სიახლეები

“ინფორმირებულობა ყველაზე დიდი იარაღია – მოქალაქეს შეუძლია თავისი უფლებებიც დაიცვას და სხვისიც”

03.06.2024
“ინფორმირებულობა ყველაზე დიდი იარაღია – მოქალაქეს შეუძლია თავისი უფლებებიც დაიცვას და სხვისიც”

როგორ შეიძლება მივიღოთ ჯანდაცვის სერვისებზე ინფორმაცია, სად უნდა მოვიძიოთ, ვის უნდა მივმართოთ და რა ვადაში მივიღებთ პასუხს – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებს აინტერესებთ ჯანდაცვის კუთხით.

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის სოფლებში მცხოვრები ქალების, ბავშვების, მოხუცების და შშმ პირების ინფორმირებისთვის „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 12 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ საინფორმაციო კამპანიების ჩატარება საიას პროექტის დახმარებით შეძლო. „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“, – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების დაფინანსება აჭარის რვა სოფელში.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ჯამში ჩაატარა 12 საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 279 ადამიანი დაესწრო. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი.

შეხვედრა მოსახლეობასთან

„გარდა ამისა, 4 მუნიციპალიტეტის 8 სოფელში ავიყვანეთ ექიმები, სკრინინგისთვის საჭირო აპარატურა და ჩავატარეთ უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, აივ შიდსსა და ტუბერკულოზზე. პროგრამით ჯამში 155 ადამიანმა ისარგებლა,“ – გვიყვება ქეთევან ადეიშვილი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი.

ქეთევან ადეიშვილის თქმით, აჭარის სოფლებში მცხოვრები მოწყვლადი მოსახლეობის ინფორმირება ჯანდაცვის პროგრამების შესახებ, პროექტის მთავარი გამოწვევა იყო.

„წლის განმავლობაში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ატარებს 60-ზე მეტ შეხვედრას სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან. ყველა დისკუსიის შემდეგ  მოსახლეობას ჰქონდა ხოლმე შეკითხვები ჯანდაცვის პროგრამებზე.

საიას დახმარებით მივიღეთ მცირე გრანტი, რომლითაც შესაძლებელი გახდა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობამდე მიგვეტანა ინფორმაცია ჯანდაცვის ყველა იმ პროგრამის შესახებ, რომელიც რეგიონში მოქმედებს.

გვჯერა, რომ ინფორმირებული მოქალაქე არის თავდაჯერებული მოქალაქე. ინფორმირებულობა არის ყველაზე დიდი იარაღი, იმიტომ, რომ ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია თავისი უფლებებიც დაიცვას და სხვისიც.

მსგავსი ტიპის სერვისებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, საჯაროობა, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა, არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ – ამბობს ქეთევან ადეიშვილი, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: