დღეს, 3 ივნისს, რამდენიმე უსახლკარო ხელვაჩაურში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ შენობაში შეიჭრა.
„წუხელ, დაახლოებით ღამის 4 საათზე შევიჭერით ყოფილ სამხედრო სახლში, ხელვაჩაურში. ჩვენ ვითხოვთ თავშესაფარს, წლებია მთავრობიდან არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მხოლოდ წყლის შემოტანის უფლება მოგვცეს ახლახან, პოლიციელები არიან ირგვლივ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მაგული ფუტკარაძე. ის სახალხო დამცველის და ყველა შესაბამისი პირის დაინტერესებას ითხოვს, ვისაც უსახლკაროების დახმარება შეუძლია.
უსახლკაროების თქმით, მიტოვებულ შენობაში საცხოვრებელი პირობები არ არის, მაგრამ ისინი ამ შენობის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე მათ ხელისუფლება არ მოუსმენს.
წლებია ბათუმში უსახლკაროები აქციებს მართავენ, თუმცა მათი პრობლემა ხელისუფლებას არ შეუსწავლია, არც შესაბამისი პროგრამა შეუმუშავებიათ, რაც ამ კატეგორიის უსახლკარო ადამიანების ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
უსახლკაროების თქმით, მათთან კონკრეტული პირები შევიდნენ, რომლებიც რამაზ ჯინჭარაძის, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სახელით დაელაპარაკნენ.
„ბატონი რამაზი ვისზეც რა შეუძლია, ყოველთვის ეხმარება, კომუნიკაცია უნდა შევძლოთ,“ – ისმის ჩანაწერში კაცის ხმა, რომელიც უსახლკაროებს გადაუღიათ, თუმცა მისი სახე არ ჩანს.
„სამი წელია დავდივართ, პასუხები მოვიტანოთ?“ – მიმართავენ ჯინჭარაძის წარმომადგენელს უსახლკაროებს.
უსახლკაროები, რომლებიც ახლა ხელვაჩაურში, სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში შეიჭრნენ და მანამდე აქციებით ხელისუფლების ყურადღებას ითხოვდნენ, ბათუმში ქირით ცხოვრობენ. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები…
მაგული ფუტკარაძეც მარტოხელა დედაა. ის შვილთან ერთად ცხოვრობს ახლობლებთან. მაგული ფუტკარაძის შვილი შშმ პირია, თუმცა ამ სტატუსის მიუხედავად იგი პოლიციამ 2024 წლის 19 აპრილს, უსახლკაროების აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავა.
უსახლკაროები 2023 წლის ბოლოს ბათუმში, ერთ-ერთ სახელმწიფო შენობაში შეიჭრნენ. იმის გამო, რომ მათ საკვების და წყლის შენობაში შეტანის უფლება არ მისცეს, მალევე შენობის დატოვება მოუხდათ.
ცოტა ხნის წინ ორგანიზაციის „ხმა ერისა, გზა ხსნისა“ მიერ გავრცელებულ ფეისბუკლაივიდან ჩანს, რომ შენობას, სადაც უსახლკაროები შეიჭრნენ, ჯარისკაცები იცავენ. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს მთავარ შესასვლელთან უნიფორმაში გამოწყობილი პირები არ უშვებენ და პასუხობენ: „ისინი [უსახლკაროები] უნებართვოდ შევიდნენ“.