მთავარი,სიახლეები

10 წლის შემდეგ „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმე“ თავიდან დაიწყება – მოსამართლე გამოცვალეს  

07.06.2024
10 წლის შემდეგ „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმე“ თავიდან დაიწყება – მოსამართლე გამოცვალეს  

ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ჯერ უცნობია, ამჯერად რომელი მოსამართლე მოუსმენს ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ჩვენება წლების წინ მისცეს სასამართლოს და სამართალი ვერ იპოვეს.

ყოფილი პატიმრებიდან რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც.

ამ საქმის განხილვა განსაკუთრებით გაჭიანურებულია – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა.

„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ მოსამართლე კოტე ჭილაია განიხილავდა. მას 2024 წლის 18 ივნისს მოსამართლის უფლებამოსილება უწყდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს, რომ კოტე ჭილაია 19 ივნისამდე იმუშავებს ბათუმის სასამართლოში. აქ ვერ გვითხრეს, სად განაგრძობს მუშაობას მოსამართლე, რომელსაც გამოსაცდელი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება.

მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე იუსტიციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ბოლო პერიოდში უვადოდ გამწესებულთა სიაში კოტე ჭილაია არ იძებნება. ადვოკატების თქმით, კოტე ჭილაიას უვადო მოსამართლეობაზე უარი უთხრეს.

მოსამართლე კოტე ჭილაიას შესახებ „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე სათადარიგო მოსამართლე დანიშნული არ არის, საქმის განხილვა თავიდან იწყება.

მაგალითად, თავდაპირველად ამ საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა. ის 2021 წელს სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა და საქმე კოტე ჭილაიას ჩააბარეს. შესაბამისად, ამ მოსამართლემ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 6 ივნისს ვერ გვითხრეს, ამ საქმეზე იყო თუ არა დანიშნული სათადარიგო მოსამართლე. ბოლო სხდომაზე, რომელსაც „ბათუმელები“ ესწრებოდა, საქმეს მხოლოდ მოსამართლე კოტე ჭილაიას განიხილავდა. მან მორიგი სხდომა 2024 წლის ივნისში ჩანიშნა.

ივნისში კი, როგორც ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, ჯერ არაა ჩანიშნული სხდომა „ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“.

ბრალდებული ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა არიან. ისინი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამართლოს გათავისუფლებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: