განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსულ მარშზე წავიდა

29.04.2024
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსულ მარშზე წავიდა

დღეს, 29 აპრილს, თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული საჯარო მოხელეები, მასწავლებლები და სხვადასხვა საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებული პირები, თბილისში, რუსულ მარშში მონაწილეობისთვის წაიყვანეს.

რუსულ მარშზე დასასწრებად წავიდა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძეც, რომელიც ასევე აორგანიზებდა პედაგოგების წაყვანას ამ აქციაზე.

„ბათუმელები“ გოჩა დავითაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ იღებს მონაწილეობას რუსულ მარშში.

„მე შვებულებაში ვარ და მივდივარ, გამჭვირვალობას ვუჭერ მხარს“, – გვეუბნება ის.

მას ვკითხეთ, თუ რის „გამჭვირვალობას“ უჭერს მხარს, თუმცა ამ კითხვაზე აღარ გვიპასუხა.

განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყებაა მთელ ქვეყანაში. სამინისტრო ბოლო რამდენიმე წელია ინტენსიურად არღვევს საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილ წესს და საზოგადოებას უმალავს ინფორმაციას სხვადასხვა საბიუჯეტო ხარჯების თუ პროგრამების შესახებ, თუმცა ამის გამო განათლების სფეროს წარმომადგენლებს კითხვები არასდროს გასჩენიათ.

„განათლების სამინისტროს გამჭვირვალობას არ ითხოვთ?“ – ვკითხეთ გოჩა დავითაძეს, რაზეც მან გვიპასუხა: „შვებულებაში ვარ“.

„ქართული ოცნების“ რუსულ მარშზე მასწავლებლები ბათუმის მე-6 საჯარო სკოლიდანაც წავიდნენ. ამ სკოლის დირექტორის თქმით, მისი სკოლიდან 7 მასწავლებელი წავიდა თბილისში ანტიევროპულ აქციაზე.

„ბათუმელები“ სხვა საჯარო სკოლის დირექტორებსაც დაუკავშირდა, მაგალითად მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ მისი სკოლის ყველა მასწავლებელი ადგილზეა. ზარებს არ უპასუხეს ბათუმის პირველი და მე-10 საჯარო სკოლის დირექტორებმა.

დავუკავშირდით მე-2 საჯარო სკოლის დირექტორსაც, რომელიც ადასტურებს ერთი მასწავლებლის და 2 ასისტენტის წასვლას თბილისში სამთავრობო აქციაზე.

დირექტორის თქმით, აღნიშნულ პედაგოგებს დღეს სკოლაში დატვირთვა არ აქვთ.

თბილისში „ოცნების“ რუსულ მარშზე საჯარო სკოლის მასწავლებლები ბათუმიდან ავტობუსებით წაიყვანეს.
ფოტო: სულხან მესხიძის

______________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე/ ფოტო: სულხან მესხიძე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: