1938 წლის 19 აპრილს იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა სიას, რომელშიც საქართველოში მცხოვრები 253 ადამიანის სახელი და გვარი იყო შეტანილი.
ეს იყო დასახვრეტთა სია. ჩამონათვალი იმ ადამიანების, ვისთვის უნდა ყოფილიყო 1938 წლის გაზაფხული უკანასკნელი.
„ჩემი დიდი ბაბუა, ვიქტორ ჭედია დახვრიტეს 1938 წელს, ბათუმში. 38-ში დახვრიტეს მისი ძმაც, ტარას ჭედია. მათ დახვრეტას ხელი სტალინმა მოაწერა,“- იხსენებს 86 წლის შემდეგ რეპრესირებული კაცის ამბავს მისი შთამომავალი, თინათინ ჯაფარიძე.

ვიქტორ ჭედიას სახელი სტალინის ხელმოწერილ დასახვრეტ პირთა სიაში. 19 აპრილი, 1938 წელი
ვიქტორ ჭედიას 7 შვილი ჰყავდა, 6 ქალიშვილი და ერთი ვაჟი. თინათინ ჯაფარიძე ვიქტორ ჭედიას უმცროსი ქალიშვილის, თამარის შვილიშვილია. დიდი ბაბუის შესახებ ცნობების მოგროვება თინათინმა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტალინური რეპრესიების პერიოდის შესწავლით დაინტერესდა.
„მთელი ბავშვობა მესმოდა სახლში 1937 წლის ამბები. ბათუმი პატარა ქალაქი იყო, შეიძლება ამიტომ გადავიდა ოჯახი თბილისში, 50-იან წლებში. აქ ვინმეს რომ არ დაეძახა „ხალხის მტრის შვილი“.
სახლში მე მიყვებოდნენ იმ ისტორიებს, რაც ხდებოდა ბებიაჩემის და მისი და-ძმების ბედნიერ ბავშვობაში, სანამ მათ მამას, ვიქტორ ჭედიას დააპატიმრებდნენ. 3-4 წლის რომ გავხდი, იმ ასაკიდან მიყვებოდნენ ამბებს – უზარმაზარი ძაღლი ჰყოლიათ, რომელსაც ლორდი ერქვა. ამ ძაღლს სულ სასაცილო ისტორიები ემართებოდა თურმე და ბავშვები დასდევდნენ მთელს ბათუმში. სულ ასეთ ისტორიებს გვიყვებოდნენ.
რა ხდებოდა ბაბუას დაპატიმრების შემდეგ, მაგაზე არ ლაპარაკობდნენ, რადგან ოჯახისთვის ბაბუას დაპატიმრება იყო საშინელი ტრაგედია,“- იხსენებს თინათინ ჯაფარიძე.
ვიქტორ ჭედია 1880 წელს დაიბადა ლანჩხუთში. ცხოვრობდა ბათუმში, მაშინდელი მარქსის, ახლანდელი ვაჟა-ფშაველას ქუჩის 60 ნომერში. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას.
„როგორც ვიცი, ბაბუაჩემი 1938 წელს, სანამ დააპატიმრებდნენ, ბათუმის ქალაქის საბჭოს კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. 30-იან წლებში ბათუმში მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.
დაკავებამდე ბაბუაჩემი თბილისში ყოფილა მივლინებით. ამიტომ არ ვიცით დააპატიმრეს თბილისში თუ ბათუმში მოასწრო ჩამოსვლა. ოჯახს აცნობეს – დაპატიმრებულია. არ უთქვამთ, რომ დახვრიტეს. ოჯახს წლების განმავლობაში ეგონა, რომ გადასახლებული იყო.
როდესაც დახვრიტეს ბაბუაჩემი იყო 58 წლის. სადღაც კიდევ 30 – 40 წელი ელოდა ოჯახი.
სულ ელოდებოდნენ და ფიქრობდნენ – იქნებ გადაასახლეს და იქ დარჩა. იქნებ რაღაცა წერილს გამოგზავნის. სულ იყო ეს მომენტი, კითხულობდნენ გადასახლებიდან ჩამოსულებთან, ვინც იცოდნენ – ხომ არ შეგხვედრიათ ესეთი და ესეთი ადამიანი?“ – გვიყვება თინათინ ჯაფარიძე.
- 1937
1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება №00447.
ამ ბრძანების საფუძველზე დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში. შეიქმნა ე.წ. განსაკუთრებული სამეულები (ტროიკა), რომელიც იყო არასასამართლო, არაკონსტიტუციური ორგანო. სამეულებმა ათიათასობით ადამიანს სასამართლოს გარეშე გამოუტანეს დახვრეტის განაჩენი.
„ენკავედეს“ ანუ შინსახკომის განსაკუთრებულ სამეული იყო სპეციალური ორგანო, რომელიც შექმნილი იყო სტალინური ხელისუფლების მიერ, დიდი ტერორის რეპრესიების გატარებისთვის. სამეული შედგებოდა რესპუბლიკის შინსახკომის თავმჯდომარისგან, მისი მოადგილისგან და რესპუბლიკის პროკურორისგან.
სტალინმა დაიწყო სიების შედგენა, რომელშიც შეიყვანა თითქმის ყველა ძველი ბოლშევიკი. საბჭოთა კავშირში შემავალი თითოეული რესპუბლიკისათვის სიებს ცალ-ცალკე ადგენდნენ. ის სია, რომელშიც ვიქტორ ჭედიას სახელი მოხვდა, 1938 წლის 19 აპრილსაა სტალინის მიერ ხელმოწერილი.
„ვიქტორ ჭედია დაპატიმრებამდე, ანუ 1938 წლამდე ბათუმში, ქალაქის საბჭოში კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
დაპატიმრებისას საბჭოთა ხელისუფლებამ ბრალად დასდო, რომ იყო აჭარის კონტრრევოლუციური, არალეგალური, მენშევიკური ორგანიზაციის თადარიგის ცენტრში. მონაწილეობას იღებდა ცენტრის თათბირებში, სადაც ისახებოდა გეგმა, თუ როგორ უნდა ებრძოლათ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ბრალდების მიხედვით, ვიქტორ ჭედია ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა საქართველოში მენშევიკთა ცენტრთან მას შემდეგ, რაც კონტრრევოლუციურმა ორგანიზაციამ აჭარაში მარცხი განიცადა,“ – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.
საქმის მასალების მიხედვით, ვიქტორ ჭედიამ თავი დამნაშავედ ცნო. ის შინსახკომის სამეულმა გაასამართლა. მომხსენებელი იყო გორშკოვი. სხდომაში მონაწილეობდნენ სერგო გოგლიძე, ილარიონ ტალახაძე, შალვა წერეთელი და მოროზოვი.
ვიქტორ ჭედია რეაბილიტირებულია. ცნობა მისი რეაბილიტაციის შესახებ ოჯახმა სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1956 წელს მიიღო.
“შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის 1938 წლის 28 აპრილის დადგენილება ვიქტორ იაგორის ძე ჭედიას მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოისპო ბრალდების დაუდასტურებლობის გამო,” – წერია ვიქტორ ჭედიას რეაბილიტაციის ცნობაში.
თინათინ ჯაფარიძე არქივებში მუშაობს და ცდილობს რეპრესიების შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოს.
„აჭარაში მყავს ნათესავები. გარდა ბაბუაჩემისა, ჩემი რამდენიმე ნათესავია რეპრესირებული. ვეძებდი ინფორმაციას მათ შესახებაც. არქივში მუშაობისას წავაწყდი ერთ ისტორიას მოხუც კაცზე, რომელიც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რომელიც დახვრიტეს. ცხოვრობდა ხელვაჩაურში, სოფელში. არაფერს არ ფლობდა, ჰყავდა მხოლოდ მეუღლე, შვილი – არა. მისი გრაფის გასწვრივ ეწერა – ინვალიდი. ეს ადამიანი დახვრიტეს.
ასეთი ჩანაწერებით ხვდები რეჟიმის რეალურ სახეს. ადამიანები ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, არსებობდნენ და რეჟიმმა გააქრო ისინი,“ – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.
თინათინის თქმით, სტალინის ეპოქის თანმდევი იყო მუდმივი შიში – შიში გადასახლების, შიში დაპატიმრების, შიში დახვრეტის.
„ეს შიში აისახა შემდეგ თაობებზე. არსად წასულა.
1937-38 წლებში, სულ რაღაც 2 წელიწადში დააპატიმრეს მილიონ 700 ათასი ადამიანი. 725 ათასი ადამიანი დახვრიტეს და მილიონი გადაასახლეს.
სტალინი იყო დიქტატორი, ტირანი, პირველ რიგში. მე ვფიქრობ ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრული ინფორმაცია, რას წარმოადგენდა ეს ადამიანი. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ისტორია უნდა ვისწავლოთ თავიდან. განსაკუთრებით ამ პერიოდის ისტორია,“ – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.






