ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სკვერში არსებულ პატარა შადრევანში ბავშვები ბანაობენ.
ფაქტის ამსახველი ფოტოები „ბათუმელებს“ მოქალაქემ მოაწოდა. კადრში ჩანს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც აუზიდან ამოდიან.
ტენდერის დოკუმენტების თანახმად, შადრევნის შიგნით 2 წყალქვეშა სანათია დამონტაჟებული, შესაბამისად, არსებობს დენის წყარო, რაც შესაძლოა სახიფათო იყოს ბავშვებისთვის.
როგორც თვითმხილველმა გვითხრა, შადრევანში ბავშვების ჩასვლაზე რეაგირება არ მოუხდენია უმაღლესი საბჭოს დაცვას. „მითხრა, რომ ეს მათ არ ეხებათ“, – გვეუბნება მოქალაქე.
შადრევნების მოვლა-პატრონობა ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ეხება, ამიტომ მათ ვკითხეთ, აქვთ თუ არა ინფორმაცია მსგავს შემთხვევებზე, თუ არის უსაფრთხოება დაცული და უნდა იყოს თუ არა მინიშნება, რომ შადრევანში ჩასვლა საფრთხის შემცველია?
მერიის სამსახურში აღნიშნულ კითხვებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.

შადრევანი, სადაც ბავშვები ბანაობენ, უმაღლესი საბჭოს წინაა.
____
ბათუმში, უმაღლეს საბჭოსთან ახალი სკვერის მოსაწყობად ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 375 451 ლარით გამოაცხადა. ტენდერში „მონოლითი-2005“ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა, ღირებულებით – 1 100 362 ლარი.