გუშინ, 22 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და პრეზიდენტის დაღუპვის გამო ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა. მოგვიანებით კი თეირანში გაფრინდა პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიალზე.
ირანული მედიის თანახმად, „ოთხშაბათს ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე დამსწრე უცხოელი მაღალჩინოსანი პირების სიამ ხაზგასმით აჩვენა, რომ თეირანის მცდელობამ შეემსუბუქებინა აშშ-ის სანქციები და გაეუმჯობესებინა ურთიერთობა მეზობლებთან, შედეგები გამოიღო.
ირანი ბევრს მუშაობდა აშშ-ის რიგი სანქციების გასანეიტრალებლად, რომელიც გამკაცრდა როგორც დონალდ ტრამპის, ისე ჯო ბაიდენის დროს. რეგიონის ბევრ ქვეყანას სურს განაგრძოს ირანთან ბიზნესის კეთება ან დიპლომატიური კავშირების ღიად შენარჩუნება, მაშინაც კი, თუ ეს ეწინააღმდეგება ვაშინგტონის სურვილებს“.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? – პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორის, თორნიკე გორდაძის შეფასებით, „ვხვდებით იმ გარემოცვაში, როგორიც არის რუსეთი და ირანი“.
„რუსეთი და ირანი ერთად იბრძვიან სირიაში, ისინი ებრძვიან დასავლურ ინტერესებს, მათ აქვთ საერთო ინტერესები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომში ირანი არის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს.
მაშინ, როცა უკრაინასთან სრულიად გაფუჭებული გვაქვს ურთიერთობა, იმ ფონზე, როცა დასავლეთს ფაქტობრივად ბრალს ვდებთ საქართველოს სუვერენიტეტის შებღალვაში, ვხვდებით იმ გარემოცვაში, როგორიც არის რუსეთი და ირანი.
ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის მთლიანი შებრუნება“, – ასე ეხმაურება პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე ირანში საქართველოს პრემიერის ვიზიტს.
თორნიკე გორდაძემ ირანში პრემიერის ვიზიტი შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სრულიად საკმარისი იქნებოდა ირანში პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოდან საპარლამენტო დონის დელეგაცია ჩასულიყო.
„გასაგებია, რომ მეზობელი ქვეყანაა და მისამძიმრება ჩვეულებრივი დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილია. შეიძლებოდა საქართველოდან წასულიყო საპარლამენტო დელეგაცია და სავსებით საკმარისი იქნებოდა.
როდესაც ქვეყნის პირველი პირი მიდის იქ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ამას აკეთებენ რაღაცისთვის ხაზის გასასმელად, რომ ჩვენ ახალი, განსაკუთრებული ურთიერთობები გვინდა ამ ქვეყანასთან – ირანთან, რომელიც არის რუსეთ-ირანის ღერძის შემადგენელი,“ – თქვა თორნიკე გორდაძემ.

თორნიკე გორდაძე, პარიზის პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი
——————————————————————————-
22 მაისს, თეირანში დაუანონსებელ ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ თბილისში, ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ირანის და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიალზე ჩავიდნენ ტუნისის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები, კატარის ემირი შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი ტამიმი, ერაყის პრემიერ-მინისტრი მუჰამედ შია ალ სუდანი, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
ირანში იმყოფებიან რუსეთის დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, პაკისტანის პრემიერი და ვიცე-პრემიერი, ჩინეთის ვიცე-პრემიერი, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვები.
რაისის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრნენ ასევე „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე და „ჰეზბოლას“ ლიდერის მოადგილე ნაიმ ქასემი. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფებების ლიდერები ცერემონიალზე გამოჩნდნენ „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ სკანდირების ფონზე.
ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი 19 მაისს, ვერტმფრენის ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ.
იბრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი 2021 წელს გახდა, რასაც ირანში მოჰყვა რეპრესიების გაძლიერება მოქალაქეთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდების პროტესტის სასტიკი ჩახშობა, რასაც არაერთი ახალგაზრდის მკვლელობა და სიკვდილით დასჯა ახლდა.
ირანი უკვე მრავალი წელია, საერთაშორისო სანქციების ქვეშაა და მისი ავიაცია უკიდურესად მოძველებულია, რადგან ავიახომალდებისა და მისი ნაწილების მწარმოებლებს აკრძალული აქვთ ამ ქვეყნისთვის რაიმე სახის პროდუქციის მიწოდება.






