მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობს დასანქცირების შემდეგ ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე

01.12.2023 • 20730
როგორ ცხოვრობს დასანქცირების შემდეგ ყოფილი  მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე

ჩარტერული რეისის დაქირავებას ამერიკამდე ყოფილი მოსამართლის, ვალერიან ცერცვაძის პენსიონერი მამაც შეძლებდა. იმის გათვალისწინებით, რომ მურთაზ ცერცვაძის შვილიშვილი, ვალერიან ცერცვაძის შვილი ნიუ-იორკშია დაბადებული და ამერიკის მოქალაქეა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ამის საჭიროება დამდგარიყო. 

თუმცა, ყოფილ მოსამართლეს, ვალერიან ცერცვაძეს ჩარტერული რეისის დაქირავება არ დასჭირდება, რადგან ის სანქცირებულ მოსამართლეებს შორის მოხვდა, შესაბამისად, აშშ-ში ვერ ჩავა, თუმცა ფაქტია, რომ როგორც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იტყოდა, „შეძლებული ოჯახი“, ყოფილ მოსამართლეს, ვალერიან ცერცვაძესაც ჰყოლია.

ყოფილი მოსამართლის მამის გამდიდრების ისტორია 2011 წლიდან იწყება. ამ დროს შვილი, ვალერიან ცერცვაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო.

  • „შუაგული“ 

ყველაზე შთამბეჭდავი, რისი შექმნაც მურთაზ ცერცვაძემ მოახერხა, ეს სარიტუალო სივრცე „შუაგულია.“ აქ მდიდარი ოჯახები ქორწილებს იხდიან და მათთვის მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავენ. აქ არსებული ინფრასტრუქტურით თუ ვიმსჯელებთ, „შუაგულის“ შესაქმნელად დიდი ძალისხმევის გარდა დიდი ფულიც იქნებოდა საჭირო.

6 ჰექტარზე მეტი, თბილისთან ახლოს, სოფელ წილკანში, სადაც ყოფილი მოსამართლის მამა პრესტიჟული სარიტუალო სივრცე შექმნა, მურთაზ ცერცვაძემ 2017 წელს დაირეგისტრირა.

ფოტო სარიტუალო სივრცე „შუაგულის“ ფეისბუქის გვერდიდან

ფოტო: ფეისბუქი

ღია და დახურული სივრცეები წვეულებისთვის, პატარა ტბა, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, გულის ფორმის კუნძული ტბაში, სცენა კონცერტებისთვის, ცოცხალი მუსიკა, ინდივიდუალური ფანჩატურები ეზოში, საბავშვო სივრცეები და ასე შემდეგ – ამ ყველაფერს მოიჯარე კომპანია „ივენთ გარდენი“ მართავს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად მურთაზ ცერცვაძეც არის და კომპანია, რომელსაც მისი დაარსების დღიდან ყოფილი მოსამართლის მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე მართავს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მურთაზ ცერცვაძემ ეს ქონება წილკანში 2017 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა და მალევე საიჯარო წესით გაასხვისა.

მოიჯარე კომპანიის „ივენთ გარდენის“ 100-ვე პროცენტს შპს „გარდენ სითი“ ფლობს, ამ კომპანიის მფლობელი კი თავად მურთაზ ცერცვაძეა. საინტერესოა ისიც, რომ „გარდენ სითი“ მურთაზ ცერცვაძემ 2016 წელს ემზარ ივანიშვილთან ერთად დააფუძნა.

მალევე ემზარ ივანიშვილმა კომპანიის თავისი წილიც მურთაზ ცერცვაძეს დაუთმო, უსასყიდლოდ.

იმაზე, რომ ეს ქონება და ბიზნესი თავად ყოფილ მოსამართლეს ეკუთვნის, გასულ წლებშიც ბევრჯერ გაჟღერდა. ამას უარყოფდნენ, თუმცა ფაქტია, რომ მიწის ნაკვეთი წილკანში, 62 410 კვ.მეტრი, სადაც „შუაგული“ ფუნქციონირებს, ვალერიან ცერცვაძემ გადაიფორმა 2022 წლის ივლისში, როცა უკვე მოსამართლე აღარ იყო. ის წილკანში იგივე ნაკვეთის მიმდებარედ კიდევ ერთ ნაკვეთს, 6300 კვ. მეტრს ფლობს.

  • ყოფილი მოსამართლის ცოლი – „ეფლის“ ოფიციალური პარტნიორი საქართველოში

2015 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ყოფილი მოსამართლის მეუღლე გვანცა მიქუჭაძე „გრინ ეფლის“ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. შპს „გრინ ეფლი ჯორჯია“ 2011 წელს დაუფუძნებიათ. კომპანიის 33 პროცენტს ყოფილი მოსამართლის მამა, მურთაზ ცერცვაძე, 33 პროცენტს – ბაქარ მიქუჭაძე, ყოფილი მოსამართლის მეუღლის, გვანცა მიქუჭაძის ძმა, 34 პროცენტს კი ვახტანგ ჟუჟუნაძე ფლობდნენ.

კომპანიის წილებში ცვლილება ბევრჯერ აისახა, საბოლოოდ კი ის შპს „აიტექნიკის“ საკუთრებაში გადავიდა. შპს „აიტექნიკის“ 100-ვე პროცენტის მფლობელი ყოფილი მოსამართლის მეუღლე გვანცა მიქუჭაძეა.

რამდენიმე თვის წინ Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმა „აიტექნიკსმა“ [ამ სახელით ოპერირებს კომპანია] ქართულ ბაზარზე საქმიანობის 12 წელი აღნიშნა.

  • ფეშენებელური სახლი აუზით და კორტებით

ყოფილი მოსამართლე ფლობს ასევე ფეშენებელურ სახლს და მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ დიღომში. ამ ნაკვეთის [ 2900კვ.მეტრი] შესახებ ვალერიან ცერცვაძემ 2018 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშიც ჩაწერა, სადაც მიუთითა, რომ აქ მან 2500 კვ.მეტრი 2011 წელს 55 000 დოლარად იყიდა, დამატებით 400 კვ.მეტრი კი 2017 წელს დაირეგისტრირა.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით ვალერიან ცერცვაძემ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მან 2014 წლის სამშენებლო ხარჯის სახით 70 000 ლარი მიუთითა.

2015-2016 წლებში ვალერიან ცერცვაძეს მშენებლობის ხარჯის სახით მხოლოდ 25 000 ლარი აქვს მითითებული, 2018 წელს კი – 80 000 დოლარი, თუმცა სახლის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ხარჯი გაცილებით დიდი უნდა იყოს.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით ვალერი ცერცვაძის სახლის საერთო ფართობი 413 კვ.მეტრია. მათ შორის მათ შორის საცხოვრებელი ფართი 220.36 კვ.მ. დამხმარე ფართობი 84.04, საზაფხულო ფართობი – 71.81 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი – 37.6 კვ.მ.), აუზი – საერთო ფართით 40.0 კვ.მ. და შენობა N2 – 41.22 კვ.მ.

ეს ქონება ყოფილ მოსამართლეს „პროკრედიტ ბანკში“ იპოთეკით აქვს დატვირთული.

ფოტოზე მონიშნულია ვალერიან ცერცვაძის სახლი და ეზო

ვალერიან ცერცვაძის სახლი

2018 წლის შემდეგ ვალერიან ცერცვაძეს ქონებრივი დეკლარაცია აღარ შეუვსია. ამ წლების განმავლობაში მან დიღომში დაასრულა ფეშენებელური სახლის მშენებლობა, თავისი დამხმარე ნაგებობებით, ჩოგბურთის კორტებითა და აუზით.

სახლის რენდერი

ეზოში ვალერიან ცერცვაძემ სპეციალურად დაგეგმარებული ლანდშაფტური გამწვანება მოაწყო. 

2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ვალერიან ცერცვაძე ბორჯომში, სოფელ სადგერში ფლობდა მიწის ნაკვეთებს, 3 საკადასტრო ერთეულს. რეესტრის მონაცემებით მას ეს ნაკვეთები 2021 წელს გაუსხვისებია.

  • ყოფილი მოსამართლის ცოლის, გვანცა მიქუჭაძის ქონება და ბიზნესი

2015 წელს შევსებულ დეკლარაციაში ვალერიან ცერცვაძემ ჩაწერა, რომ მისი მეუღლე გვანცა მიქუჭაძე შპს „გრინ ეფლის“ მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. შემდეგ დეკლარაციებში მას მეუღლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ შეუტანია. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი გვანცა მიქუჭაძე რამდენიმე კომპანიის წილებს ფლობს, რამდენიმეს კი ხელმძღვანელობს.

„აიტექნიკის“ გარდა, გვანცა მიქუჭაძე ფლობს შპს „ჯეველბერი ჯორჯიას“ 50 პროცენტს და თავად ფიქსირდება კომპანიის დირექტორად. დარჩენილი 50 პროცენტის მფლობელი კი შპს „ჯეველბერი ინვესტია“, რომლის მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.

შპს „ჯეველბერი ინვესტი“ 2022 წლის ოქტომბერშია დაფუძნებული.

გვანცა მიქუჭაძე შპს ვი.ენ.ჯი გრუპ – ის ამონაწერში პროკურისტად არის დაფიქსირებული [პირი, რომელსაც აქვს გენერალური სავაჭრო მინდობილობა]. ამ კომპანიის 50 პროცენტს ყოფილი მოსამართლის შვილი მარიამ ცერცვაძე, ხოლო დარჩენილ 50 პროცენტს კი ყოფილი მოსამართლის მამა, მურთაზ ცერცვაძე ფლობენ.

2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, ვალერიან ცერცვაძის მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე ფლობს მიწის ნაკვეთს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაშქვაში. [600 კვ.მ]. ამავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ გვანცა მიქუჭაძეს შეუსყიდია სახლი 15 000 ლარად, მისამართი დეკლარაციაში მითითებული არ არის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2022- 2023 წლებში გვანცა მიქუჭაძემ წილკანში ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 16 322 კვ.მეტრი დაირეგისტრირა. მათ შორის ერთი იჯარით არის გაცემული, მოიჯარე „ჯეველბერი ჯორჯიაა“.

დიღომში მიწის ნაკვეთებს გვანცა მიქუჭაძეც ფლობს. მან 2022 წელს გრიგოლ ჩხიკვიძის ქუჩაზე, ორი მიწის ნაკვეთი, ჯამში 1100 კვ.მეტრი დაირეგისტრირა. ამ ნაკვეთზე სამშენებლო პირობების დადგენას ითხოვდნენ ჯერ საოფისე ფართობის მოსაწყობად, შემდეგ კი კორექტირება და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვეს.

გვანცა მიქუჭაძე ფლობს ასევე რამდენიმე მიწის ნაკვეთს ბორჯომში, სოფელ სადგერში, რამდენიმე მიწის ნაკვეთი კი მას აქ გაუსხვისებია.

  • რუსი პარტნიორები

შპს „ჯეველბერი ჯორჯია“ 2019 წლის ივნისში რუსეთის მოქალაქეს ვიტალი იაზვენკოს დაუფუძნებია. აგვისტოში კომპანიის 50 პროცენტის მფლობელი გვანცა მიქუჭაძე გახდა. ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკების საგანი იყო, მაგალითად, გლემპინგ პარკის მოწყობა წილკანში, მურთაზ ცერცვაძის ნაკვეთზე, შესაბამისი აქტივობების გამართვა-პოპულარიზაცია. მეორე მხარემ კი გარკვეული ინვესტიციის გაღების ვალდებულება აიღო.

2023 წლის მაისში კომპანიის წილებში ისევ აისახა ცვლილება, ვიტალი იაზვენკომ თავისი 50 პროცენტი შპს „ჯბ შუაგული“-ს, იგივე „ჯეველბერი ინვესტს“ გადასცა.

  • ვინ არის ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე

ვალერიან ცერცვაძე ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომლებსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოჯახებთან ერთად სანქციები დაუწესა. ვალერიან ცერცვაძის მსგავსად, აშშ-ში შესვლა აეკრძალა მოსამართლეებს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და მათი ოჯახის წევრებს.

ვალერიან ცერცვაძე 2017 წლიდან სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობს. მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 2016 წელს ასევე იკავებდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. აღნიშნულ თანამდებობაზე ცერცვაძე მაშინ ლევან მურუსიძემ წარადგინა, ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: