სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ და დევნიან, ასევე ტელეფონზე ეუმუქრებიან, შსს-ს მიმართეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. გამოძიება ამ შემთხვევაზე არ დაწყებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 2 ივნისს ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება სავარაუდო მუქარის და დევნის შემთხვევებზე. საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო მათ აუცილებლად დაუკავშირდებოდა. საია აქტივისტების ინტერესებს იცავს.
სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმიდან: ციალა ქათამიძემ, კახა და ილია გუჩმანიძეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 31 მაისს მიმართეს. ციალა ქათამიძეს ტელეფონზე დაურეკეს და დაემუქრნენ, გუჩმანიძეეს კი, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კედლებზე დაუტოვეს შეურაცხმყოფელი წარწერები.
„სამი სხვადასხვა ნომრიდან დამირეკეს, მემუქრებოდნენ გაქრობით. ჩემი ოჯახის წევრებსაც ურეკავენ არაიდენტიფიცირებადი ადამიანები. არ გვეშინია, ვერ გაგვაჩუმებენ,“- ამბობს „ბათუმელებთან“ ციალა ქათამიძე, რუსული კანონის წინააღმდეგ ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბათუმში. მისი თქმით, გამოკითხვის შემდეგ, მათ სამართალდამცველი საერთოდ არ დაკავშირებია.
„112-ზე დავრეკე და მიპასუხეს, ჯერ ვერ მოვდივართ, წყალმოვარდნებიაო. მივმართავ აჭარის პოლიციის ხელმძღვანელ პირებს: გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძეს, 112-ის ზარზე მაინც ჰქონდეთ რეაგირება, დეპუტატ დიტო სამხარაძის მუქარის ვიდეოზე მოახდინონ რეაგირება. ასევე მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს აჭარის უმაღლეს საბჭოში, დაგმონ მუქარის ზარები და ძალადობის წამხალისებელი წარწერები ქალაქში,“ – გვითხრა ციალა ქათამიძემ.
რა მუხლით უნდა დაიწყოს გამოძიება? – თამარ წულუკიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, ბოლოდროინდელ თავმდასხმებში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლების: მუქარის, დევნის და იძულების ნიშნებს ხედავს. ის დაუშვებლად მიიჩნევს, შსს-მ ამ და სხვა მსგავს შემთხვევებზე მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყოს.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მუქარა გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ეს მუხლი ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.
იძულება კი, ნიშნავს „ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“.
იძულების მუხლიც ითვალისწინებს, სხვადასხვა სასჯელს შორის, 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
რაც შეეხება დევნას – ეს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაა და გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას, შინაპატიმრობას 6 თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლით.
ამ თემაზე:
დეპუტატი სამხარაძე აღიარებს, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების ორგანიზატორია