განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ არჩევენ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს გამარტივებული „კონკურსით“

03.06.2024 •
რატომ არჩევენ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს გამარტივებული „კონკურსით“

 განათლების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით 68 რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსს ატარებს. ხვალ, 4 ივნისს, კონკურსის მეორე ეტაპი, ანუ გასაუბრება ჩატარდება. 

კონკურსში მონაწილეობას იღებენ ამჟამინდელი ხელმძღვანელებიც. 

აჭარაში ექვსი რესურსცენტრია. აქედან მხოლოდ ერთი – ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე აღარ აპირებს კონკურსში მონაწილეობას, სხვა დანარჩენი, კონკურსში მონაწილეობენ. 

ედუარდ მიქელაძეს ვკითხეთ, თუ რატომ არ იღებს კონკურსში მონაწილეობას. მან „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა და დუმილი ამჯობინა. 

შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ედუარდ გოგრაჭაძეს, რომელიც ახლა მოვალეობის შემსრულებლად ითვლება, იმედი აქვს, რომ თანამდებობას მომავალშიც შეინარჩუნებს. 

„არ ვიცი, ვინ არიან ჩემი კონკურენტები. თუმცა მე მაქვს ათწლიანი გამოცდილება რესურსცენტრში მუშაობის, 4-წლიანი სკოლის დირექტორად მუშაობის და ვფიქრობ, გავაგრძელებ ამ თანამდებობაზე მუშაობას“, – ამბობს გოგრაჭაძე. 

კონკურსში მონაწილეობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძეც, რომელიც 29 მაისს, „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ რუსულ მარშში მონაწილეობდა და ახლაც იმეორებს, რომ მხარს უჭერს რუსულ კანონს. 

„ეს უნდა ჰკითხოთ განათლების სამინისტროს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ასე უნდა იყოს. 2017 წელს, როცა რესურსცენტრის თანამშრომლები ყველა გახდა საჯარო მოხელე, რატომღაც უფროსები ვერ გავხდით საჯარო მოხელეები. რაღაცნაირად დავიჩაგრეთ ხომ? 

ახლა კანონში შევიდა ცვლილება და, შესაბამისად, ახლა გავხდებით საჯარო მოხელეები. 

რაც შეეხება ტესტირებას, მე თუ მკითხავთ, ტესტირება უფრო მარტივია, ვიდრე გასაუბრება. იმიტომ, რომ ტესტირების დროს სწორ პასუხებს ფაქტობრივად გკარნახობს პასუხების ვარიანტები. ხოლო ზეპირი გასაუბრების დროს, სრულად უნდა ჩამოაყალიბო და გასცე პასუხები“, – ამბობს გოჩა დავითაძე. 

გაქვთ იმედი, რომ გაივლით გასაუბრებას? – ვკითხეთ მას. რაზეც გოჩა დავითაძე გვპასუხობს, რომ კი. 

„მაქვს, რადგან მომზადებული ვარ და არაერთი კონკურსი მაქვს გავლილი“, – ამბობს ის.

თქვენ რუსულ მარშში მიიღეთ მონაწილეობა და ამბობდით, რომ მხარს უჭერდით რუსულ კანონს. საერთაშორისო შეფასებების მოსმენის შემდეგ, ხომ არ შეგიცვლიათ პოზიცია, თუ ისევ უჭერთ მხარს რუსულ კანონს. ეს ხომ არ არის ერთგვარი გარანტია იმის, რომ ისევ დაიკავებთ ამ თანამდებობას? – ვკითხეთ გოჩა დავითაძეს. 

„ყველამ თავის საქმეზე უნდა აგოს პასუხი. მე ვიცი რესურსცენტრის საქმე რა არის. რუსული კანონი რას ნიშნავს არ ვიცი. ყველა ადამიანს აქვს თავისი შეხედულება, თქვენ სხვანაირად ფიქრობთ, მე სხვანაირად. 

არ არის რუსული კანონი, ჩემი აზრით“, – გვეუბნება ის. 

კონკურსში მონაწილეობს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძეც. რუსულ კანონთან დაკავშირებით კითხვები მასაც დავუსვით, თუმცა მან ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

„მოდით ამ საკითხზე სხვა დროს და სხვა ფორმატში ვისაუბროთ“, – გვითხრა მადონა გოგიტიძემ.

კონკურსში მონაწილეობას გეგმავდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი როლანდ შავაძეც. მას ხელვაჩაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი, თუმცა კონკურსის მეორე ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გავიდეს გასაუბრებაზე. 

ის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს, უნდობლობას უცხადებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის განცდა იმისა, რომ კონკურსები უსამართლოა, მაინც ვცდილობდი, რომ ამ პროცესებში მიმეღო მონაწილეობა და საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ მაინც აქვს აზრი მონაწილეობას. თუმცა, ამ ყველაფერში სამართლებრივი გზები მაინც უნდა გაზღვევდეს, რომ შედეგებით უკმაყოფილო კანდიდატს შეეძლოს სამართლებრივი ბრძოლა.

მე დავუკავშირდი საკონკურსო კომისიას და მოვითხოვე გასაუბრების აუდიო ვერსიის გაკეთების უფლება, რაზეც უარი მივიღე. 

შესაბამისად, მიხვიდე კომისიის წინ, უპასუხო კითხვებს, მაშინ როცა შედეგი წინასწარ უკვე ყველამ ვიცით, უაზრობაა. 

ამ თანამდებობაზე ინიშნებიან ეს ადამიანები და არ არის რეალური კონკურსი. ასეთ კონკურსში ჩემი მონაწილეობით მეტ ლეგიტიმაციას მივცემდი ამ პროცესს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ლეგიტიმაცია არ მივცე ამ სიყალბეს“, – ამბობს როლანდ შავაძე „ბათუმელებთან“. 

მას ასევე ვკითხეთ, რატომ გაამარტივა ასე ძალიან კონკურსში მონაწილეობა სამინისტრომ, მაშინ როცა სკოლის დირექტორები, ასევე მასწავლებლები, რამდენიმე საფეხურს გადიან თანამდებობაზე შესარჩევად და პირდაპირ უკავშირდება თუ არა ეს, მოახლოებულ არჩევნებს?

„ეს არის პოლიტიკური პროცესი. წესით, საჯარო სამსახურის კონკურსში მინიმუმ ტესტირება მაინც უნდა ყოფილიყო, თუმცა, ისიც კი არ არის მითითებული, რომ სკოლაში მუშაობის გამოცდილება სჭირდება კანდიდატს. 

წერია მხოლოდ „განათლების სექტორი“. ეს ნიშნავს, რომ რეალურად ეს „კონკურსი“ მოარგეს ინდივიდებს, რომლებიც მათ არჩევნების წინ სჭირდებათ. 

ვინც არ სურდათ, ისინი გაუშვეს და ახლები, ვინც სურთ რომ აიყვანონ, იმათ მოარგეს პირობები. 

მათ შორის მოქმედ ხელმძღვანელებსაც, რადგან ბევრს მითითებული აქვს, რომ მხოლოდ ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული და არ ფლობს მაგისტრის ხარისხს. საკონკურსო პირობები არც უცხო ენის ფლობას ითვალისწინებს. განათლების სფეროში მომუშავე ადამიანმა ერთი უცხო ენა როგორ არ უნდა იცოდეს, მით უმეტეს ამხელა პოზიციაზე მყოფმა პირმა.

მაშინ, როდესაც სკოლის დირექტორობის კანდიდატები გადიან ტესტირებას, გასაუბრების ორ ეტაპს, აქ მხოლოდ არის  გასაუბრება. 

ისეთი კანდიდატები ჰყავთ შერჩეული, ესენი ტესტირებას ვერ ჩააბარებენ. ეს ხალხი, უბრალოდ სჭირდება ხელისუფლებას დასანიშნად, კომისია კი, რომელიც ასევე არ არის რეალური კომისია, ნოტარიულად დაამოწმებს ამ ყველაფერს. ამიტომ არის ეს სიყალბე“, – ამბობს როლანდ შავაძე. 

მას ვკითხეთ, როგორც მასწავლებელი, რას ფიქრობს იმ კანდიდატებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ კანონს და რეალურად რა ზიანი მიადგება მათ სისტემაში დატოვებას?

„დღეს საქართველო გადის ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, ამ შემთხვევაში წარმოვიდგინოთ, რომ განათლების სექტორში მყოფი პიროვნება ვერ იაზრებს ამას და პირდაპირ უჭერს მხარს რუსულ კანონს. აქ გვაქვს ორმხრივი პრობლემა. ერთი ის, რომ შეიძლება ვერ იაზრებს და ეს ნიშნავს, რომ არაკომპეტენტური პირია და ასეთი ადამიანი არ შეიძლება ჯანსაღად აზროვნებდეს; თუ იაზრებს და მაინც აკეთებს, ამ შემთხვევაში სხვა საფრთხეა ეს განათლების სისტემისთვის. 

საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ყოველთვის იქნებიან წინააღმდეგი პროგრესული მასწავლებლების და ჩაახშობენ ყველა იმ კრიტიკულ ხმას, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს. 

საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ მდუმარე მასწავლებლებს, რომლებიც ისედაც ნაკლებად იღებენ ხმას კრიტიკულ საკითხებზე და გვექნება კომუნიზმი სკოლებში, როცა ვიღაც გამოვა, ეტყვის, რომ ეს არის „ჭეშმარიტება“ და ყველა მასწავლებელი თავს დაუქნევს. 

ყველა კრიტიკულად განწყობილი მასწავლებელი ამ პროცესიდან ან გაიქცევა, ან იძულებულ იქნება, ჩუმად იყოს. ასეთი რამ კი, ცხადია, ზიანს მიაყენებს განათლების სისტემას. მორჩილი მასწავლებლის აღზრდილი პროგრესული თაობის მე ნაკლებად მწამს“, – ამბობს როლანდ შავაძე. 

მისი თქმით, კონკურსი რომ ფორმალურია, ამაზე მეტყველებს მონაწილეთა მცირე რაოდენობაც. 

„ასეთი მინიმალური მოთხოვნების ფონზეც კი, არ არის აქტიურობა და ბათუმშიც კი, კანდიდატების მაქსიმალური ოდენობა იყო ათამდე. სხვა მუნიციპალიტეტებშიც მსგავსი სიტუაციაა. 

მაგალითად, ხელვაჩაურშიც სულ 6 კანდიდატი ვმონაწილეობდით და აქ ჩანს უკვე განწყობა, რომ „არაფერი გამოვა“, – ამბობს როლანდ შავაძე. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: