ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხების კანონით დადგენილ ვადაში მიწოდებას ითხოვს.
შესაბამისი მოთხოვნით საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა „ახლებიდან“ დღეს, 31 ოქტომბერს, ბრიფინგი გამართეს.
როგორც დეპუტატები ამბობენ, ბათუმის საკრებულო წლებია უხეშად არღვევს კანონს, სხდომამდე ერთი კვირით ადრე სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ზოგადი საკითხები შეაქვს, მნიშვნელოვანი თემები კი, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, K2 კოეფიციენტის გაზრდა, დღის წესრიგში სხდომის წინა საღამოს ჩნდება.
„ბათუმის საკრებულო სხდომაზე გამოსატან საკითხებს სხდომის წინა ღამეს აგზავნის. თავიდან მხოლოდ რამდენიმე საკითხს სვამენ, შემდეგ კი ამატებენ ისეთ საკითხებს, რომლის შესწავლაც ერთ ღამეში შეუძლებელია. როგორც წესი, ეს დამატებითი საკითხები ეხება ხოლმე K2 კოეფიციენტის გაზრდას.
ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც კანონი ითვალისწინებს.
საკრებულოს სხდომამდე სამი დღით ადრე მაინც ვიცოდეთ ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც საკრებულოს სხდომაზე გამოდის,“ – განაცხადა ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა მამუკა ქობულაძემ.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ საკრებულო ამ გზით ცდილობს მნიშვნელოვანი საკითხები გაატაროს.
„დღეს, 31 ოქტომბერს, მიმდინარეობს საკრებულოს სხდომა. სამშაბათს, 29 ოქტომბერს, საღამოს 21:40-ზე მოვიდა 13 დამატებითი საკითხი, ამ 13 საკითხიდან 11 ეხება K2 კოეფიციენტის გაზრდას. ბათუმის ჩაბეტონებას ეხება ეს საკითხები.
საკრებულოს წევრი ვალდებული ხარ, საჭიროება თუ მოითხოვს, ადგილზე გახვიდე და ისე შეისწავლო. 1 დღე გვქონდა და ეს დრო არაა საკმარისი ამდენი საკითხის შესასწავლად. 1 დღეში 13 ადგილას ვერ მიხვალ უბრალოდ, როცა კომპანიები K2-ის გაზრდას ითხოვენ.
წინა საკრებულოს სხდომაზე ანალოგიური ამბავი მოხდა. დაგვიანებით, დამატებით საკითხად შემოიტანეს ადლიაში „ორბი მილენიუმის“. როდესაც ჩვენ გავედით საკითხის შესასწავლად, აღმოჩნდა რომ 8 სართული აშენებული იყო და მშენებლობის ნებართვის ძიებას ახლა იწყებდა კომპანია. როდესაც ეს საკითხი დავსვით, ყველა გაიტრუნა. ყველამ თქვა, რომ შეისწავლის საკითხს. ყველამ შეიცხადა – უი, მართლა? ვითომ არ იცოდნენ. მუნიციპალური ინსპექცია საერთოდ გაიტრუნა.
ორი წელია ვითხოვ, საკითხები კანონის ფარგლებში მოგვაწოდონ და ამას ვერ მივაღწიე. მე არ ვაპირებ ვალის მოხდის მიზნით დავჯდე, ჩემი ფუნქციის შესრულება მინდა პირნათლად, რასაც ვერ მივაღწიე,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.
საკრებულო წინასწარ დღის წესრიგში არ სვამს იმ საკითხებს, რომლებიც ეხება ქალაქის განაშენიანებას ან დიდი, მასშტაბური პროექტების დამტკიცებას.