მთავარი,სიახლეები

დაიწყოს გამოძიება მუქარის ფაქტებზე – აჭარაში მოქმედი არასამთავრობოები პროკურატურას მიმართავენ

04.06.2024
დაიწყოს გამოძიება მუქარის ფაქტებზე – აჭარაში მოქმედი არასამთავრობოები პროკურატურას მიმართავენ

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პროკურატურას დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც ბათუმში ანტირუსულ აქციებში ჩართულ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებიან.

„ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბათუმში, 2024 წლის 31 მაისიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ზარები ხორციელდება როგორც უცხო სახელმწიფოში, ისე საქართველოში რეგისტრირებული ნომრებიდან.

  • ზარის განმახორციელებლები იყენებენ სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას, ადრესატებს ემუქრებიან ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობით, მიმართავენ შემდეგი სიტყვებით: „აგაორთქლებთ“, „გაგაქრობთ“…

აქტივისტებთან, მათი ოჯახის ორსულ და არასრულწლოვან წევრებთან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან განხორციელებული ზარების სისტემურობა, დავიწროებულ ადრესატთა წრე და სიხშირე აჩენს ვარაუდს, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.

ზარების გარდა, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელი სახლის კედლებზე შეურაცხმყოფელი და ირიბი მუქარის შემცველი წარწერები და უცენზურო ნახატები გაკეთდა, რაც მოქალაქეებს უჩენs საფრთხის და დაუცველობის განცდას.

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ Facebook პოსტში პრაქტიკულად აღიარა, რომ ბათუმში განხორციელებული უკანონო ქმედებები მმართველი გუნდის ორგანიზებულია. მანვე გააზიარა ამის ვიდეომტკიცებულება, ჩანს, როგორ ტოვებენ წარწერებს ოფისებთან და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, აქტივისტების საცხოვრებელ სახლებთან წარწერებს, ჩანაწერებში ისმის მუქარა, შეურაცმხყოფელი ლექსიკა – ეს „ქართული ოცნების“ ე.წ. ტიტუშკების ხელწერა, უკანონობის დამკვეთი კი მმართველი პარტიაა.

მიგვაჩნია, რომ განხორციელებული სატელეფონო ზარები და საცხოვრებელ სახლებთან გაკეთებული ვანდალიზმისა და მუქარის შინაარსის მქონე წარწერები ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის კვალიფიკაციის საფუძველს.

კერძოდ, აშკარაა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა; ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის გამო ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ასევე, აშკარაა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტები.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს/აჭარის პროკურატურას:

  • სათანადო კვალიფიკაციით დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც შესაძლებელია არაერთი მტკიცებულებით დადასტურდეს;
  • უმოკლეს ვადებში მიანიჭოს პირებს დაზარალებულის სტატუსი;
  • საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.“
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“
„მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“
„დემოკრატიის ინსტიტუტი“
„ჩვენი თაობა“
„საორსა“
„შშმ ქალთა ალიანსი“
„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“
„სოლიდარობის თემი“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალი
„მწვანე სექტორი“
„ფლორა და ფაუნა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
„ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“
„ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“

ამ თემაზე: 

გამოძიება არ დაიწყო – „აქტივისტებზე სატელეფონო მუქარის და შეურაცხმყოფელი წარწერების საქმე“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: