სიახლეები

„34 წლის ძმა როგორ ჩავდო მიწაში ისე, რომ არავინ აგოს პასუხი?” – ჩინეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

04.06.2024 •
„34 წლის ძმა როგორ ჩავდო მიწაში ისე, რომ არავინ აგოს პასუხი?” – ჩინეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

ჩინეთში ტრაგიკულად დაიღუპა 34 წლის ქართველი მეზღვაური გიორგი წილოსანი. აფეთქება, რომელიც მეზღვაურის სიკვდილის მიზეზი გახდა, ნავთობტანკერ „ELIAK“-ზე იმ დროს მოხდა, როცა გიორგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა.

გიორგი წილოსანის ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართავს და დახმარებას სთხოვს.

კერძოდ, ოჯახი ითხოვს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

30 დღეა ოჯახი სახელმწიფო უწყებებს წერილებს უგზავნის, თუმცა ვერც სამინისტროსგან და ვერც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან პასუხი ვერ მიიღეს.

  • როგორ დაიღუპა მეზღვაური

ქართველი მეზღვაური გიორგი წილოსანი პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ ELIAK-ზე 2023 წლის 6 ნოემბერს ავიდა. გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა, ასევე ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან ქართველი მეზღვაურებიც.

ტრაგიკული შემთხვევა 2024 წლის 25 აპრილს მოხდა ჩინეთში, დალიანის პორტში. ნავთობტანკერი ELIAK ჩინურ პორტში შესაკეთებლად იყო შესული. გემზე მუშაობდნენ ჩინური გემთშემკეთებელი კომპანიის თანამშრომლები და ქართველი მეზღვაურები. აფეთქების შედეგად მეზღვაურს ცეცხლი მოედო, იმ დროს, როცა ის მარტო ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, ინერციით წავიდა გემბანის კუთხისკენ. სავარაუდოდ გადავარდა, დაცემისას თავი დაარტყა და შემდეგ წყალში ჩავარდა.

გიორგი წილოსანის გადარჩენა ვერ შეძლეს.

გიორგი წილოსანის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები, რომელიც გემზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო ვიდეო კამერამ გადაიღო, ნახა მისმა ძმამ, აკაკი წილოსანმა.

აკაკი წილოსანი ჩინეთში ჩავიდა და სცადა გაერკვია, რატომ დაიღუპა ქართველი მეზღვაური.

„25 აპრილს 9:45 საათზე მოხდა აფეთქება. 10:07 საათზე სასწრაფო დახმარებამ გიორგის სიკვდილი დაადასტურა.

ჩავედი ჩინეთში. ვიყავი იმ გემზე ასული, სადაც ჩემი ძმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას შეეწირა. მაჩვენეს ვიდეო კადრები, რომელშიც ჩანს ყველაფერი და რომელიც არის მტკიცებულება გამოძიებისთვის.

ვიდეო კადრებში ჩანს 25 აპრილის დილას ELIAK-ის გემბანზე მიმდინარე სამუშაოები. კერძოდ, ერთი მუშა ელექტრო შედუღების სამუშაოს ასრულებს, დაახლოებით ერთ მეტრში იწყებენ ჰიდრავლიკური ხელსაწყოს დატესტვას. ხელსაწყოსთან არის ერთი მუშა და ერთი მეზღვაური. ეს მეზღვაური არის ჩემი ძმა. მუშა პროცესში მაღალი წნევით გაჟონა ჰიდრავლიკურმა ზეთმა, რამაც გამოიწვია აფეთქება.

კადრი აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე – ელექტროშედუღების პარალელურად (1) იწყება ჰიდრავლიკური ხელსაწყოს დატესტვა (2). გარდაცვლილი მეზღვაურის ძმა ამბობს, რომ ეს არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და აუცილებელია ამ საქმის გამოძიება.

ორმა მუშამ მიიღო დამწვრობა. კადრში ჩანს, რომ ჩემი ძმა, რომელსაც ცეცხლი მოეკიდა გარბის და ცდილობს ეს ცეცხლი ჩააქროს. როგორც მოგვიანებით მომიყვნენ, ცეცხლმოკიდებული გიორგი გემბანიდან გადავარდა, ვარდნისას ჯერ თავი დაარტყა  და შემდეგ ჩავარდა წყალში. ჩინეთში ჩაუტარდა ექსპერტიზა. მაქვს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ გიორგის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია – წყალში დახრჩობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დაღუპული მეზღვაურის ძმა აკაკი წილოსანი.

  • დაღუპული მეზღვაურის ოჯახი გამოძიებას ითხოვს

აკაკი წილოსანი ამბობს, რომ ჩინეთში ყოფნისას შეხვდა, როგორც ELIAK-ის გემის ქართველ კაპიტანს, ისე ჩინეთის საგამოძიებო სამსახურებს და საქართველოს კონსულს ჩინეთში. ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ითხოვს მეზღვაურის საქმის საფუძვლიან გამოძიებას, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.

აკაკი წილოსანის თქმით, სახელმწიფო, კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო მას ეხმარება ძმის საქართველოში გადმოსვენებაში, მაგრამ არ ეხმარება სამართლის პოვნაში. ბოლო ინფორმაციით გიორგი წილოსანი საქართველოში ჩინეთიდან 15 ივნისს უნდა ჩამოასვენონ. თუმცა ოჯახისთვის მეორე მნიშვნელოვანი თემაც არსებობს – მოხდეს ინცინდენტის დროული და ობიექტური გამოძიება. დადგინდნენ პასუხისმგებელი პირები.

„ჩემს ძმას ბოლოს და ბოლოს ჩემითაც გადმოვასვენებ. მაგრამ არის რაღაც, რაც უშუალოდ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და რასაც მე, ერთი მოქალაქე ვერ ვაკეთებ.

პირველ მაისს ჩავედი ჩინეთში და შევხვდი იქაური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. მოვითხოვე მომხდარი ფაქტის გამოძიება. პოლიციამ მითხრა, რომ არ ჰქონდათ უფლება დაეწყოთ გამოძიება, რადგან ნავთობტანკერი ELIAK ცურავდა პალაუს დროშის ქვეშ. საქართველოს მოქალაქე მეზღვაურს ცეცხლი წაეკიდა ამ გემზე, ხოლო მისი სიკვდილი (წყალში ჩავარდნის შემდეგ) დაფიქსირდა ჩინეთის ტერიტორიაზე.

პოლიციამ მითხრა: „მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია გამოძიების დაწყება, თუკი შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგვმართავსო“. მაშინვე დავაწერინე დედაჩემს წერილი და გავაგზავნინე საგარეო საქმეთა სამინისტროში.

6 მაისს შევიდა სამინისტროში დედაჩემის, თამარ პატარაიას წერილი ილია დარჩიაშვილის სახელზე. ერთადერთ რამეს ვთხოვდით სახელმწიფოს – მიემართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისათვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

არ გვიპასუხეს.

მეორე წერილი გავუგზავნეთ იგივე მოთხოვნით 14 მაისს, არც ამაზე გვიპასუხეს, მესამე წერილი გავუგზავნეთ 21 მაისს, არც ამაზე გვიპასუხეს.

წერილების გარდა მქონდა სატელეფონო ზარებიც. საგარეოში ვრეკავდი, ვთხოვდი მიემართათ ჩინეთისთვის გამოძიების დაწყებაზე, მეუბნებოდნენ საზღვაო ადმინისტრაციამ უნდა მიმართოსო. საზღვაო ადმინისტრაცია ამბობდა საგარეომ უნდა მიმართოსო.  ერთიმეორეში ამბის გარკვევაში დრო დაკარგეს – არცერთმა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა. არადა კანონმდებლობით მარტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია მიმართოს სხვა სახელმწიფოს მსგავსი მოთხოვნით.

საგარეოდან ჩვენთან საკონტაქტო პირად გამოყვეს ნიკოლოზ გოგიტიძე, რომელიც ახლა ჩემს სატელეფონო ზარებსაც კი აღარ პასუხობს,“ – ამბობს აკაკი წილოსანი.

  • „ჩემი ძმა უსაფრთხოების წესების დარღვევას შეეწირა“

ჩინეთში დაღუპული ქართველი მეზღვაურის ძმა ამბობს, რომ გიორგი წილოსანი უსაფრთხოების წესების დარღვევას შეეწირა. ამის მტკიცებულება არის ვიდეო, რომელიც მან ჩინეთიდან ჩამოიტანა და რომელზეც სრულად ჩანს პროცესი – რა ხდებოდა გემზე აფეთქებამდე და რა მოხდა შემდეგ.

ამ ვიდეოზე დაყრდნობით, დაღუპული მეზღვაურის ძმა ითხოვს დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მოვალეობაც იყო გემზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ვინც არ დაიცვა ის.

„ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ერთი მუშა ელექტრო შედუღების სამუშაოს ასრულებს, იქვე, დაახლოებით ერთ მეტრში კი იწყებენ ჰიდრავლიკური ხელსაწყოს დატესტვას. მერე ხდება აფეთქება.

აფეთქება ნავთობტანკერ ELIAK-ზე

ჩემი მთავარი კითხვაა – ვინ გასცა ბრძანება, ერთდროულად გაეკეთებინათ გემზე ისეთი ორი საქმე, რომელიც ურთიერთსაპირისპიროა უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე?

ვისი მოვალეობა იყო რისკის შეფასება და რატომ არ შეაფასა?

ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების წესების არ დაცვაზე და შესაბამისად, ვისი ბრალია ეს აფეთქება?

34 წლის ადამიანი მიწაში უნდა ჩავდო საკუთარი ხელებით და უბედურ შემთხვევად უნდა ჩაწერონ ეს ამბავი? ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ეს იყო უსაფრთხოების წესების დარღვევა და ეს საქმე უნდა გამოიძიონ,“ – ამბობს აკაკი წილოსანი.

  • რას აკეთებს სახელმწიფო

„ბათუმელებმა“ კითხვებით მიმართა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხების მიღება ვერ შევძელით. სამინისტროდან მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ უწყება აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე.

თუკი საგარეო საქმეთა სამინისტრო “ბათუმელების” კითხვებს უპასუხებს, ის სტატიაში აისახება.

რაც შეეხება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, “ბათუმელებმა ” სააგენტოს ჰკითხა, რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფო უწყებამ იმისათვის, რომ ჩინეთში ქართველი მეზღვაურის, გიორგი წილოსანის ტრაგიკული დაღუპვის საქმის გამოძიება დაწყებულიყო.

„2024 წლის 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით აცნობა  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ქართველი მეზღვაურის (გ.წ.) გარდაცვალების შესახებ, რის შემდეგაც სააგენტომ დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბისი ღონისძიებების განხორციელება.

შემთხვევა მოხდა 25 აპრილს, ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში. ქართველი მეზღვაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჩინეთში ჩატარებული გამოძიების შედეგად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიციამ შემთხვევა დააკვალიფიცირა როგორც უბედური შემთხვევა.

სააგენტოს მიმართვის საფუძველზე გემზე მომხდარ შემთხვევას შეისწავლის დროშის სახელმწიფოს, პალაუს რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურებიც. ასევე, ინფორმირებულია ITF და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესს.

პირველივე დღიდან ხორციელდება ყველა საჭირო მოქმედება და მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც ოჯახთან, ისე ჩართულ მხარეებთან, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსული ჩინეთში ყოველდღიურად გვაწვდის განახლებულ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებებსა და გადმოსვენების პროცესებთან დაკავშირებით,“ – მოგვწერა სააგენტომ ჩვენი კითხვების პასუხად.

„ბათუმელებმა“ ვერ შეძლო ნავთობტანკერ ELIAK-ის კაპიტნის პოზიციის მოსმენა, რადგან მასთან დაკავშირება ვერ შევძელით. სურვილის შემთხვევაში გამოცემა მზადაა მოუსმინოს ნავთობტანკერის კაპიტანს და სტატიაში ასახოს მისი პოზიცია.

„ბათუმელები“ თვალს მიადევნებს, სახელმწიფო უწყებები როგორ შეუწყობენ ხელს ქართველი მეზღვაურის, გიორგი წილოსანის ტრაგიკული დაღუპვის ფაქტის გამოძიებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: