მთავარი,სიახლეები

ფოთის ოკუპაციის 33 დღე – „რუსებს ვუყვიროდი, რა გინდათ ჩემს ქალაქში-მეთქი“

10.08.2024 •
ფოთის ოკუპაციის 33 დღე – „რუსებს ვუყვიროდი, რა გინდათ ჩემს ქალაქში-მეთქი“

„2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც წინასწარ უკვე განლაგებულნი იყვნენ საქართველო-რუსეთის ჩრდილოეთ საზღვარზე, დაიწყეს მასიური, კოორდინირებული და საქმის მასშტაბებიდან გამომდინარე – წინასწარგათვლილი იერიში საქართველოზე.

რუსეთის ძალებმა გადაკვეთეს საზღვარი სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში და რამდენიმე საათის შემდეგ – აფხაზეთში.

კარგად გათვლილი, ფართომასშტაბიანი თავდასხმა ხორციელდებოდა ხმელეთზე, ზღვაზე და საჰაერო და კიბერ-სივრცეებში.

გენოციდის შეჩერება, რომელიც მოსკოვის მიერ იქნა საქართველოში შემოჭრის მიზეზად დასახელებული, მოგვიანებით სიცრუე აღმოჩნდა,“ – ეს არის ამონარიდი საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშიდან.

2008 წლის 7 აგვისტომდე მომხდარი ფაქტების ანალიზი და მოგვიანებით, თავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადებები, აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაცია დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად.

2008 წლის 7 აგვისტოს კი გეგმის სისრულეში მოყვანა დაიწყო.

2008 წელს რუსული არმია საქართველოში შემოიჭრა ორივე ოკუპირებული რეგიონიდან – ცხინვალიდან და აფხაზეთიდან. რუს სამხედროებს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდათ საქართველოს დიდი ქალაქები.

ამ სტატიაში ვიხსენებთ ფოთის ოკუპაციას.

„ბათუმელებმა“ ფოთის 33 დღიანი ოკუპაციის შესახებ სურათი ადგილობრივი მცხოვრებლების და იმ ოფიციალური ინფორმაციის საშუალებით აღადგინა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ვრცელდებოდა.

რუსული ტანკები და რუსი სამხედროები ფოთში 2008 წლის 11 აგვისტოს გამოჩნდნენ. თუმცა მანამდე რამდენჯერმე დაიბომბა ფოთის პორტი.

პირველი ბომბი ფოთის პორტში 8 აგვისტოს ჩამოვარდა. რუსმა სამხედროებმა პორტი Tochka-U/SS-21 ტიპის რაკეტებით დაბომბეს. აფეთქებამ 5 ადამიანი იმსხვერპლა, ათობით დაჭრილი  კი საავადმყოფოში მოხვდა.

სწორედ 8 აგვისტოს გადმოლახეს სოფელ ხურჩასთან საოკუპაციო ხაზი ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსულმა ჯარებმა და დაიწყეს სვლა დასავლეთ საქართველოს ქალაქებისკენ.

პირველი დიდი ქალაქი ზუგდიდი იყო. ზუგდიდში მისულმა რუსმა სამხედროებმა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს, ადგილობრივ პოლიციას იარაღის დაყრა და ჩაბარება მოსთხოვეს.

სოფელ ხურჩის მცხოვრები ჯამბულათ ეხვაია იხსენებს, რომ 8 აგვისტოს, როცა რუსული სამხედრო კოლონა სამეგრელოში შემოვიდა, თავიდან ითვლიდნენ ტექნიკას, შემდეგ კი თვლა შეწყვიტეს, რადგან აზრი აღარ ჰქონდა, ბევრი იყო.

„თუმცა მე ვფიქრობ ეს ტექნიკა შემოიყვანეს ფსიქოლოგიური ტერორის მოსაწყობად. ხურჩისწყალზე საოკუპაციო ხაზი რომ გადმოკვეთეს, მდინარე ენგურამდე სანამ მივიდოდა კოლონა, მინიმუმ სამი ბეტეერი მაინც გაუფუჭდათ. ჯართით იყვნენ ფაქტობრივად შემოსული. ჩვენი დაშინება უნდოდათ, რომ ზემოქმედება მოეხდინათ,“ – იხსენებს ჯამბულათ ეხვაია.

ზუგდიდის შემდეგ რუსულმა ჯარმა გზა სენაკისკენ გააგრძელა. ჯერ დაბომბეს, შემდეგ კი შევიდნენ და გაძარცვეს სენაკის სამხედრო ბაზა.

ფოთამდე მისაღწევად რუს სამხედროებს სამი დღე დასჭირდათ.

რუსი სამხედროები ფოთში
ფოტო: ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან

ფაქტები:

11 აგვისტოს ფოთში პირველი რუსული ტანკი შევიდა. რუსმა სამხედროებმა ფოთში დაარბიეს სამხედრო ბაზა.

რუსი სამხედროები ფოთში 13 აგვისტოს ისევ დაბრუნდნენ. მათ ამ დღეს ფოთის სანაპიროზე ააფეთქეს სანაპირო დაცვის ხომალდები.

რუსებმა ააფეთქეს გერმანელების მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი სანაპირო დაცვის  ხომალდი „აიეტი“, თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით აღჭურვილი საპატრულო კატარღა „ორბი“  P -205, რომელიც 2007 წელს აშშ-ის მთავრობის დახმარების პროგრამის ფარგლებში სრულად იყო მოდერნიზებული, საპატრულო კატარღა „გრიფი“ P- P-204, რომელიც უკრაინის მთავრობამ გადასცა ქართულ მხარეს და საპატრულო კატარღა P-01 – აშშ-ს მთავრობის მიერ გადმოცემული.

რუსების მიერ ჩაძირული სანაპირო დაცვის ხომალდი ფოთის პორტში, 2008 წლის აგვისტო
ფოტო: ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან

2008 წლის 14 აგვისტოს გამოცემა civil.ge წერდა, რომ ფოთის სამხედრო და სანაპირო დაცვის ბაზებზე რუსი სამხედროები ისევ შევიდნენ. სამხედროებმა ბაზიდან სამხედრო აღჭურვილობა გაიტანეს და გაანადგურეს.

რუსმა სამხედროებმა ასევე გაანადგურეს სანაპირო დაცვის სარადარო დანადგარები. 14 აგვისტოსვე, რუსმა სამხედროებმა მალთაყვაში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ორი ობიექტი ააფეთქეს.

რუსი სამხედროები მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს არ დასხმიან თავს. მაგალითად, 2008 წლის 21 აგვისტოს ააფეთქეს “საქართველოს ბანკის” ბანკომატი, თუმცა მოროდიორებს იქ თანხა არ დახვდათ. ამის შემდეგ დაცხრილეს ის ადგილი, სადაც ბანკომატი იყო განთავსებული.

რუსი სამხედროების მიერ აფეთქებული ბანკომატი
ფოტო: ბათუმელების არქივიდან

14 აგვისტოს, მას შემდეგ რაც დადებული იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ქალაქ ფოთში დამატებითი რუსული ძალები შევიდნენ და საგუშაგო მოაწყვეს.

15 აგვისტოს ფოთში დაბანაკებულმა რუსმა ჯარისკაცებმა, კიდევ ერთხელ მიაკითხეს ფოთის პორტს. გაძარცვეს საქართველოს სასაზღვრო დაცვის შენობები და რუსულ ბომბებს გადარჩენილი რამდენიმე კატერი აფხაზეთის სანაპიროს მიმართულებით წაიყვანეს.

16 აგვისტოს 4 ჯავშანტრანსპორტიორი, ერთი ამწე და ათი შეიარაღებული სატვირთო ავტომობილი. აქედან რვა – ურალის ტიპის, ხოლო ორი – კამაზის, ისევ შევიდა ფოთის პორტში.

2008 წლის აგვისტოში რუსმა სამხედროებმა ფოთი რამდენჯერმე დაბომბეს.
ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან

როცა 14 აგვისტოს რუსი სამხედროები ქალაქში დაბრუნდნენ, ფოთის შესასვლელთან, მეშვიდე კილომეტრზე სამხედრო ბანაკი მოაწყვეს. დაიწყეს სანგრების გათხრა და გამაგრება. მოაწყვეს ბლოკპოსტი.

ფოთელები იხსენებენ, რომ ქალაქში პანიკა იყო. მოსახლეობის ნაწილმა ქალაქი დატოვა. ხოლო ვინც დარჩა, დაიწყო ფიქრი წინააღმდეგობის გაწევაზე.

პირველი დიდი აქცია რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ფოთელებმა 2008 წლის 21 აგვისტოს მოაწყვეს.

ფოთელების აქცია ოკუპაციის და რუსი სამხედროების წინააღმდეგ. 2008 წლის 23 აგვისტო. 
ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან

დარეჯან ცხვიტარია 2008 წლის აგვისტოში ფოთის საკრებულოში მუშაობდა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. დარეჯანი 16 წლის შემდეგ „ბათუმელებთან“ იხსენებს იმ პერიოდს, როცა რუსმა სამხედროებმა ფოთის ოკუპაცია მოახდინეს.

„ძალიან მძიმედ მახსენდება ის პერიოდი, როდესაც ფოთში შემოვიდნენ ტანკები. მეშვიდე კილომეტრზე გამაგრდნენ. არ შემეძლო ოკუპაციასთან შეგუება. მახსოვს, ავიყვანე მანქანა, დავიკავე მიკროფონი ხელში და დავიწყე ქუჩების ჩამოვლა. ყველა ბინასთან მივდიოდი და ხალხს მოვუწოდებდი გარეთ გამოსულიყვნენ, რადგან რუსეთი დაგვესხა თავს და ჩვენი ქალაქის ოკუპაციას ახდენდა.

კუთხე – კუნჭული არ დამიტოვებია ფოთში, ყველგან ვიყავი. დაახლოებით ათი ათასი კაცი გამოვიდა ოკუპაციის გასაპროტესტებლად, წავედით დროშებით მეშვიდე კილომეტრისაკენ, ფოთის შემოსასვლელში ამ ადგილას იყვნენ რუსი სამხედროები ტანკებით.

დარეჯან ცხვიტარია ფოთში, ოკუპაციის და რუსეთის არმიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 2008 წლის 21 აგვისტო. ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან

მივედით ტანკებთან, გაგიჟებული ვიყავი, მგონი ტანკზეც ავედი. ვუყვიროდი რუსებს, აქ რატომ შემოხვედით, რა გინდათ ჩემს ქალაქში-მეთქი.

„სტუმრად მოვედი თქვენთან და თქვენო ასე უხეშად რატომ გვხვდებითო“.

მეთქი – სტუმრები ტანკით და ავტომატით არ დადიან.

იმ დღეს დავიშალეთ, მაგრამ პროტესტი არ შეგვიწყვეტია. 2008 წლის პირველ სექტემბერს, როცა ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო მთელ ქვეყანაში, ფოთი ისევ რუსების მიერ იყო ოკუპირებული. მათ თვალწინ ჩავებით ამ ჯაჭვში,“ – იხსენებს დარეჯან ცხვიტარია.

მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ გეომება – „თუ არ შეაწუხებ და მისი მონა გახდები”.

„რაც რუსეთს აწყობს იმას აკეთებს ახლა ხელისუფლება. უომრად, ბომბის გარეშე, ქვეყანა, ტერიტორიები მიითვისა, ლამისაა გორამდე ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ეს [ხელისუფლების პოზიცია] ჩემთვის და რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ შევეგუებით ამ პოზიციას. მძიმე პოზიციაა. მშვიდობა მონობას თუ უკავშირდება, ასეთი მშვიდობა საერთოდ არ მჭირდება.

ასე რომ ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს, მშვიდობის ფასად რომ თავისუფლება დაეკარგათ და ღირსება წაერთმიათ, მაშინ აქამდე ვერც მოვიდოდა ეს ქვეყანა და იქნებოდა რუსეთის გუბერნია, რასაც ეს ხელისუფლება დღეს აპირებს. ვერ გახდება საქართველო რუსეთის გუბერნია ვერასდროს, არასდროს, იმიტომ, რომ ვისაც ქვეყანა უყვარს და ღირსება გააჩნია, ძალიან მყარად დგანან ფეხზე ასეთი ადამიანები და სხვათა შორის, ცოტანი არ არიან. მშვიდობა მონობის ფასად არ გამოვა,“ – ამბობს დარეჯან ცხვიტარია.

ოკუპაციის გასაპროტესტებლად მოწყობილი ცოცხალი ჯაჭვი ფოთში, 2008 წლის პირველი სექტემბერი. 
ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან

ოკუპაციის გასაპროტესტებლად მოწყობილი ცოცხალი ჯაჭვი ფოთში, 2008 წლის პირველი სექტემბერი. 
ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან.

ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა იმ რამდენიმე ჟურნალისტს შორის იყო, ვინც ოკუპირებულ ფოთში დარჩა და იქიდან ავრცელებდა ინფორმაციას ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ლაშა ზარგინავას უნიკალურმა ფოტოარქივმა შემოინახა ის ქმედებები, რაც რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ქალაქში განახორციელეს.

„მეგონა, რომ ომს აქვს თავისი კანონები, თუმცა უკვე მივხვდი, რომ ომში კანონებს არავინ დაგიდევს. ფოთის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, აქ მომუშავე თითზე ჩამოსათვლელ ჟურნალისტებს, არაფრის გარანტია არ გვქონდა, ისევე, როგორც ინფორმაციის გადამოწმების საშუალება.

რა ვითარებაში გვიხდებოდა მუშაობა? ეს არ იყო ვითარება, აქ არ არსებობდა იმის საშუალება, რომ მანქანით გადაადგილებულიყავი, არ იყო ტელეფონით სარგებლობის საშუალება, არაფერი არ იყო… სრული იზოლაცია გარესამყაროსთან – აი, რა იყო.

სანამ რუსების ტანკებს, მათ გადადგილებას ვაკონტროლებდი და ისინიც მხოლოდ სიტყვიერი აგრესიით შემოიფარგლებოდნენ, მეგონა, რომ ამის იქეთ აღარ წავიდოდნენ. მაგრამ, როცა დამაყაჩაღეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ფოტოკამერა წამართვეს და ავტომატიდან ცეცხლი გამიხსნეს, მაშინ მივხვდი, რომ უფრო მეტი სიფრთხილე იყო საჭირო. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ არავინ იყო იმის მთქმელი, როგორ უნდა გვემოქმედა.

მე, ძირითადად ჩემს კოლეგასთან, ეკა ჩხენკელთან ერთად გადავადგილდებოდი და ფაქტობრივად რუსული შეიარაღების სამიზნეები ვიყავით. ჩვენს თავზე დაფრინავდნენ რუსული ვერტმფრენები, გადაადგილდებოდნენ ტექნიკით და „მარადიორობდნენ“, ფოთიდან მილიონების ქონება ჩვენს თვალწინ გაიტანეს და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო. ბრაზი მახრჩობდა. დამერწმუნეთ, ეს ძალიან მძიმე სანახავი იყო. რასაც ვაკეთებდით, ვაკეთებდით ინსტინქტით,“ – იხსენებს ლაშა ზარგინავა.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსული ფოთელები, პირველი დიდი საპროტესტო აქცია ფოთში. 2008 წლის 21 აგვისტო. 
ფოტო ლაშა ზარგინავას პირადი არქივიდან

რუსულმა ჯარმა ფოთი 2008 წლის 14 სექტემბერს დატოვა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს 412 მოქალაქე, აქედან 170 სამხედრო პირი, 228 სამოქალაქო პირი, 14 პოლიციელი.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაშავდა 1 747 ადამიანი. აქედან 973 სამხედრო, 547 სამოქალაქო და 227 პოლიციელი.

განადგურდა და ნასახლარად იქცა ათობით ქართული სოფელი. დღემდე ოკუპირებულია ქალაქი ახალგორი, რომელიც აგვისტოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა, მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება. რუსეთი მუდმივად წევს საოკუპაციო ხაზს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ, იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: