მთავარი,სიახლეები

როცა ევროსასამართლოში საქმეს იგებ, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იცავ საკუთარ უფლებას

03.06.2024 •
როცა ევროსასამართლოში საქმეს იგებ, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იცავ საკუთარ უფლებას

„როცა მოსამართლე ვერ იცავს თავს და ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, ეს ძალიან ცუდი მაგალითია. ძალიან საშიში, რადგან უბრალო მოქალაქეები ვერ მიაღწევენ სამართალს და სამართლიანობაც ვერასდროს დამკვიდრდება იმ სტანდარტით, რასაც ევროკონვენცია ითვალისწინებს,“ – გვიყვება ყოფილი მოსამართლე ზურაბ გაბაიძე.

ამ მოსამართლემ დავა სტრასბურგის სასამართლოში მოიგო, დადგინდა, რომ მისი უფლებები საქართველოში დაირღვა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მოსამართლის საქმეზე არ ასრულებს.

ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე მუშაობს, შენიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება კიდევ უფრო მკაფიო გახდა: ევროინტეგრაციის ხელშეწყობის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ევროსასამართლოს აიგნორებს და მოსამართლეების საქმეებზეც კი, არ ასრულებს გადაწყვეტილებებს.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება კანონით სავალდებულოა.

„მთავრობა თავს იწონებს, რომ აი, შემცირდა საქმეთა რაოდენობა საქართველოს წინააღმდეგ. ეს გამოწვეულია არა იმით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ხარისხობრივად გაუმჯობესდა, არამედ სამწუხაროდ იმით, რომ ადამიანებს აღარ აქვთ ევროსასამართლოს მიმართ ის დამოკიდებულება, რაც ადრე ჰქონდათ – ხედავენ, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებებს არ ასრულებს,“ – აღნიშნავს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გარდა, საქართველოში მომუშავე მოსამართლეები ვალდებული არიან, ევროსასამართლოს დადგენილი პრაქტიკა გაითვალისწინონ. მოსამართლეები მიუთითებენ კიდეც სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას, თუმცა უფლებადამცველების შეფასებით, მხოლოდ შაბლონურად.

  • ყოფილი მოსამართლე: მე ხელახლა მივმართე სტრასბურგის სასამართლოს 

მარინა გლოველმა, ყოფილმა მოსამართლემ საქართველოს წინააღმდეგ დავა 2022 წელს მოიგო. ის 2005 წლამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, 2017 წელს, მოსამართლეების კონკურსში გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. ყოფილ მოსამართლეს უთხრეს, რომ კვალიფიკაციის ზღვარი ვერ გადალახა.

ევროსასამართლომ გლოველის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. რა მოხდა შემდეგ?

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აქ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღეს. მომწერეს, რომ ეს იუსტიციის საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილება იყო, მაგრამ დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თვითნებობას.

თავს ვიკავებდი, ვიფიქრე, ისევ რომ შევიტანო საჩივარი, ხელი არ შევუშალო კანდიდატის სტატუსს, მაგრამ რასაც ვუყურებდი, ამათ სხვა მოქმედებებს, ჩავთვალე, რომ აზრი არ ჰქონდა: 2023 წელს ხელახლა მივმართე ევროსასამართლოს, ჯერ არ მიმიღია გამოხმაურება,“ – გვიყვება მარინა გლოველი, ყოფილი მოსამართლე და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

როდესაც მოსამართლის საქმეზე არ ხდება აღსრულება, წარმოიდგინეთ რიგითი მოქალაქის გადაწყვეტილებაზე რა აღსრულებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ?“ – კითხულობს ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც ევროსასამართლოში ყოფილი მოსამართლის ინტერესებს იცავდა.

„ევროსასამართლომ ამ საქმეზე თქვა, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა არ არის ევროკონვენციის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი. მიუხედავად ამისა, ამ ქალბატონის კანდიდატურა მოსამართლის თანამდებობაზე არ იქნა განხილული და გადაწყვეტილი,“ – დასძინა ლია მუხაშავრიამ.

„ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6(1) მუხლის დარღვევას,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს მუხლი გულისხმობს საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას.

ევროსასამართლოში წასვლამდე კი, მარინა გლოველს საჩივარი საკვალიფიკაციო პალატაში შეუტანია. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო და დისკრიმინაციული იყო. საქმეს თარ ერთოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის სატელევიზიო კომენტარი, საბჭოს წევრებს „პროტეჟე“ კანდიდატები ჰყავთ და თვითნებურად დაწიეს მოსამართლეობის სხვა კანდიდატების შეფასების ქულებიო.

მარინა გლოველი

რატომ აღმოჩნდა მარინა გლოველი სასამართლო სისტემისთვის მიუღებელი? – სასამართლო კლანზეც გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას ყოფილი მოსამართლე.

„თავის დროზე რეზერვში რომ ჩამრიცხეს, ვალერი ცერცვაძე შემხდა და მითხრა, თქვენ რჩებით, ვიცით, რომ ყველაზე მეტ საქმეს განიხილავთ, კვალიფიციური ხართ და ობიექტურიო. მერე მეუბნება, დავალებებზე რას ფიქრობთ ისეო. ვუთხარი: ჩემზე ამბობენ, პრეზიდენტმაც რომ დარეკოს, ან გაეროდან რომ დაურეკონ, უკანონოდ გადაწყვეტილებას არ მიიღებსო. ასეა-მეთქი. კარგად ბრძანდებოდეთო. მეტი არაფერი უთქვამს, თუმცა მივხვდი, რომ აღარ მნიშნავდნენ. კმაყოფილი ვარ, რომ არ დამტოვეს, თუ დავალებები უნდა შემესრულებინა.

სააკაშვილმა დაანგრია სასამართლო, მაგრამ ამათ არაფერი შეცვალეს. იგივე ხალხი დატოვეს. კობახიძე გვეუბნება, ცუდები იყვნენ, ახლა კარგები გახდნენო. რა თქმა უნდა, გაძლიერდნენ და გამყარდნენ. ივანიშვილმაც ხომ ნახეთ რამხელა მხარდაჭერა გამოუცხადა სასამართლოს, ვეტინგი არაა სწორი, კარგი სასამართლო გვაქვსო. სააკაშვილი ამას მაინც არ ამბობდა, კარგი მოსამართლეები გვყავსო,“ – გვითხრა მარინა გლოველმა.

რა პოზიცია ჰქონდა უზენაეს სასამართლოს მარინა გლოველის საქმეზე?

„უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში შემდეგი ძირითადი მიზეზები მოიყვანა: „…მოსამართლეობის კანდიდატმა ვერ შეძლო, რომ [შეფასების] კომპეტენციის კომპონენტში მიეღო მინიმალური გამსვლელი ქულა, რის შედეგადაც მისი კანდიდატურა არ დადგა კენჭისყრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. შესაბამისად, [სასამართლოების შესახებ კანონის] 35(12)-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა არ იყო დაკმაყოფილებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის ორგანოს არ განუხილავს დანიშვნის შესახებ განცხადება და შესაბამისად, არ გამოუცია გადაწყვეტილება მომჩივნის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას [საკვალიფიკაციო პალატაში]… [ამ] მიზეზების გამო, საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს მიუღებლად მიიჩნევს,“ – ვკითხულობთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

„სასამართლო [ევროსასამართლო] ვერ მიიღებს მთავრობის არგუმენტს, რომ მომჩივანი არ აკმაყოფილებდა სასამართლო კონკურსში მონაწილეობის „კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს“.

მისი განაცხადი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინასწარ შეარჩია სასამართლო კონკურსში მონაწილეობისთვის და ის ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი სასამართლოების შესახებ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

მომჩივანმა ასევე გაიარა წარსულის შემოწმება და გასაუბრება.

…თუმცა მოსამართლეთა დანიშვნა წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობდა მოთხოვნას, რომ საჯარო ხელისუფლების ორგანოების ყველა გადაწყვეტილება [მოქმედება], რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებს, გასაჩივრებული და განხილული ყოფილიყო სასამართლოში,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ყოფილ მოსამართლეს საჩივარში ჩაუწერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის შესახებ: „კანდიდატების შერჩევასა და გარიცხვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს დასაბუთებული, სასამართლო გასაჩივრების შესაძლებლობით“.

„უნდა გაუქმებულიყო ის გადაწყვეტილება, რომლითაც მე დამიწუნეს. ეს იქნებოდა სამართლიანი,“ – გვიყვება მარინა გლოველი. – „წესით 4 თვეში უნდა გამესაჩივრებინა პალატის გადაწყვეტილება და მე დავაგვიანე, რადგან არ მქონდა გადაწყვეტილი, მიმემართა ხელახლა თუ არა სტრასბურგის სასამართლოსთვის. თუ ეს არ ჩამითვალეს ხარვეზად, ვფიქრობ, ისევ მოვიგებ,“ – აღნიშნა მარინა გლოველმა „ბათუმელებთან“.

რა მასშტაბის საფრთხესთან გვაქვს საქმე, როცა ხელისუფლება მოსამართლის საქმესთან დაკავშირებითაც არ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს და რუსულ კანონს იღებს? – ვეკითხებით ყოფილ მოსამართლეს.

„როცა კონსტიტუციაში გიწერია, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციისთვის, არ უნდა იმოქმედო ისე, რომ ამას ხელი შეეშალოს.

„ამას წინათ, ჩემი დის შვილიშვილმა მკითხა, რას ვფიქრობდი ამ კანონზე. ბავშვია და ასე ავუხსენით: მე რომ გითხრა, გესტუმრო უნდა, მაგრამ ისე შემოვალ შენს სახლში, მივანგრევ და მოვანგრევ იქაურობას, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, შემომიშვებ-მეთქი?

ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მიგვიღონ ევროკავშირის წევრად. გვითხრეს, რა არის საჭირო და ჩვენ ვეუბნებით, არა ბატონო, მე მაინც ის უნდა გავაკეთო.

ჩემი გადასახედიდან ასე ვუყურებ: მნიშვნელობა არა აქვს, რა წერია მაგ კანონში. გეუბნებიან, რომ არ მიიღო ეს კანონი, თუ გინდა გაწევრიანება ევროკავშირში. რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღო.

როცა კონსტიტუციაში გიწერია, რომ ჩვენმა ხელისუფლების ორგანოებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ კავშირში, არ უნდა იმოქმედო ისე, რომ ამას ხელი შეეშალოს. ჩემი პოზიცია ეს არის,“ – გვითხრა მარინა გლოველმა და დასძინა, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, ქართველი ხალხის ისეთ სულიერ შემართებას ვხედავ და ევროკავშირის ქვეყნების განწყობას საქართველოს მიმართო.

  • კიდევ ერთი ყოფილი მოსამართლე: „მოქმედი ხელისუფლება აიგნორებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს 

არც ბათუმელ მოსამართლეს გაუმართლა – ზურაბ გაბაიძემაც მოიგო ევროსასამართლოში საქმე, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში უთხრა, რომ სისტემაში მისი ადგილი არ არის.

„საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა ზერელედ განიხილეს ჩემი საქმე და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღეს,“ – კატეგორიულია ყოფილი მოსამართლე. ის ხულოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე იყო და 2005 წელს გაათავისუფლეს.

მრავალწლიანი დავა 2017 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ყოფილი მოსამართლის სასარგებლოდ დასრულდა.ზურაბ გაბაიძე ახლა ბათუმში ადვოკატად მუშაობს.

„ჩემი აღდგენა იქნებოდა სამართლიანი, რადგან სახელმწიფოს აქვს რესურსი, როცა არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს [სამართლიანი სასამართლოს უფლება], ვალდებულია დამდგარი ზიანი აანაზღაუროს. სამართლიანი იქნებოდა პრეზიდენტის ბრძანებულების [2005 წელს მოსამართლის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებდა] გაუქმება და ჩემი სამსახურში აღდგენა.

ბოლოს მივწერე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, რომ აღარ ვითხოვ მოსამართლედ აღდგენას, რადგან საპენსიო ასაკს მივაღწიე, მარტო ვითხოვდი მიუღებელი ხელფასს, რომ მიმეღო, მაგრამ ამასაც ვერ მივაღწიე.

გასულ წელს მივწერე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომ არ აღასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. ამ დრომდე პასუხი არ მიმიღია,“ – გვითხრა ზურაბ გაბაიძემ.

ზურაბ გაბაიძე

ზურაბ გაბაიძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მის მიერ ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ დაუწყიათ და იგი მსჯავრდებულის 14 დღით უკანონო პატიმრობაში დატოვებას ეხებოდა. გაბაიძის მიმართ წარსულში დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ იყო, მაშინდელმა მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს კოლეგიამ კი, მისი გადაცდომა შეაფასა, როგორც მიუღებელი და გადაწყვიტეს მოსამართლე გაეთავისუფლებინათ.

ზურაბ გაბაიძემ სტრასბურგის სასამართლოს მიწერა, რომ მისი საქმე არ განუხილავს მიუკერძოებელ სასამართლოს, რადგან ერთი და იგივე 3 მოსამართლე მონაწილეობდა, როგორც პირველ, ასევე სააპელაციო დისციპლინურ სამართალწარმოებაში.

საქართველოს მთავრობა ამ საქმეზე ამტკიცებდა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი [სამართლიანი სასამართლოს უფლება] არ ვრცელდებოდა ამ შემთხვევაზე.

„სასამართლო იმეორებს, რომ წამყვან და მსგავს საქმეში „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „სამოქალაქო“ ნაწილი ვრცელდება საერთო სასამართლოების მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის შესაბამისად წარმოებულ დისციპლინურ სამართალწარმოებაზე. შესაბამისად, არგუმენტი მიუღებლობის თაობაზე უარყოფილ უნდა იქნეს წინამდებარე საქმეში,“ – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

„მოქმედი ხელისუფლება აიგნორებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს. ჩემს საქმეზე ევროსასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა ყველა იმ დოკუმენტის ძალა, რის საფუძველზეც პრეზიდენტის ბრძანებულება იქნა გამოცემული. მივმართე სასამართლოს ზუსტად ამ მოთხოვნით, რომ ბათილად უნდა მიეჩნიათ ეს აქტი, რომლითაც მე გამათავისუფლეს და აღვედინე მოსამართლის პოზიციაზე…

როდესაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებით საქართველოს უმტკიცდება კონვენციის შესაბამისი პუნქტის დარღვევა, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს და გამოსწორდეს დარღვევა. მეორე და მესამე ასეთი შემთხვევა არ უნდა იყოს. დღემდე ჩემი და კიდევ 5 მოსამართლის საქმე საქართველოდან აღუსრულებელ საქმეთა სიაშია,“ – აღნიშნა ზურაბ გაბაიძემ „ბათუმელებთან“.

  • ლია მუხაშავრია: ევროსასამართლოში საქმის მოგებით არ უნდა სრულდებოდეს პროცესი 

„მოსამართლეებმა მოიგეს საქმე და აქაურმა სასამართლომ უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კი, სტრასბურგის სასამართლომ აღიარა ფუნდამენტი უფლებების დარღვევა და მსხვერპლი ხართო, მაინც არ ვცნობთ ამას და როგორც მოსამართლეს, არ აღგადგენთო,“ – გვიყვება ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი და ადვოკატი, რომელიც ბოლო წლებია ლანჩხუთის სოფელ შუხუთიდან მუშაობს ევროსასამართლოს საქმეებზე.

„პირობებს შორის, ერთ-ერთი ქვეპუნქტი იყო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ადეკვატური და ჯეროვანი აღსრულება. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ევროსასამართლოში საქმის მოგებით არ უნდა დამთავრდეს საქმე. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა გადაისინჯოს ქვეყნის შიგნით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლის გამოც ევროსასამართლომ დარღვევა დაადგინა. ადამიანს კომპენსაცია უნდა მიეცეს არამხოლოდ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც მან ქართულ სასამართლო სისტემაში წააგო თავის დროზე.

მაგალითად, ასანიძის საქმეზე ევროსასამართლომ დაადგინა არამხოლოდ ევროკონვენციის დარღვევა, არამედ გათავისუფლდა კიდეც ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უკანონო პატიმრობიდან. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება. მას აქეთ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ და მხოლოდ რეგრესი განიცადა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თვალსაზრისით.

„როინ შავაძის საქმეზეც“ დამნაშავე პირების იდენტიფიცირება არ მომხდარა სრულად, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ დანაშაულში. არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება. ჩვენი მიზანი და სურვილი ხომ ეს იყო, ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოძიება,“ – ამბობს ლია მუხაშავრია.

ლია მუხაშავრია

უფლებადამცველის დაკვირვებით, მოსამართლეებიც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების დროს ზერელედ, შინაარსობრივი გააზრების გარეშე უთითებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

„თუკი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს ინდივიდის მიმართ არ ითვალისწინებენ, როგორ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართველი მოსამართლეები ითვალისწინებენ ზოგადად პრაქტიკას? იმის გაცნობიერება, რომ, ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ან იტალიის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პირდაპირ უნდა მოქმედებდეს ჩვენ მართლმსაჯულებაზე, ეს შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ტრენინგი ჩაუტარდათ მოსამართლეებს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, მათი ციტირებები გადაწყვეტილებებში აბსოლუტურად აცდენილია ამ გადაწყვეტილებების არსს და მოთხოვნებს, სრულიად უადგილოდ არის ხოლმე მოხმობილი.

ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა დაგვავალა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ჯეროვანი აღსრულება. ძალიან ბევრ მოსამართლეს ჩვენდა სამწუხაროდ არსობრივად არ ესმის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელობა და ევროპული სასამართლოს იურისდიქცია: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთება უნდა აისახოს ქართული სასამართლო სისტემის კონკრეტულ გადაწყვეტილებებში.

შესაბამისად, მოსამართლეების მხრიდან ევროსასამართლოს პრაქტიკის მითითებას ხშირად შაბლონური ხასიათი აქვს და ემსახურება იმის ჩვენებას, რომ მოსამართლე თითქოს კარგად ერკვევა ამ საკითხში. ვინც კარგად ვერ ერკვევა ამ საკითხში, რა თქმა უნდა, ვერ გადაამოწმებს ეს კონკრეტული პრეცედენტი, რასაც მოსამართლე უთითებს, რამდენად შეესაბამება გადაწყვეტილებას, სადაც ის არის მოხმობილი. აშშ-ში, მაგალითად, თუ არარელევანტური მაგალითი მოიყვანა ადვოკატმა, ეს ეთიკის სერიოზულ დარღვევად ითვლება, შეიძლება, სამსახურიც კი დაკარგო. ჩვენთან კი, მოსამართლეს არაფერი მოეკითხება,“ – უყვება ლია მუხაშავრია „ბათუმელებს“.

მოსამართლეები რომ ხშირად რელევანტურად არ ახსენებენ დასაბუთებაში სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, ეს კვლევითაც დასტურდება. „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ და „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ 2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში „საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი“ რამდენიმე შემთხვევაა განხილული, როცა მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უთითებს, მაგრამ შაბლონურად.

ერთ-ერთი ასეთი საქმე გახმაურებული „კარტოგრაფების საქმეა“. კვლევაში ვკითხულობთ:

„განჩინებაში მოხმობილია საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება და ასევე სტრასბურგის ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, თუმცა არარელევანტურად, ვინაიდან თავად განსახილველი განჩინების მთელი შინაარსი ეწინააღმდეგება სტრასბურგის მითითებულ გადაწყვეტილებას.

კერძოდ, განჩინებაში ციტირებულია 1990 წლის საქმე ფოქსი, კემპბელი და ჰარტლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [Fox, Campbell and Hartley v. UK}, რომელიც პრეცედენტული მნიშვნელობისაა და ამ საქმეში სტრასბურგის სასამართლოს მიერ პირველად განისაზღვრა „გონივრული ეჭვის“ კონცეფცია.

გონივრული ეჭვი გულისხმობს ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ პირს შესაძლოა, ჩაედინა სამართალდარღვევა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს „გონივრულად“, დამოკიდებულია ყველა შესაბამის გარემოებაზე.

ზემოხსენებულ საქმეში სასამართლომ დაადგინა დარღვევა. ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო უბრალოდ ციტირებს სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა საკუთარ მსჯელობაში არ უთითებს არც ერთ გარემოებას [გარდა ზოგადი დაშვებებისა და ვარაუდებისა], რაც დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების არსებობაში.

მართალია, გადაწყვეტილებაში მოცემულია საპროცესო კანონმდებლობის ნორმათა ციტირება, თუმცა ამ ნორმათა მხოლოდ ციტირება არ აქცევს გადაწყვეტილებას დასაბუთებულად,“ – აღნიშნულია კვლევაში.

ევროსასამართლოს პრაქტიკა მიუთითებია თავის გადაწყვეტილებაში, მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს, როცა მან 2024 წელს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. გელა მთივლიშვილი გამოსახლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ჟურნალისტმა მოასწრო ვიდეოგადაღება, რომლითაც დასტურდება, რომ მას სამართალდამცველებმა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და დააკავეს. ნეიტრალური და ვიდეომტკიცებულების მიუხედავად, მოსამართლემ ჟურნალისტი დააჯარიმა და დასაბუთებაში ევროსასამართლოს პრაქტიკა ახსენა:

„მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს ეყო თავხედობა, თავხედობა ჰქვია ამას, როცა თავის გადაწყვეტილებაში სრულიად გაუგებრად იხმობს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სრულიად დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება,“ – ამბობდა „ბათუმელებთან“ გელა მთივლიშვილი, როცა ვსაუბრობდით: როგორ აქტიურად ეხმარება სასამართლო „ქართულ ოცნებას“ პროტესტის ჩახშობაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: