მთავარი,სიახლეები

„15 წლის ვიყავი, როცა გამასახლეს: დედა არა, წინდა არა“ – 92 წლის კაცი სტალინურ რეპრესიებზე | ვიდეო

04.06.2024
„15 წლის ვიყავი, როცა გამასახლეს: დედა არა, წინდა არა“ – 92 წლის კაცი სტალინურ რეპრესიებზე | ვიდეო

უმცროსი და ჯერ კიდევ აკვანში იწვა, უმცროსი ძმა სკოლის ასაკისაც არ იყო ჯერ, თავად კი მესამე კლასში სწავლობდა დედა რომ გარდაეცვალათ. ხუთ შვილს ზრდიდა მამა მარტო დედით და მამით ობოლ ბიძაშვილთან ერთად და ვერ წარმოედგინათ, კიდევ უფრო უარესი პერიოდი თუ შეიძლებოდა დასდგომოდათ.

ართმელაძეების შვიდწევრიანი ოჯახი ხულოს სოფელი ბეღლეთიდან, 1951 წლის 21 დეკემბერს, შუა აზიაში, ყაზახეთში გადაასახლეს. მათ გასახლებაში ორი წელი გაატარეს.

„ხშირად მახსენდება გადასახლების დღეც და მთელი ის პერიოდიც, ღმერთმა ის დღე არავის დაუწეროს”, მეუბნება 92 წლის დურაღ ართმელაძე და აგრძელებს: „მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა გადაგვასახლეს. სწავლა არც უკან დაბრუნების შემდეგ გამიგრძელებია.

საბჭო იყო დიოკნისში. 6 მანათს ვიღებდით მრავალშვილიანობისთვის და 12 თვის გვქონდა ასაღები. მამაჩემმა გამგზავნა საბჭოში ამბის გასაგებად და თურმე იქ იციან, რომ უნდა გაგვასახლონ. დაიმალნენ. დამაღამდა და ნათესავთან დავრჩი, შინ ვეღარ გამოვედი.

დილით ავდექი და სოფელში რომ გამოვედი ვნახე, რომ სალდათები ავსებულან. სახლში ავედი და დამიჭირეს. გამოგვასახლეს.

9-10 რუსი სალდათი იყო ჩვენს სახლში მოსული. მთელი სოფელი შეკრებილიყო. ვეცოდებოდით. ტიროდა ქალიც და კაციც.

რვა საათამდე გულს გვიდებდნენ. შემდეგ გვითხრეს – „გასახლებთ!“ დაიწყო ტირილი, კივილი, რას წაიღებ? მაგიდის წაღება არ შეიძლებოდა, ღუმელის წაღება არ შეიძლებოდა. გაჭირვება იყო, შვილო, ტომარასაც ვერ ნახავდი. ერთი დიდი, ჭრელი ხალიჩა გვქონდა. ის ამოვკერეთ და დაუფშვნელი სიმინდი ჩავყარეთ. ეს და 7 „მანათი“ ფული წავიღეთ, მეტი ვერაფერი.

ერთ საათში რისი ჩალაგება უნდა მოგესწრო? ყველა ვტიროდით, ობლები ვიყავით. დედა არა, წინდა – არა… ღმერთმა ისეთი დღე არავის არ დაუწეროს“.

დურაღი იხსენებს, რომ დიოკნისში ფეხით გაიყვანეს ის და მისი ოჯახის წევრები, ხალიჩაში ჩაყრილი სიმინდი კი მარხილით დაადევნეს მეზობლებმა.

„იქიდან მანქანაში შეგვაყარეს და ბათუმამდე ჩამოგვიყვანეს.

სულ ხუთი კვამლი გაგვასახლეს ბეღლეთიდან. მეზობელი სოფლებიდან ბევრნი იყვნენ. არავის უთქვამს ან სად გვასახლებდნენ და ან რამდენი ხნით გვასახლებდნენ.

ბათუმიდან მატარებლის ვაგონებში შეგვყარეს. 17 დღე ვიყავით გზაში.

ტუალეტი? [ვაგონში] ორი კარი გვქონდა მიდებული ერთმანეთზე და შუაში ვედრო დადებული. ეს იყო ჩვენი ტუალეტი.

24 საათის განმავლობაში 200 გრამ პურს და წვნიანს გვაძლევდნენ. არც ხის დივნები გვქონდა, არც ლოგინი და არც არაფერი. იატაკზე გვეძინა ყველას.

ფანჯრიდან ვუყურებდით – ვიღაც მომკვდარიყო გზაში და მიჰყავდათ. სად წაიყვანეს ღმერთმა იცის. არ დაატოვებინეს მკვდარი ვაგონში.

მიგვიყვანეს ყაზახეთის ერთ-ერთ რაიონში. უშიშროებაზე მოსკოვიდან დავალებული იყო, რომ ჩვენ, 7-სულიან ოჯახს ერთი ოთახი გვეკუთვნოდა. გამზადებული იყო ჩვენთვის ეს ერთი ოთახი. იქ შეგვასახლეს. ორი წელი იმ ერთ ოთახში ვიცხოვრეთ.

ყველა სოფელში იყო უშიშროების სახლი“, – იხსენებს დურაღი და კიდევ ერთხელ იმეორებს. – „ღმერთმა არავის დაუწეროს ეს დღე“.

დურაღ ართმელაძე. ფოტო/ბათუმელები

92 წლის კაცი გვიყვება, რომ გადასახლების დღეს, როცა სოფლებიდან თავს უყრიდნენ გასასახლებელ ოჯახებს, ერთი მანქანა ავარიაში მოჰყვა და კაცი შუახევიდან მძიმედ დაშავდა.

„თერმიზა დატოვეს და მისი ცოლი და შვილები ჩვენს ვაგონში შემოყარეს. ერთ სოფელში ვიყავით გადასახლებული. ზოგი ფულს აძლევდა, ზოგი პურს. ძალიან უჭირდათ.

ჩვენი ოჯახიდან ხუთი ადამიანი ვმუშაობდით კოლექტივში. რაღაც დროს იქ იმაზე მეტად აღარ გვიჭირდა, ვიდრე აქ, მაგრამ საქართველოში მტერი რომ მტერია ის მოგვენატრა.

1550 კილომეტრის სიშორიდან, ამას ყაზახები ამბობდნენ, კანაო მოდიოდა და იმას ვსვამდით. ჩემს ეზოში რომ წყალია მასზე ითქმება რაიმე?

ორი წლის შემდეგ დაგვაბრუნეს. ჩვენი უკან წამოსვლის დღეც მწარე იყო. ყველა ვერ წამოვიდა მაშინ და გვეუბნებოდნენ, თქვენ მიდიხართ და ჩვენ ვრჩებითო.

რუსულ ენაზე მოვიდა ცნობა მოსკოვიდან, რომ ჩვენ გათავისუფლებული ვიყავით.

ორი დღე მოგვცეს მოსამზადებლად. ორ დღეში მანქანა მოვა და რაც გაქვთ შეაყარეთო“, – გვიყვება დურაღი.

92 წლის კაცს ვკითხე, რომ ჩამოხვედით, ცხოვრება საიდან დაიწყეთ-მეთქი? გულდაწყვეტით მიპასუხა, მაგას ნუღარ მკითხავო.

უკან დაბრუნებულ ართმელაძეების ოჯახს ცხოვრების ნულიდან დაწყება მოუხდა.

„ძროხებს კოლექტივი დაჰპატრონებოდა. ერთი ძროხა არ დაგვიბრუნეს, მოვლაში დაგვიჭირეს.

ძროხას ვინ ჩივის, რომ ჩამოვედით.

ბათუმში რომ ჩამოვედით ერთმანეთს მაგრად გადავეხვიეთ და დავემშვიდობეთ: ზოგი ხიხაძირიდან იყვნენ, ზოგი ჭვანიდან, ღორჯომიდან, ხულოდან“, – მეუბნება დურაღი და იმეორებს. „ღმერთმა გადასახლების დღე არავის დაუწეროს. მწარე დღე იყო.

ერთი კაცი იყო, მევლუდი ერქვა. იქ მოკვდა. არავინ ჩვენიანი არ იყო.

სულ რომ გლახა იყოს შვილო, შენი სოფელი სამოთხესავით მოგენატრება. ბეღლეთი რა მოსანატრია? მაგრამ აუცილებლად მოგენატრება შენი სოფელი, მეზობლები, ხალხი“.

დურაღი იხსენებს, რომ სოფელში დაბრუნების პირველ დღეს, ფეხით მიმავალი სკოლიდან დაინახეს – „მიყვიროდნენ – შემოდი, შემოდიო. შეიყარნენ მასწავლებელი, მოსწავლეები. ოთხი საათი დავრჩი იქ“.

მიუხედავად იმის, რომ დურაღს მხოლოდ 7 კლასის განათლება აქვს, მას ბეღლეთსა თუ მეზობელ სოფლებში ყველა წიგნის მოყვარულ კაცად იცნობს. მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მისულსაც წიგნის კითხვის პროცესში დამხვდა.

დურაღ ართმელაძე. ფოტო/ევა ართმელაძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: