მთავარი,სიახლეები

თუ სანქციები ამოქმედდა, შესაძლოა ოჯახებს ფული ვეღარ გამოვუგზავნოთ – ემიგრანტი გერმანიიდან

04.06.2024 •
თუ სანქციები ამოქმედდა, შესაძლოა ოჯახებს ფული ვეღარ გამოვუგზავნოთ – ემიგრანტი გერმანიიდან

ჯული ფიჩხაია დევნილია აფხაზეთიდან, თუმცა ახლა ემიგრანტია გერმანიაში და საქართველოში დარჩენილ ოჯახს ასე არჩენს. ფინანსურად ეხმარება ნათესავებსაც.

„ბათუმელებთან“ ჯული ფიჩხაია იმ საფრთხეებზე დარდობს, რაც შესაძლოა მოჰყვეს რუსული კანონის მიღებას საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი სანქციებს აამოქმედებს, შესაძლოა საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილებიც შეიზღუდოს. 

ემიგრაციიდან საქართველოში მილიონობით ფულადი გზავნილები შემოდის წელიწადში და ამ გზავნილების შეჩერება არა მარტო კონკრეტულ ოჯახებს დააყენებს რისკის წინაშე, მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკასაც. 

„ეს საფრთხეები ყველა ემიგრანტს გააზრებული გვაქვს და ძალიან ვნერვიულობთ. 

გარდა იმისა, რომ ვდარდობთ ქვეყნის დასანქცირების საფრთხეზე, ვდარდობთ ჩვენს ოჯახებზეც, რადგან თუ სანქციები ამოქმედდება, შესაძლოა აიკრძალოს ფულადი გზავნილები  ც და ეს მეორე უბედურებაა ჩვენთვის, რადგან ოჯახებს ფულს ვეღარ გამოვუგზავნით. 

ძალიან ბევრს ნერვიულობს ჩემი სამეგობრო, ოჯახი – არ ვიცით რა იქნება ხვალ. 

ჩვენ უკან ოჯახებია, ბანკებია. მარტო საარსებო მინიმუმზე ხომ არ არის აქ საუბარი, ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. მათ შორის შვილების განათლება და ასე შემდეგ. ერთი ემიგრანტი შეიძლება 2-3 ოჯახს ინახავდეს საქართველოში და ცხადია ეს ყველაფერი შეიძლება დაკარგონ ამ ოჯახებმა“, – ამბობს ჯული ფიჩხაია. 

ჯულის თქმით, მისი ოჯახის წევრებს გააზრებული აქვთ ის საფრთხეები, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეუქმნა ქვეყანას დღეს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ხალხს არჩევნებზე შეუძლია მიიღოს გონივრული და სწორი გადაწყვეტილება და ასე დაიბრუნოს ევროპული მომავალი.

„ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. საბედნიეროდ, ჩემი ოჯახის წევრებს ეს საფრთხეები გააზრებული აქვთ. 

მე როგორც ერთი რიგითი ქართველი, უარს ვეუბნები რუსულ კანონს და მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ მომავალს, რადგან ჩვენი ადგილი ევროპაშია, მარტო ვერანაირად ვერ ვიქნებით და ვერც რუსეთთან ვიქნებით. 

მე ჩემი შვილების მომავალს ვხედავ ევროპულ საქართველოში. ამიტომ ისევ ჩემი ხალხის გონიერების იმედი მაქვს, რომ საარჩევნო უბანზე მისული სწორ არჩევანს გააკეთებს და რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ. ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი. ამის მჯერა, რადგან გამოსავალს ისევ ვხედავ ჩვენში, ყველა ქართველში.

მარტო სიმღერა, რომ „აფხაზეთი საქართველოა“ ეს არ წაიყვანს ქვეყანას წინ. იმედი მაქვს, აფხაზეთში დაბრუნებასაც შევძლებთ და ჩვენი შვილებიც იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში“, – ამბობს ჯული ფიჩხაია. 

რუსული კანონის მიხედვით, უცხოურ ძალად გამოცხადდებიან ის ეთნიკური ქართველებიც, რომლებსაც უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. შესაბამისად, მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი ფულის მიმღები პირების, მათ შორის ამ ადამიანის ოჯახის წევრების დაბარების უფლებაც ექნება იუსტიციის სამინისტროს. 

„ბევრს აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ეს ადამიანები ბევრად პატრიოტები არიან და უფრო მეტად შესტკივათ გული საქართველოზე, ვიდრე მანდ მყოფ ზოგიერთ ჩინოვნიკს. 

ამიტომ, არც კი ვიცი, რა შეიძლება დავარქვა ამ ყველაფერს. ცხადია, ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ეს ყველაფერი მთელ ქვეყანას. არ მინდა 37 წელში დავბრუნდეთ და რეპრესიები გავიაროთ. 

ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნების იმედი მაქვს. იმის, რომ ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს. მათ შორის ჩემი სანათესავოც და ქვეყანას შევცვლით უკეთესობისკენ. 

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ამ არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილების მიღება მარტო ამ კონკრეტული ადამიანებისთვის კი არ არის გადამწყვეტი, არამედ მთელი ქვეყნისთვის. 

ვისაც დღეს ჯერ კიდევ არ აქვს არსებული მდგომარეობა გააზრებული, მათ მინდა მივმართო, რომ სხვისი შვილებისთვის კი არა, თქვენი შვილებისთვის გააკეთეთ სწორი არჩევანი, თქვენ შვილებს ხვალ რომ არ შერცხვეთ თქვენი – მშობლების და ოჯახის წევრების.

უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და მხოლოდ დღევანდელი დღით ნუ შემოიფარგლებით, რადგან დღეს შეიძლება ვიღაც კარგად გრძნობს თავს, მაგრამ როგორი იქნება მისი ცხოვრება და მათი შთამომავლობის, არავინ იცის.

ამიტომ გავიაზროთ ეს ყველაფერი. 

ჩემი მეუღლე და შვილები ამჟამად თბილისში არიან, რადგან სტუდენტი შვილები მყავს და სწავლობენ. ჩხოროწყუში ცხოვრობს ჩემი ძმის ოჯახი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა ომში. ძმის და მაზლის ოჯახსაც ვეხმარები შეძლებისდაგვარად, ამიტომ არსებული საფრთხეები ყველას გვადარდებს და გვაფიქრებს“, – ამბობს ჯული ფიჩხაია. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: