მთავარი,სიახლეები

ვინ არიან ახალი მოსამართლეები, რომლებიც ბათუმში დანიშნეს

18.06.2021 • 2873
ვინ არიან ახალი მოსამართლეები, რომლებიც ბათუმში დანიშნეს

ბათუმში ორი ახალი მოსამართლე გაამწესეს – კოტე ჭილაია და ლევან ყოლბაია. ისინი სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავენ. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 ივნისს მიიღო – ქვეყნის მასშტაბით 46 მოსამართლე გაამწესეს.

კოტე ჭილაია სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ დრომდე მას მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. 2003 წლიდან ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა გამომძიებლად, 2009 წლიდან კი, შემოსავლების სამსახურის ოფიცერი იყო.

2018 წელს კოტე ჭილაიას ოფიციალური წერილი მიუწერია მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისთვის. კოტე ჭილაია წერს, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია და აქვს გამომძიებლად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, როგორც სისხლის სამართლის, ისე საერთო სპეციალიზაციით. კოტე ჭილაია თეა წულუკიანს მთავარი პროკურორის კანდიდატად წარდგენას სთხოვდა.

რა უპასუხა თხოვნას თეა წულუკიანმა? – პასუხის მისაღებად თავად მოსამართლეს დავუკავშირდით.

„რა ინფორმაციაც არის საჭირო, დადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – გვითხრა მოსამართლემ.

2017 წლიდან 2 წლის განმავლობაში კოტე ჭილაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი იყო.

ჯერ უცნობია, როგორი მოსამართლე იქნება კოტე ჭილაია, თუმცა მოსამართლედ გამწესებამდე ერთი დღით ადრე ნათლულისგან სიგელი მიუღია – „ყველაზე მზრუნველი ნათლია“.

ეს სიგელი მოსამართლის ფეისბუქგვერდზე ვიპოვეთ.

რაც შეეხება გაანთლებას: კოტე ჭილაიას 1997 წელს დასრულებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი. მის ბიოგრაფიაში არაფერი წერია სამეცნიერო ხარისხის შესახებ.

მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არც ლევან ყოლბაიას აქვს. ისიც სისხლის სამართლის საქმეების განხილვას შეუდგება ბათუმში. ლევან ყოლბაიაც ისტორიკოს-იურისტია, თუმცა მას დოქტორის ხარისხი აქვს – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მიმართულებით.

ბათუმში მოსამართლედ გამწესებამდე ლევან ყოლბაია საჯარო სამსახურის ბიუროში მუშაობდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურისტად.

2014-2015 წლებში ლევან ყოლბაია აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტად მუშაობდა, მანამდე კი იგი აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსად მუშაობდა. ლევან ყოლბაია იყო მოსამართლის თანაშემწეც – 2001 წლიდან 2005 წლამდე იგი აფხაზეთის სასამართლოს თანამშრომელი იყო და მივლინებით თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, ბათუმში გამწესებული ორივე მოსამართლის რეკომენდატორი ვახტან თორდიაა, რომელიც ე.წ. სასამართლო კლანის ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან მურუსიძესთან დაახლოვებული პირია. ვახტანგ თორდია 2017 წლამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ბათუმში გამწესებული ახალი მოსამართლეები კი, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ ვახტანგ თორდიასთან: კოტე ჭილაია ვახტანგ თორდიას რეფერენტი იყო, ხოლო ლევან ყოლბაია თორდიას თანაშემწედ მუშაობდა.

მოსამართლეობას თბილისში გააგრძელებს ვიოლეტა ფორჩხიძე. ის ამ დრომდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. ვიოლეტა ფორჩხიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადავიდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: