მთავარი,სიახლეები

მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია – ირაკლი კობახიძე

05.06.2024
მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია – ირაკლი კობახიძე

„მადლობა ჩინეთს იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ დღეს, 5 ივნისს გაეროს რეზოლუციის შეფასებისას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალში დევნილების დაბრუნებას ეხება.

ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებთ, როცა მან მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას – შეახსენეს პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა.

„ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, თქვენ შეიძლება ეს არ გსიამოვნებდეთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ვიცი, რომ გწყინთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ეს არის“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტის რეპლიკაზე.

განმეორებით დასმულ კითხვაზე, თუ სტრატეგიული პარტნიორია, მაშინ რატომ არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას მხარი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების საკითხს ეხებოდა, კობახიძის პასუხი იყო: „სასაცილოა, რასაც თქვენ ლაპარაკობთ“.

საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩინეთმა გაეროში „აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან [სამხრეთ ოსეთი], საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და, შესაბამისად, მას მხარი არ დაუჭირა.

რეზოლუციის კენჭისყრა 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.

ამავე თემაზე:

ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: