სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია, ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდოს, „ოქროს წერაყინის“ მფლობელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი მთამსვლელი შხელდაზე იმყოფებოდა, როცა ერთ მათგანს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა და დაიკარგა.
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წერს, რომ 10 აგვისტოს მთამსვლელი მეხის დაცემის შედეგად ქედიდან გადავარდა.
„მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს“, – წერს შსს.
არჩილ ბადრიაშვილს უკვე ორი დღეა ეძებენ. მისი დაღუპვა ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. „მთის ამბების“ ცნობით, ბადრიაშვილის ოჯახის წევრებს შეატყობინეს უკვე შხელდაზე მისი დაღუპვის შესახებ.
არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. 2022 წელს მას და კიდევ ორ ალპინისტს, ბაქარ გელაშვილსა და გიორგი ტეფნაძეს ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდო, „ოქროს წერაყინი“ გადასცეს პაკისტანის დასავლეთით, ავღანეთის საზღვართან მდებარე ურთულესი მარშრუტის, 7303 მეტრი სიმაღლის მწვერვალის დაპყრობისთვის, სადაც იქამდე ფეხი არავის დაუდგამს.
მაშინ ჟიური წერდა, რომ ქართველი ალპინისტების დაჯილდოების მთავარი მიზეზი იყო აქამდე აუსვლელი მწვერვალის დაპყრობა, ალპინისტთა გუნდის მცირე ზომა (მხოლოდ 3 კაცი) და ალპინისტური გზის განსაკუთრებული სირთულე, რომლის დაძლევასაც დასჭირდა ხანგრძლივი ცოცვა და მნიშვნელოვანი ტექნიკური სირთულეების დაძლევა.
შხელდა, რომელზეც ამჟამად იმყოფებოდნენ ალპინისტები, სვანეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს. მისი უმაღლესი მწვერვალი 4322 მეტრია ზღვის დონიდან.
„ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს,რომ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის სამძებრო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
განახლებული ინფორმაცია: შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა სვანეთში, შხელდაზე დაკარგული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს.
_________________
ფოტოზე: არჩილ ბადრიაშვილი. ფოტო ფეისბუქის პირადი გვერდიდან.






