განათლება,მთავარი,სიახლეები

ქართული სკოლა რესურსის გარეშე და [ვერ განხორციელებული] ესტონური მოდელი

30.10.2024 •
ქართული სკოლა რესურსის გარეშე და [ვერ განხორციელებული] ესტონური მოდელი

რა მდგომარეობაშია დღეს საშუალო განათლება საქართველოში და რატომ ვერ იმუშავა ესტონური განათლების მოდელის დანერგვის მცდელობამ? – ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელთა პირისპირაც დგას დღეს ქართული საშუალო განათლება და განვიხილავთ, რა გზა განვლო ესტონეთმა ევროპაში საუკეთესო სასკოლო განათლების სისტემის შემუშავებამდე.

  • „დეიდეოლოგიზაციიდან“ ევროპის საუკეთესო განათლების სისტემამდე

1990 წელს პირველი, რასაც ესტონეთი აკეთებს განათლების „დეიდოლოგიზაციაა“ – ქვეყანა საფუძველს უყრის სახელმწიფო განათლების სისტემას, რაც მოიცავს ახალი კურიკულუმის და სახელმძღვანელოების შედგენასა და მასწავლებელთა გადამზადებას.

90-იან წლებში ესტონური სასკოლო სისტემის დეცენტრალიზაციით განათლების ხარისხის შენარჩუნებასა და დაგეგმვაზე პასუხისმგებლები ხდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. სკოლის დირექტორებს ენიჭებათ ავტონომია თავად აარჩიონ სასკოლო პერსონალი და აკონტროლონ სასკოლო ბიუჯეტი. მასწავლებლებს კი აქვთ თავისუფლება სურვილისამებრ აარჩიონ სასწავლო მასალა. კვლევების თანახმად, დეცენტრალიზებული სასწავლო სისტემა აჩენს მეტ შესაძლებლობას მოსწავლეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება.

2011 წელს, ახალი დადგენილების შემოტანით, რომელიც მოიცავს დაინტერესებული მხარეების (სკოლა, მშობლები, მუნიციპალიტეტები) უფლებების და მოვალეობების გაუმჯობესებას, ყურადღების ქვეშ ექცევიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები. იქმნება ბაზა და სასწავლო სისტემა ერგება მათ საჭიროებებს. ამასთან, ყურადღება ექცევა მოსწავლეებისთვის დამხმარე სასკოლო სერვისების გაუმჯობესებას: კონსულტაციების სამომავლო პროფესიის არჩევისთვის, ფსიქოლოგის დახმარებას და მეტყველების თერაპიას.

2014 წელს ესტონეთი ამტკიცებს უწყვეტი განათლების სტრატეგიის ახალ ნაწილს – „უწყვეტი განათლების სტრატეგია 2020“, რომელსაც ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და გამოყოფს 5 მთავარ მიზანს:

  1.  სასწავლო მიდგომის ცვლილება, რომელიც შესაძლებელს გახდის დაეხმაროს ყველა რიგითი მოსწავლის ინდივიდუალურ და სოციალურ განვითარებას; შესაძლებელს გახდის ახალი სასწავლო უნარების შეძენას ყველა საგანმანათლებლო საფეხურზე.
  2.  კომპეტენტური და მოტივირებული მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია.
  3.  უწყვეტი სასწავლო განათლების შესაძლებლობების შეთავსება შრომით ბაზართან.
  4.  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ეფექტური სწავლებისთვის. ახალი IT მიდგომების და თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. თანაბარი შესაძლებლობები და გაზრდილი მონაწილეობის შესაძლებლობა უწყვეტ განათლებაში.
  5.  2020 წლის შემდეგ ესტონეთმა დაამტკიცა 2021-2035 წლების განათლების სტრატეგია.
  • „რატომ აქვს ესტონეთს საუკეთესო სკოლა ევროპაში?“

ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ 27 მარტს, სადაც განიხილავს როგორ გახდა პატარა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ღარიბი ქვეყანა წამყვანი განათლების სფეროში.

სტატიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გამოვყოფთ, რომელსაც შემდგომ შევადარებთ ქართულ სკოლას.

  1. დეპოლიტიზება: ესტონეთის განათლების მინისტრი კრისტინა კალასი, ჟურნალისტს მასწავლებლის ანაზღაურების პრობლემებზე მოუთხრობს. აღნიშნავს, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან არ იციან რას ელოდონ მეზობელი რუსეთისგან და უკრაინაში მიმდინარე ომისგან, თუმცა იქვე დასძენს, რომ ესტონეთის განათლების სისტემის ძალაა ისაა, რომ ის ქვევიდან ზემოთაა მიმართული და არა პირიქით და მას არ განაგებს ცენტრალური მთავრობა და არც არასოდეს განაგებდა.

არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც უნდათ, რომ განათლების სისტემაზე გავლენა ჰქონდეთ? – ეკითხება ჟურნალისტი, რაზეც მინისტრი პასუხობს:

„გასაკვირად, არა. განათლებას ყველა ექსპერტებს მიანდობს. მასწავლებლები და უნივერსიტეტები განიხილავენ საკითხებს (კამათობენ, ხანდახან საჯაროდაც, აქვთ არგუმენტები, რა როგორ უნდა განხორციელდეს), მაგრამ არა პოლიტიკოსები.

  1. ტექნოლოგიების დანერგვა და აქცენტი საბუნებისმეტყველო საგნებზე.

PISA-ს კვლევებით, ესტონეთი ევროპაში პირველ ადგილს იკავებს 15 წლის მოზარდების მიერ ნაჩვენები შედეგებით მათემატიკაში, კითხვასა და მეცნიერებაში.

1997 წელს, იმ წელს, როდესაც ევროკავშირი ესტონეთთან მოლაპარაკებებს ხსნის, ესტონეთი კონკრეტული მიზნებით, ძალიან დიდ რესურსს დებს ტექნოლოგიაში, მათ შორის, ერთ-ერთია განათლება – ქვეყანა აახლებს კომპიუტერულ რესურსებს სკოლებში და უზრუნველყოფს ინტერნეტ კავშირს.

„ძალიან ბევრი მასწავლებელი გადავამზადეთ და დავურიგეთ კომპიუტერები. იდეა იყო არა IT კლასის ქონა, არამედ მომხდარიყო ტექნოლოგიების დანერგვა ყველგან და ყველაფერში“, – აღნიშნავს გუნდა ტირე, ესტონეთის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი საერთაშორისო შეფასების განხრით.

  1. უფასო კვება, თავისუფალი, მოსწავლეზე მორგებული გარემო, არაფორმალური სივრცეები. მოტივირებული მასწავლებლები. საგნების მრავალფეროვნება.

„ამ თაობას სურს, რომ გამოხატოს თავის აზრი, სურთ, რომ იყვნენ გათვალისწინებულები და იცოდნენ საკითხის ყველა მხარე. მათთან დრომოჭმული სახელმძღვანელოებით სწავლება აღარ მუშაობს”, ამბობს სკოლის მასწავლებელი და აღნიშნავს, რომ „კარგი ურთიერთობის ქონა მოსწავლეებთან უმთავრესია. თუ ვერ იპოვი საერთო ენას მოსწავლეებთან, მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთებ”.

ჰენრიკ სალუმი, სკოლის სასწავლო ნაწილი აღნიშნავს, რომ საკვანძო ელემენტი ესტონურ განათლების სისტემაში თავისუფლების ის დოზაა, რომელიც აქვთ სკოლებს და მასწავლებლებს. ცხადია, არსებობს სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილონ, თუმცა რა გზით გააკეთებენ ამას, მათი გადასაწყვეტია.

  • რა ხდება ქართულ სკოლებში?
„რესურსები რომ გვქონდეს, ყველაფერს გავაკეთებდით სიხარულით.“

„თუკი გავეცნობით „საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის“ 2023 წელს გამოქვეყნებულ კვლევას, რომელიც ეთმობა „მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასებას“, ცხადი გახდება თანმიმდევრული და სტრუქტურული გეგმის არარსებობა ქართულ განათლების სისტემაში.

ამ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებთ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებზე და სკოლების ტექნიკურ აღჭურვაზე, ასევე, კომპლექსურ დავალებებზე, რომლებიც ამ პერიოდში იქნა შემოტანილი სასწავლო გეგმაში.

პრობლემის თვალსაჩინოების წარმოსაჩენად საკმარისია კვლევაში არსებული მასწავლებლის და დირექტორის ციტატების მოყვანა:

  • „რესურსები რომ გვქონდეს, ყველაფერს გავაკეთებდით სიხარულით“, – მასწავლებელი.
  • „ავტორიზაციას რომ გვეუბნებიან, ელემენტარულად, ერთი კომპიუტერი გვაქვს დირექტორის, იქაც ინტერნეტი შეიძლება არ იყოს დღის განმავლობაში. არც ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებაა შესაძლებელი და არც სხვა რესურსების. რა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზეა საუბარი? გამოდის, რომ მტკივნეულ მხარეს გვერდით ვწევთ, ხუთი კომპიუტერი მაინც ხომ უნდა გვქონდეს სკოლაში?!“ – დირექტორი.

