ოფისში გამოკრული გვქონდა უკრაინის დროშა, ასევე რუსული გემი, რომელიც იძირება, ცნობილი წარწერით, თუ სად უნდა წასულიყო ეს რუსული ხომალდი, სად უსურვებდნენ მას წასვლას.
რუსულენოვან ადამიანებს სხვადასხვა რეაქცია ჰქონდათ ამაზე. ზოგი იღიმოდა და გვეუბნებოდა, ნამდვილად აქ არის გასაშვებიო, მაგრამ კონფლიქტური სიტუაციებიც გვქონია, პოლიციაც გამოგვიძახებია. გვეუბნებოდნენ, როგორ ბედავთ ამის თქმასო, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს კერძო საკუთრებაა და შეგვიძლია მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი.
მე თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობ და მინდა ასე გაგრძელდეს. მინდა, სიტყვის თავისუფლება იყოს და არავინ მიკრძალავდეს აზრის გამოხატვას“.
ელენე გვიყვება, რომ თარჯიმანთა ბიუროში მისულ რუსეთის მოქალაქეებს შორის ყოფილან ისეთებიც, რომლებიც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ და საქართველოში არჩიეს ცხოვრება:
„ჩვენთან მოსულ რუსულენოვან ადამიანებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გამოექცნენ რუსეთის რეჟიმს და მათთვის ყველაზე კარგი წასასვლელი ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. ისინი ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ და მხარს უჭერენ უკრაინას, ამას ჩვენთან ნათლად აფიქსირებდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ მათ ქვეყანაში ამის გაკეთება არ შეუძლიათ. ამას ხმამაღლა ვერ იტყვიან და გამოიქცნენ, რადგან შეიძლება დაიჭირონ, მოხვდნენ ციხეში, იქ არ არის სიტყვის თავისუფლება.
ერთმა თქვა, წინდა მქონდა, რომელსაც უკრაინის დროშა ეხატა და ამის გამო პოლიციამ გამაჩერა, შემდეგ წამიყვანეს პოლიციაში, ესეც კი აკრძალულია ჩემს ქვეყანაშიო. მე პირადად ერთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს, ესეც ხომ პოლიტიკიდან გამომდინარეა, ჩვენ იმ პოლიტიკოსებს ვერჩით, რომლებსაც მხოლოდ ცუდი მოაქვთ“.
ბიუროში მისულ რუსულენოვან ადამიანებთან ელენე ქართულად იწყებს საუბარს:
„როდესაც შემოდიან ოფისში, ყოველთვის გვესაუბრებიან თავის ენაზე, მე ყოველთვის ქართულად ვესაუბრები. გამოიხედავენ ხოლმე – რას მეუბნებაო, შემდეგ ვაგრძელებ კომუნიკაციას.
მასპინძლები კი ვართ, მაგრამ ვფიქრობ, უნდა ვაჩვენოთ, რომ ისინი სტუმრები არიან. ამიტომ ჩვენს ენაზე მივმართოთ და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ საუბარი, შეგვიძლია. ის, რომ საქართველოში არიან, უნდა ჩანდეს.
ვფიქრობ, რომ არ უნდა შევუქმნათ კომფორტი. არსებობს ქართული ენა, სახელმწიფო ენა. მესმის, რომ არ იცის ქართული ენა, ამიტომ მენიუ შეიძლება შევთავაზოთ ინგლისურ ენაზე, მაგრამ პირველ რიგში უნდა შევთავაზოთ ქართულად“ – ამბობს ელენე.
ელენე იხსენებს შემთხვევებს, როცა მოუწია მითითება, რომ საქართველოში ქართულად უნდა უპასუხონ, ქართულად დაუსვან კითხვები:
„ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როდესაც კაფეში შევსულვართ და მენიუ არ ყოფილა ქართულ ენაზე. რუსული ენაც ვიცი და ინგლისურიც, მაგრამ მე ვარ საქართველოში და მინდა მენიუ მომიტანონ ქართულ ენაზე, ამაზე ყოველთვის მიმიცია შენიშვნა.
ყოფილა შემთხვევა, კაფეში შევსულვართ და მიმტანმა არ იცოდა ქართული ენა, რუსულად ან ინგლისურად გველაპარაკებიან. მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის მიგვიცია შენიშვნა, მოგვითხოვია, რომ ჩვენ უნდა მოგვემსახურონ ქართულ ენაზე. მოთხოვნა წაგვიყენებია, რომ თქვენ ხართ ბათუმში, ამიტომ მენიუ მოგვიტანეთ ქართულ ენაზე, კითხვები დაგვისვით ქართულ ენაზე“.
ელენე მიიჩნევს, რომ პოზიციის დაფიქსირება აუცილებელი და მნიშვნელოვანია:
„ამას იმიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ისინი არ უნდა იყვნენ კომფორტის ზონაში. მაგალითად, შევედი მე – დამელაპარაკა რუსულად, შევიდა სხვა – ისიც რუსულად დაელაპარაკა და ამ დროს ამბობენ, რომ აი, ყველამ იცის რუსული და რად მინდა მე სხვა ენაზე კომუნიკაცია, რისთვის მჭირდება. უნდა დაიცვან წესები და მოგვერგონ ჩვენ და ჩვენ არ უნდა მოვერგოთ მათ“.
ელენეს აზრით, საქართველოში ჩამოსულ რუსებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქ კულტურული და სხვა აქტივობების გამართვა სურს, უნდა მოვთხოვოთ, დააფიქსირონ აზრი ოკუპაციაზე, აღიარონ, რომ რუსეთი ოკუპანტია:
„ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი მოთხოვნა რომ იყოს მათ მიმართ, იმ სფეროს მიმართ, სადაც ტარდება აქტივობები რუსულ ენაზე. დააფიქსირონ, გამოიტანონ, მაგალითად, რაიმე პლაკატი სადაც წერია – „რუსეთი ოკუპანტია“, რომ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და შემდეგ გააგრძელონ. მგონი პირიქით, შეიძლება ტაშით შეხვდეს ხალხი, ასეთ აქტივობებზე შეიძლება ქართველებმაც კი იარონ, მაგრამ ისინი ამას არ აღიარებენ.
შესაბამისად, ისევ გავმეორდები, რომ კომფორტის ზონაში არიან, არ უწევთ არაფრის აღიარება და საქართველო მათთვის არის მხოლოდ რაღაც ადგილი, სადაც შეუძლიათ აქტივობა ჩაატარონ, კომფორტულად იყვნენ და შემდეგ დაბრუნდნენ ისევ. თუ რამეს ჰკითხავ ამასთან დაკავშირებით, გეუბნებიან – პოლიტიკაში არ ვერევი, აპოლიტიკური ვარ და არ დამისვათ ასეთი კითხვებიო. შემდეგ აპელირებენ იმაზე, მე რომ რამე ვთქვა, შეიძლება ჩემს ქვეყანაში დამიჭირონო“.
კითხვაზე, რატომ არა რუსულ კანონს, ელენე ამბობს, რომ არ უნდა რუსეთში გაიღვიძოს:
„არ გვინდა გავიღვიძოთ რუსეთში.
მე და ყველა იმ ადამიანს, ვინც ვაპროტესტებთ, გვინდა, რომ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს ზუსტად იმის ანალოგია, რაც დაიწყო რუსეთში და არ მინდა ჩვენც იგივე დაგვემართოს, არ მინდა ჩემი ქვეყნიდან გაქცევა მომიწიოს იმის გამო, რომ ვეღარ დავაფიქსირებ ჩემს აზრს, თუნდაც მშვიდად ვერ გავიარო ქუჩაში, მქონდეს რაღაც შეზღუდვები, იმიტომ, რომ ეს შეეხება თავისუფლებას, დამოუკიდებლობას“.
საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფებოდნენ. სწავლება სახელწოდებით „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორის მოადგილე კრისტიან ურსემ და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს.
ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციის წარმომადგენლებმა საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაუზიარეს გამოცდილება, როგორიცაა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგისა და არჩევნებზე დაკვირვების პროცედურები, ინფორმაციის დაცულობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არჩევნებში, სიძულვილის ენის გავლენა არჩევნებზე და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი. შეხვედრებს მოდერაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების საარჩევნო პროგრამის კოორდინატორი ფრენკ დეშლერი უწევდა.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრების ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსიები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით.
ორდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჩასატარებლად ახორციელებს. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისა და საქმიანობების მხარდაჭერისთვის, რომელიც ორიენტირებულია როგორც ინსტიტუციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ასევე ქვეყანაში საარჩევნო პროცესების განვითარებაზე.
სამუშაო შეხვედრებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის – ცესკოს მდივანი და სწავლების ცენტრის დირექტორი, ცესკოს სპიკერი, საარჩევნო პროცესების მართვის, საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, იურიდიული და საფინანსო დეპარტამენტების წარმომადგენლები.
სასწავლო ვიზიტი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ბათუმში ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი 2024 წლის 7 ივნისის მონაცემებით გაუარესებულია.
ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს არ არის კარგი ზოგი დაავადების მქონე ადამიანების ჯანმრთელობისთვის.
გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, როცა მტვრის ნაწილაკების შემცველობა დამაკმაყოფილია, „ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა, მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის“.
გარემოს სააგენტო ასევე ავრცელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, იმ შემთხვევისთვის, როცა ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა მომატებულია, თუმცა მთლიანობაში ჰაერის ხარისხი არის „დამაკმაყოფილებელი“ [რაც დაფიქსირებული დღეს ბათუმში]:
„ასეთ დროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა უნდა შეამცირონ შემდეგმა ჯგუფებმა:
გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა
ბავშვებმა და ხანდაზმულებმა“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ქვეყანაში ჰაერის დაბინძურება „უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული“.
„6 ივნისიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული“ – აცხადებს სააგენტო.
მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
„ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ჯერ უცნობია, ამჯერად რომელი მოსამართლე მოუსმენს ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ჩვენება წლების წინ მისცეს სასამართლოს და სამართალი ვერ იპოვეს.
ყოფილი პატიმრებიდან რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც.
ამ საქმის განხილვა განსაკუთრებით გაჭიანურებულია – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა.
„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ მოსამართლე კოტე ჭილაია განიხილავდა. მას 2024 წლის 18 ივნისს მოსამართლის უფლებამოსილება უწყდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს, რომ კოტე ჭილაია 19 ივნისამდე იმუშავებს ბათუმის სასამართლოში. აქ ვერ გვითხრეს, სად განაგრძობს მუშაობას მოსამართლე, რომელსაც გამოსაცდელი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება.
მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე იუსტიციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ბოლო პერიოდში უვადოდ გამწესებულთა სიაში კოტე ჭილაია არ იძებნება. ადვოკატების თქმით, კოტე ჭილაიას უვადო მოსამართლეობაზე უარი უთხრეს.
მოსამართლე კოტე ჭილაიას შესახებ „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე სათადარიგო მოსამართლე დანიშნული არ არის, საქმის განხილვა თავიდან იწყება.
მაგალითად, თავდაპირველად ამ საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა. ის 2021 წელს სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა და საქმე კოტე ჭილაიას ჩააბარეს. შესაბამისად, ამ მოსამართლემ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 6 ივნისს ვერ გვითხრეს, ამ საქმეზე იყო თუ არა დანიშნული სათადარიგო მოსამართლე. ბოლო სხდომაზე, რომელსაც „ბათუმელები“ ესწრებოდა, საქმეს მხოლოდ მოსამართლე კოტე ჭილაიას განიხილავდა. მან მორიგი სხდომა 2024 წლის ივნისში ჩანიშნა.
ივნისში კი, როგორც ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, ჯერ არაა ჩანიშნული სხდომა „ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“.
ბრალდებული ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა არიან. ისინი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამართლოს გათავისუფლებული.
1plus1 თიბისისა და აწარმოე საქართველოს ინოვაციური სტარტაპის გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2 თვის წინ დაიწყო.
იდეა, რომელიც მეგობრებმა და ბიზნეს-პარტნიორებმა, დიანა ლაჭყეპიანმა და ზურაბ რცხილაძემ ბიზნესად აქციეს, უმარტივესია:
„ადამიანს ყოველთვის სურს, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე იხდის. მარკეტინგული ხერხი 1+1 მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული. გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საერთაშორისო კომპანია, რომელიც თავს მოუყრიდა ასობით სხვადასხვა ბიზნესის პროდუქტსა თუ სერვისს და მარტივი აპლიკაციის სახით, შესთავაზებდა მომხმარებელს. ადამიანი რეგისტრირდება, ყოველთვიურად იხდის სულ რაღაც 9.80 ლარს და სარგებლობს 1+1 მომსახურებით ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. მაგალითად, უკვეთავთ ერთ პიცას, მეორეს კი უფასოდ იღებთ. სპორტდარბაზში იხდით ერთი თვის საფასურს, მეორე თვე კი უფასოა, ან იხდით ერთი ადამიანისას, მეორე ადამიანს კი უფასოდ ეკუთვნის იგივე სერვისი“, – ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ რცხილაძე.
კომპანია 1+1-ის პარტნიორი უკვე ასობით სხვადასხვა სახის ბიზნესია: სასტუმროები, სწრაფი კვების ობიექტები, საბილიარდოები, სპორტული დარბაზები, ტატუს სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები, სტადიონები, რესტორნები, საბავშვო მაღაზიები. მოკლედ, უამრავი სრულიად განსხვავებული პროდუქტი თუ მომსახურება, რომელიც მომხმარებელს 1+1-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს.
„ჩვენი აპლიკაცია მომხმარებელს თანხის გაორმაგებაში დაეხმარება. ჯერჯერობით ვებგვერდი გვაქვს https://1plus1.ge, ხოლო აპლიკაცია დასრულების ეტაპზეა და მზად ერთ თვეში იქნება. აპლიკაცია ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ყველა, ვინც გაიაქტიურებს მას, იოლად ნახავს რამდენი დაზოგა თვის განმავლობაში. ყველგან, სადაც ამ აპლიკაციას გამოიყენებთ, მოხდება მისი დასკანერება და ცხადი იქნება, თვის ჭრილში რა თანხა დაიზოგა. 9.80 ლარის გადახდით მომხმარებელი შეძლებს ათასი, ორიათასი, სამიათასი ან მეტი ლარი გაიორმაგოს. მაგალითად, თუ სასტუმროს ნომერს უკვეთავთ, რომელიც ღამე 300 ლარი ღირს, მეორე ღამეს უფასოდ რჩებით, ანუ 300 ლარს იორმაგებთ“.
მსოფლიო ბაზარზე ყოველთვიური გადასახადის ოდენობა იგივე დარჩება, მხოლოდ ვალუტა შეიცვლება – ევროპის მასშტაბით 9.80 ევრო იქნება, აშშ-ში კი – 9.80 დოლარი.
ბიზნესი, რომელიც მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობას მხოლოდ ახლა იწყებს, საქართველოს მასშტაბით უკვე ორასამდე პარტნიორ კომპანიას ითვლის, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, ყოველთვიურად, დაახლოებით, ას კომპანიას მაინც იმატებენ. ზაფხულის ბოლომდე მინიმუმ 500-600 კომპანიასთან პარტნიორობაა დაგეგმილი, მათ შორის ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდები.
„როცა კომპანია შესაბამის მასშტაბზე გავა და ყველაფერი ჩვენი გეგმისა და ვარაუდის მიხედვით განვითარდება, დაგეგმილი გვაქვს, რომ საქართველოსთვის გადასახადი მოიხსნას. დიახ 1+1 სერვისის მიღება სრულიად უფასო იქნება“.
ეს აპლიკაცია და მომსახურება უნივერსალურია, 1+1 პლატფორმა გაორმაგების პლატფორმაა და ყველა ასაკობრივ თუ სოციალურ ჯგუფს ეხება. აქედან გამომდინარე, კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.
„ჩვენს მიერ შერჩეული ახალგაზრდების გუნდი, დაახლოებით, 30 ადამიანს ითვლის. იგეგმება, რომ ყოველ თვე 10-15 ადამიანი დაემატება გუნდს. საქართველოს მასშტაბით 200-250 კაციანი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. ამჟამად მხოლოდ ორი ოფისი გვაქვს, თბილისსა და ბარსელონაში. მალე, უკვე ზაფხულში, ოფისი ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება. ივლის-აგვისტოში მილანის ოფისის გახსნა იგეგმება, ეტაპობრივად კი სხვა ევროპული ქალაქებიც დაგვემატება“.
კომპანიის წარმომადგენლების, ლევან რცხილაძის და კონსტანტინე რაზმაძის თქმით, ბარსელონა იდეალური ქალაქია ევროპის დასაპყრობად. ესპანეთის 2 ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში, 1+1-მა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ბარსელონას ოფისის ხელმძღვანელი, როინ შიოშვილი ფიქრობს, რომ ბრენდი მალე მოედება მთელ ესპანეთს. 2024 წლის დასასრულს კომპანია 14 ევროპული ქალაქის „დაპყრობას“ გეგმავს.
1plus1 ქართული ბრენდია, რომლის მისიაც ევროპის მასშტაბით ასპარეზზე გამოჩენაა და რომლის გეგმებსაც საზღვარი არ გააჩნია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2024 წლის 7 ივნისიდან გაზის (აირის) იარაღის, შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.
„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა.
დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.
გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს“ – წერს შსს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გაზის (აირის) იარაღად მიიჩნევა „ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული ტიხრის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად“.
6 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას Mirage-2000-5 გამანადგურებლებს გადასცემს, მოამზადებს უკრაინელ პილოტებს და მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამაში.
Mirage 2000-5 ერთადგილიანი გამანადგურებელია, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წელს. იგი აღჭურვილია მაღალი ხარისხის რადარით და გააჩნია ერთდროული სროლის შესაძლებლობა რამდენიმე სამიზნეზე.
ამ ეტაპზე არ სახელდება გამანადგურებლების ზუსტი რაოდენობა.
მაკრონმა BFMTV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას შესთავაზებს 4500 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას.
დღეს, 7 ივნისს, მაკრონი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ზელენსკისთან პარიზში.
„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც საფრანგეთი უკრაინას 650 მილიონი ევროს ოდენობის სესხებსა და გრანტებს აძლევს ადგილობრივი ხელისუფლებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის, რომელიც რუსეთის მუდმივი თავდასხმის სამიზნეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9-10 ივნისს საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 516 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
ტანკი – 7 834 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 15 096 ერთეული [+20]
საარტილერიო სისტემა – 13 497 ერთეული [+64]
MLRS – 1 095 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 833 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 886 ერთეული [+40]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 270 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+1]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 18 416 ერთეული [+56]
სპეცტექნიკა – 2 238 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
610 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
25 326 უპილოტო საფრენი აპარატი
528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 287 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 330 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
10 188 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
22 336 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ამ სტატიაში ლინდა მოგვიყვება, ვინ არის მისი გმირი, როდის გაუჩნდა პროტესტის განცდა, ვისთვის და რისთვის იბრძვის, მას როგორ შეეხება რუსული კანონი, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და რამ შეაძლებინა ძალების მოკრება, ინტროვერტების დაძლევა და აქციის მონაწილეთა რიგებიდან სცენაზე ასვლა.
„მამაჩემი 2008 წლის 8 აგვისტოს გმირი, მებრძოლი ადამიანია. ამ პერიოდში მე 2 წლის ვიყავი. მართალია ვერაფერს ვერ ვიაზრებდი, მაგრამ მამაჩემის წასვლა ჩემთვის მაინც მტკივნეული იყო, რადგან ვგრძნობდი, რომ შესაძლო იყო უკან ვერ დაბრუნებულიყო.
ამ დღეს დაეცა ცხინვალი და დაეცა საქართველო, მაგრამ მამაჩემის დაბრუნება მაინც გამიხარდა. დღეს აქ ვარ მის გარეშე. ვგრძნობ მამაჩემის ძალას, ენერგიას და ყველაფერს, რაც მაძლევს მოტივაციას უფრო ხმამაღლა ვისაუბრო ჩვენს უკეთეს მომავალზე.
მამაჩემი ემიგრანტია და ეს ემიგრაცია უკვე 8 წლის განმავლობაში გრძელდება. ქვეყანაში არ გვაქვს იმის პირობები, რომ გვქონდეს კარგი ხელფასი, კარგი [სამუშაო] გარემო. ჩვენს ქვეყანაში, ვერ აფასებენ განათლებას, ცოდნას და არ არის უკეთესი მომავლის პერსპექტივა. ამიტომ მოუწია მამაჩემს ევროპაში წასულიყო.
მამაჩემის პოზიციაც ზუსტად იგივეა, რაც ჩემი და სხვა ჩემი მეგობრების. ჩვენ ერთად ვეუბნებით უარს რუსულ კანონს, რუსულ მთავრობას და კი – ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ევროპულ მომავალს.
როცა აქციაზე ვარ, მამაჩემი ერთადერთ რამეს მეუბნება – „მამა, გთხოვ ფრთხილად იყავი, თავს გაუფრთხილდი, რადგან ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს შენგან სიშორეს, თუ რამე მოგივა“.
მართალია, აქციაზე სიტყვით გამოსვლა ჩემთვისაც არ არის კომფორტის ზონა, რადგან ინტროვერტი ვარ. ჩემთვის უკეთესია, თუ ჩუმად, მშვიდად, კუთხეში, ხალხის მასისგან შორს ვიქნები, მაგრამ ახლა ამის დრო და ადგილი არ არის. ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ვიყვიროთ, ვიბრძოლოთ. მთავარია, რომ გავბრაზდეთ და ამოვიღოთ ხმა“, – ამბობს ლინდა.
ლინდა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს – „ჩვენ ამით მოღალატეობრივი სახე გვაჩვენეს, რომელსაც ქართველი ერის თვალში ვერასდროს მოინანიებენ. ქართველი ერის გარდა ამას ხედავს მთელი მსოფლიო.
ჩვენ ველოდით ამ ყველაფერს. ბიბლიური ელფერის ღამე გვქონდა ქართველებს, როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა. ქრისტემ იცოდა, რომ იუდა გაყიდდა 30 ვერცხლად და ჩვენც ვიცოდით, რომ 84 მოღალატე გაყიდდა საქართველოს. შესაბამისად, მათთვის ჩვენ წარმოვადგენთ არაფერს. ისინი ვერ აგებენ ჩვენს უკეთეს მომავალზე პასუხს, რადგან ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ.
ზარებით, წარწერებით, დაშინებებით, მუქარით, ოჯახის წევრებზე ძალადობით ისინი ავლენენ შიშს ახალგაზრდების მიმართ, რომელშიც არ კვდება ბრძოლის უნარი. ხედავენ ჩვენ ამბოხებას, ხედავენ ჩვენ ბრაზს და ვერ გვაჩერებენ.
მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ დაგიბრუნდებათ საპასუხოდ, მაგრამ არა მუქარით, არა ძალადობით, არა დაშინებით, პირიქით, ჩვენ უფრო ბედნიერები, ლაღები, მებრძოლები და უფრო მეტი შემართებით დავბრუნდებით ქუჩებში. ისევ ვნახავთ გაბრწყინებულ და განათებულ რუსთაველის ქუჩას. ისევ ნახავთ ხალხს, რომელიც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ უკან არ დავიხევთ. ყოველი ნაბიჯი წინ, არცერთი ნაბიჯი უკან.
მე არ მეშინია ამ მთავრობის, არ მეშინია იმ ზარების, რომლებსაც ყოველდღიურად და უკვე ყოველ საათში ახორციელებენ ჩვენზე. ასევე ვფიქრობ, რომ იქ დგომა, სადაც ახლა ჩვენ ახალგაზრდები ვდგავართ, არის იმის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვიბრძვით დაუღალავად.
ჩემთვის სიტყვა „პატრიოტი“ ასოცირდება ყველა იმ ადამიანთან, რომელიც გრძნობს ბრძოლის ყიჟინას, არ ნებდება ყველა იმ პრობლემას, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება“.
ლინდას თქმით, როცა მას და მის მეგობრებს ურეკავენ, იწყენს, ნერვიულობს, ტირის, თუმცა მალევე ბრაზდება და სჯერა, რომ მისი და მის თანატოლების მხნეობა აუცილებლად დაამარცხებს ქვეყნის მოღალატეებს და სწორედ ამ რწმენის გამო არ კარგავს ბრძოლის უნარს.
„ბევრჯერ დამირეკეს. ერთადერთხელ ვუპასუხე, ისიც სრულიად შემთხვევით. გამარჯობის თქმაც კი არ დამცალდა, უშვერი სიტყვებით გამისტუმრეს“.
სტუდენტის თქმით, მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რუსული კანონი ხელს შეუშლის მონაწილეობა მიიღოს ევროპის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში. „ვერ შევძლებ ჩემი პროფესიული განვითარება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავაგრძელო“, – წუხს სტუდენტი.
სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტების გაფიცვის პერიოდში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების ორი სახე დავინახეთ: „ნაწილი, რომელიც იდგა ჩვენ გვერდით, გამოვიდა აუდიტორიებიდან და ნაწილი, რომელიც დარჩა უნივერსიტეტში და აგრძელებდა სწავლა-განათლებას. ამ ყველაფერზე ჯავახიშვილის სიტყვები მახსენდება – არის დრო და მომენტი, როცა ყველამ კალამი უნდა დავდოთ და ხმა ამოვიღოთ. ახლა ზუსტად ეს დროა“.
ლინდას საქართველოში უნდა ცხოვრება, სადაც ადამიანებს არ ეშინიათ ცენზურის, გამოხატვის თავისუფლების, საკუთარ ტერიტორიებზე მტრის დასახლების, არ უწევთ მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლა ემიგრაციაში.
„მინდა, ჩვენს ქვეყანაშიც გვქონდეს ისეთი პირობები, რომ ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი, თავისუფალი, ლაღი. რაც მთავარია, მინდა, ბავშვებს ჰქონდეთ იმედი, რომ, როცა ჩვენს ასაკში მოვლენ, არ მოუწევთ ჩვენსავით ბრძოლის ხაზზე დგომა“.
ჩვენთან ინტერვიუს სტუდენტი ასე ასრულებს: „არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ კანონს და არა ყველაფერ იმას, რაც ეწინააღმდეგება ჩვენ ევროპულ გზას!“.
1938 წლის 19 აპრილს იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა სიას, რომელშიც საქართველოში მცხოვრები 253 ადამიანის სახელი და გვარი იყო შეტანილი.
ეს იყო დასახვრეტთა სია. ჩამონათვალი იმ ადამიანების, ვისთვის უნდა ყოფილიყო 1938 წლის გაზაფხული უკანასკნელი.
„ჩემი დიდი ბაბუა, ვიქტორ ჭედია დახვრიტეს 1938 წელს, ბათუმში. 38-ში დახვრიტეს მისი ძმაც, ტარას ჭედია. მათ დახვრეტას ხელი სტალინმა მოაწერა,“- იხსენებს 86 წლის შემდეგ რეპრესირებული კაცის ამბავს მისი შთამომავალი, თინათინ ჯაფარიძე.
ვიქტორ ჭედიას სახელი სტალინის ხელმოწერილ დასახვრეტ პირთა სიაში. 19 აპრილი, 1938 წელი
ვიქტორ ჭედიას 7 შვილი ჰყავდა, 6 ქალიშვილი და ერთი ვაჟი. თინათინ ჯაფარიძე ვიქტორ ჭედიას უმცროსი ქალიშვილის, თამარის შვილიშვილია. დიდი ბაბუის შესახებ ცნობების მოგროვება თინათინმა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტალინური რეპრესიების პერიოდის შესწავლით დაინტერესდა.
„მთელი ბავშვობა მესმოდა სახლში 1937 წლის ამბები. ბათუმი პატარა ქალაქი იყო, შეიძლება ამიტომ გადავიდა ოჯახი თბილისში, 50-იან წლებში. აქ ვინმეს რომ არ დაეძახა „ხალხის მტრის შვილი“.
სახლში მე მიყვებოდნენ იმ ისტორიებს, რაც ხდებოდა ბებიაჩემის და მისი და-ძმების ბედნიერ ბავშვობაში, სანამ მათ მამას, ვიქტორ ჭედიას დააპატიმრებდნენ. 3-4 წლის რომ გავხდი, იმ ასაკიდან მიყვებოდნენ ამბებს – უზარმაზარი ძაღლი ჰყოლიათ, რომელსაც ლორდი ერქვა. ამ ძაღლს სულ სასაცილო ისტორიები ემართებოდა თურმე და ბავშვები დასდევდნენ მთელს ბათუმში. სულ ასეთ ისტორიებს გვიყვებოდნენ.
რა ხდებოდა ბაბუას დაპატიმრების შემდეგ, მაგაზე არ ლაპარაკობდნენ, რადგან ოჯახისთვის ბაბუას დაპატიმრება იყო საშინელი ტრაგედია,“- იხსენებს თინათინ ჯაფარიძე.
ვიქტორ ჭედია 1880 წელს დაიბადა ლანჩხუთში. ცხოვრობდა ბათუმში, მაშინდელი მარქსის, ახლანდელი ვაჟა-ფშაველას ქუჩის 60 ნომერში. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას.
„როგორც ვიცი, ბაბუაჩემი 1938 წელს, სანამ დააპატიმრებდნენ, ბათუმის ქალაქის საბჭოს კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. 30-იან წლებში ბათუმში მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.
დაკავებამდე ბაბუაჩემი თბილისში ყოფილა მივლინებით. ამიტომ არ ვიცით დააპატიმრეს თბილისში თუ ბათუმში მოასწრო ჩამოსვლა. ოჯახს აცნობეს – დაპატიმრებულია. არ უთქვამთ, რომ დახვრიტეს. ოჯახს წლების განმავლობაში ეგონა, რომ გადასახლებული იყო.
როდესაც დახვრიტეს ბაბუაჩემი იყო 58 წლის. სადღაც კიდევ 30 – 40 წელი ელოდა ოჯახი.
სულ ელოდებოდნენ და ფიქრობდნენ – იქნებ გადაასახლეს და იქ დარჩა. იქნებ რაღაცა წერილს გამოგზავნის. სულ იყო ეს მომენტი, კითხულობდნენ გადასახლებიდან ჩამოსულებთან, ვინც იცოდნენ – ხომ არ შეგხვედრიათ ესეთი და ესეთი ადამიანი?“ – გვიყვება თინათინ ჯაფარიძე.
1937
1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება №00447.
ამ ბრძანების საფუძველზე დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში. შეიქმნა ე.წ. განსაკუთრებული სამეულები (ტროიკა), რომელიც იყო არასასამართლო, არაკონსტიტუციური ორგანო. სამეულებმა ათიათასობით ადამიანს სასამართლოს გარეშე გამოუტანეს დახვრეტის განაჩენი.
„ენკავედეს“ ანუ შინსახკომის განსაკუთრებულ სამეული იყო სპეციალური ორგანო, რომელიც შექმნილი იყო სტალინური ხელისუფლების მიერ, დიდი ტერორის რეპრესიების გატარებისთვის. სამეული შედგებოდა რესპუბლიკის შინსახკომის თავმჯდომარისგან, მისი მოადგილისგან და რესპუბლიკის პროკურორისგან.
სტალინმა დაიწყო სიების შედგენა, რომელშიც შეიყვანა თითქმის ყველა ძველი ბოლშევიკი. საბჭოთა კავშირში შემავალი თითოეული რესპუბლიკისათვის სიებს ცალ-ცალკე ადგენდნენ. ის სია, რომელშიც ვიქტორ ჭედიას სახელი მოხვდა, 1938 წლის 19 აპრილსაა სტალინის მიერ ხელმოწერილი.
„ვიქტორ ჭედია დაპატიმრებამდე, ანუ 1938 წლამდე ბათუმში, ქალაქის საბჭოში კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
დაპატიმრებისას საბჭოთა ხელისუფლებამ ბრალად დასდო, რომ იყო აჭარის კონტრრევოლუციური, არალეგალური, მენშევიკური ორგანიზაციის თადარიგის ცენტრში. მონაწილეობას იღებდა ცენტრის თათბირებში, სადაც ისახებოდა გეგმა, თუ როგორ უნდა ებრძოლათ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ბრალდების მიხედვით, ვიქტორ ჭედია ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა საქართველოში მენშევიკთა ცენტრთან მას შემდეგ, რაც კონტრრევოლუციურმა ორგანიზაციამ აჭარაში მარცხი განიცადა,“ – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.
საქმის მასალების მიხედვით, ვიქტორ ჭედიამ თავი დამნაშავედ ცნო. ის შინსახკომის სამეულმა გაასამართლა. მომხსენებელი იყო გორშკოვი. სხდომაში მონაწილეობდნენ სერგო გოგლიძე, ილარიონ ტალახაძე, შალვა წერეთელი და მოროზოვი.
ვიქტორ ჭედია რეაბილიტირებულია. ცნობა მისი რეაბილიტაციის შესახებ ოჯახმა სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1956 წელს მიიღო.
“შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის 1938 წლის 28 აპრილის დადგენილება ვიქტორ იაგორის ძე ჭედიას მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოისპო ბრალდების დაუდასტურებლობის გამო,” – წერია ვიქტორ ჭედიას რეაბილიტაციის ცნობაში.
თინათინ ჯაფარიძე არქივებში მუშაობს და ცდილობს რეპრესიების შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოს.
„აჭარაში მყავს ნათესავები. გარდა ბაბუაჩემისა, ჩემი რამდენიმე ნათესავია რეპრესირებული. ვეძებდი ინფორმაციას მათ შესახებაც. არქივში მუშაობისას წავაწყდი ერთ ისტორიას მოხუც კაცზე, რომელიც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რომელიც დახვრიტეს. ცხოვრობდა ხელვაჩაურში, სოფელში. არაფერს არ ფლობდა, ჰყავდა მხოლოდ მეუღლე, შვილი – არა. მისი გრაფის გასწვრივ ეწერა – ინვალიდი. ეს ადამიანი დახვრიტეს.
ასეთი ჩანაწერებით ხვდები რეჟიმის რეალურ სახეს. ადამიანები ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, არსებობდნენ და რეჟიმმა გააქრო ისინი,“ – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.
თინათინის თქმით, სტალინის ეპოქის თანმდევი იყო მუდმივი შიში – შიში გადასახლების, შიში დაპატიმრების, შიში დახვრეტის.
„ეს შიში აისახა შემდეგ თაობებზე. არსად წასულა.
1937-38 წლებში, სულ რაღაც 2 წელიწადში დააპატიმრეს მილიონ 700 ათასი ადამიანი. 725 ათასი ადამიანი დახვრიტეს და მილიონი გადაასახლეს.
სტალინი იყო დიქტატორი, ტირანი, პირველ რიგში. მე ვფიქრობ ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრული ინფორმაცია, რას წარმოადგენდა ეს ადამიანი. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ისტორია უნდა ვისწავლოთ თავიდან. განსაკუთრებით ამ პერიოდის ისტორია,“ – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.
6 ივნისს, გამთენიისას, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მე-9 დეპარტამენტის სპეციალურმა განყოფილებამ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე წარმატებული დარტყმა განახორციელა რუსულ ბუქსირ „სატურნზე“.
„პანსკოეს ტბის წყლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგად განადგურდა რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი გემი. შეტევა განხორციელდა შავი ზღვის წყლებში დამპყრობელთა თავდაცვითი ბარიერების ხაზის წარმატებული გარღვევის შემდეგ“ – აცხადებს უკრაინის დაზვერვა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია, საჯარო და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები.
კერძოდ, ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების სრული დაცვით, ამ მიმართულებითაც ვრცელდება ინსტიტუციის დამაზიანებელი უსაფუძვლო ბრალდებები. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო პროცესის ირგვლივ გაკეთებული ასეთი შეფასებები მთლიანად საარჩევნო პროცესს აზიანებს.
მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ემსახურება ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების შექმნას, მათზე დაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს და არჩევნების მთლიანობას. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა მიმართულია საარჩევნო პროცესებიდან პოლიტიკური დისკურსის და გავლენების აღკვეთისაკენ. ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია ჩართული მხარეების ობიექტური მხარდაჭერა და არა წინასწარი წარმოდგენებისა და არასწორი აღქმების შექმნა, რაც უფრო მეტად დააზიანებს საარჩევნო გარემოს.
არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის შესაბამის დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრებისთვის, რათა კითხვების არსებობის შემთხვევაში დეტალურად გავუზიაროთ ინფორმაცია ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად ახორციელებს. ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც საბრძოლო მასალა და „ისლამურ სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები აღმოაჩნდათ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები.
აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“კავშირების იდენტიფიცირების მიზნით,“ – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 515 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
ტანკი – 7 828 ერთეული [+22]
ჯავშანტექნიკა – 15 076 ერთეული [+40]
საარტილერიო სისტემა – 13 433 ერთეული [+48]
MLRS – 1 095 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 831 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 846 ერთეული [+41]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 270 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 18 360 ერთეული [+63]
სპეცტექნიკა – 2 230 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
610 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
25 225 უპილოტო საფრენი აპარატი
527 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 276 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 330 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
10 162 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
22 311 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟებს ერთწლიანი ვადით, პირდაპირი წესით, გაასხვისებს. ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ასევე ბულვარის ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აუქციონებს წელს არ გამოაცხადებენ.
მერია თანახმაა, ბულვარმა ხელშეკრულებები გაუგრძელოს მოქმედ მოიჯარეებს, რომ მათ იგივე ქონებითა და პირობებით შეძლონ სარგებლობა, რაც გასულ წელს ჰქონდათ ხელშეკრულებით განსაზღვრული. ამ გადაწყვეტილებას გასულ კვირას, 31 მაისს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა.
გადაწყვეტილების მიზეზი გასულ წელს განვითარებული შტორმული მოვლენებია. მერიის განმარტებით, 2024 წლის 27 მაისს ბულვარის ადმინისტრაციამ წერილით მიმართა მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს და მოიჯარეების მოთხოვნის შესახებ აცნობა:
„ბათუმის ბულვარში“ შესულია ბულვარის სანაპირო ზოლზე არსებული საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოიჯარეთა კოლექტიური განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სსიპ „ბათუმის ბულვარის“ სარგებლობაში არსებული ქონების, 2024 წლის სეზონზე პირდაპირი განკარგვის წესით [აუქციონის გარეშე] სარგებლობაში გადაცემა.
მერიის განმარტებით, პლაჟების მოსარგებლეები ქონების პირდაპირი წესით გადაცემას, გასულ წელს შტორმებით მიყენებული ზარალის გამო ითხოვენ.
„გასული სეზონის განმავლობაში ზღვაზე რამდენჯერმე განვითარებული ძლიერი შტორმის დროს ზღვიდან გადმოვიდა წყლის დიდი მასა, როგორც პლაჟის ნაწილზე, ისე პრომენადსა და შიდა სასეირნო ხეივანში, რის გამოც დაზიანდა მოიჯარეების მიერ მოწყობილი საპლაჟო ინფრასტრუქტურა და ინვენტარი“, – იმავე წერილში ბულვარის ადმინისტრაცია მერიას წერს, რომ თანხმობის შემთხვევაში თავად უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მიერ დასმული საკითხი, ხელი შეეწყოს მოიჯარეებს, რათა მათ შეძლონ შექმნილ მდგომარეობასთან გამკლავება. სსიპ „ბათუმის ბულვარს“ მისცეს თანხმობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბათუმის ბულვარის“-ს სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების [პლაჟის მოკვეთები] 2023 წელს იჯარით მოსარგებლე პირებზე სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით 2024 წლის 31 დეკემბრამდე ვადით სარგებლობაში გადაცემაზე.“
განმარტებით ბარათში ნათქვამია ასევე, რომ მერიამ პროექტზე დანართის სახით საკრებულოს წარუდგინა მოიჯარეთა კოლექტიური განცხადება და 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების სია. თუმცა ასეთი დანართები საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთული არ არის. ვერც იქნებოდა, რადგან დანართები მერიას განკარგულების პროექტთან ერთად საკრებულოში არ გადაუგზავნია. ჩვენ კი გვითხრეს, რომ თუ ამ დოკუმენტების გაცნობა გვინდა, უნდა გამოვითხოვოთ.
ასეთია გამჭვირვალობა მერიის ლოგიკით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოიჯარეებს ქონება ზაფხულის სეზონზე 2024 წლის 20 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე, 4 თვის ვადით გადაეცემათ. საკრებულოს გადაწყვეტილებით, პლაჟის მონაკვეთების ერთი კვ.მეტრის ოთხი თვის საიჯარო ქირა განისაზღვრეს 11.70 ლარის ოდენობით, წლიური საიჯარო ქირა – 35 ლარია.
ბულვარი, იმავე მიზეზით, პირდაპირი წესით გაასხვისებს ასევე გონიო-კვარიათისა და მახინჯაურის პლაჟებს.
დღეს, 5 ივნისს, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ბინა კი, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე 582 ბინაა გასაცემი.
„დანარჩენი ოჯახების სიაც შედგენილია, თუ ვინ მიიღებს ბინას და მათ სამინისტროს წარმომადგენლები უკვე უკავშირდებიან.“ – გვითხრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
ვინ არის სიაში და როდის გადასცემენ ბინებს დარჩენილ 581 ოჯახს, ეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ზუსტად არ იციან.
ვადები ვერც ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიზუსტეს: „ამ ოჯახებთან სამინისტრო ამყარებს კომუნიკაციას და ბინები მათ უახლოეს პერიოდში გადაეცემათ. ამასთან დაკავშირებით კი შემდეგ ცალკე დავუკავშირდებით. დღეს სიმბოლურად გადაეცა გასაღები ერთ ოჯახს. ამდენი აქტივობა ერთად ვერ მოხერხდებოდა ერთ დღეს“.
აჭარის მთავრობა არ ასაჯაროებს იმ 582 ოჯახის სიას, ვისაც ბინები უნდა გადასცენ.
ოჯახების სიას კი, რომლებსაც პირველ ეტაპზე გადასცემდნენ ბინებს, აჭარის ხელისუფლებისგან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ადრეც ითხოვდნენ; ასევე ითხოვდნენ საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებასაც, თუმცა მთავრობას არც სია გადაუცია ამ ოჯახებისთვის და არც ხელშეკრულებები გაუფორმებია. მოსახლეობა პერიოდულად აქციებსაც მართავდა ამ მოთხოვნებით. ვარაუდობდნენ, რომ მათ ბინებს წინასაარჩევნოდ მაინც გადასცემდნენ.
„ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ კორპუსების მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 38 745 999 ლარზე ჰქონდა გაფორმებული.
ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა და მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ეს ვადა შეიცვალა და სახელშეკრულებო ღირებულებაც 40 973 388 ლარამდე გაიზარდა. სამუშაოები კი 2023 წლის 25 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო.
მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ 4 თვის უკან უთხრეს, რომ კორპუსების მშენებლობა დასრულებული იყო.
როგორც ადრე „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვწერეს: „აჭარის მთავრობის განკარგულებით, 2019 წელს შეიქმნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების [ე.წ. „ოცნების ქალაქი“] მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფმა იმავე წელს დანომრა 1 726 საცხოვრისი, ხოლო წარმოდგენილი განცხადებებიდან რეგისტრაცია გაიარა – 1 607-მა ოჯახმა.“
582 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების შემდეგ „ოცნების ქალაქში“ ბინის მოლოდინში 1 025 ოჯახი დარჩება.
ამ ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება კი, სამომავლოდ „ოცნების ქალაქის“ არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განხორციელებაზეა დამოკიდებული.
გუშინ, 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ თავი შეიკავა „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა.
რატომ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა ირანმა? – „ნეტგაზეთმა“ ამ კითხვით მიმართა ირანის საელჩოს საქართვლოში.
ირანის საელჩოს პრესსამსახურის წერილობითი პასუხის თანახმად, ზოგიერთი პარტნიორის თხოვნის მიუხედავად, საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა ტერიტორიულ მთლიანობას ირანმა არაერთხელ დაუჭირა მხარი.
„ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ზოგიერთი პარტნიორის თხოვნის მიუხედავად, ირანმა არაერთხელ გამოაცხადა თავისი მკაფიო და გამჭვირვალე პოზიცია საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი გამოკვეთილი მიმართულება არის ურთიერთდახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებში, რის საფუძველზე ორივე ქვეყანა თავს იკავებს ერთმანეთთან დაკავშირებული რეზოლუციების კენჭისყრის დროს.
ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამის მაგალითია სულ ახლახანს, გაეროს ადამიანის უფლებათა და ბავშვის უფლების კომიტეტების წევრთა არჩევნებში საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ გამოხატული მხარდაჭერა“, – მოგვწერეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს პრესსამსახურიდან.
„მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ივნისს გაეროს რეზოლუციის შეფასებისას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება.
ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებთ, როცა მან მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას – შეახსენეს პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა.
„ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, თქვენ შეიძლება ეს არ გსიამოვნებდეთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ვიცი, რომ გწყინთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ეს არის“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის რეპლიკაზე.
განმეორებით დასმულ კითხვაზე, თუ სტრატეგიული პარტნიორია, მაშინ რატომ არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას მხარი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების საკითხს ეხებოდა, კობახიძის პასუხი იყო: „სასაცილოა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ“.
საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩინეთმა გაეროში „აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან [სამხრეთ ოსეთი], საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა.
რეზოლუციის კენჭისყრა 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე განვითარდა და თავიდანვე გამოირჩეოდა რეფლექსიურობით, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაჰირებულ მსჯელობას შორის. ხელოვანი ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ჟენევაში. მისი ნამუშევრები კი ინახება სხვადასხვა ქვეყნების კერძო და სამუზეუმო კოლექციებში, რომელთა შორის არის ვენეციის 53-ე ბიენალეზე ქართულ პავილიონში წარდგენილი პროექტის ერთ-ერთი ვიდეო აუდიო ინსტალაცია შავი ზღვა.
კოკა რამიშვილს მრავალ პროექტში უთანამშრომლია კომპოზიტორ ნიკა მაჩაიძესთან, რომელმაც ასევე შექმნა ხმოვანი ნაწილი კოკა რამიშვილის ახალი ნამუშევრისთვის – პლატფორმა მოვლენისთვის. მულტიმედიური ინსტალაცია, სადაც უხილავი ბმები აერთიანებს ინტერიერსა და ექსტერიერს, გეომეტრიულ ფორმებს (წრიულსა და კვადრატულ დარბაზებს) და პეიზაჟის უსასრულობას, ზაფხულის კლიმატურ მოტივსა და ყოველდღიურობის ხმებს. ცარიელი ზედაპირის მიღმა ნელ-ნელა იბადება გამოსახულება განსხვავებულ განზომილებებსა და შეგრძნებებში, ნოსტალგიებსა და ალუზიებში. მისი სტრუქტურა სივრცის, სინათლის, ფერის, ხმისა და დროის კავშირებით იგება. ნამუშევარი თვითონ ატარებს მისი შექმნის ისტორიას, ჰყვება საკუთარი თავის შესახებ, გადმოსცემს მსუბუქი მელანქოლიის დრამატურგიას. რაც გამოუთქმელია და ვერასდროს გადაიქცევა მყარ ფორმად, – იბადება მხოლოდ წამიერ შეგრძნებებში, ახალგაზრდის ურთიერთობაში სამყაროსთან, მასთან ერთიანობის თავისთავად განცდაში;
კოკა რამიშვილის შემოქმედება მრავალ თემას ეხება, თუმცა, მთლიანობაში შინაგანი ლანდშაფტის იდეის გააზრებას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს როგორც მედიტაციურ, განყენებულ ვიზუალიზაციას, ისე კონკრეტულსა და დოკუმენტურ მასალას.
დღეს, 5 ივნისს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შარაბიძეების დასახლებაში შსს-მ რამდენიმე პირი დააკავა.
თვითმხილველის ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც [10:30] მიმდინარეობს: „კორპუსთან ძალოვნები დღეს დილით 7 საათისთვის გამოჩნდნენ. კორპუსის ეზოში ოცამდე ეკიპაჟი მივიდა. იყო ათამდე ნიღბიანიც.“
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, სადაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი ბოლო ვიზიტით იმყოფებოდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე, გაეროში მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება. ირანმაც, ჩინეთის მსგავსად, რომელიც საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორია, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
„აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან [სამხრეთ ოსეთი], საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროში რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა.
რეზოლუციის კენჭისყრა 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
რეზოლუცია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერაა ინიციირებული. წელს რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი (შარშან მხარს 100 სახელმწიფო უჭერდა), რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რეზოლუციას პირველად ისტორიაში დაუჭირა მხარი საქართველოს მეზობელმა სახელმწიფო სომხეთმა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 9 სახელმწიფომ, ხოლო 52-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, მათ შორის იყო ირანიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 513 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
ტანკი – 7 806 ერთეული [+12]
ჯავშანტექნიკა – 15 036 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 13 385 ერთეული [+40]
MLRS – 1 092 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 830 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 805 ერთეული [+39]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 270 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 18 297 ერთეული [+69]
სპეცტექნიკა – 2 223 ერთეული [+12]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
610 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
25 177 უპილოტო საფრენი აპარატი
527 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 264 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 330 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
10 124 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
22 286 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა 34 წლის ქართველი მეზღვაური გიორგი წილოსანი. აფეთქება, რომელიც მეზღვაურის სიკვდილის მიზეზი გახდა, ნავთობტანკერ „ELIAK“-ზე იმ დროს მოხდა, როცა გიორგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა.
გიორგი წილოსანის ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართავს და დახმარებას სთხოვს.
კერძოდ, ოჯახი ითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
30 დღეა ოჯახი სახელმწიფო უწყებებს წერილებს უგზავნის, თუმცა ვერც სამინისტროსგან და ვერც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან პასუხი ვერ მიიღეს.
როგორ დაიღუპა მეზღვაური
ქართველი მეზღვაური გიორგი წილოსანი პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ ELIAK-ზე 2023 წლის 6 ნოემბერს ავიდა. გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა, ასევე ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან ქართველი მეზღვაურებიც.
ტრაგიკული შემთხვევა 2024 წლის 25 აპრილს მოხდა ჩინეთში, დალიანის პორტში. ნავთობტანკერი ELIAK ჩინურ პორტში შესაკეთებლად იყო შესული. გემზე მუშაობდნენ ჩინური გემთშემკეთებელი კომპანიის თანამშრომლები და ქართველი მეზღვაურები. აფეთქების შედეგად მეზღვაურს ცეცხლი მოედო, იმ დროს, როცა ის მარტო ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, ინერციით წავიდა გემბანის კუთხისკენ. სავარაუდოდ გადავარდა, დაცემისას თავი დაარტყა და შემდეგ წყალში ჩავარდა.
გიორგი წილოსანის გადარჩენა ვერ შეძლეს.
გიორგი წილოსანის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები, რომელიც გემზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო ვიდეო კამერამ გადაიღო, ნახა მისმა ძმამ, აკაკი წილოსანმა.
აკაკი წილოსანი ჩინეთში ჩავიდა და სცადა გაერკვია, რატომ დაიღუპა ქართველი მეზღვაური.
„25 აპრილს 9:45 საათზე მოხდა აფეთქება. 10:07 საათზე სასწრაფო დახმარებამ გიორგის სიკვდილი დაადასტურა.
ჩავედი ჩინეთში. ვიყავი იმ გემზე ასული, სადაც ჩემი ძმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას შეეწირა. მაჩვენეს ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს ყველაფერი და რომელიც არის მტკიცებულება გამოძიებისთვის.
ვიდეო კადრებში ჩანს 25 აპრილის დილას ELIAK-ის გემბანზე მიმდინარე სამუშაოები. კერძოდ, ერთი მუშა ელექტრო შედუღების სამუშაოს ასრულებს, დაახლოებით ერთ მეტრში იწყებენ ჰიდრავლიკური ხელსაწყოს დატესტვას. ხელსაწყოსთან არის ერთი მუშა და ერთი მეზღვაური. ეს მეზღვაური არის ჩემი ძმა. მუშა პროცესში მაღალი წნევით გაჟონა ჰიდრავლიკურმა ზეთმა, რამაც გამოიწვია აფეთქება.
კადრი აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე – ელექტროშედუღების პარალელურად (1) იწყება ჰიდრავლიკური ხელსაწყოს დატესტვა (2). გარდაცვლილი მეზღვაურის ძმა ამბობს, რომ ეს არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და აუცილებელია ამ საქმის გამოძიება.
ორმა მუშამ მიიღო დამწვრობა. კადრში ჩანს, რომ ჩემი ძმა, რომელსაც ცეცხლი მოეკიდა გარბის და ცდილობს ეს ცეცხლი ჩააქროს. როგორც მოგვიანებით მომიყვნენ, ცეცხლმოკიდებული გიორგი გემბანიდან გადავარდა, ვარდნისას ჯერ თავი დაარტყა და შემდეგ ჩავარდა წყალში. ჩინეთში ჩაუტარდა ექსპერტიზა. მაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ გიორგის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია – წყალში დახრჩობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დაღუპული მეზღვაურის ძმა აკაკი წილოსანი.
დაღუპული მეზღვაურის ოჯახი გამოძიებას ითხოვს
აკაკი წილოსანი ამბობს, რომ ჩინეთში ყოფნისას შეხვდა, როგორც ELIAK-ის გემის ქართველ კაპიტანს, ისე ჩინეთის საგამოძიებო სამსახურებს და საქართველოს კონსულს ჩინეთში. ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ითხოვს მეზღვაურის საქმის საფუძვლიან გამოძიებას, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.
აკაკი წილოსანის თქმით, სახელმწიფო, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო მას ეხმარება ძმის საქართველოში გადმოსვენებაში, მაგრამ არ ეხმარება სამართლის პოვნაში. ბოლო ინფორმაციით გიორგი წილოსანი საქართველოში ჩინეთიდან 15 ივნისს უნდა ჩამოასვენონ. თუმცა ოჯახისთვის მეორე მნიშვნელოვანი თემაც არსებობს – მოხდეს ინცინდენტის დროული და ობიექტური გამოძიება. დადგინდნენ პასუხისმგებელი პირები.
„ჩემს ძმას ბოლოს და ბოლოს ჩემითაც გადმოვასვენებ. მაგრამ არის რაღაც, რაც უშუალოდ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და რასაც მე, ერთი მოქალაქე ვერ ვაკეთებ.
პირველ მაისს ჩავედი ჩინეთში და შევხვდი იქაური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. მოვითხოვე მომხდარი ფაქტის გამოძიება. პოლიციამ მითხრა, რომ არ ჰქონდათ უფლება დაეწყოთ გამოძიება, რადგან ნავთობტანკერი ELIAK ცურავდა პალაუს დროშის ქვეშ. საქართველოს მოქალაქე მეზღვაურს ცეცხლი წაეკიდა ამ გემზე, ხოლო მისი სიკვდილი (წყალში ჩავარდნის შემდეგ) დაფიქსირდა ჩინეთის ტერიტორიაზე.
პოლიციამ მითხრა: „მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია გამოძიების დაწყება, თუკი შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვმართავსო“. მაშინვე დავაწერინე დედაჩემს წერილი და გავაგზავნინე საგარეო საქმეთა სამინისტროში.
6 მაისს შევიდა სამინისტროში დედაჩემის, თამარ პატარაიას წერილი ილია დარჩიაშვილის სახელზე. ერთადერთ რამეს ვთხოვდით სახელმწიფოს – მიემართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
არ გვიპასუხეს.
მეორე წერილი გავუგზავნეთ იგივე მოთხოვნით 14 მაისს, არც ამაზე გვიპასუხეს, მესამე წერილი გავუგზავნეთ 21 მაისს, არც ამაზე გვიპასუხეს.
წერილების გარდა მქონდა სატელეფონო ზარებიც. საგარეოში ვრეკავდი, ვთხოვდი მიემართათ ჩინეთისთვის გამოძიების დაწყებაზე, მეუბნებოდნენ საზღვაო ადმინისტრაციამ უნდა მიმართოსო. საზღვაო ადმინისტრაცია ამბობდა საგარეომ უნდა მიმართოსო. ერთიმეორეში ამბის გარკვევაში დრო დაკარგეს – არცერთმა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. არადა კანონმდებლობით მარტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია მიმართოს სხვა სახელმწიფოს მსგავსი მოთხოვნით.
საგარეოდან ჩვენთან საკონტაქტო პირად გამოყვეს ნიკოლოზ გოგიტიძე, რომელიც ახლა ჩემს სატელეფონო ზარებსაც კი აღარ პასუხობს,“ – ამბობს აკაკი წილოსანი.
„ჩემი ძმა უსაფრთხოების წესების დარღვევას შეეწირა“
ჩინეთში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ძმა ამბობს, რომ გიორგი წილოსანი უსაფრთხოების წესების დარღვევას შეეწირა. ამის მტკიცებულება არის ვიდეო, რომელიც მან ჩინეთიდან ჩამოიტანა და რომელზეც სრულად ჩანს პროცესი – რა ხდებოდა გემზე აფეთქებამდე და რა მოხდა შემდეგ.
ამ ვიდეოზე დაყრდნობით, დაღუპული მეზღვაურის ძმა ითხოვს დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მოვალეობაც იყო გემზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ვინც არ დაიცვა ის.
„ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ერთი მუშა ელექტრო შედუღების სამუშაოს ასრულებს, იქვე, დაახლოებით ერთ მეტრში კი იწყებენ ჰიდრავლიკური ხელსაწყოს დატესტვას. მერე ხდება აფეთქება.
აფეთქება ნავთობტანკერ ELIAK-ზე
ჩემი მთავარი კითხვაა – ვინ გასცა ბრძანება, ერთდროულად გაეკეთებინათ გემზე ისეთი ორი საქმე, რომელიც ურთიერთსაპირისპიროა უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე?
ვისი მოვალეობა იყო რისკის შეფასება და რატომ არ შეაფასა?
ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების წესების არ დაცვაზე და შესაბამისად, ვისი ბრალია ეს აფეთქება?
34 წლის ადამიანი მიწაში უნდა ჩავდო საკუთარი ხელებით და უბედურ შემთხვევად უნდა ჩაწერონ ეს ამბავი? ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ეს იყო უსაფრთხოების წესების დარღვევა და ეს საქმე უნდა გამოიძიონ,“ – ამბობს აკაკი წილოსანი.
რას აკეთებს სახელმწიფო
„ბათუმელებმა“ კითხვებით მიმართა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხების მიღება ვერ შევძელით. სამინისტროდან მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ უწყება აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე.
თუკი საგარეო საქმეთა სამინისტრო “ბათუმელების” კითხვებს უპასუხებს, ის სტატიაში აისახება.
რაც შეეხება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, “ბათუმელებმა ” სააგენტოს ჰკითხა, რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფო უწყებამ იმისათვის, რომ ჩინეთში ქართველი მეზღვაურის, გიორგი წილოსანის ტრაგიკული დაღუპვის საქმის გამოძიება დაწყებულიყო.
„2024 წლის 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით აცნობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ქართველი მეზღვაურის (გ.წ.) გარდაცვალების შესახებ, რის შემდეგაც სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბისი ღონისძიებების განხორციელება.
შემთხვევა მოხდა 25 აპრილს, ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში. ქართველი მეზღვაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ჩინეთში ჩატარებული გამოძიების შედეგად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიციამ შემთხვევა დააკვალიფიცირა როგორც უბედური შემთხვევა.
სააგენტოს მიმართვის საფუძველზე გემზე მომხდარ შემთხვევას შეისწავლის დროშის სახელმწიფოს, პალაუს რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურებიც. ასევე, ინფორმირებულია ITF და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესს.
პირველივე დღიდან ხორციელდება ყველა საჭირო მოქმედება და მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც ოჯახთან, ისე ჩართულ მხარეებთან, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსული ჩინეთში ყოველდღიურად გვაწვდის განახლებულ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებებსა და გადმოსვენების პროცესებთან დაკავშირებით,“ – მოგვწერა სააგენტომ ჩვენი კითხვების პასუხად.
„ბათუმელებმა“ ვერ შეძლო ნავთობტანკერ ELIAK-ის კაპიტნის პოზიციის მოსმენა, რადგან მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. სურვილის შემთხვევაში გამოცემა მზადაა მოუსმინოს ნავთობტანკერის კაპიტანს და სტატიაში ასახოს მისი პოზიცია.
„ბათუმელები“ თვალს მიადევნებს, სახელმწიფო უწყებები როგორ შეუწყობენ ხელს ქართველი მეზღვაურის, გიორგი წილოსანის ტრაგიკული დაღუპვის ფაქტის გამოძიებას.
ჯული ფიჩხაია დევნილია აფხაზეთიდან, თუმცა ახლა ემიგრანტია გერმანიაში და საქართველოში დარჩენილ ოჯახს ასე არჩენს. ფინანსურად ეხმარება ნათესავებსაც.
„ბათუმელებთან“ ჯული ფიჩხაია იმ საფრთხეებზე დარდობს, რაც შესაძლოა მოჰყვეს რუსული კანონის მიღებას საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი სანქციებს აამოქმედებს, შესაძლოა საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებიც შეიზღუდოს.
ემიგრაციიდან საქართველოში მილიონობით ფულადი გზავნილები შემოდის წელიწადში და ამ გზავნილების შეჩერება არა მარტო კონკრეტულ ოჯახებს დააყენებს რისკის წინაშე, მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკასაც.
„ეს საფრთხეები ყველა ემიგრანტს გააზრებული გვაქვს და ძალიან ვნერვიულობთ.
გარდა იმისა, რომ ვდარდობთ ქვეყნის დასანქცირების საფრთხეზე, ვდარდობთ ჩვენს ოჯახებზეც, რადგან თუ სანქციები ამოქმედდება, შესაძლოა აიკრძალოს ფულადი გზავნილები ც და ეს მეორე უბედურებაა ჩვენთვის, რადგან ოჯახებს ფულს ვეღარ გამოვუგზავნით.
ძალიან ბევრს ნერვიულობს ჩემი სამეგობრო, ოჯახი – არ ვიცით რა იქნება ხვალ.
ჩვენ უკან ოჯახებია, ბანკებია. მარტო საარსებო მინიმუმზე ხომ არ არის აქ საუბარი, ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. მათ შორის შვილების განათლება და ასე შემდეგ. ერთი ემიგრანტი შეიძლება 2-3 ოჯახს ინახავდეს საქართველოში და ცხადია ეს ყველაფერი შეიძლება დაკარგონ ამ ოჯახებმა“, – ამბობს ჯული ფიჩხაია.
ჯულის თქმით, მისი ოჯახის წევრებს გააზრებული აქვთ ის საფრთხეები, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეუქმნა ქვეყანას დღეს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ხალხს არჩევნებზე შეუძლია მიიღოს გონივრული და სწორი გადაწყვეტილება და ასე დაიბრუნოს ევროპული მომავალი.
„ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრებს ეს საფრთხეები გააზრებული აქვთ.
მე როგორც ერთი რიგითი ქართველი, უარს ვეუბნები რუსულ კანონს და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ მომავალს, რადგან ჩვენი ადგილი ევროპაშია, მარტო ვერანაირად ვერ ვიქნებით და ვერც რუსეთთან ვიქნებით.
მე ჩემი შვილების მომავალს ვხედავ ევროპულ საქართველოში. ამიტომ ისევ ჩემი ხალხის გონიერების იმედი მაქვს, რომ საარჩევნო უბანზე მისული სწორ არჩევანს გააკეთებს და რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ. ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი. ამის მჯერა, რადგან გამოსავალს ისევ ვხედავ ჩვენში, ყველა ქართველში.
მარტო სიმღერა, რომ „აფხაზეთი საქართველოა“ ეს არ წაიყვანს ქვეყანას წინ. იმედი მაქვს, აფხაზეთში დაბრუნებასაც შევძლებთ და ჩვენი შვილებიც იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში“, – ამბობს ჯული ფიჩხაია.
რუსული კანონის მიხედვით, უცხოურ ძალად გამოცხადდებიან ის ეთნიკური ქართველებიც, რომლებსაც უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. შესაბამისად, მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი ფულის მიმღები პირების, მათ შორის ამ ადამიანის ოჯახის წევრების დაბარების უფლებაც ექნება იუსტიციის სამინისტროს.
„ბევრს აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ეს ადამიანები ბევრად პატრიოტები არიან და უფრო მეტად შესტკივათ გული საქართველოზე, ვიდრე მანდ მყოფ ზოგიერთ ჩინოვნიკს.
ამიტომ, არც კი ვიცი, რა შეიძლება დავარქვა ამ ყველაფერს. ცხადია, ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ეს ყველაფერი მთელ ქვეყანას. არ მინდა 37 წელში დავბრუნდეთ და რეპრესიები გავიაროთ.
ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნების იმედი მაქვს. იმის, რომ ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს. მათ შორის ჩემი სანათესავოც და ქვეყანას შევცვლით უკეთესობისკენ.
ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ამ არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილების მიღება მარტო ამ კონკრეტული ადამიანებისთვის კი არ არის გადამწყვეტი, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
ვისაც დღეს ჯერ კიდევ არ აქვს არსებული მდგომარეობა გააზრებული, მათ მინდა მივმართო, რომ სხვისი შვილებისთვის კი არა, თქვენი შვილებისთვის გააკეთეთ სწორი არჩევანი, თქვენ შვილებს ხვალ რომ არ შერცხვეთ თქვენი – მშობლების და ოჯახის წევრების.
უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და მხოლოდ დღევანდელი დღით ნუ შემოიფარგლებით, რადგან დღეს შეიძლება ვიღაც კარგად გრძნობს თავს, მაგრამ როგორი იქნება მისი ცხოვრება და მათი შთამომავლობის, არავინ იცის.
ამიტომ გავიაზროთ ეს ყველაფერი.
ჩემი მეუღლე და შვილები ამჟამად თბილისში არიან, რადგან სტუდენტი შვილები მყავს და სწავლობენ. ჩხოროწყუში ცხოვრობს ჩემი ძმის ოჯახი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა ომში. ძმის და მაზლის ოჯახსაც ვეხმარები შეძლებისდაგვარად, ამიტომ არსებული საფრთხეები ყველას გვადარდებს და გვაფიქრებს“, – ამბობს ჯული ფიჩხაია.
მახინჯაურის საჯარო სკოლაში ვაჟა ბჟალავასა და ზაურ წულაძის ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს, რომელიც სკოლის დამხმარე შენობაზე იყო განთავსებული.
მოზაიკა შეტანილი იყო ქართული მოზაიკის კატალოგში. ასევე მოხსენიებულია საბჭოთა მოზაიკის მკვლევრის, ნინი ფალავანდიშვილის წიგნშიც (საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში).
მოზაიკის განადგურების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს ორგანიზაციას Ribirabo Foundation-ს, რომელიც ქართული მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს იკვლევენ.
„ბათუმელები“ ქართული მოზაიკის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის „რიბირაბოს“ წარმომადგენელს, ნატალია ამირეჯიბს ესაუბრა.
„მოზაიკის წარშლის შესახებ მაშინ გავიგეთ, როცა უკვე აღარ იყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა მოზაიკას, მაგრამ ეს მოზაიკა არის შეტანილი ჩვენს კატალოგში და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები.
მოზაიკის ავტორებიც ცნობილი მხატვრები იყვნენ.
ამაზე ჩვენი ფონდი დიდი ხანია ლაპარაკობს, რადგან მოზაიკა განიხილება მხოლოდ და მხოლოდ იმ შენობის კონტექსტში, რაზედაც არის ის განთავსებული. ამიტომ, კანონი, რომელიც დაიცავდა მოზაიკას, მსგავსი კანონი არ არსებობს“, – ამბობს ნატალია.
მახინჯაური სკოლაში ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს/ ფოტო: „რიბირაბო“.
სკოლის ადმინისტრაციას რამდენად გააზრებული ჰქონდა ამ მოზაიკის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლეს მისი დაცვა? – ვკითხეთ მას.
„მე არ ვიცი, რატომ ვერ შეძლეს დაცვა, მაგრამ ეს მოზაიკა 1979 წელს გაკეთდა და იმის მერე, მოზაიკა წარმოადგენდა სკოლის ღირსშესანიშნაობას და არაერთი თაობა გაიზარდა ამ მოზაიკასთან.
სკოლაში რეკონსტრუქცია რომ მიმდინარეობდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა.
სკოლების რემონტს, როგორც ვიცი, განათლების სამინისტრო კურირებს და სამშენებლო კომპანია გააკეთებდა იმას, რა დავალებაც სავარაუდოდ მიიღო.
რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ ყურადღება მიექციათ ამ მოზაიკისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ თავი არ შეიწუხეს“, – ამბობს ნატალია ამირეჯიბი.
რა მდგომარეობაში იყო მოზაიკა, როცა ეს თქვენმა ფონდმა აღწერა? – ვკითხეთ მას.
ნატალია ამბობს, რომ მოზაიკა არ იყო დაზიანებული და მას დაშლის საფრთხე არ ჰქონია.
„მოზაიკა იყო შესანიშნავ მდგომარეობაში, უმნიშვნელო დანაკარგი ჰქონდა კუთხეებში, თუმცა ამის რესტავრაცია მარტივად შეიძლებოდა. მთლიანობაში კი, კარგ მდგომარეობაში იყო მოზაიკა.
ითქვა, რომ თითქოს წყალი ჟონავდა კედელზე, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, მაინც შესაძლებელი იყო მოზაიკის სხვაგან გადატანა.
შეიძლებოდა მოზაიკის ჩამოხსნა, ასეთი პროექტები ჩვენ გაგვიკეთებია, ახლა დავამთავრე ერთი ასეთი პროექტი რუხში, სამეგრელოში. ამიტომ, ამ მოზაიკის ჩამოხსნა და გადატანაც იყო შესაძლებელი. შიდა ინტერიერში ან სხვა კედელზე გადატანა თავისუფლად შეიძლებოდა“, – ამბობს ნატალია ამირეჯიბი.
მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ ასეთ მონუმენტებს დღეს კანონი არ იცავს.
რატომ არ გადაიტანეს მოზაიკა სხვა კედელზე, ვინ მიიღო მისი განადგურებაზე გადაწყვეტილება? – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ სკოლის დირექტორს რუსუდან დავითაძეს. მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. „მოგვიანებით დაგიკავშირდებით“, მოგვწერა დირექტორმა.
ანალოგიური კითხვით მივმართეთ აჭარის განათლების სამინისტროსაც, რადგან სწორედ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია სკოლები და ის მუშაობს სკოლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე.
სამინისტროს წარმომადგენელი თეა ჭანტურიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. „ავარიული იყო შენობა და საფრთხის შემცველი. ამიტომ მოხდა დემონტაჟი“, – გვითხრა მან. თუმცა რ უპასუხა კითხვას – არსებობს თუ არა ამაზე დასკვნა და რატომ არ გადაიტანეს მოზაიკა სხვა კედელზე.
მახინჯაური სკოლაში ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს/ ფოტო: „რიბირაბო“.
ფონდი „რიბირაბო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა ქართული მონუმენტური ხელოვნების ნიმუშების განადგურების აშკარა ფაქტი. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მშენებლებმა, სკოლამ და სამინისტრომ არ გაითვალისწინეს მისი მნიშვნელობა და დაანგრიეს მოზაიკა.
„ფაქტია, რომ მათ არ მიმართეს რესტავრატორებს, თავად დაუსვეს „დიაგნოზი“ მოზაიკას და დაშალეს.
უპირველესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე მოზაიკური ნამუშევრების რესტავრაცია და კონსერვაცია და ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამედროვე სარესტავრაციო ტექნოლოგიით გათვალისწინებულ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი ქვეყნის მონუმენტური კულტურული მემკვიდრეობის გაქრობა.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოზაიკური ხელოვნების ნამუშევრები დე-იურე კვლავ განიხილება მხოლოდ იმ არქიტექტურული ნაგებობების კონტექსტში, რომლებზეც ისინი მდებარეობს, დე-ფაქტო მათ აქვთ დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულება.
მოზაიკური ნამუშევრები წარმოადგენენ ქართული ხელოვნების ცალკეულ, მასშტაბურ და ღირებულ შრეს. მათი განადგურება მიუღებელია“, – ამბობს „რიბირაბო“.
უმცროსი და ჯერ კიდევ აკვანში იწვა, უმცროსი ძმა სკოლის ასაკისაც არ იყო ჯერ, თავად კი მესამე კლასში სწავლობდა დედა რომ გარდაეცვალათ. ხუთ შვილს ზრდიდა მამა მარტო დედით და მამით ობოლ ბიძაშვილთან ერთად და ვერ წარმოედგინათ, კიდევ უფრო უარესი პერიოდი თუ შეიძლებოდა დასდგომოდათ.
ართმელაძეების შვიდწევრიანი ოჯახი ხულოს სოფელი ბეღლეთიდან, 1951 წლის 21 დეკემბერს, შუა აზიაში, ყაზახეთში გადაასახლეს. მათ გასახლებაში ორი წელი გაატარეს.
„ხშირად მახსენდება გადასახლების დღეც და მთელი ის პერიოდიც, ღმერთმა ის დღე არავის დაუწეროს”, მეუბნება 92 წლის დურაღ ართმელაძე და აგრძელებს: „მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა გადაგვასახლეს. სწავლა არც უკან დაბრუნების შემდეგ გამიგრძელებია.
საბჭო იყო დიოკნისში. 6 მანათს ვიღებდით მრავალშვილიანობისთვის და 12 თვის გვქონდა ასაღები. მამაჩემმა გამგზავნა საბჭოში ამბის გასაგებად და თურმე იქ იციან, რომ უნდა გაგვასახლონ. დაიმალნენ. დამაღამდა და ნათესავთან დავრჩი, შინ ვეღარ გამოვედი.
დილით ავდექი და სოფელში რომ გამოვედი ვნახე, რომ სალდათები ავსებულან. სახლში ავედი და დამიჭირეს. გამოგვასახლეს.
9-10 რუსი სალდათი იყო ჩვენს სახლში მოსული. მთელი სოფელი შეკრებილიყო. ვეცოდებოდით. ტიროდა ქალიც და კაციც.
რვა საათამდე გულს გვიდებდნენ. შემდეგ გვითხრეს – „გასახლებთ!“ დაიწყო ტირილი, კივილი, რას წაიღებ? მაგიდის წაღება არ შეიძლებოდა, ღუმელის წაღება არ შეიძლებოდა. გაჭირვება იყო, შვილო, ტომარასაც ვერ ნახავდი. ერთი დიდი, ჭრელი ხალიჩა გვქონდა. ის ამოვკერეთ და დაუფშვნელი სიმინდი ჩავყარეთ. ეს და 7 „მანათი“ ფული წავიღეთ, მეტი ვერაფერი.
ერთ საათში რისი ჩალაგება უნდა მოგესწრო? ყველა ვტიროდით, ობლები ვიყავით. დედა არა, წინდა – არა… ღმერთმა ისეთი დღე არავის არ დაუწეროს“.
დურაღი იხსენებს, რომ დიოკნისში ფეხით გაიყვანეს ის და მისი ოჯახის წევრები, ხალიჩაში ჩაყრილი სიმინდი კი მარხილით დაადევნეს მეზობლებმა.
„იქიდან მანქანაში შეგვაყარეს და ბათუმამდე ჩამოგვიყვანეს.
სულ ხუთი კვამლი გაგვასახლეს ბეღლეთიდან. მეზობელი სოფლებიდან ბევრნი იყვნენ. არავის უთქვამს ან სად გვასახლებდნენ და ან რამდენი ხნით გვასახლებდნენ.
ბათუმიდან მატარებლის ვაგონებში შეგვყარეს. 17 დღე ვიყავით გზაში.
ტუალეტი? [ვაგონში] ორი კარი გვქონდა მიდებული ერთმანეთზე და შუაში ვედრო დადებული. ეს იყო ჩვენი ტუალეტი.
24 საათის განმავლობაში 200 გრამ პურს და წვნიანს გვაძლევდნენ. არც ხის დივნები გვქონდა, არც ლოგინი და არც არაფერი. იატაკზე გვეძინა ყველას.
ფანჯრიდან ვუყურებდით – ვიღაც მომკვდარიყო გზაში და მიჰყავდათ. სად წაიყვანეს ღმერთმა იცის. არ დაატოვებინეს მკვდარი ვაგონში.
მიგვიყვანეს ყაზახეთის ერთ-ერთ რაიონში. უშიშროებაზე მოსკოვიდან დავალებული იყო, რომ ჩვენ, 7-სულიან ოჯახს ერთი ოთახი გვეკუთვნოდა. გამზადებული იყო ჩვენთვის ეს ერთი ოთახი. იქ შეგვასახლეს. ორი წელი იმ ერთ ოთახში ვიცხოვრეთ.
ყველა სოფელში იყო უშიშროების სახლი“, – იხსენებს დურაღი და კიდევ ერთხელ იმეორებს. – „ღმერთმა არავის დაუწეროს ეს დღე“.
დურაღ ართმელაძე. ფოტო/ბათუმელები
92 წლის კაცი გვიყვება, რომ გადასახლების დღეს, როცა სოფლებიდან თავს უყრიდნენ გასასახლებელ ოჯახებს, ერთი მანქანა ავარიაში მოჰყვა და კაცი შუახევიდან მძიმედ დაშავდა.
„თერმიზა დატოვეს და მისი ცოლი და შვილები ჩვენს ვაგონში შემოყარეს. ერთ სოფელში ვიყავით გადასახლებული. ზოგი ფულს აძლევდა, ზოგი პურს. ძალიან უჭირდათ.
ჩვენი ოჯახიდან ხუთი ადამიანი ვმუშაობდით კოლექტივში. რაღაც დროს იქ იმაზე მეტად აღარ გვიჭირდა, ვიდრე აქ, მაგრამ საქართველოში მტერი რომ მტერია ის მოგვენატრა.
1550 კილომეტრის სიშორიდან, ამას ყაზახები ამბობდნენ, კანაო მოდიოდა და იმას ვსვამდით. ჩემს ეზოში რომ წყალია მასზე ითქმება რაიმე?
ორი წლის შემდეგ დაგვაბრუნეს. ჩვენი უკან წამოსვლის დღეც მწარე იყო. ყველა ვერ წამოვიდა მაშინ და გვეუბნებოდნენ, თქვენ მიდიხართ და ჩვენ ვრჩებითო.
რუსულ ენაზე მოვიდა ცნობა მოსკოვიდან, რომ ჩვენ გათავისუფლებული ვიყავით.
ორი დღე მოგვცეს მოსამზადებლად. ორ დღეში მანქანა მოვა და რაც გაქვთ შეაყარეთო“, – გვიყვება დურაღი.
92 წლის კაცს ვკითხე, რომ ჩამოხვედით, ცხოვრება საიდან დაიწყეთ-მეთქი? გულდაწყვეტით მიპასუხა, მაგას ნუღარ მკითხავო.
უკან დაბრუნებულ ართმელაძეების ოჯახს ცხოვრების ნულიდან დაწყება მოუხდა.
„ძროხებს კოლექტივი დაჰპატრონებოდა. ერთი ძროხა არ დაგვიბრუნეს, მოვლაში დაგვიჭირეს.
ძროხას ვინ ჩივის, რომ ჩამოვედით.
ბათუმში რომ ჩამოვედით ერთმანეთს მაგრად გადავეხვიეთ და დავემშვიდობეთ: ზოგი ხიხაძირიდან იყვნენ, ზოგი ჭვანიდან, ღორჯომიდან, ხულოდან“, – მეუბნება დურაღი და იმეორებს. „ღმერთმა გადასახლების დღე არავის დაუწეროს. მწარე დღე იყო.
ერთი კაცი იყო, მევლუდი ერქვა. იქ მოკვდა. არავინ ჩვენიანი არ იყო.
სულ რომ გლახა იყოს შვილო, შენი სოფელი სამოთხესავით მოგენატრება. ბეღლეთი რა მოსანატრია? მაგრამ აუცილებლად მოგენატრება შენი სოფელი, მეზობლები, ხალხი“.
დურაღი იხსენებს, რომ სოფელში დაბრუნების პირველ დღეს, ფეხით მიმავალი სკოლიდან დაინახეს – „მიყვიროდნენ – შემოდი, შემოდიო. შეიყარნენ მასწავლებელი, მოსწავლეები. ოთხი საათი დავრჩი იქ“.
მიუხედავად იმის, რომ დურაღს მხოლოდ 7 კლასის განათლება აქვს, მას ბეღლეთსა თუ მეზობელ სოფლებში ყველა წიგნის მოყვარულ კაცად იცნობს. მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მისულსაც წიგნის კითხვის პროცესში დამხვდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 512 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290]
ტანკი – 7 794 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 15 020 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 13 345 ერთეული [+65]
MLRS – 1 092 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 827 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 766 ერთეული [+27]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 268 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 18 228 ერთეული [+69]
სპეცტექნიკა – 2 211 ერთეული [+12]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
610 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
25 122 უპილოტო საფრენი აპარატი
527 საზენიტო სარაკეტო სისტემა
16 247 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 328 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
10 074 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
22 263 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პროკურატურას დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც ბათუმში ანტირუსულ აქციებში ჩართულ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებიან.
„ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბათუმში, 2024 წლის 31 მაისიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ზარები ხორციელდება როგორც უცხო სახელმწიფოში, ისე საქართველოში რეგისტრირებული ნომრებიდან.
ზარის განმახორციელებლები იყენებენ სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას, ადრესატებს ემუქრებიან ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობით, მიმართავენ შემდეგი სიტყვებით: „აგაორთქლებთ“, „გაგაქრობთ“…
აქტივისტებთან, მათი ოჯახის ორსულ და არასრულწლოვან წევრებთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან განხორციელებული ზარების სისტემურობა, დავიწროებულ ადრესატთა წრე და სიხშირე აჩენს ვარაუდს, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.
ზარების გარდა, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლის კედლებზე შეურაცხმყოფელი და ირიბი მუქარის შემცველი წარწერები და უცენზურო ნახატები გაკეთდა, რაც მოქალაქეებს უჩენs საფრთხის და დაუცველობის განცდას.
პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ Facebook პოსტში პრაქტიკულად აღიარა, რომ ბათუმში განხორციელებული უკანონო ქმედებები მმართველი გუნდის ორგანიზებულია. მანვე გააზიარა ამის ვიდეომტკიცებულება, ჩანს, როგორ ტოვებენ წარწერებს ოფისებთან და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, აქტივისტების საცხოვრებელ სახლებთან წარწერებს, ჩანაწერებში ისმის მუქარა, შეურაცმხყოფელი ლექსიკა – ეს „ქართული ოცნების“ ე.წ. ტიტუშკების ხელწერა, უკანონობის დამკვეთი კი მმართველი პარტიაა.
მიგვაჩნია, რომ განხორციელებული სატელეფონო ზარები და საცხოვრებელ სახლებთან გაკეთებული ვანდალიზმისა და მუქარის შინაარსის მქონე წარწერები ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის კვალიფიკაციის საფუძველს.
კერძოდ, აშკარაა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა; ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის გამო ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ასევე, აშკარაა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტები.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს/აჭარის პროკურატურას:
სათანადო კვალიფიკაციით დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც შესაძლებელია არაერთი მტკიცებულებით დადასტურდეს;
საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.“
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“
„მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“
„დემოკრატიის ინსტიტუტი“
„ჩვენი თაობა“
„საორსა“
„შშმ ქალთა ალიანსი“
„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“
„სოლიდარობის თემი“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალი
„მწვანე სექტორი“
„ფლორა და ფაუნა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
„ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“
„ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“
„როცა მოსამართლე ვერ იცავს თავს და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, ეს ძალიან ცუდი მაგალითია. ძალიან საშიში, რადგან უბრალო მოქალაქეები ვერ მიაღწევენ სამართალს და სამართლიანობაც ვერასდროს დამკვიდრდება იმ სტანდარტით, რასაც ევროკონვენცია ითვალისწინებს,“ – გვიყვება ყოფილი მოსამართლე ზურაბ გაბაიძე.
ამ მოსამართლემ დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო, დადგინდა, რომ მისი უფლებები საქართველოში დაირღვა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლის საქმეზე არ ასრულებს.
ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს, შენიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება კიდევ უფრო მკაფიო გახდა: ევროინტეგრაციის ხელშეწყობის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ევროსასამართლოს აიგნორებს და მოსამართლეების საქმეებზეც კი, არ ასრულებს გადაწყვეტილებებს.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება კანონით სავალდებულოა.
„მთავრობა თავს იწონებს, რომ აი, შემცირდა საქმეთა რაოდენობა საქართველოს წინააღმდეგ. ეს გამოწვეულია არა იმით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ხარისხობრივად გაუმჯობესდა, არამედ სამწუხაროდ იმით, რომ ადამიანებს აღარ აქვთ ევროსასამართლოს მიმართ ის დამოკიდებულება, რაც ადრე ჰქონდათ – ხედავენ, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებებს არ ასრულებს,“ – აღნიშნავს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გარდა, საქართველოში მომუშავე მოსამართლეები ვალდებული არიან, ევროსასამართლოს დადგენილი პრაქტიკა გაითვალისწინონ. მოსამართლეები მიუთითებენ კიდეც სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, თუმცა უფლებადამცველების შეფასებით, მხოლოდ შაბლონურად.
ყოფილი მოსამართლე: მე ხელახლა მივმართე სტრასბურგის სასამართლოს
მარინა გლოველმა, ყოფილმა მოსამართლემ საქართველოს წინააღმდეგ დავა 2022 წელს მოიგო. ის 2005 წლამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, 2017 წელს, მოსამართლეების კონკურსში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. ყოფილ მოსამართლეს უთხრეს, რომ კვალიფიკაციის ზღვარი ვერ გადალახა.
ევროსასამართლომ გლოველის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. რა მოხდა შემდეგ?
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აქ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღეს. მომწერეს, რომ ეს იუსტიციის საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილება იყო, მაგრამ დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თვითნებობას.
თავს ვიკავებდი, ვიფიქრე, ისევ რომ შევიტანო საჩივარი, ხელი არ შევუშალო კანდიდატის სტატუსს, მაგრამ რასაც ვუყურებდი, ამათ სხვა მოქმედებებს, ჩავთვალე, რომ აზრი არ ჰქონდა: 2023 წელს ხელახლა მივმართე ევროსასამართლოს, ჯერ არ მიმიღია გამოხმაურება,“ – გვიყვება მარინა გლოველი, ყოფილი მოსამართლე და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
როდესაც მოსამართლის საქმეზე არ ხდება აღსრულება, წარმოიდგინეთ რიგითი მოქალაქის გადაწყვეტილებაზე რა აღსრულებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ?“ – კითხულობს ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც ევროსასამართლოში ყოფილი მოსამართლის ინტერესებს იცავდა.
„ევროსასამართლომ ამ საქმეზე თქვა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა არ არის ევროკონვენციის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი. მიუხედავად ამისა, ამ ქალბატონის კანდიდატურა მოსამართლის თანამდებობაზე არ იქნა განხილული და გადაწყვეტილი,“ – დასძინა ლია მუხაშავრიამ.
„ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6(1) მუხლის დარღვევას,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს მუხლი გულისხმობს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას.
ევროსასამართლოში წასვლამდე კი, მარინა გლოველს საჩივარი საკვალიფიკაციო პალატაში შეუტანია. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო და დისკრიმინაციული იყო. საქმეს თარ ერთოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის სატელევიზიო კომენტარი, საბჭოს წევრებს „პროტეჟე“ კანდიდატები ჰყავთ და თვითნებურად დაწიეს მოსამართლეობის სხვა კანდიდატების შეფასების ქულებიო.
მარინა გლოველი
რატომ აღმოჩნდა მარინა გლოველი სასამართლო სისტემისთვის მიუღებელი? – სასამართლო კლანზეც გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას ყოფილი მოსამართლე.
„თავის დროზე რეზერვში რომ ჩამრიცხეს, ვალერი ცერცვაძე შემხდა და მითხრა, თქვენ რჩებით, ვიცით, რომ ყველაზე მეტ საქმეს განიხილავთ, კვალიფიციური ხართ და ობიექტურიო. მერე მეუბნება, დავალებებზე რას ფიქრობთ ისეო. ვუთხარი: ჩემზე ამბობენ, პრეზიდენტმაც რომ დარეკოს, ან გაეროდან რომ დაურეკონ, უკანონოდ გადაწყვეტილებას არ მიიღებსო. ასეა-მეთქი. კარგად ბრძანდებოდეთო. მეტი არაფერი უთქვამს, თუმცა მივხვდი, რომ აღარ მნიშნავდნენ. კმაყოფილი ვარ, რომ არ დამტოვეს, თუ დავალებები უნდა შემესრულებინა.
სააკაშვილმა დაანგრია სასამართლო, მაგრამ ამათ არაფერი შეცვალეს. იგივე ხალხი დატოვეს. კობახიძე გვეუბნება, ცუდები იყვნენ, ახლა კარგები გახდნენო. რა თქმა უნდა, გაძლიერდნენ და გამყარდნენ. ივანიშვილმაც ხომ ნახეთ რამხელა მხარდაჭერა გამოუცხადა სასამართლოს, ვეტინგი არაა სწორი, კარგი სასამართლო გვაქვსო. სააკაშვილი ამას მაინც არ ამბობდა, კარგი მოსამართლეები გვყავსო,“ – გვითხრა მარინა გლოველმა.
რა პოზიცია ჰქონდა უზენაეს სასამართლოს მარინა გლოველის საქმეზე?
„უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში შემდეგი ძირითადი მიზეზები მოიყვანა: „…მოსამართლეობის კანდიდატმა ვერ შეძლო, რომ [შეფასების] კომპეტენციის კომპონენტში მიეღო მინიმალური გამსვლელი ქულა, რის შედეგადაც მისი კანდიდატურა არ დადგა კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. შესაბამისად, [სასამართლოების შესახებ კანონის] 35(12)-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა არ იყო დაკმაყოფილებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის ორგანოს არ განუხილავს დანიშვნის შესახებ განცხადება და შესაბამისად, არ გამოუცია გადაწყვეტილება მომჩივნის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას [საკვალიფიკაციო პალატაში]… [ამ] მიზეზების გამო, საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს მიუღებლად მიიჩნევს,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
„სასამართლო [ევროსასამართლო] ვერ მიიღებს მთავრობის არგუმენტს, რომ მომჩივანი არ აკმაყოფილებდა სასამართლო კონკურსში მონაწილეობის „კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს“.
მისი განაცხადი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ შეარჩია სასამართლო კონკურსში მონაწილეობისთვის და ის ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი სასამართლოების შესახებ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
მომჩივანმა ასევე გაიარა წარსულის შემოწმება და გასაუბრება.
…თუმცა მოსამართლეთა დანიშვნა წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობდა მოთხოვნას, რომ საჯარო ხელისუფლების ორგანოების ყველა გადაწყვეტილება [მოქმედება], რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებს, გასაჩივრებული და განხილული ყოფილიყო სასამართლოში,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ყოფილ მოსამართლეს საჩივარში ჩაუწერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის შესახებ: „კანდიდატების შერჩევასა და გარიცხვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული, სასამართლო გასაჩივრების შესაძლებლობით“.
„უნდა გაუქმებულიყო ის გადაწყვეტილება, რომლითაც მე დამიწუნეს. ეს იქნებოდა სამართლიანი,“ – გვიყვება მარინა გლოველი. – „წესით 4 თვეში უნდა გამესაჩივრებინა პალატის გადაწყვეტილება და მე დავაგვიანე, რადგან არ მქონდა გადაწყვეტილი, მიმემართა ხელახლა თუ არა სტრასბურგის სასამართლოსთვის. თუ ეს არ ჩამითვალეს ხარვეზად, ვფიქრობ, ისევ მოვიგებ,“ – აღნიშნა მარინა გლოველმა „ბათუმელებთან“.
რა მასშტაბის საფრთხესთან გვაქვს საქმე, როცა ხელისუფლება მოსამართლის საქმესთან დაკავშირებითაც არ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს და რუსულ კანონს იღებს? – ვეკითხებით ყოფილ მოსამართლეს.
„როცა კონსტიტუციაში გიწერია, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციისთვის, არ უნდა იმოქმედო ისე, რომ ამას ხელი შეეშალოს.
„ამას წინათ, ჩემი დის შვილიშვილმა მკითხა, რას ვფიქრობდი ამ კანონზე. ბავშვია და ასე ავუხსენით: მე რომ გითხრა, გესტუმრო უნდა, მაგრამ ისე შემოვალ შენს სახლში, მივანგრევ და მოვანგრევ იქაურობას, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, შემომიშვებ-მეთქი?
ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მიგვიღონ ევროკავშირის წევრად. გვითხრეს, რა არის საჭირო და ჩვენ ვეუბნებით, არა ბატონო, მე მაინც ის უნდა გავაკეთო.
ჩემი გადასახედიდან ასე ვუყურებ: მნიშვნელობა არა აქვს, რა წერია მაგ კანონში. გეუბნებიან, რომ არ მიიღო ეს კანონი, თუ გინდა გაწევრიანება ევროკავშირში. რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღო.
როცა კონსტიტუციაში გიწერია, რომ ჩვენმა ხელისუფლების ორგანოებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ კავშირში, არ უნდა იმოქმედო ისე, რომ ამას ხელი შეეშალოს. ჩემი პოზიცია ეს არის,“ – გვითხრა მარინა გლოველმა და დასძინა, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, ქართველი ხალხის ისეთ სულიერ შემართებას ვხედავ და ევროკავშირის ქვეყნების განწყობას საქართველოს მიმართო.
კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე: „მოქმედი ხელისუფლება აიგნორებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს
არც ბათუმელ მოსამართლეს გაუმართლა – ზურაბ გაბაიძემაც მოიგო ევროსასამართლოში საქმე, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში უთხრა, რომ სისტემაში მისი ადგილი არ არის.
„საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა ზერელედ განიხილეს ჩემი საქმე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღეს,“ – კატეგორიულია ყოფილი მოსამართლე. ის ხულოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო და 2005 წელს გაათავისუფლეს.
მრავალწლიანი დავა 2017 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ყოფილი მოსამართლის სასარგებლოდ დასრულდა.ზურაბ გაბაიძე ახლა ბათუმში ადვოკატად მუშაობს.
„ჩემი აღდგენა იქნებოდა სამართლიანი, რადგან სახელმწიფოს აქვს რესურსი, როცა არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს [სამართლიანი სასამართლოს უფლება], ვალდებულია დამდგარი ზიანი აანაზღაუროს. სამართლიანი იქნებოდა პრეზიდენტის ბრძანებულების [2005 წელს მოსამართლის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებდა] გაუქმება და ჩემი სამსახურში აღდგენა.
ბოლოს მივწერე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, რომ აღარ ვითხოვ მოსამართლედ აღდგენას, რადგან საპენსიო ასაკს მივაღწიე, მარტო ვითხოვდი მიუღებელი ხელფასს, რომ მიმეღო, მაგრამ ამასაც ვერ მივაღწიე.
გასულ წელს მივწერე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომ არ აღასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. ამ დრომდე პასუხი არ მიმიღია,“ – გვითხრა ზურაბ გაბაიძემ.
ზურაბ გაბაიძე
ზურაბ გაბაიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მის მიერ ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ დაუწყიათ და იგი მსჯავრდებულის 14 დღით უკანონო პატიმრობაში დატოვებას ეხებოდა. გაბაიძის მიმართ წარსულში დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ იყო, მაშინდელმა მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს კოლეგიამ კი, მისი გადაცდომა შეაფასა, როგორც მიუღებელი და გადაწყვიტეს მოსამართლე გაეთავისუფლებინათ.
ზურაბ გაბაიძემ სტრასბურგის სასამართლოს მიწერა, რომ მისი საქმე არ განუხილავს მიუკერძოებელ სასამართლოს, რადგან ერთი და იგივე 3 მოსამართლე მონაწილეობდა, როგორც პირველ, ასევე სააპელაციო დისციპლინურ სამართალწარმოებაში.
საქართველოს მთავრობა ამ საქმეზე ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი [სამართლიანი სასამართლოს უფლება] არ ვრცელდებოდა ამ შემთხვევაზე.
„სასამართლო იმეორებს, რომ წამყვან და მსგავს საქმეში „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „სამოქალაქო“ ნაწილი ვრცელდება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის შესაბამისად წარმოებულ დისციპლინურ სამართალწარმოებაზე. შესაბამისად, არგუმენტი მიუღებლობის თაობაზე უარყოფილ უნდა იქნეს წინამდებარე საქმეში,“ – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.
„მოქმედი ხელისუფლება აიგნორებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩემს საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ყველა იმ დოკუმენტის ძალა, რის საფუძველზეც პრეზიდენტის ბრძანებულება იქნა გამოცემული. მივმართე სასამართლოს ზუსტად ამ მოთხოვნით, რომ ბათილად უნდა მიეჩნიათ ეს აქტი, რომლითაც მე გამათავისუფლეს და აღვედინე მოსამართლის პოზიციაზე…
როდესაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებით საქართველოს უმტკიცდება კონვენციის შესაბამისი პუნქტის დარღვევა, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გამოსწორდეს დარღვევა. მეორე და მესამე ასეთი შემთხვევა არ უნდა იყოს. დღემდე ჩემი და კიდევ 5 მოსამართლის საქმე საქართველოდან აღუსრულებელ საქმეთა სიაშია,“ – აღნიშნა ზურაბ გაბაიძემ „ბათუმელებთან“.
ლია მუხაშავრია: ევროსასამართლოში საქმის მოგებით არ უნდა სრულდებოდეს პროცესი
„მოსამართლეებმა მოიგეს საქმე და აქაურმა სასამართლომ უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კი, სტრასბურგის სასამართლომ აღიარა ფუნდამენტი უფლებების დარღვევა და მსხვერპლი ხართო, მაინც არ ვცნობთ ამას და როგორც მოსამართლეს, არ აღგადგენთო,“ – გვიყვება ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი და ადვოკატი, რომელიც ბოლო წლებია ლანჩხუთის სოფელ შუხუთიდან მუშაობს ევროსასამართლოს საქმეებზე.
„პირობებს შორის, ერთ-ერთი ქვეპუნქტი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ადეკვატური და ჯეროვანი აღსრულება. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ევროსასამართლოში საქმის მოგებით არ უნდა დამთავრდეს საქმე. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა გადაისინჯოს ქვეყნის შიგნით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის გამოც ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა. ადამიანს კომპენსაცია უნდა მიეცეს არამხოლოდ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც მან ქართულ სასამართლო სისტემაში წააგო თავის დროზე.
მაგალითად, ასანიძის საქმეზე ევროსასამართლომ დაადგინა არამხოლოდ ევროკონვენციის დარღვევა, არამედ გათავისუფლდა კიდეც ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უკანონო პატიმრობიდან. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება. მას აქეთ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ და მხოლოდ რეგრესი განიცადა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თვალსაზრისით.
„როინ შავაძის საქმეზეც“ დამნაშავე პირების იდენტიფიცირება არ მომხდარა სრულად, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ დანაშაულში. არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება. ჩვენი მიზანი და სურვილი ხომ ეს იყო, ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება,“ – ამბობს ლია მუხაშავრია.
ლია მუხაშავრია
უფლებადამცველის დაკვირვებით, მოსამართლეებიც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების დროს ზერელედ, შინაარსობრივი გააზრების გარეშე უთითებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს.
„თუკი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს ინდივიდის მიმართ არ ითვალისწინებენ, როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართველი მოსამართლეები ითვალისწინებენ ზოგადად პრაქტიკას? იმის გაცნობიერება, რომ, ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ან იტალიის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა მოქმედებდეს ჩვენ მართლმსაჯულებაზე, ეს შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ტრენინგი ჩაუტარდათ მოსამართლეებს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, მათი ციტირებები გადაწყვეტილებებში აბსოლუტურად აცდენილია ამ გადაწყვეტილებების არსს და მოთხოვნებს, სრულიად უადგილოდ არის ხოლმე მოხმობილი.
ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა დაგვავალა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ჯეროვანი აღსრულება. ძალიან ბევრ მოსამართლეს ჩვენდა სამწუხაროდ არსობრივად არ ესმის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და ევროპული სასამართლოს იურისდიქცია: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთება უნდა აისახოს ქართული სასამართლო სისტემის კონკრეტულ გადაწყვეტილებებში.
შესაბამისად, მოსამართლეების მხრიდან ევროსასამართლოს პრაქტიკის მითითებას ხშირად შაბლონური ხასიათი აქვს და ემსახურება იმის ჩვენებას, რომ მოსამართლე თითქოს კარგად ერკვევა ამ საკითხში. ვინც კარგად ვერ ერკვევა ამ საკითხში, რა თქმა უნდა, ვერ გადაამოწმებს ეს კონკრეტული პრეცედენტი, რასაც მოსამართლე უთითებს, რამდენად შეესაბამება გადაწყვეტილებას, სადაც ის არის მოხმობილი. აშშ-ში, მაგალითად, თუ არარელევანტური მაგალითი მოიყვანა ადვოკატმა, ეს ეთიკის სერიოზულ დარღვევად ითვლება, შეიძლება, სამსახურიც კი დაკარგო. ჩვენთან კი, მოსამართლეს არაფერი მოეკითხება,“ – უყვება ლია მუხაშავრია „ბათუმელებს“.
მოსამართლეები რომ ხშირად რელევანტურად არ ახსენებენ დასაბუთებაში სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, ეს კვლევითაც დასტურდება. „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ და „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ 2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში „საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი“ რამდენიმე შემთხვევაა განხილული, როცა მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უთითებს, მაგრამ შაბლონურად.
ერთ-ერთი ასეთი საქმე გახმაურებული „კარტოგრაფების საქმეა“. კვლევაში ვკითხულობთ:
„განჩინებაში მოხმობილია საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება და ასევე სტრასბურგის ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, თუმცა არარელევანტურად, ვინაიდან თავად განსახილველი განჩინების მთელი შინაარსი ეწინააღმდეგება სტრასბურგის მითითებულ გადაწყვეტილებას.
კერძოდ, განჩინებაში ციტირებულია 1990 წლის საქმე ფოქსი, კემპბელი და ჰარტლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [Fox, Campbell and Hartley v. UK}, რომელიც პრეცედენტული მნიშვნელობისაა და ამ საქმეში სტრასბურგის სასამართლოს მიერ პირველად განისაზღვრა „გონივრული ეჭვის“ კონცეფცია.
გონივრული ეჭვი გულისხმობს ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ პირს შესაძლოა, ჩაედინა სამართალდარღვევა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს „გონივრულად“, დამოკიდებულია ყველა შესაბამის გარემოებაზე.
ზემოხსენებულ საქმეში სასამართლომ დაადგინა დარღვევა. ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო უბრალოდ ციტირებს სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა საკუთარ მსჯელობაში არ უთითებს არც ერთ გარემოებას [გარდა ზოგადი დაშვებებისა და ვარაუდებისა], რაც დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების არსებობაში.
მართალია, გადაწყვეტილებაში მოცემულია საპროცესო კანონმდებლობის ნორმათა ციტირება, თუმცა ამ ნორმათა მხოლოდ ციტირება არ აქცევს გადაწყვეტილებას დასაბუთებულად,“ – აღნიშნულია კვლევაში.
ევროსასამართლოს პრაქტიკა მიუთითებია თავის გადაწყვეტილებაში, მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს, როცა მან 2024 წელს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. გელა მთივლიშვილი გამოსახლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ჟურნალისტმა მოასწრო ვიდეოგადაღება, რომლითაც დასტურდება, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და დააკავეს. ნეიტრალური და ვიდეომტკიცებულების მიუხედავად, მოსამართლემ ჟურნალისტი დააჯარიმა და დასაბუთებაში ევროსასამართლოს პრაქტიკა ახსენა:
„მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს ეყო თავხედობა, თავხედობა ჰქვია ამას, როცა თავის გადაწყვეტილებაში სრულიად გაუგებრად იხმობს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სრულიად დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება,“ – ამბობდა „ბათუმელებთან“ გელა მთივლიშვილი, როცა ვსაუბრობდით: როგორ აქტიურად ეხმარება სასამართლო „ქართულ ოცნებას“ პროტესტის ჩახშობაში.
განათლების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით 68 რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსს ატარებს. ხვალ, 4 ივნისს, კონკურსის მეორე ეტაპი, ანუ გასაუბრება ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობას იღებენ ამჟამინდელი ხელმძღვანელებიც.
აჭარაში ექვსი რესურსცენტრია. აქედან მხოლოდ ერთი – ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე აღარ აპირებს კონკურსში მონაწილეობას, სხვა დანარჩენი, კონკურსში მონაწილეობენ.
ედუარდ მიქელაძეს ვკითხეთ, თუ რატომ არ იღებს კონკურსში მონაწილეობას. მან „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა.
შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ედუარდ გოგრაჭაძეს, რომელიც ახლა მოვალეობის შემსრულებლად ითვლება, იმედი აქვს, რომ თანამდებობას მომავალშიც შეინარჩუნებს.
„არ ვიცი, ვინ არიან ჩემი კონკურენტები. თუმცა მე მაქვს ათწლიანი გამოცდილება რესურსცენტრში მუშაობის, 4-წლიანი სკოლის დირექტორად მუშაობის და ვფიქრობ, გავაგრძელებ ამ თანამდებობაზე მუშაობას“, – ამბობს გოგრაჭაძე.
კონკურსში მონაწილეობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძეც, რომელიც 29 მაისს, „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ რუსულ მარშში მონაწილეობდა და ახლაც იმეორებს, რომ მხარს უჭერს რუსულ კანონს.
„ეს უნდა ჰკითხოთ განათლების სამინისტროს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ასე უნდა იყოს. 2017 წელს, როცა რესურსცენტრის თანამშრომლები ყველა გახდა საჯარო მოხელე, რატომღაც უფროსები ვერ გავხდით საჯარო მოხელეები. რაღაცნაირად დავიჩაგრეთ ხომ?
ახლა კანონში შევიდა ცვლილება და, შესაბამისად, ახლა გავხდებით საჯარო მოხელეები.
რაც შეეხება ტესტირებას, მე თუ მკითხავთ, ტესტირება უფრო მარტივია, ვიდრე გასაუბრება. იმიტომ, რომ ტესტირების დროს სწორ პასუხებს ფაქტობრივად გკარნახობს პასუხების ვარიანტები. ხოლო ზეპირი გასაუბრების დროს, სრულად უნდა ჩამოაყალიბო და გასცე პასუხები“, – ამბობს გოჩა დავითაძე.
გაქვთ იმედი, რომ გაივლით გასაუბრებას? – ვკითხეთ მას. რაზეც გოჩა დავითაძე გვპასუხობს, რომ კი.
„მაქვს, რადგან მომზადებული ვარ და არაერთი კონკურსი მაქვს გავლილი“, – ამბობს ის.
თქვენ რუსულ მარშში მიიღეთ მონაწილეობა და ამბობდით, რომ მხარს უჭერდით რუსულ კანონს. საერთაშორისო შეფასებების მოსმენის შემდეგ, ხომ არ შეგიცვლიათ პოზიცია, თუ ისევ უჭერთ მხარს რუსულ კანონს. ეს ხომ არ არის ერთგვარი გარანტია იმის, რომ ისევ დაიკავებთ ამ თანამდებობას? – ვკითხეთ გოჩა დავითაძეს.
„ყველამ თავის საქმეზე უნდა აგოს პასუხი. მე ვიცი რესურსცენტრის საქმე რა არის. რუსული კანონი რას ნიშნავს არ ვიცი. ყველა ადამიანს აქვს თავისი შეხედულება, თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, მე სხვანაირად.
არ არის რუსული კანონი, ჩემი აზრით“, – გვეუბნება ის.
კონკურსში მონაწილეობს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძეც. რუსულ კანონთან დაკავშირებით კითხვები მასაც დავუსვით, თუმცა მან ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
„მოდით ამ საკითხზე სხვა დროს და სხვა ფორმატში ვისაუბროთ“, – გვითხრა მადონა გოგიტიძემ.
კონკურსში მონაწილეობას გეგმავდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი როლანდ შავაძეც. მას ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი, თუმცა კონკურსის მეორე ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გავიდეს გასაუბრებაზე.
ის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს, უნდობლობას უცხადებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის განცდა იმისა, რომ კონკურსები უსამართლოა, მაინც ვცდილობდი, რომ ამ პროცესებში მიმეღო მონაწილეობა და საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ მაინც აქვს აზრი მონაწილეობას. თუმცა, ამ ყველაფერში სამართლებრივი გზები მაინც უნდა გაზღვევდეს, რომ შედეგებით უკმაყოფილო კანდიდატს შეეძლოს სამართლებრივი ბრძოლა.
მე დავუკავშირდი საკონკურსო კომისიას და მოვითხოვე გასაუბრების აუდიო ვერსიის გაკეთების უფლება, რაზეც უარი მივიღე.
შესაბამისად, მიხვიდე კომისიის წინ, უპასუხო კითხვებს, მაშინ როცა შედეგი წინასწარ უკვე ყველამ ვიცით, უაზრობაა.
ამ თანამდებობაზე ინიშნებიან ეს ადამიანები და არ არის რეალური კონკურსი. ასეთ კონკურსში ჩემი მონაწილეობით მეტ ლეგიტიმაციას მივცემდი ამ პროცესს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ლეგიტიმაცია არ მივცე ამ სიყალბეს“, – ამბობს როლანდ შავაძე „ბათუმელებთან“.
მას ასევე ვკითხეთ, რატომ გაამარტივა ასე ძალიან კონკურსში მონაწილეობა სამინისტრომ, მაშინ როცა სკოლის დირექტორები, ასევე მასწავლებლები, რამდენიმე საფეხურს გადიან თანამდებობაზე შესარჩევად და პირდაპირ უკავშირდება თუ არა ეს, მოახლოებულ არჩევნებს?
„ეს არის პოლიტიკური პროცესი. წესით, საჯარო სამსახურის კონკურსში მინიმუმ ტესტირება მაინც უნდა ყოფილიყო, თუმცა, ისიც კი არ არის მითითებული, რომ სკოლაში მუშაობის გამოცდილება სჭირდება კანდიდატს.
წერია მხოლოდ „განათლების სექტორი“. ეს ნიშნავს, რომ რეალურად ეს „კონკურსი“ მოარგეს ინდივიდებს, რომლებიც მათ არჩევნების წინ სჭირდებათ.
ვინც არ სურდათ, ისინი გაუშვეს და ახლები, ვინც სურთ რომ აიყვანონ, იმათ მოარგეს პირობები.
მათ შორის მოქმედ ხელმძღვანელებსაც, რადგან ბევრს მითითებული აქვს, რომ მხოლოდ ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული და არ ფლობს მაგისტრის ხარისხს. საკონკურსო პირობები არც უცხო ენის ფლობას ითვალისწინებს. განათლების სფეროში მომუშავე ადამიანმა ერთი უცხო ენა როგორ არ უნდა იცოდეს, მით უმეტეს ამხელა პოზიციაზე მყოფმა პირმა.
მაშინ, როდესაც სკოლის დირექტორობის კანდიდატები გადიან ტესტირებას, გასაუბრების ორ ეტაპს, აქ მხოლოდ არის გასაუბრება.
ისეთი კანდიდატები ჰყავთ შერჩეული, ესენი ტესტირებას ვერ ჩააბარებენ. ეს ხალხი, უბრალოდ სჭირდება ხელისუფლებას დასანიშნად, კომისია კი, რომელიც ასევე არ არის რეალური კომისია, ნოტარიულად დაამოწმებს ამ ყველაფერს. ამიტომ არის ეს სიყალბე“, – ამბობს როლანდ შავაძე.
მას ვკითხეთ, როგორც მასწავლებელი, რას ფიქრობს იმ კანდიდატებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ კანონს და რეალურად რა ზიანი მიადგება მათ სისტემაში დატოვებას?
„დღეს საქართველო გადის ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, ამ შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, რომ განათლების სექტორში მყოფი პიროვნება ვერ იაზრებს ამას და პირდაპირ უჭერს მხარს რუსულ კანონს. აქ გვაქვს ორმხრივი პრობლემა. ერთი ის, რომ შეიძლება ვერ იაზრებს და ეს ნიშნავს, რომ არაკომპეტენტური პირია და ასეთი ადამიანი არ შეიძლება ჯანსაღად აზროვნებდეს; თუ იაზრებს და მაინც აკეთებს, ამ შემთხვევაში სხვა საფრთხეა ეს განათლების სისტემისთვის.
საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ყოველთვის იქნებიან წინააღმდეგი პროგრესული მასწავლებლების და ჩაახშობენ ყველა იმ კრიტიკულ ხმას, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს.
საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ მდუმარე მასწავლებლებს, რომლებიც ისედაც ნაკლებად იღებენ ხმას კრიტიკულ საკითხებზე და გვექნება კომუნიზმი სკოლებში, როცა ვიღაც გამოვა, ეტყვის, რომ ეს არის „ჭეშმარიტება“ და ყველა მასწავლებელი თავს დაუქნევს.
ყველა კრიტიკულად განწყობილი მასწავლებელი ამ პროცესიდან ან გაიქცევა, ან იძულებულ იქნება, ჩუმად იყოს. ასეთი რამ კი, ცხადია, ზიანს მიაყენებს განათლების სისტემას. მორჩილი მასწავლებლის აღზრდილი პროგრესული თაობის მე ნაკლებად მწამს“, – ამბობს როლანდ შავაძე.
მისი თქმით, კონკურსი რომ ფორმალურია, ამაზე მეტყველებს მონაწილეთა მცირე რაოდენობაც.
„ასეთი მინიმალური მოთხოვნების ფონზეც კი, არ არის აქტიურობა და ბათუმშიც კი, კანდიდატების მაქსიმალური ოდენობა იყო ათამდე. სხვა მუნიციპალიტეტებშიც მსგავსი სიტუაციაა.
მაგალითად, ხელვაჩაურშიც სულ 6 კანდიდატი ვმონაწილეობდით და აქ ჩანს უკვე განწყობა, რომ „არაფერი გამოვა“, – ამბობს როლანდ შავაძე.
დღეს, 3 ივნისს, რამდენიმე უსახლკარო ხელვაჩაურში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში შეიჭრა.
„წუხელ, დაახლოებით ღამის 4 საათზე შევიჭერით ყოფილ სამხედრო სახლში, ხელვაჩაურში. ჩვენ ვითხოვთ თავშესაფარს, წლებია მთავრობიდან არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მხოლოდ წყლის შემოტანის უფლება მოგვცეს ახლახან, პოლიციელები არიან ირგვლივ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მაგული ფუტკარაძე. ის სახალხო დამცველის და ყველა შესაბამისი პირის დაინტერესებას ითხოვს, ვისაც უსახლკაროების დახმარება შეუძლია.
უსახლკაროების თქმით, მიტოვებულ შენობაში საცხოვრებელი პირობები არ არის, მაგრამ ისინი ამ შენობის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე მათ ხელისუფლება არ მოუსმენს.
წლებია ბათუმში უსახლკაროები აქციებს მართავენ, თუმცა მათი პრობლემა ხელისუფლებას არ შეუსწავლია, არც შესაბამისი პროგრამა შეუმუშავებიათ, რაც ამ კატეგორიის უსახლკარო ადამიანების ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
უსახლკაროების თქმით, მათთან კონკრეტული პირები შევიდნენ, რომლებიც რამაზ ჯინჭარაძის, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სახელით დაელაპარაკნენ.
„ბატონი რამაზი ვისზეც რა შეუძლია, ყოველთვის ეხმარება, კომუნიკაცია უნდა შევძლოთ,“ – ისმის ჩანაწერში კაცის ხმა, რომელიც უსახლკაროებს გადაუღიათ, თუმცა მისი სახე არ ჩანს.
უსახლკაროები, რომლებიც ახლა ხელვაჩაურში, სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში შეიჭრნენ და მანამდე აქციებით ხელისუფლების ყურადღებას ითხოვდნენ, ბათუმში ქირით ცხოვრობენ. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები…
მაგული ფუტკარაძეც მარტოხელა დედაა. ის შვილთან ერთად ცხოვრობს ახლობლებთან. მაგული ფუტკარაძის შვილი შშმ პირია, თუმცა ამ სტატუსის მიუხედავად იგი პოლიციამ 2024 წლის 19 აპრილს, უსახლკაროების აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავა.
უსახლკაროები 2023 წლის ბოლოს ბათუმში, ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაში შეიჭრნენ. იმის გამო, რომ მათ საკვების და წყლის შენობაში შეტანის უფლება არ მისცეს, მალევე შენობის დატოვება მოუხდათ.
ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის „ხმა ერისა, გზა ხსნისა“ მიერ გავრცელებულ ფეისბუკლაივიდან ჩანს, რომ შენობას, სადაც უსახლკაროები შეიჭრნენ, ჯარისკაცები იცავენ. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს მთავარ შესასვლელთან უნიფორმაში გამოწყობილი პირები არ უშვებენ და პასუხობენ: „ისინი [უსახლკაროები] უნებართვოდ შევიდნენ“.
თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლად სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა გჭირდებოდა – ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე თიბისის მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ.
ავტო კომფორტი ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის თიბისის მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ:
გადაიხადოჯარიმებიქვითრისნომრისგარეშე – შენი ჯარიმები თიბისის მობაილბანკში ავტომატურად გამოჩნდება, არ აქვს მნიშვნელობა ჯარიმა ციფრულია თუ ფიზიკური – ქვითრის ნორმის მოძიება ხშირად დისკომფორტს წარმოადგენს, რადგან ან შეტყობინების ან ფიზიკური ქვითრის გადახდამდე შენახვა გიწევს. ავტო კომფორტის ფუნქციონალით ჯარიმის გადახდას ქვითრის ნომრის მითითება არ სჭირდება.
გადაიხადოჯარიმებისაკომისიოსგარეშე – თუ აქამდე სპეციალურ პლატფორმაზე ჯარიმის ბარათით გადახდისას საკომისიოს გადახდაც გიწევდა, ახლა თიბისის მობაილბანკიდან მხოლოდ ჯარიმის ღირებულებას გადაიხდი.
ნახოინფორმაციაპარკირებისსაშვებზე – რამდენჯერ გქონია შემთხვევა, როცა პარკირების ჯარიმა მხოლოდ იმიტომ მოგსვლია, რომ საშვს ვადა გაუვიდა? დამატებითი თარიღების ჩანიშვნის გარეშე, ახლა პარკირების საშვებზე ინფორმაცია უკვე თიბისის მობაილბანკში დაგხვდება, რაც ვადებისა და შეძენის პროცესს მაქსიმალურად გაგიადვილებს.
როგორგავიაქტიუროავტოკომფორტი?
ავტო კომფორტის გააქტიურებისთვის თიბისის მობაილბანკში მოძებნე „პარკირება და ჯარიმების“ ან „პროდუქტების აქტივაციის“ განყოფილება და დაამატე შენი ავტომობილი. სერვისის გააქტიურება შეგიძლია იმდენჯერ, რამდენიავტომობილისდამატებაცგსურს.
მომსახურების გააქტიურება 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოდ შეგიძლია, ხოლო შემდეგ თითოეულ დამატებულ ავტომობილზე თვეში მხოლოდ 0.9₾.
სპეციალურიშეთავაზებასაწვავზე
მიიღე დამატებითი სარგებელი საწვავის ღირებულების თიბისის ბარათით გადახდისას – ჩაასხი მინიმუმ 50 ლარის საწვავი თვეში 5-ჯერ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, გადაიხადე თიბისის ბარათით და მიიღე საჩუქრად 10 ერთგულიქულა. ქულები მომდევნო თვის 20 რიცხვამდე დაგერიცხება.
როგორ შეიძლება მივიღოთ ჯანდაცვის სერვისებზე ინფორმაცია, სად უნდა მოვიძიოთ, ვის უნდა მივმართოთ და რა ვადაში მივიღებთ პასუხს – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებს აინტერესებთ ჯანდაცვის კუთხით.
ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის სოფლებში მცხოვრები ქალების, ბავშვების, მოხუცების და შშმ პირების ინფორმირებისთვის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ საინფორმაციო კამპანიების ჩატარება საიას პროექტის დახმარებით შეძლო. „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“, – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების დაფინანსება აჭარის რვა სოფელში.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ჯამში ჩაატარა 12 საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 279 ადამიანი დაესწრო. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი.
შეხვედრა მოსახლეობასთან
„გარდა ამისა, 4 მუნიციპალიტეტის 8 სოფელში ავიყვანეთ ექიმები, სკრინინგისთვის საჭირო აპარატურა და ჩავატარეთ უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, აივ შიდსსა და ტუბერკულოზზე. პროგრამით ჯამში 155 ადამიანმა ისარგებლა,“ – გვიყვება ქეთევან ადეიშვილი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი.
ქეთევან ადეიშვილის თქმით, აჭარის სოფლებში მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობის ინფორმირება ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, პროექტის მთავარი გამოწვევა იყო.
„წლის განმავლობაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ატარებს 60-ზე მეტ შეხვედრას სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან. ყველა დისკუსიის შემდეგ მოსახლეობას ჰქონდა ხოლმე შეკითხვები ჯანდაცვის პროგრამებზე.
საიას დახმარებით მივიღეთ მცირე გრანტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობამდე მიგვეტანა ინფორმაცია ჯანდაცვის ყველა იმ პროგრამის შესახებ, რომელიც რეგიონში მოქმედებს.
გვჯერა, რომ ინფორმირებული მოქალაქე არის თავდაჯერებული მოქალაქე. ინფორმირებულობა არის ყველაზე დიდი იარაღი, იმიტომ, რომ ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია თავისი უფლებებიც დაიცვას და სხვისიც.
მსგავსი ტიპის სერვისებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯაროობა, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა, არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – ამბობს ქეთევან ადეიშვილი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი.