ბათუმი,მთავარი,სიახლეები

არსებობს „ოცნების ქალაქში“ კორპუსებში შეჭრის საშიშროება – სამინისტრო ბინებს 1 თვეში გასცემს

07.06.2024 •
არსებობს „ოცნების ქალაქში“ კორპუსებში შეჭრის საშიშროება – სამინისტრო ბინებს 1 თვეში გასცემს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაცვის პოლიციასთან „ოცნების ქალაქში“ ახალაშენებული კორპუსების დასაცავად ხელშეკრულებას გააფორმებს. სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს კორპუსებში მოქალაქეთა თვითნებურად შეჭრის მაღალი რისკი.

„მოქალაქეების მიერ მასობრივად, თვითნებურად დაკავების საშიშროების არსებობიდან გამომდინარე“ პოლიციის მიერ კორპუსების 1 თვის განმავლობაში დასაცავად სამინისტრო 54 999 ლარს გადაიხდის. აჭარის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ახალაშენებული სოციალური სახლების მოკვლევის ოქმიდან

 

„გაცნობებთ, რომ არსებობს მოქალაქეთა ჯგუფის მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩა, N47დ – ში მდებარე 9 327 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული N1, N2, N3 შენობა-ნაგებობების თვითნებურად დაკავების მაღალი რისკი“, – წერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის 7 ივნისის წერილში.

შესყიდვების პორტალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განაცხადში კი აღნიშნულია, რომ „არსებული ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე ბენეფიციარებისთვის ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ვადად [დაცვის პოლიციისთვის] განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი.“

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ბინების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად / 6.06.2024

5 ივნისს, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ბინა კი, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე 582 ბინაა გასაცემი.

„დანარჩენი ოჯახების სიაც შედგენილია, თუ ვინ მიიღებს ბინას და მათ სამინისტროს წარმომადგენლები უკვე უკავშირდებიან.“ – გვითხრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

აჭარის მთავრობის 6 ივნისის ინფორმაციით, „ოცნების ქალაქში“ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართობების გადაცემის პროცესი გრძელდება. დღეს ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ 35 ოჯახზე გადანაწილდა.“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ოჯახების ნაწილს სურვილი ჰქონდათ ბინები ადგილზე დაეთვალიერებინათ, თუმცა დაცვამ ამის საშუალება მათ არ მისცა – უთხრეს, რომ კორპუსებში „ჯერ ვერ შეუშვებდნენ“.

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ კორპუსების მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 38 745 999 ლარზე ჰქონდა გაფორმებული. ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა და მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ეს ვადა შეიცვალა და სახელშეკრულებო ღირებულებაც 40 973 388 ლარამდე გაიზარდა.

მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ 4 თვის უკან უთხრეს, რომ კორპუსების მშენებლობა დასრულებული იყო.

ვრცლად ამ თემაზე:

„ოჯახებს სამინისტროდან უკავშირდებიან“ – ბინების გადაცემის ცერემონია ბინების გარეშე „ოცნების ქალაქში“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: