სიახლეები

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას“ – უსახლკაროების აქცია ბათუმში გრძელდება

31.10.2024
„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას“ – უსახლკაროების აქცია ბათუმში გრძელდება

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას, ორივე შესასვლელთან ველოდებით,“ – ამბობენ უსახლკაროები, რომლებიც წუხელ, 30 ოქტომბერს, შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და მთელი ღამე ქუჩაში დარჩნენ.

უსახლკაროების აქცია ბათუმში

მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში ბოლო 2 წელია მართავენ აქციებს, თუმცა მათი პრობლემები მთავრობამ არათუ გადაჭრა, არამედ  ოჯახური მდგომარეობაც კი არ შეისწავლა.

მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, მარტოხელა დედაა ან შშმ შვილი ჰყავს.

აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროგრამას სთავაზობენ, მაგრამ უსახლკაროები აცხადებენ, რომ ეს აქამდე უკვე რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სტაბილური შემოსავალი არ აქვთ და ვერც მერიის პროგრამაში მოხვდნენ.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უსახლკაროებმა, რომლებსაც მანამდე მთავრობამ ყურადღება არ მიაქცია და არაფერი შესთავაზა, მიტოვებული 4 შენობა დაიკავეს – ბუკნარში, ბარცხანასა და ბონში. ძველი შენობები სახელმწიფო ბალანსზეა. ათეულობით ადამიანი გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებში რჩება.

„წუხელ, ღამის 12 საათზე მოსული იყვნენ რამაზ ჯინჭარაძე [ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე] და ჯაბა სურმანიძე აჭარის მთავრობიდან, შემოგვთავაზეს დასაქმება და ერთჯერადი დახმარება სარეზერვო ფონდიდან. დაიწყეს 1000 ლარით და ავიდნენ 3000 ლარამდე. ეს ხალხი ქუჩაშია, ბუნდოვანი დაპირება არავის აწყობს, მერიას აქვს იგივე საბინაო ფონდი, მისცეს უსახლკაროებს,“ – ამბობს ნაილი ბეჟანიძე, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

აქცია აჭარის მთავრობის შენობასთან

უსახლკაროების თქმით, 28 ოქტომბერს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საკონფერენციო ოთახში მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ მათზე ფიზიკურად იძალადა.

„შეგვეხო ფიზიკურად სამ ქალს, დალურჯებები გვქონდა სხეულზე, პოლიცია მოვიდა, მაგრამ გამოძიებაც არ დაიწყო, არც ექსპერტიზა ჩაუტარებია…,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამ დრომდე არ მოუწოდებიათ ინფორმაცია გამოძიების შესახებ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში კი განმარტეს, რომ მინისტრის მოადგილეს შეხვედრის მონაწილეები საკონფერენციო ოთახის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ და მან გასასვლელის გამოთავისუფლება სცადა. პრესცენტრის ინფორმაციით, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: