მახინჯაურის საჯარო სკოლაში ვაჟა ბჟალავასა და ზაურ წულაძის ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს, რომელიც სკოლის დამხმარე შენობაზე იყო განთავსებული.
მოზაიკა შეტანილი იყო ქართული მოზაიკის კატალოგში. ასევე მოხსენიებულია საბჭოთა მოზაიკის მკვლევრის, ნინი ფალავანდიშვილის წიგნშიც (საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში).
მოზაიკის განადგურების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს ორგანიზაციას Ribirabo Foundation-ს, რომელიც ქართული მონუმენტური ხელოვნების ნიმუშებს იკვლევენ.
„ბათუმელები“ ქართული მოზაიკის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდის „რიბირაბოს“ წარმომადგენელს, ნატალია ამირეჯიბს ესაუბრა.
„მოზაიკის წარშლის შესახებ მაშინ გავიგეთ, როცა უკვე აღარ იყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა მოზაიკას, მაგრამ ეს მოზაიკა არის შეტანილი ჩვენს კატალოგში და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები.
მოზაიკის ავტორებიც ცნობილი მხატვრები იყვნენ.
ამაზე ჩვენი ფონდი დიდი ხანია ლაპარაკობს, რადგან მოზაიკა განიხილება მხოლოდ და მხოლოდ იმ შენობის კონტექსტში, რაზედაც არის ის განთავსებული. ამიტომ, კანონი, რომელიც დაიცავდა მოზაიკას, მსგავსი კანონი არ არსებობს“, – ამბობს ნატალია.

მახინჯაური სკოლაში ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს/ ფოტო: „რიბირაბო“.
სკოლის ადმინისტრაციას რამდენად გააზრებული ჰქონდა ამ მოზაიკის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლეს მისი დაცვა? – ვკითხეთ მას.
„მე არ ვიცი, რატომ ვერ შეძლეს დაცვა, მაგრამ ეს მოზაიკა 1979 წელს გაკეთდა და იმის მერე, მოზაიკა წარმოადგენდა სკოლის ღირსშესანიშნაობას და არაერთი თაობა გაიზარდა ამ მოზაიკასთან.
სკოლაში რეკონსტრუქცია რომ მიმდინარეობდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა.
სკოლების რემონტს, როგორც ვიცი, განათლების სამინისტრო კურირებს და სამშენებლო კომპანია გააკეთებდა იმას, რა დავალებაც სავარაუდოდ მიიღო.
რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ ყურადღება მიექციათ ამ მოზაიკისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ თავი არ შეიწუხეს“, – ამბობს ნატალია ამირეჯიბი.
რა მდგომარეობაში იყო მოზაიკა, როცა ეს თქვენმა ფონდმა აღწერა? – ვკითხეთ მას.
ნატალია ამბობს, რომ მოზაიკა არ იყო დაზიანებული და მას დაშლის საფრთხე არ ჰქონია.
„მოზაიკა იყო შესანიშნავ მდგომარეობაში, უმნიშვნელო დანაკარგი ჰქონდა კუთხეებში, თუმცა ამის რესტავრაცია მარტივად შეიძლებოდა. მთლიანობაში კი, კარგ მდგომარეობაში იყო მოზაიკა.
ითქვა, რომ თითქოს წყალი ჟონავდა კედელზე, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, მაინც შესაძლებელი იყო მოზაიკის სხვაგან გადატანა.
შეიძლებოდა მოზაიკის ჩამოხსნა, ასეთი პროექტები ჩვენ გაგვიკეთებია, ახლა დავამთავრე ერთი ასეთი პროექტი რუხში, სამეგრელოში. ამიტომ, ამ მოზაიკის ჩამოხსნა და გადატანაც იყო შესაძლებელი. შიდა ინტერიერში ან სხვა კედელზე გადატანა თავისუფლად შეიძლებოდა“, – ამბობს ნატალია ამირეჯიბი.
მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ ასეთ მონუმენტებს დღეს კანონი არ იცავს.
რატომ არ გადაიტანეს მოზაიკა სხვა კედელზე, ვინ მიიღო მისი განადგურებაზე გადაწყვეტილება? – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ სკოლის დირექტორს რუსუდან დავითაძეს. მან ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. „მოგვიანებით დაგიკავშირდებით“, მოგვწერა დირექტორმა.
ანალოგიური კითხვით მივმართეთ აჭარის განათლების სამინისტროსაც, რადგან სწორედ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია სკოლები და ის მუშაობს სკოლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე.
სამინისტროს წარმომადგენელი თეა ჭანტურიშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. „ავარიული იყო შენობა და საფრთხის შემცველი. ამიტომ მოხდა დემონტაჟი“, – გვითხრა მან. თუმცა რ უპასუხა კითხვას – არსებობს თუ არა ამაზე დასკვნა და რატომ არ გადაიტანეს მოზაიკა სხვა კედელზე.

მახინჯაური სკოლაში ცნობილი მოზაიკა დაანგრიეს/ ფოტო: „რიბირაბო“.
ფონდი „რიბირაბო“ მიიჩნევს, რომ სახეზეა ქართული მონუმენტური ხელოვნების ნიმუშების განადგურების აშკარა ფაქტი. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მშენებლებმა, სკოლამ და სამინისტრომ არ გაითვალისწინეს მისი მნიშვნელობა და დაანგრიეს მოზაიკა.
„ფაქტია, რომ მათ არ მიმართეს რესტავრატორებს, თავად დაუსვეს „დიაგნოზი“ მოზაიკას და დაშალეს.
უპირველესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე მოზაიკური ნამუშევრების რესტავრაცია და კონსერვაცია და ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამედროვე სარესტავრაციო ტექნოლოგიით გათვალისწინებულ ყველა ხელმისაწვდომ რესურსს, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი ქვეყნის მონუმენტური კულტურული მემკვიდრეობის გაქრობა.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მოზაიკური ხელოვნების ნამუშევრები დე-იურე კვლავ განიხილება მხოლოდ იმ არქიტექტურული ნაგებობების კონტექსტში, რომლებზეც ისინი მდებარეობს, დე-ფაქტო მათ აქვთ დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულება.
მოზაიკური ნამუშევრები წარმოადგენენ ქართული ხელოვნების ცალკეულ, მასშტაბურ და ღირებულ შრეს. მათი განადგურება მიუღებელია“, – ამბობს „რიბირაბო“.