ამ და კვლევაში არსებული ყველა სხვა ციტატით თვალსაჩინოა სკოლებში რესურსის არარსებობა ან სიმწირე. მეორე მხრივ, მასწავლებელთა გულისტკივილი ამის შესახებ, რაც წარმოაჩენს ახალი სასწავლო გეგმის შემუშავებისას არსებული გარემოს გაუთვალისწინებლობას და წინდაუხედაობას სამინისტროს მხრიდან.

ამ საკითხზე გვესაუბრა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელი თინათინ ზარდიაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები დღეს სკოლებში პრიორიტეტული არ არის. მისი თქმით, გამონაკლისია შემთხვევები, როცა თავად სკოლის დირექტორები არიან საგნის სპეციალისტები.

იგი თავის გამოცდილებასაც გვიზიარებს:

„მაგალითად, ერთ-ერთ სკოლაში ახალ დირექტორთან 10 წელი ვიმუშავე და ვერანაირად ვერ დავარწმუნე, რომ სკოლაში ლაბორატორია უნდა ყოფილიყო.

ამბობდა – კარგი მასწავლებელი, კოლბა რომ წაიღოს და ასე ჩაატაროს ცდა კლასში, ასეც ასწავლისო – იმას ვერ იაზრებენ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა მოსწავლე თვითონ, ხელით აკეთებს ცდას და არა, როცა მასწავლებელი აჩვენებს. რასაც ვაჩვენებ, იმას ხომ იუთუბშიც ნახავს…

თინათინ ზარდიაშვილი

თინათინ ზარდიაშვილი

საჯარო სკოლის უმრავლესობაში ლაბორატორია არ არსებობს, არის მხოლოდ ოთახი, რომელსაც უბრალოდ ჰქვია ლაბორატორია, ან არც ეს ოთახი არაა.“

პედაგოგი აღნიშნავს, რომ გამონაკლისების გარდა, საჯარო სკოლებში არ არსებობს ფინანსური რესურსი ლაბორატორიის საჭირო ნივთებით აღსაჭურვად:

„იმ ექსპერიმენტების გასაკეთებლად, რაც სკოლის წიგნებში წერია, საჭიროა ცეცხლგამძლე მაგიდა, გამწოვი კარადა, ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს. სკოლა თავისი ბიუჯეტით ამ ყველაფერს ვერ შეიძენს, თუ ძალიან მდიდარი სკოლა არაა.

სამინისტროს მიერ სკოლების გარემონტების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს საკითხი არც მათთვის არის პრიორიტეტული. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ სკოლაში, რემონტის შემდეგ,  ლაბორატორიაში წყალი არ გაუყვანიათ. ასეთი მდგომარეობაა – საბუნებისმეტყველო საგნები ისწავლება პასტით და ფურცლით, დაფით და ცარცით. რეალურად კი, ვერც ისწავლება ასე.”

თინათინი იხსენებს კოვიდამდე პერიოდს, როდესაც გრანტის მოგების შემდეგ შეძლო მოსწავლეებთან ერთად ცდები ჩაეტარებინა:

„ისეთი ბედნიერები იყვნენ, ისეთი ფოტოები მაქვს; ხალათებს რომ ჩაიცვამდნენ ჭკუაზე არ იყვნენ, ქიმიკოსები ეგონათ თავი. მერე უფრო ხალისით სწავლობდნენ, განწყობა სხვანაირი იყო. კოვიდის მერე, რაც ეს ოთახი დაიკეტა, ქიმია უკვე მოსაწყენი გახდა მათთვის. ინტერნეტში კი ვეძებდი რესურსს, მაგრამ მოსწავლეს ურჩევნია ყველაფერი თავად გააკეთოს“.

პედაგოგს ვკითხეთ, რამდენად მარტივად ითვისებენ ტექნიკურ საგნებს მოსწავლეები. მან ორ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება:

„ვერ იყენებენ მათემატიკური აპარატს, მათემატიკაც ხომ ტექნიკური საგანია. პროგრამების პრობლემაც არის, მაგალითად, მათემატიკაში რაც ისწავლება სასწავლო წლის ბოლოს, ფიზიკაში ისწავლება დასაწყისში, მე, ფიზიკის მასწავლებელს მიწევს ავუხსნა ის თემა დასაწყისში, რომელსაც მათემატიკის მასწავლებელი წლის ბოლოს ასწავლის.

ელემენტარული მათემატიკის გამოყენება რომ არ შეუძლიათ, არის ასეთი შემთხვევებიც. 10-იანი უწერია მოსწავლეს მათემატიკაში და წილადს ვერ შეკვეცავს, არა იმიტომ, რომ არ იცის შეკვეცა, დავალებად რომ ეწეროს შეკვეცე წილადიო, გააკეთებს, მაგრამ ფიზიკაში, მრიცხველი რომ მნიშვნელზე გაყოს, კალკულატორი უნდა გამოიყენოს, ესეც რომ შეკვეცაა, ერთმანეთთან ვერ აკავშირებს“.

თინათინიც გამოყოფს კომპლექსური დავალებების სპონტანურ შემოტანას სასწავლო გეგმაში და აღნიშნავს, რომ მასწავლებლებს არ ჰქონდათ თავისუფლება, რათა გაეთავისებინათ და თავად მოერგოთ დავალებები მოსწავლეებზე:

„იმ მიზნით, რომ „დაზუთხვა“ აღარ ყოფილიყო, სახელმწიფომ შემოიღო კომპლექსური დავალებები. სისტემა გაურკვევლად შემოვიდა სასწავლო გეგმაში – მასწავლებლებს თავად არ შეეძლოთ შეექმნათ ეს კომპლექსური დავალებები, სხვისი შექმნილი დავალების კლასზე მორგება კიდევ გაუჭირდათ. მასწავლებლებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი კომპეტენცია კომპლექსური დავალებების კლასზე მოსარგებად“.

თინათინი დასძენს, რომ საბუნებისმეტყველო საგნებში მასწავლებლების უმეტესობა არის ასაკოვანი და მათ ისევ ძველი მეთოდებით ურჩევნიათ ასწავლონ – მიუხედავად იმისა, რომ ახალ სახელმძღვანელოებში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო თანამედროვე სავარჯიშოებია, ისინი მაინც კონსპექტებით განაგრძობენ სწავლებას.

  •  „ყოველთვის არასტაბილურობის განცდა იყო სკოლაში“

„ქვეყანამ ვერ შეინარჩუნა უწყვეტობის ჯაჭვი – ყველაზე მეტად რაც შეიძლება აზარალებდეს განათლების სისტემას სასკოლო საფეხურზე სწორედ ეს არის“, – გვეუბნება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე წულუკიძე.

პედაგოგი ამბობს, რომ წლების წინ, როცა სიახლეები, რეფორმები და მასწავლებელთა გადამზადება დაიწყო, მოხერხდა თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა სკოლებში. წლების მანძილზე უცხოელი დონორებიც ჩაერთნენ არაფორმალური განათლების პროცესში, რამაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, თუმცა შემდეგ დაიწყო უწყვეტი ცვლილებების პროცესი, რამაც ყველაფერი არია:

„დაიწყო ცვლილებები, ერთი მინისტრი, მეორე, მესამე… ყველა გვთავაზობდა სიახლეს, სანამ გავერკვეოდით – ისიც ქრებოდა და ახალი ჩნდებოდა. ყოველთვის არასტაბილურობის განცდა იყო სკოლაში, ხშირ შემთხვევაში, ვიყავით დაბნეულები – რა გაგვეკეთებინა ვერ ვხვდებოდით.“

ეკატერინე წულუკიძე

ეკატერინე წულუკიძეც იხსენებს კომპლექსური დავალებების კომპონენტს:

„მაგალითად, თუნდაც ბოლოს, გავიძახოდით, რომ ესტონური მოდელია კომპლექსური დავალებები. სინამდვილეში, ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, ბევრი მასწავლებელი გონს ვერ მოვიდა რა იყო ეს. რეალურად ვერ ჩაერთო და გამოდის, რომ არაფერში გაიფლანგა მილიონები“.

  • „მასწავლებელი, როგორც ელექტორატი“

პედაგოგი გამოყოფს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას, რომელიც, მისი აზრით, დასაწყისში კარგი ჩანაფიქრი იყო, რათა მასწავლებლებს ჰქონოდათ მეტის კეთების მოტივაცია და პროფესიულად განვითარების საშუალება. საწყის ეტაპზე ეს ასეც იყო, სანამ შეიმუშავებდნენ ახალ სახელფასო ფორმულას, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა:

„ახალმა სახელფასო ფორმულამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. მოხდა ძალიან დიდი დისკრიმინაცია, გათანაბრდნენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე და დაბალი სტატუსის მქონე მასწავლებლები. მოიხსნა დანამატები, თითქოს ეს მასწავლებლები დაისაჯნენ იმისთვის, რომ მოტივაცია ჰქონდათ.

ალბათ, ყველაფერი პოლიტიკასთანაც მიდის. მასწავლებელი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის განიხილება, როგორც ელექტორატი, რომლის მართვაც ძალიან მარტივია“.

ეკატერინე ამბობს, რომ მენტორ მასწავლებლების რაოდენობა დაახლოებით 7 000-ია, სხვა სტატუსის მქონე მასწავლებლების რაოდენობა კი – 53-დან 54 ათასამდე. შესაბამისად, მთავრობისთვის ამ რიცხვის გულის მოგება ბევრად უფრო სასურველია, ვიდრე დანარჩენი 7000-ის.

მისი თქმით ეს არჩევნებზეც გამოჩნდა:

„რაც ბოლო არჩევნებზე დავინახეთ, ეს ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება, მასობრივად მობილიზებული მასწავლებლები, დირექტორები, საარჩევნო უბნები სკოლებში, რომელ დეპოლიტიზებაზე ვსაუბრობთ, როდესაც მობილიზებული ჰყავდათ მასწავლებლები ხმების მოსაპოვებლად და მუშაობდნენ პარტიისთვის“.

  • „სახელმწიფოს არა აქვს სტრატეგია“

„რეალურად, სახელმწიფოს არა აქვს სტრატეგია საით მიჰყავს ჩვენი განათლების სისტემა. ეს ძალიან აფერხებს განათლების სისტემის განვითარებას და წრეში ექცევა ჩვენი განათლება. არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ ამ წუთას სკოლა აბსოლუტურად არ არის გავლენებისგან თავისუფალი“, – აღნიშნავს ეკატერინე წულუკიძე განათლების სისტემაზე საუბრისას. იგი, ასევე, ამბობს, რომ ქვეყანას არასოდეს ჰქონია გრძელვადიანი გეგმა:

„რაც უნდა ცვლილება მომხდარიყო განათლების სისტემაში, უწყვეტობის ჯაჭვი უნდა შენარჩუნებულიყო, ხელმძღვანელობა მიდის და მოდის, მაგრამ გეგმა, თუნდაც 10-წლიანი ხედვა, უნდა არსებულიყო – შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს არასოდეს არ გვქონია. ყველაფერი იწყებოდა ცდის დონეზე, მერე ფიქრობდნენ შედეგზე და აანალიზებდნენ, ამან გამოიწვია სრული ქაოსი და არეულობა“.

პედაგოგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევა ახალგაზრდებს წაართმევს სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობას:

„ბოლო პერიოდში საერთოდ ამოვვარდით ჯაჭვიდან. ძალიან პრიორიტეტული იყო არაფორმალური განათლება. იყო ამერიკისა და ევროკავშირის საგრანტო პროექტები, რომლითაც ძალიან ბევრი სიახლე შემოგვქონდა მასწავლებლებს სკოლაში.

ახალგაზრდებს ვართმევთ შესაძლებლობას. ყოველთვის გაგვიჭირდება თუ არ ვიქნებით ცივილიზებული და განვითარებული სამყაროს ნაწილი, სადაც განათლება პრიორიტეტია და ახალგაზრდამ იცის, რატომ უნდა ისწავლოს, ამისთვის კი ყველა პირობა აქვს შექმნილი. თუ ქვეყანაში არ არის ძლიერი განათლება, იმ საზოგადოებას ყოველთვის უჭირს განვითარება.“

  • შეჯამება

საშუალო განათლების სისტემების ანალიზის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ქართული საშუალო განათლება საჭიროებს ძირეულ რეფორმებს და მწყობრ სასწავლო სტრატეგიას.

ის ძირეული პრიორიტეტები, რომლებიც ესტონეთმა თავის დროზე გამოყო და სტატიაშიც განვიხილეთ, – მასწავლებლის თავისუფლება, მოსწავლეზე მორგებული გარემო, სკოლების ინტერნეტითა და ტექნოლოგიებით აღჭურვა, ისევე როგორც მთავარი კომპონენტები – სისტემის დეცენტრალიზება და დეპოლიტიზება, მწყობრი სასწავლო გეგმის და სტრატეგიის ქონა, უცხო, ქაოსური ან/და გაუაზრებელია ქართული საშუალო განათლების სისტემის შემთხვევაში.

შესაბამისად, ვერ გაამართლა და ვერც გაამართლებდა ე.წ. ესტონური მოდელის კონცეფციის დანერგვის მცდელობაც, რადგან ამ ეტაპზე, უმეტეს შემთხვევაში, გაუთვალისწინებელია არსებული მდგომარეობა საჯარო სკოლებში, სადაც ძირითად შემთხვევაში არ არსებობს რესურსი, მზაობა და კვალიფიკაცია ამგვარი სიახლეების დასანერგად, რაც ისევ და ისევ, სისტემაში განათლების პოლიტიკის არარსებობაზე მიუთითებს.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: