მთავარი,სიახლეები

კომისიის თავმჯდომარე აქციაზე „ოცნების“ დროშით – ის ირწმუნება, რომ ევროკავშირის დროშა ეგონა

30.10.2024
კომისიის თავმჯდომარე აქციაზე „ოცნების“ დროშით – ის ირწმუნება, რომ ევროკავშირის დროშა ეგონა

„29 სექტემბერს ვსეირნობდი ბულვარის ტერიტორიაზე, რა დროსაც მომესმა მუსიკის ხმა ერას მოედნიდან. ვიფიქრე იმართებოდა ტურიზმის ფესტივალთან დაკავშირებული კონცერტი… გადავწყვიტე ერას მოედანზე შესვლა, სადაც აღმოვაჩინე, რომ იმართებოდა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი კონცერტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე მყისიერად გავეცალე სცენასა და მიმდებარე ტერიტორიას მემედ აბაშიძის გამზირისკენ“, – წერს ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ამავე ოლქის N25 საუბნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ნაკაშიძე 4 ოქტომბრით დათარიღებულ ახსნა-განმარტებაში.

გიორგი ნაკაშიძე ბათუმში, ევროპის მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე „ოცნების“ დროშით ხელში დააფიქსირეს.

ვინაიდან საარჩევნო კომისიის წევრს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება ეკრძალება, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა 2 ოქტომბერს საჩივრით მიმართა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს და გიორგი ნაკაშიძის 2000 ლარით დაჯარიმება და უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა.

წყარო: ცესკო

ფოტო, რომელიც ენმ-ს საჩივარს თან ერთვის / წყარო: ცესკო

გიორგი ნაკაშიძე ახსნა-განმარტებაში წერს, რომ მემედ აბაშიძის გამზირზე შეხვდა ახლობელი და ვინაიდან იყო დაღლილი ჩამოჯდა ტროტუართან ქვის ჯებირზე.

„ამ დროს ჩემთან მოვიდა პიროვნება და სწრაფად მომაწოდა ლურჯი ფერის პატარა დროშა, რომელიც მეგონა ევროკავშირის სიმბოლოიანი და მეგობართან საუბარში გართულმა, დაახლოებით 4-5 წუთში დავაკვირდი, რომ დროშა შეიცავდა საარჩევნო სუბიექტის სიმბოლოს.

დამატებით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ღრმა რწმენით ზემოთ აღნიშნული ფაქტი იყო წინასწარ გამიზნული პროვოკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ დროშა ხელში შემომაჩეჩა პროვოკაციულად განწყობილმა სუბიექტმა“, – წერს გიორგი ნაკაშიძე.

ამავე ახსნა-განმარტებაში ნაკაშიძე წერს, რომ აცნობიერებს მისი „როგორც საუბნო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის კანონისმიერ და მორალურ ვალდებულებებს. არ დამირღვევია და არც მომავალში დავარღვევ რეგულაციებს“.

N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2024 წლის 10 ოქტომბერს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა.

წყარო: ცესკო

სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებით გიორგი ნაკაშიძე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან „მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევის ჩადენის გამო და გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა“:

წყარო: ცესკო

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გიორგი ნაკაშიძე ბათუმის 25-ე საარჩევნო საუბნო კომისიაში ბათუმის ოლქის მიერ იყო არჩეული.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ნაკაშიძე 25-ე უბანს თავმჯდომარეობდა, თუმცა, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარის 31 ოქტომბრის განცხადებით, „გიორგი ნაკაშიძე არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაწერა განცხადება უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც ოლქმა 13 ოქტომბერს დააკმაყოფილა“.

თუმცა, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული „2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის“ მიხედვით ბათუმის საარჩევნო ოლქის 25-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარედ დღესაც [31 ოქტომბერს] გიორგი ნაკაშიძეა მითითებული.

წყარო: ცესკო /31.10.2024

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: